2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგაც კი, საქართველოში კვლავ გრძელდება დავა საომარი მოქმედებების დაწყების თარიღისა და მხარეების პასუხისმგებლობის შესახებ. ეს დისკუსია განსაკუთრებით მწვავდება მმართველ პარტია „ქართული ოცნებასა“ და ოპოზიციურ - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, სადაც თითოეული მხარე საკუთარ სიმართლეს ამტკიცებს და ერთმანეთს ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებს. დაპირისპირების მთავარი საგანია ე.წ. ტალიავინის დასკვნა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 3 ოქტომბრის რეზოლუცია, რომლებსაც მაშინდელმა ქართულმა ხელისუფლებამ მოაწერა ხელი.
ტალიავინის დასკვნა, ოფიციალურად - „საერთაშორისო დამოუკიდებელი გამომძიებელი კომისიის ანგარიში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციაში შეიარაღებული კონფლიქტის მიზეზების შესახებ“, ევროკავშირის მიერ შექმნილი კომისიის მიერ მომზადდა, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი, ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა. დასკვნა, რომელიც 2009 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნდა, მიუთითებდა, რომ კონფლიქტის ესკალაციაში ყველა მხარეს ჰქონდა წვლილი. დასკვნაში ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალზე არტილერიული ცეცხლი 2008 წლის 7 აგვისტოს გახსნა, რასაც მეორე დღეს, რუსული ჯარის ფართომასშტაბიანი შეჭრა მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ დასკვნა რუსეთის ქმედებებსაც აკრიტიკებდა, ქართული მხარის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების დაფიქსირება გახდა „ქართული ოცნების“ მთავარი არგუმენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2008 წლის 3 ოქტომბრის რეზოლუციაც დავის საგანია. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ამ რეზოლუციას ისევე, როგორც ტალიავინის დასკვნას, ხელი მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ და ის ადასტურებს, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები, სწორედ ქართულმა მხარემ დაიწყო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ამ დოკუმენტებს ვერსად გაექცევიან, ეს დოკუმენტები არის იმის უტყუარი დასტური, რომ მაშინდელმა აგენტურულმა ხელისუფლებამ დაიწყო ომი და მიაყენა უმძიმესი დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ღალატი“. კობახიძის განმარტებით, რეზოლუციაში წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, მაშინდელმა რეჟიმმა ცხინვალზე არტილერიული ცეცხლი გახსნა და ამას მეორე დღეს მოჰყვა რუსული ჯარის შემოსვლა საქართველოში.
„ქართული ოცნების“ ლიდერ მამუკა მდინარაძის თქმით, „სააკაშვილის ბრძანებულებაში, პარლამენტის გადაწყვეტილებაში წერია, რომ 8 აგვისტოს შემოიჭრა რუსული რეგულარული ჯარი“. თუმცა, მისივე განცხადებით, იმავე რეზოლუციაში, რომელსაც ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ
„7 აგვისტოს, ქართული მხარის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით, ესკალაცია ახალ, სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაზე გადავიდა“. მდინარაძე მიიჩნევს, რომ ეს იყო „ღალატი“, რადგან ქართულმა მხარემ „საკუთარი ჯარისკაცები ომის დანაშაულში დაადანაშაულა“ და ამას მოაწერა ხელი.
წლების განმავლობაში, 8 აგვისტო აღინიშნებოდა ომის დაწყების დღედ. თუმცა, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ოპოზიციის წარმომადგენლები მუხათგვერდის სასაფლაოზე 7 აგვისტოს მიდიან, რითაც ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ ომი სწორედ ამ დღეს დაიწყო, ქართული მხარის მიერ საპასუხო მოქმედებების შედეგად.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ამტკიცებს, თითქოს, ევროსაბჭოს რეზოლუციით, ქართული მხარე აღიარებდა ომის დაწყებას და ამას „ინტერპრეტაციასა და პროპაგანდას“ უწოდებს. მისი თქმით, რეზოლუციაში, პირველად იყო აღიარებული, რომ რუსეთი ოკუპანტია, იყო გარკვეული ელემენტები, რომელიც ქართული მხარისთვის მიუღებელია, თუმცა რეზოლუცია რუსებისთვისაც იმდენად მიუღებელი გახლდათ, რომ მათ დატოვეს დარბაზი. ფავლენიშვილის განცხადებით, „როცა ქართულ მხარეს ადანაშაულებს საომარი მოქმედებების დაწყებაში და როდესაც ერთი-ერთში იმეორებს რუსების ნარატივს, ეს, რა თქმა უნდა, არის ღალატის დეფინიცია“.
„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ოპონენტების მიერ 7 აგვისტოს თარიღის შემოტანა არის „ნაცობა“, „ლოგიკიდან ამოვარდნა“ და „საკუთარი ღალატის გამართლების“ მცდელობა. მათი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამით ცდილობს, გადაფაროს ის ფაქტი, რომ სააკაშვილის რეჟიმმა, მათივე ხელმოწერილი დოკუმენტების თანახმად, ომი დაიწყო და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უმძიმესი დარტყმა მიაყენა.
„ჩვენ უნდა გავიხსენოთ ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ, მათ შორის, ეს არის ტალიავინის დასკვნა, რომელიც რეალურად მოიწონა მაშინ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა, სადაც საუბარია სწორედ იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. ასევე, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა მაშინ ევროპის საბჭოს მიერ, პრაქტიკულად, ერთსულოვნად, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები, სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო.
ასევე, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საომარი მოქმედებების გამოცხადების თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთი საქართველოში. ამ დოკუმენტებს ვერსად გაექცევიან, ეს დოკუმენტები არის იმის უტყუარი დასტური, რომ მაშინდელმა აგენტურულმა ხელისუფლებამ დაიწყო ომი და მიაყენა უმძიმესი დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ღალატი“, - განაცხადა პრემიერმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ტალიავინის დასკვნიდან, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მოაწერა ხელი და რომელსაც ევროსაბჭოში მხარი დაუჭირეს, უკვე 16 წელი გავიდა.
აბაშიძის თქმით, ტალიავინის დასკვნაში მკაფიოდ წერია, რომ ცხინვალის დაბომბვით, ანუ იმ მხარემ, ვინც პირველმა ისროლა, დაიწყო რუსული აგრესია საქართველოს ტერიტორიაზე.
„ეს წერია ინგლისურად, ქართულად და მრავალ ენაზე. 2009 წლის დასავლურ მედიაში ყველა სათაური იყო ამგვარი, რომ საქართველომ დააპროვოცირა რუსეთ-საქართველოს ომი. რატომღაც ჰაიდი ტალიავინს არავინ არ ახსენებს, რადგან ის არის მიუკერძოებელი შვეიცარიელი დიპლომატი, რომელსაც ევროკავშირის მანდატი ჰქონდა. მისი მანდატი ევროკავშირის მიერ ფინანსდებოდა. ამ რეალობას ვერავინ გაექცევა, ვერც თარგმანში დაკარგვა და არასწორი ინტერპრეტაცია უშველის. ეს არის 2009 წლის 30 სექტემბრის დასკვნა.
წლიდან-წლამდე, ომის გამღვივებელი სააკაშვილის მოღალატე პარტია ცდილობს, ეს ამბავი გადაფაროს რაღაც სკანდალებით და სისულელე განცხადებებით. კობახიძე, პაპუაშვილი, მდინარაძე, ყაველაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ზუსტად იმეორებენ იმას, რაც იმ დასკვნაში წერია. ამ ობიექტურ შეფასებას „ნაციონალური მოძრაობა“ ვერსად გაექცევა. სწორედ ეს დასკვნა გამოიყენება ასევე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე. წულუკიანიც სწორედ ამით ხელმძღვანელობდა. ამისგან განშორება და უარის თქმა, გადაბრალება, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება კრემლის ნარატივებს იმეორებს, სისულელეა“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ დასკვნაზე და იქ მოცემულ ინფორმაციაზე პრეტენზიები აქვს, თავის დროზე, ტალიავინისთვის უნდა წაეყენებინათ.
„რაც შეეხება ამ თარიღებით მანიპულირებას, ციფრულ სამყაროში ძალიან ადვილად მოიპოვება ინფორმაცია, სადაც ვნახავთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო. შემდეგ კი ეს ყველაფერი შეცვალეს, რადგან ტალიავინის კომისიის დასკვნა არ აწყობდათ. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საგამოძიებო კომისიაზე, რომელსაც პაატა დავითაია ხელმძღვანელობდა, სააკაშვილმა პარლამენტში თქვა: დიახ, ჩვენ დავიწყეთ 7 აგვისტოს ცხინვალის გათავისუფლება.
ეს სხვა რა არის? ის რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის შემოდგომაზე, „ნაციონალებმა“ და მათმა სატელიტმა „ქრისტიან-დემოკრატებმა“, ასევე ამ პარტიის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ მოაწერეს ხელი, ზუსტად ამის აღიარება იყო. იმდენად უსუსურია მათი არგუმენტი, თითქოს, რუსეთთან გარიგება ჰქონდათ და ამის სანაცვლოდ, რუსეთს უნდა ეღიარებინა, რომ ოკუპანტია. წარმოიდგინეთ, რა სახის ბოდვაა და ვის სჯერა ახლა ამის, რომ რუსეთი ამას იზამდა და ამათთან რამე გარიგებაში შევიდოდა“, - ამბობს აბაშიძე.