ბოლო პერიოდში რამდენიმე უცნაური ფაქტისა თუ განცხადების მოწმენი აღმოვჩნდით. ამას ემატება პრეზიდენტის ზოგიერთი განცხადებაც. ყველაფრის ერთად შეჯამებით, მეტად არასასიამოვნო დასკვნებამდე მივდივართ. თუმცა, მოდით თავიდან დავიწყოთ.
26 ივლისს გიორგი სანაიას მკვლელობიდან კიდევ ერთი წელი გავიდა. დაახლოებით იმავე პერიოდში, ცნობილი გახდა, რომ ჩვენმა კოლეგამ, ვახო კომახიძემ, შვეიცარიის მთავრობისგან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო...
იმავე პერიოდს დაემთხვა, პრეზიდენტის მიერ თავდაცვის სამინისტროში გაკეთებული განცხადებაც - მიხეილ სააკაშვილმა გაზეთები ”ალია” და ”ასავალ-დასავალი” ათასგვარ სიბინძურეს შეადარა.
-”თქვენ ნახეთ შარშან როგორ სწრაფად იყო ლიკვიდირებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა. მუხროვანის ნაწილში იყო შემორჩენილი ძველი დროის ხალხი, რომლებიც ისხდნენ და გაზეთებს ”ალიას”, ”ასავალ-დასავალს” და ათასგვარ სიბინძურეს და ჭორს კითხულობდნენ. ეს იყო ძველი და ახალი საქართველოს დაპირისპირება; იმ შემთხვევაში, ახალმა საქართველომ გამოაჩინა თავისი ძალა და პატრიოტიზმი”- განაცხადა პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას.
პრეზიდენტის ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაშია ქართული მედია. რამდენი პრობლემა გვაქვს და როგორ არ ვზრუნავთ ჩვენ, ჟურნალისტები არც ერთი მათგანის მოგვარებაზე. არადა, ზოგიერთი მათგანის თუნდაც, შერბილება ნამდვილად შეგვიძლია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი სირთულე რომელთაც ჟურნალისტები ვაწყდებით, არამარტო ჩვენი, არამედ, მთლიანად საზოგადოების პრობლემაა. თუმცა მოდით, თავიდან დავიწყოთ...
მედიის არაკონსოლიდირებულობა
ჟურნალისტები პრეზიდენტის განცხადებამ აღაშფოთა. გარდა ამისა, მაშინვე გაჩნდა მოსაზრებაც, რომ შესაძლოა, ეს იყოს ამ გაზეთების დახურვისთვის ნიადაგის მომზადების ერთგვარი მცდელობა.
-”მე არ შევუდგები იმის მტკიცებას თუ რომელი გაზეთი რამდენად რეალურ ინფორმაციას ბეჭდავს, რა არის სიბინძურე და რა - სიმართლე... ეს მკითხველის გადასაწყვეტია და მეც, როგორც მკითხველმა, შეიძლება შევაფასო, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, როდესაც პრეზიდენტი აკეთებს ასეთ განცხადებებს. მისი მხრიდან ეს, მთლიანად მედიისა და ჟურნალისტების შეურაცხყოფაა...
მიმაჩნია, რომ თუ მედიას მთავრობის წევრებისგან განსხვავებით, თავმოყვარეობა გააჩნია, რეაგირება უნდა იქონიოს. რაც შეეხება დახურვის შესაძლებლობას, ჩემი დაკვირვებით, პრეზიდენტი შემთხვევით არ იყენებს ხოლმე ამა თუ იმ გამონათქვამს ამა თუ იმ თანამდებობის პირის მიმართ” - განაცხადა ჩვენთან საუბრისას, ჟურნალისტთა კავშირ ”ობიექტივის” ერთ-ერთმა წევრმა, რადიოეთერის პროდიუსერმა და წამყვანმა, ნინო ცხოიძემ.
ჩვენმა კოლეგამ თავმოყვარეობა ახსენა... ვართ კი ჩვენ თავმოყვარეები? რატომ ვაწყდებით ასე ხშირად ჩვენს შეურაცხყოფას გნებავთ, ხელისუფლების მხრიდან, გნებავთ, ოპოზიციის?
გაპროტესტებით გავაპროტესტეთ, მაგრამ... ”ქრონიკამ” და ”ალიამ” ცალკე, ”ასავალ-დასავალმა” კიდევ ცალკე.... აი, ამიტომაც არის ასეთი ხშირი შეურაცხყოფები... ჩვენ, ქართველი ჟურნალისტები რომელთაც ხელისუფლება ვერ გვაკონტროლებს, მეტისმეტად დათითოკაცებული, დაფანტული და არაკონსოლიდირებულები ვართ!.. მაგალითები გნებავთ?... რომელი ერთი ჩამოვთვალოთ...
ჟურნალისტთა კავშირ ”ობიექტივს” რომ პრობლემები ჰქონდა, რამდენი ჩვენგანი დავუდექით მათ გვერდით? მოვიწვიეთ პრესკონფერენციები? ვწერეთ მათი პრობლემების შესახებ სტატიები უსასრულოდ? შევეცადეთ, რომ მათი პრობლემების შესახებ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენებს გაეგოთ? გასული წლების გამოცდილება ხომ ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება მხოლოდ ერთიან, კონსოლიდირებულ საზოგადოებრივ აზრს უფრთხის... განსაკუთრებით, ისეთ მგრძნობიარე თემებთან დაკავშირებით რომლებსაც შესაძლოა, საერთაშორისო რეზონანსიც კი მოჰყვეს...
ან თუნდაც, ვახო კომახიძის მაგალითი ავიღოთ... ის და მისი ოჯახი ”რეალ-ტივის” უჩივიან იმ საშინელი სიუჟეტის გამო რომელიც ამ ტელეარხმა მას შემდეგ გააკეთა და გაუშვა ეთერში რაც, კომახიძემ შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ჩვენს კოლეგას, ია ანთაძეს რომ არ გეპროტესტებინა ეს სიუჟეტი, საინტერესოა, რამდენი ჩვენგანი მიხვდებოდა, რომ კომახიძის მხარდასაჭერად რაიმე უნდა გვეღონა... და რამდენმა ჟურნალისტმა მივიღეთ მონაწილეობა კომახიძის მხარდამჭერ აქციაში?
-“მე რამდენი წელია ამაზე მაქვს პრობლემა . ჯერ კიდევ გიორგი სანაიას მკვლელობიდან მოყოლებული ვამბობ, რომ ჩვენ, მედიასაშუალებებს არ გვაქვს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის განცდა.
რამდენჯერმე მოვიყვანე ეს მაგალითი და სტატიაც მქონდა ამაზე ”რეზონანსში”... როცა საჭიროა, ფრანგი ჟურნალისტები 70 000-იანი შემადგენლობით გამოდიან საპროტესტო აქციებზე. მაშინ, როდესაც სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიაში რეკლამის აკრძალვა დააპირეს; მაშინ როდესაც ნაციონალური რედაქციების შემცირება დააპირეს...
თუ საფრანგეთში შეიძლება, რომ სხავადსხვა ქვეყნებიდან ჩასული ჟურნალისტები, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები თავს გრძნობდნენ კონსოლიდირებულად და სოლიდარობა გამოუცხადონ ერთმანეთს, რატომ არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქემ - მიუხედავად ეროვნული კუთვნილებისა - ერთმანეთს გამოვუცხადოთ სოლიდარობა? მე ამ ერთიანობის ხათრით ”ეთიკის ქარტიასაც” მოვაწერე ხელი მიუხედავად იმისა, რომ მას ჟურნალისტების სულ სხვა ჯგუფი აკეთებდა.
მხოლოდ მაშინ ვიქნებით ძლიერები და ვერავინ მოგვერევა როდესაც ერთმანეთის პატივისცემას, კოლეგიალობას და სოლიდარობას ვისწავლით. სანამ ასე ცალკ-ცალკე ვიქნებით, ყოველთვის ადვილად დასამარცხებლები ვიქნებით” - ამბობს ჩვენი კოლეგა ჟურნალისტთა კავშირიდან ”ობიექტივი” და შეუძლებელია ნინო ცხოიძის პოზიციას არ დაეთანხმო.
ნურავინ გაიგებს ისე, თითქოს, ჩვენს კოლეგას გმირად მივიჩნევდეთ. სამწუხაროდ, ვახო კომახიძე ამ შემთხვევაში უფრო განზოგადებული მოვლენის სახელია ვიდრე, ერთი კონკრეტული პიროვნების ვინაობა. ამის გათვალისწინებით, თუნდაც ახლა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიის მთავრობამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, რა გავაკეთეთ?
გავაპროტესტეთ კიდევ ერთხელ ის პრობლემები რომლებიც ჩვენს კოლეგას შეექმნა? დავწერეთ სრულიად ჟურნალისტურმა კორპუსმა ერთობლივი განცხადება და კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიება? თუ დაგვეზარა? ვერ მოვიცალეთ?.. პირადი სიმშვიდის დარღვევა არ მოვისურვეთ?
ან ”ალიას” და ”ასავალ-დასავალის” უპატივცემულობა ყველამ ერთად რატომ არ გავაპროტესტეთ? დიახ, შესაძლოა, ამ გაზეთების სტილს არ ეთანხმებოდე ან ეთანხმებოდე... შესაძლოა, სხვა მედიასაშუალებებიც არ მოგწონდეს. შესაძლოა, ”პრაიმ-ტაიმი” ერთხელაც არ გქონდეს წაკითხული იმიტომ რომ: შეხედავ პირველ გვერდს და იცი, რომ მეტისმეტად ”ყვითელია”; რომ უბრალოდ მხარეა.... ოღონდ, ეს ყველაფერი თავად მკითხველმა უნდა განსაჯოს. მან უნდა გადაწყვიტოს, რომელ გაზეთს იყიდის, რომელს - არა.
დამოუკიდებელ მედიას კი, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც პატივი უნდა სცეს, მაგრამ ამას ვერ ვეღირსებით სანამ ასე დაშლილ-დაფანტულები ვართ; სანამ პოლიტიკურმა ძალებმა კარგად იციან, რომ ”ალიას”, ”ასავალ-დასავალის” თუ სხვების ”ჭირი” ჩვენთვის, დანარჩენებისთვის ”ღობის ჩხირია”... რომ ხმას არ ამოვიღებთ... სანამ ჩვენ არ მოგვადგებიან... ოღონდ, საინტერესო ისაა, ვინ იქნება შემდეგი? ”რეზონანსი?” ”კვირის პალიტრა?”, ”პრესა.გე?” თუ პერსონალურად მოგვსპობენ? ჰოდა, ახია ჩვენზე, მეტის ღირსები ვართ! ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც, სანამ ჭკუას არ ვისწავლით.
მოკლედ, მედიის წარმომადგენლები მეტისმეტად მძიმე მდგომარეობაში ვართ; ფაქტობრივად დაუცველები ყველა თვალსაზრისით...გამოსავალი მხოლოდ ერთიანობაა: უპირობო, უიარლიყო, ყოველგვარი კატეგორიების და კლასიფიკაციების გარეშე... სანამ ამას არ გავაცნობიერებთ, ვერც ჩვენს ღირსებას დავიცავთ ჯეროვნად და ვერც, უსაფრთხოებას.
უნდა ითქვას, რომ ერთიანობის აუცილებლობას ბევრი ჩვენი კოლეგა კარგად აცნობიერებს და ამ მიმართულებით, გარკვეული ნაბიჯების გადადგმასაც ცდილობენ. იქმნება სხვადასგვარი კავშირები, გაერთიანებები... არსებობს მაგალითად, ”მედია-კლუბი”...
-“მედია-კლუბის” შემადგენლობაში შედიან: ნინია კაკაბაძე, ნინო დანელია, ნინო ზურიაშვილი, შორენა შავერდაშვილი, ლიკა ჩახუნაშვილი. მედია-კლუბის მთავარი ფუნქცია მედიის ადვოკატირებაა. ამ თვალსაზრისით, მუშაობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს.
ჯერ ერთი, ვცდილობთ, სხვა ჟურნალისტების დახმარებით, კანონის აღსრულების კუთხით ზეწოლა მოვახდინოთ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ანუ გაკეთდეს ყველაფერი რათა დაცულ იქნეს არსებული კანონები. გვაქვს ჩვენი საქმიანობის მეორე მიმართულებაც - ვცდილობთ, აღმოვფხვრათ კანონში არსებული ხარვეზები.
ანუ მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ შეცვალონ კანონები რომლებიც ძალიან უშლის ხელს ჟურნალისტებს მათი საქმიანობის გახორციელებაში. პრინციპში, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს.”-განაცხადა ჩვენთან საუბრისას ”მედია-კლუბის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა.
ამ დღეებში ასევე ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტთა პროფკავშირი შეიქმნა. მაგრამ ასეთი ვიწრო, ორგანიზაციულ-ჯგუფურ-ინტერესობრივი გაერთიანებები საქმეს ვერ უშველის. ხელისუფლების კონტროლისგან თავისუფალ მედიას მორალურ-პრინციპული ერთიანობა სჭირდება. დაახლოებით იმის მსგავსი, რაც ”ეთიკის ქარტიაა”... ცხადია, ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ არა მაინცდამაინც ამ კონკრეტულ დოკუმენტს, არამედ იმას, რომ იგი კონკრეტული მორალურ-ეთიკური პრინციპების ერთიანობაზე დაყრდნობით შეიქმნა.
სხვათაშორის, როდესაც ”ეთიკის ქარტია” იქმნებოდა, ჩვენ ეს ინიციატივა საჯაროდ გავაკრიტიკეთ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, გვინდა ასევე საჯაროდ ვთქვათ, რომ ჩვენი მაშინდელი ხედვა არ იყო სწორი. ჩვენი, თავისუფალი ჟურნალისტების ერთიანობის საფუძვლად სწორედ მორალური, პრინციპების ერთიანობა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა უნდა იქცეს. მით უფრო, რომ ბოლო პერიოდში აშკარად გამოიკვეთა: ხელისუფლება უტევს ყველა მიმართულებას, სადაც თავისუფალი აზრის და აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობაა. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ მიერვე დიდად რეკლამირებული ”ფეისბუქიც” კი აღარ მოსწონთ.
ქართველი უფლებადამცველები თანხმდებიან, რომ საქართველოში ჟურნალისტები მართლაც დაუცველები ვართ. ცუდია ისიც, რომ ამ ვითარებაში ჯერ კიდევ გაუგებარია, უნდა ვიქონიოთ თუ არა დღევანდელი სახალხო დამცველის იმედი... წინა ომბუდსმენის, სოზარ სუბარის პირობებში, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, საზოგადოებასაც და ჟურნალისტებსაც, როგორღაც დაგვავიწყდა, რომ სახალხო დამცველი სახელწმიფო მოხელეა. უმრავლესობას ეს მაშინ გაახსენდა, როდესაც პარლამენტში ახალი სახალხო დამცველის შესახებ დაიწყეს მსჯელობა.
უნდა ვიქონიოთ თუ არა გიორგი ტუღუშის იმედი? რთული სათქმელია... ის არ არის აქტიური ფიგურა. იმდენად, რომ ზოგიერთ ჩვენგანს, შესაძლოა, მისი ვინაობაც კი არ ახსოვდეს მთლად კარგად.
- “თავიდან სუბარიც ასე იყო. მას კარგა ხნის განმავლობაში საყვედურობდნენ, რომ ის ვერ იცავდა ადამიანის უფლებებს. მერე შეიცვალა. თუმცა, ის რაც დღეს ხდება... დღეს ეს არის პირწმინდად ხელისუფლების მიერ დანიშნული მოხელე. ქვეყანაში საერთოდ არ არის დაცული ადამიანის უფლებები. და ამ დროს, ომბუდსმენის მოხსენებაში მთელი აქცენტი ეროვნულ უმცირესობებზეა გადატანილი - თითქოს ზეწოლაზე მათ მიმართ. არადა, ეს პრობლემა ქვეყანაში ნამდვილად არ დგას. პარალელურად, სრულიად არ არის გამახვილებული ყურადღება ჟურნალისტების და მთლიანად, ადამიანის უფლებების დაცვაზე”-ამბობს ჩვენი კოლეგა, ნინო ცხოიძე.
სხვათაშორის, ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალ ჟურნალისტებს რომ დაცვა მართლაც სჭირდებათ, ამაზე უკვე არაჟურნალისტებიც საუბრობენ. ასე მაგალითად, 4 აგვისტოს გავრცელდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადება. მასში ცნობილი იურისტი დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, ”ხმა აიმაღლონ სააკაშვილის მორიგი ანტიდემოკრატიული განზრახვის წინააღმდეგ და დაიცვან ბეჭდური მედია სააკაშვილის აგრესიისგან”.
ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ზაზა ხატიაშვილი ამბობს:
- ”მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ვგრძნობ დიდ საფრთხეს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ მისი მხრიდან ტელევიზიებში ”იბერიასა” და ”იმედში” განხორციელებულ ჟურნალისტთა კორპუსის გამაოგნებელ შეურაცხყოფას. თუ მთელი სამოქალაქო საზოგადოება არ დავდექით ბეჭდური მედიის გვერდით, სააკაშვილს არ შერცხვება გაზეთებში სპეცრაზმის შეყვანა. მას შემთხვევით არ უხსენებია მუხროვანის ე.წ. აჯანყება და ეს თემა შემთხვევით არ დაუკავშირა გაზეთებს ”ალიასა” და ”ასავალ-დასავალს”. სააკაშვილმა მესიჯი გაუგზავნა სამოქალაქო საზოგადოებას და ელოდება სამოქალაქო საზოგადოების რეაქციას. თუ ჩვენ არ დავდგებით ბეჭდური მედიის გვერდით, მათ იგივე მომავალი ემუქრებათ რაც, სააკაშვილისგან დარბეულ ტელევიზიებს”- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
და მაინც, ჩვენ ვერავინ დაგვეხმარება ერთხელ და სამუდამოდ როგორმე თუ არ გავაცნობიერეთ, რომ ”კბილებით” უნდა დავიცვათ ერთმანეთი ხელისუფლებისა თუ საერთოდ, ნებისმიერის შემოტევებისგან. ცხადია, აქ არ ვგულისხმობთ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიას - ისინი სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და მათ ნამდვილად არაფერი ემუქრებათ.
და რადგან ჟურნალისტების პრობლემებზე ვსაუბრობთ, ორიოდე სიტყვით, ბეჭდური მედიის სხვა სირთულეების შესახებ.
ინფორმაციის მოპოვება-გავრცელება-მიღება
ეს ის ფუძემდებლური უფლებებია, რომლებიც საზოგადოებას - მათ შორის, მედიასაც - ყველა ქართული თუ საერთაშორისო კანონმდებლობით აქვს გარანტირებული. მიუხედავად ამისა, მედიას ძალიან უჭირს სულ უწყინარი ინფორმაციის მოპოვებაც კი. ხშირად, ეს მცდელობები ჩვენი კოლეგებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფასადაც ჯდება. თუნდაც, სულ ბოლო ფაქტი გავიხსენოთ: რამდენიმე დღის წინ, ჩვენი ორი კოლეგა - გელა მთივლიშვილი და მადონა ბატიაშვილი გარემოს დაცვის სამინისტროში სცემეს. ეს, მხოლოდ ერთი ფაქტია. მსგავსი ბევრი შეგვიძლია გავიხსენოთ...
- “ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით, დღევანდელი მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება შევარდნაძის პერიოდში არსებული ვითარებისგან. არადა, მაშინდელი მდგომარეობა არ მოსწონდა ამ ხელისუფლებას - მაშინ რომ ოპოზიციაში იყვნენ - მიუღებლად მიაჩნდათ. მაშინ, დღევანდელ ხელისუფლებას პრიორიტეტად მიაჩნდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობაც, მედიის თავისუფლებაც, ადამიანის უფლებების დაცვაც და ამ ყველაფრის გამო, ხმამაღალი პროტესტით გამოდიოდნენ. არადა დღეს, დღევანდელმა ხელისუფლებამ ბევრად უარეს დღეში ჩააგდო საზოგადოება. ადამიანის უფლებებიც უფრო მეტად ირღვევა და ჩვენი, ჟურნალისტებისაც”- ამბობს ჟურნალისტთა კავშირ ”ობიექტივის” წევრი, რადიოეთერის პროდიუსერი და წამყვანი, ნინო ცხოიძე.
ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ჟურნალისტების მიერ წვალებით მოპოვებული ინფორმაცია ფაქტობრივად, საზოგადოებამდე ვერც კი მიდის. ცხადია, სრულ მასშტაბს ვგულისხმობთ. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ბეჭდური მედია ზარალდება, რომელსაც გავრცელების პრობლემა აქვს.
ზოგიერთი ჩვენი კოლეგის აზრით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, გაზეთების გავრცელების საერთო-საქვეყნო რეალიზაციის ერთიანი ქსელი ანუ ძველებური ფოსტაა. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ძველებურად, გაცრეცილი ტყავის ჩანთით მოგიტანს პრესას სახლში ფოსტალიონი თუ ქუჩაში გახვალ და ჯიხურში ან გავრცელების რომელიმე სხვა პუნქტში იყიდი... პრობლემა სხვაა: ვის აქვს გაზეთის გამოსაწერი ან საყიდელი ფული? მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეუძლია ისედაც მწირ საოჯახო ბიუჯეტს გაზეთის საყიდელი ფული მოაკლოს?
იგივე მდგომარეობაა ინტერნეტ-მედიასთან დაკავშირებითაც. რამდენ ოჯახს აქვს კომპიუტერის ყიდვის თავი? საშუალოდ, მინიმალური შემადგენლობის ოჯახი რომ ავიღოთ, სამ სულიანი - დედა, მამა და ერთი შვილი - რომელშიც მხოლოდ ერთი წევრი, მამა მუშაობს... განა ასეთ ოჯახს კომპიუტერის ყიდვა შეუძლია?
ამიტომაც აღვნიშნეთ, რომ ჟურნალისტების მიერ ვაი-ვაგლახით მოპოვებული ინფორმაცია ფაქტობრივად, მკითხველამდე ვერც კი აღწევს. ანუ ჩვენი უფლება ილახება იმით, რომ გვეზღუდება კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ინფორმაციის მოპოვება-გავრცელების უფლება, ხოლო მკითხველს - ინფორმაციის მიღება არ შეუძლია. ვიმეორებთ, ამ შემთხვევაში აქცენტი ბეჭდურ მედიაზე გვაქვს, რადგან ტელევიზორი ან რადიომიმღები - თუნდაც ძალიან ძველი, მაგრამ მუშა მდგომარეობაში - თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება. ამას, ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტთა კავშირ ”ობიექტივის” წევრი, ნინო ცხოიძეც ეთანხმება.
სხვათაშორის, ”ობიექტივმა” ამ მდგომარეობიდან ბრწყინვალე გამოსავალი იპოვა - მათ უფასო გაზეთის გამოშვება დაიწყეს. გაზეთში იბეჭდებოდა რადიოეთერში გასული გადაცემები და მისი ნომრები მოსახლეობაში უფასოდ რიგდებოდა. სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი - გაჩნდა ინფორმაციის ალტერნატიული და რაც მთავარია, უფასო წყარო.
როგორც ამ პროექტის პროდიუსერმა, ნინო ცხოიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მიუხედავად დღეისათვის არსებული შეფერხებისა, ათიოდე დღეში რადიოეთერი აღდგება და ცოტა ხანში უფასო გაზეთის გამოშვებაც განახლდება.
რას ერჩიან ”ფეისბუქს”?
მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლებას უკვე აღიზიანებს ნებისმიერი სივრცე, სადაც აზრის თავისუფლად და ან თავისუფალი აზრის გამოთქმა შეიძლება; სივრცე, რომელიც მათ კეთილგანწყობაზე არ არის დამოკიდებული. ამის მაგალითია ის რაც ბოლო პერიოდში მათ მიერ კონტროლირებადი მედიის - კონკრეტულად კი, ”იმედის” - ეთერში ხდება.
ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია დიდი სიამოვნებით აგემოვნებს ”ჯაშუშური სკანდალის” პიკანტურ დეტალებს.თითქმის ყოველ საღამოს, ეთერში სულ ახალი და ახალი გვარები ჩნდება. მათ ორი რამ აერთიანებთ: რუსეთის ჯაშუშობა და ”ფეისბუქზე” არიან დარეგისტრირებულნი. განსაკუთრებული აქცენტიც სწორედ ამ დეტალზე - სოციალური ქსელის წევრობაზე - კეთდება.
ეს, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიისთვის სრულიად ახალი აქცენტია. აქამდე ისინი პირიქით, ამ სოციალური ქსელის გაძლიერებულ პროპაგანდას ეწეოდნენ. მათი სიუჟეტების პათოსის მიხედვით, ლამის ისე გამოდიოდა, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში სამსახურსაც კი ვერ იშოვი თუ ”ფეისბუქზე” არ ხარ დარეგისტრირებული. რატომ აღარ მოსწონს ხელისუფლებას ეს ქსელი?
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ”ფეისბუქი” დასავლეთშიც აღარ მოსწონთ. დასავლურ მედიაში სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება სტატიები ამ სოციალური ქსელის ნეგატიური მხარეების შესახებ.
სტატიებში საუბარია იმაზე,რომ ”ფეისბუქი” უბრალოდ, სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს. მედიის მიერ ჩამოთვლილი ფაქტებიდან, ყველაზე შემზარავი, ლონდონში მომხდარი მკვლელობაა: ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი მოკლა. საქმე ისაა, რომ ”ფეისბუქზე” დარეგისტრირებისას, ქალბატონმა, პირად მონაცემებში, დაოჯახებულის ნაცვლად, დასაქორწინებელი მიუთითა. ასე რომ ”ფეისბუქის” მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებაში საქართველოს ხელისუფლება მარტო არ არის. თუმცა, დასავლური მედიისგან განსხვავებით, მათ ამისთვის სულ სხვა მიზეზები აქვთ.
თავიდან, ეს სოციალური ქსელი ხელისუფლების აღმოჩენა იყო. აქედან გამომდინარე, ხდებოდა მისი რეკლამირება. დღეს კი აღარ მოსწონთ... შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყოს, რომ ამ სივრცეს ისე აქტიურად ვეღარ აკონტროლებენ როგორც აქამდე. ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან ჩვენ ამ ქსელის მომხმარებლები არ ვართ. თუმცა, ნებისმიერ ”ფეისბუქელს” თავად შეუძლია გადაამოწმოს მართებულია თუ არა ეს ვარაუდი.