აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს, ოფიციალურად მოაწერენ ხელს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც „მშვიდობისკენ მიმავალი კონკრეტული გზის“ შექმნას ისახავს მიზნად. ამასთან, შეერთებული შტატები ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, ეკონომიკური შესაძლებლობების ერთობლივად გამოსაყენებლად, რათა სრულად გამოვიყენოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი.
დოკუმენტის თანახმად, სომხეთი გეგმავს, რომ აშშ-ს სატრანზიტო დერეფნის განვითარების გრძელვადიანი ექსკლუზიური უფლება მიანიჭოს, რომლის სახელიც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) იქნება. ეს ნაბიჯი, თავისი კომერციული საშუალებებით, რეგიონს გახსნის და მომავალი სამხედრო დაპირისპირებების თავიდან აცილებას ხელს შეუწყობს. ოფიციალური პირების თქმით, მარშრუტის ექსპლუატაცია სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება, ხოლო აშშ მიწას ქვეიჯარით გადასცემს კონსორციუმს, რომელიც ინფრასტრუქტურასა და მარშრუტის მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.
რას ისახავს მიზნად სამშვიდობო ხელშეკრულება, ამის შესახებ for.ge პოლიტიკის დოქტორს, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას ესაუბრა.
- რა მოლოდინი გაქვთ სამეულის შეხვედრიდან და რა ახალი რეალობის წინაშე შეიძლება აღმოჩნეს სამხრეთ კავკასია?
ირაკლი გოგავა: - ერთი მხრივ, სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ სამშვიდობო გზას დაადგნენ და ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას. მეორე მხრივ, ამ პროცესის პოლიტიზირება ხდება დიდი სახელმწიფოების მიერ. პირველ რიგში, ეს არის აშშ, რუსეთი, თურქეთი, ირანი, ინდოეთი, ისრაელი, პაკისტანი. ქართული პოზიციიდან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი მნიშვნელოვანია და შესაბამისად, პოზიტიურია, რომ აზერბაიჯანმა მოაგვარა ეს საკითხი იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი იყოს უპირატესი და ასეც იყო სხვათა შორის.
- რა მექანიზმით ხდება აზერბაიჯან-სომხეთის თემის პოლიტიზირება?
- ეს არის ზანგეზურის კორიდორი. ბატონი ალიევი აცხადებს, რომ ზანგეზურის კორიდორი, ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო ვექტორი, რომელზეც პირველ ფაზაში, მოსალოდნელია 15 მილიონი ტვირთის გატარება. რა ტვირთებია, ჩინეთიდან არის, თუ შუა აზიიდან, ეს გაუგებარია, მაგრამ მე მიმაჩნია და ვინც ოდნავ მაინც იცნობს გეოგრაფიას და თვალით უნახავს ეს ტერიტორიები, მიხვდება, რომ ეს არის საოცრად რთული მარშუტი ნებისმიერი სავაჭრო გზებისთვის. ჩვენ ერთი, რიკოთის ხიდი გვაქვს, 30 წელია, მთელი საქართველო აშენებს და ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. ჩათვალეთ, იქ არის 57 რიკოთი, ურთულესი რელიეფია. ჯერ ერთი, რომ ძალიან ძვირი დაჯდება ისეთი გზების გაყვანა, რომ მოემსახუროს ამ მასშტაბის ტვირთებს.
- თუმცა, თეორიულად, ალბათ, შეიძლება გაყვანა?
- რა თქმა უნდა, მაგრამ კაპიტალიზმის ეპოქაში როგორ არის მოწყობილი - რომ ჩადებ, მალევე უნდა ამოიღო. ამას ვერ ამოიღებ, მინიმუმ, 100 წელი. 1%-იანი მომგებიანი ბიზნესი, არ არის ბიზნესი. შესაბამისად, ეს არ არის სავაჭრო გზა. მიმაჩნია, რომ ეს არის სამხედრო-სტრატეგიული პროექტი. ეს რომ ბიზნესპროექტი იყოს, აგერ იყო ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ვერ დატვირთეს. გიმეორებთ, წამგებიანი პროექტია.
- როგორ ფიქრობთ, ვის სჭირდება ეს სამხედრო დანიშნულების გზა?
- გლობალური სურათი არის ასეთი - მსოფლიოში ვითარება შეიცვალა. ძალთა ბალანსი შეიცვალა და დასავლეთის კოლექტიურ ჰეგემონობას აშშ-ის თამადობით, ხელთათმანი ესროლა ჩინეთმა. ამავე დროს, რუსეთი ძლიერდება. მათი ეკონომიკა არ არის ისეთი, როგორიც იყო ელცინის რუსეთის დროს. რეალური სექტორი ძალიან ძლიერია. სოფლის მეურნეობაში თვითკმარობის ინდექსი არის ძალიან მაღალი. ბევრ რამეს თვითონ აწარმოებენ და მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.
- დავუბრუნდეთ მთავარ თემას, რა ხდება 9 აგვისტოს, თეთრ სახლში?
- გეგმა ასეთია - ბატონი ტრამპი ჯერ ხვდება ნიკოლ ფაშინიანს, შემდეგ ხვდება ილჰამ ალიევს და შემდეგ, სამივე ერთად იკრიბებიან. როგორც ჩანს, ზანგეზურის თემა შეთანხმებულია შემდეგი კონფიგურაციით - 42 კილომეტრიან მონაკვეთს სომხეთი გრძელვადიანი იჯარით გადასცემს ამერიკულ კომპანიას, რომელიც იქნება კერძო დაცვის კომპანია, ანუ სამხრეთ კავკასიაში ამერიკული კერძო არმია შემოვა. ეს არის იდეა. სამხედრო სტრატეტგიული გზა რისთვის უნდათ? - იმისთვის, რომ გადაზიდონ სამხედრო ტექნიკა, სხვა დანიშნულება არ აქვს.
- რა მიმართულებით უნდა გადაზიდონ?
- კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებისკენ, იქით - შუა აზია და ყაზახეთი, აქეთ - აზერბაიჯანი. ამასთან, ვიცით, რომ არსებობს ჩინურ-რუსული ალიანსი, შესაბამისად, ჩინეთისა და რუსეთის ინტერესშია, რომ მათ კონტინენტზე, ევრაზიაზე, რომელსაც მაკინდერი უწოდებდა მსოფლიო კუნძულს, არ შემოვიდნენ გარე აქტორები, ანუ ანგლოსაქსური და დასავლეთ ევროპული ძალები. თუმცა, ესენი ცდილობენ, რომ ევრაზიის შუაში სოლივით შეიჭრან, რაც ნიშნავს იმას, რომ თურქულ ენოვანი ერების მეშვეობით გააკეთონ ეს სოლივით ზოლი. ამ ზოლში შევლენ თურქეთი, აზერბაიჯანი, შუა აზიის თურქულენოვანი სახელმწიფოები, ყაზახეთი, მათ შორის, პოტენციურად უიგურები, რომლებიც ჩინეთის უიგურთა ავტონომიურ ოლქში ცხოვრობენ, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე მოსახლე თურქულენოვანი ხალხები, აი, ესენი უნდათ, რომ გამოიყენონ პროქსი-ძალად. იმისთვის, რომ როცა დასჭირდებათ, ამ ძალას მიმართავენ რუსეთის წინააღმდეგ, როცა დასჭირდებათ ჩინეთის წინააღმდეგ, ანუ მუდმივი დესტაბილიზაციის წყარო რომ იყოს.
ეს არის ამოცანა და ეს არის ძველი ბრიტანული გეგმა, რომელსაც ბრიტანეთი დროდადრო იხსენებდა და ააქტიურებდა. რამდენად გამოუვათ, ეს მეორე საკითხია. ამისთვის საჭიროა უწყვეტი კომუნიკაცია ამ ზოლში, რისთვისაც სჭირდებათ ან საქართველო, ან სომხეთი, ან - ორივე ერთად. რადგან, საქართველომ არ მოინდომა ომებსა და უბედურებებში თავის გაყოფა, ახლა გაააქტიურეს სამხრეთის მარშრუტი და მიადგნენ სომხეთს იმიტომ, რომ ნახეს, ეს ენჯეოშნიკი ფაშინიანი ხან იქეთ არის, ხან - აქეთ.
- რა არის რუსეთის ინტერესი, რომელსაც სომხეთში ჰყავს სამხედრო ბაზა, რამდენად დაუშვებს ამ გეგმის ამოქმედებას და სისრულეში მოყვანას, რომელსაც, ასევე, თავისი ინტერესები აქვს?
- ვფიქრობ, რომ ამ გეგმის საწყისი ეტაპი რუსეთს აწყობს. კერძოდ, რუსეთისთვის საინტერესოა, ჩინური ტრანზიტი ევროპისკენ, ძირითადად, მის ტერიტორიაზე იყოს. ასე, ევროპისთვისაც საჭირო ხდება და ჩინეთისთვისაც, თან ჩინეთზე გავლენის ბერკეტებიც ეზრდება. ასე, რომ რუსეთი პირველ ფაზას ხელს არ შეუშლის, მეორე ფაზას რაც შეეხება, როცა უკვე მათი სამხედრო ბაზის გაყვანას მოითხოვს ფაშინიანის ხელისუფლება, ამას არ გააკეთებს და შიგნიდან მოუწყობს ჯანყს.
რაც მთავარია: ეს გადაგვარებული მეცოცხეები სიხარულით რომ ჭიხვინებენ, ეს გზა საქართველოს ტვირთებს და შესაბამისად შემოსავალს წაართმევსო, ეს ქვეყანა მათიც არაა? თეორიულად რომ დავუშვათ მათი ხელისუფლებაში მოსვლა, მერე რა, ზანგეზურს დაკეტავენ და აგერაა ჩვენი ნაცებიო და ისევ აქეთ გამობრუნდებიან?