ამ უძველესი ქალაქის ფერდობზე, საქართველოს ყველაზე მდიდარმა კაცმა მინის, პოსტმოდერნისტული სასახლე აიშენა, მისი ინტერიერი სფეროების და ოპტიკური ეფექტების ნაზავია. მილიარდერის აივნიდან მდინარის ხედი და მისი ყოფილი მეგობრის მიხეილ სააკაშვილის ფუტურისტული, ცისფერი მინისგუმბათიანი რეზიდენცია მოსჩანს, თუმცა ყველა მსგავსება მათ შორის აბსოლუტურად შემთხვევითია.
„მას მოსვლა სურდა, მაგრამ არ დავპატიჟე“, მითხრა 56 წლის ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონებაც Forbes-მა 6,4 მილიარდ დოლარად შეაფასა. მან როი ლიჰტენშტეინის და დემიენ ჰერსტის ნამუშევრების გასწვრივ ჩაიარა – მაღალი ხარისხის ასლების გასწვრივ, რომლითაც შარშან ორიგინალები შეცვალა, როდესაც, როგორც თავად აღნიშნა „ჩემმა სადაზღვევო კომპანიამ განმიცხადა, რომ საქმეს ცუდი სუნი ასდის და მეც დავიწყე მათი ქვეყნიდან გატანა“.
ბ-ნმა ივანიშვილმა, კარჩაკეტილმა ფილანტროპმა, რომელსაც პრეზიდენტი გრაფ მონტე კრისტოს ადარებდა, საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მიწისძვრა გამოიწვია, როდესაც ოქტომბერში განაცხადა, რომ საკუთარ ქონებას მთავრობასთან ოპონირებისთვის გამოიყენებს და საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს დააფინანსებს. ეს შოკური გამოწვევა იყო სააკაშვილისთვის, რომელიც რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ კომფორტულად დომინირებდა პოლიტიკაში. მთავრობამ მის შესაჩერებლად უმალ ნაბიჯები გადადგა.
კონფლიქტი, რომელსაც მე-19 საუკუნის რომანის ელფერი ისედაც დაკრავდა, ამ კვირაში კიდევ უფრო გამძაფრდა. ოთხშაბათს, ხელისუფლებამ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომელიც მანამდე ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით მიიღო, რაც უკრძალავს მას საპარლამენტო არჩევნების წინ საჯარო თანამდებობისთვის არჩევნებში ბრძოლას და პარტიების დაფინანსებას. ხუთშაბათს, მთავრობის პოზიცია შერბილდა, როდესაც კანონმდებლები კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდნენ, რაც მოქალაქეობის არმქონე პირს მისცემს საჯარო თანამდებობისთვის ბრძოლის შესაძლებლობას.
ხუთშაბათს, ივანიშვილმა თავის შტაბ-ბინაში დიპლომატიური კორპუსი დაპატიჟა და მოქალაქეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება დაგმო.
„არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემზე დიდად აისახება, თუმცა ეს დიდ გავლენას მოახდენს სააკაშვილზე“, – განაცხადა ივანიშვილმა ინტერვიუში. „ის დაკარგავს სახეს. ეიფორია, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ამერიკასა და ევროპაში, სადაც ის ცდილობს მათ მოტყუებას, რომ თითქოს დემოკრატია, გაქრება“.
56 წლის ივანიშვილი, დიდი ხნის განმავლობაში ამ ქალაქში ჭორების ობიექტი იყო. მას შემდეგ რაც რუსეთში ალუმინისა და საბანკო ბიზნესში ქონება დააგროვა, მშობლიურ სოფელში, ჭორვილაში დაბრუნდა და ფეოდალივით საკუთარი მეზობლების სახლებით, გზებით და ფულით უზრუნველყოფა დაიწყო. ივანიშვილის ლეგენდას ემატებოდა ისტორიები მის ორ ალბინოს შვილზე (აქედან უფროსი ბერა ცნობილი რეპერია) და ზოოპარკზე, სადაც ზებრები და პინგვინები ჰყავდათ.
წლების განმავლობაში, ის რუსეთში დაგროვილ კაპიტალს გულუხვად და ანონიმურად არიგებდა. ივანიშვილი ის საიდუმლო მყიდველი იყო, რომელმაც 2006 წელს, სოტბის აუქციონზე პიკასოს „დორა მაარი კატასთან“ 95.2 მილიონ დოლარად იყიდა, რითაც არტდილერებში ვნებათა ღელვა გამოიწვია. საქართველოში, მან ანონიმურად დააფინანსა ისეთი საეკლესიო პროქტები, როგორიცაა ოქროსგუმბათიანი კათედრალი, რომელიც დედაქალაქს გადმოჰყურებს და ერთ დროს მთავრობის მოწონებული 500 სკოლის რეაბილიტაცია, ფული სახელმწიფო ხელფასებისა და ფეხსაცმელი არმიისთვის („ისინი ქალამნებით დარბოდნენ“, თქვა მან.)
ივანიშვილის თქმით, მისი კავშირები სააკაშვილთან საბოლოოდ გაწყდა 2008 წლის იანვარში სატელეფონო საუბრის დროს, როდესაც პრეზიდენტს უთხრა, რომ მისთვის არასდროს აღარ დაერეკა. მან განაცხადა, რომ დიდი ძალისხმევა დასჭირდა თავისი პოლიტიკური გეგმების დასამალად, ჩურჩულით საუბრობდა რა მეუღლესთან საკუთარ სახლშიც კი იმის შიშით, რომ უთვალთვალებდნენ. მისი თქმით, ორჯერ დაგეგმა უცხოეთში გამგზავრება და მოგვიანებით გადაიფიქრა.
„გადაწყვეტილება ასეთი იყო: მე მთლიანად უნდა დამენგრია ფილანტროპიასთან დაკავშირებული მსოფლხედველობა, ასევე ჩემი ურთიერთობა მასთან, და ის, რასაც 55 წლის განმავლობაში ვამტკიცებდი, რომ პოლიტიკაში არ წავიდოდი“, განაცხადა მან. „დიდხანს ვწვალობდი“.
საქართველოს მთავრობამ ივანიშვილის ნაღმის შემდეგ უმალ იმოქმედა.
სულ რაღაც ოთხ დღეში, მილიარდერს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს იმის საფუძველზე, რომ მან არ ჩააყენა ჩინოვნიკები საქმის კურსში, რომ იგი საფრანგეთის მოქალაქე იყო. (საქართველოს კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ სპეციალური ნებართვითაა დასაშვები. ივანიშვილი რუსეთის მოქალაქეც იყო, მაგრამ ის დეკემბერში დატოვა). ორი კვირის შემდეგ, ცენტრალურმა ბანკმა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მისი ბანკის მილიონობით დოლარის კონფისკაცია მოახდინა. შემდეგ მმართველმა პარტიამ შეზღუდვები დააწესა წანასაარჩევნო კამპანიის კორპორატიულ დაფინანსებაზე, რაც მისი კომპანიების მხრიდან კანდიდატების დაფინანსებას ხელს შეუშლის.
სააკაშვილის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ის არ ნერვიულობს იმაზე, რომ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეების ხმებს იყიდის, მაგრამ მისი სიმდიდრის შეუზღუდავი გამოყენება (ზოგიერთი გათვლით, ის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს უდრის) „გახრწნის პოლიტიკურ პროცესს, როგორც ასეთს“. მისი თქმით, საქართველოს ოპოზიციამ ეს ესაა მიმართა ჯანსაღ პრაქტიკას, მაგალითად ისეთს, როგორიცაა არჩევნებში მარცხის აღიარება.
„ფეხს იკიდებდა ახალი პოლიტიკური კულტურა, რომლიც გულისხმობდა იმას, რომ პარტიები საკუთარი თავის იმედად უნდა ყოფლიყვნენ და ახლა ველზე ეს დიდი ბიჭი გამოჩნდა თავისი ფინანსებით,” განაცხადა ბოკერიამ. ”ახლა ყველა ეს ჯგუფი აღარ ცდილობს თავად მოიპოვოს მხარდაჭერა, ის უბრალოდ ერთი დიდი ოლიგარქია – იხდის და მუსიკასაც ის უკვეთავს“.
მთავრობა იმასაც აცხადებს, რომ ივანიშვილი მოსკოვის ინტერესების თანახმად მოქმედებს და ამის დასტურად მოჰყავს მისი უზარმაზარი ჰოლდინგები რუსეთში: მისივე გათვლით 1.1 მილიარდი დოლარი, რომლის ლიკვიდაციასაც, როგორც თავად ამბობს, ის გეგმავს. სააკაშვილი ივანიშვილის სახელს იშვიათად ახსენებს, მაგრამ ის ხშირად საუბრობს მასზე განგაშით, როგორც „ახალ პოლიტიკურ ძალაზე“ და „სიბნელის ძალებზე“ და რუსული ფულის შემოდინებაზე.
ივანიშვილის საპასუხო ნაბიჯებს შორის, მთავრობის მსგავსად ვაშინგტონში ლობისტების დაქირავებაა იმ მიზნით, რომ მსოფლიომ მის წინააღმდეგ მიღებული ზომების შესახებ შეიტყოს. ამ საქმის დეტალებს (მაგალითად სახელმწიფო აუდიტორული სააგენტოს მიერ ოპოზიციური აქტივისტების აგრესიული დაკითხვა) ამერიკელი ჩინოვნიკების მხრიდან საყვედურები მოჰყვა.
„წლების განმავლობაში, ჩვენი ფულით, სააკაშვილს ძლიერი ლობისტები ჰაყვდა, ჩვენი ფულით თამაშობდა, და ცდილობდა ეცრუა და დემოკრატიის ფასადი ეჩვენებინა“, ამბობს ივანიშვილი. „მე შემიძლია თავს უფლება მივცე და დავიქირაო ზოგიერთი ლობისტური კომპანია ამერიკაში და სხვა ადგილებში, და ჩვენ შეგვიძლია რეალური სურათის ჩვენებას შევეცადოთ“.
ბ-ნი ივანიშვილის პოლიტიკური პლატფორმა ბუნდოვანი და ცოტა არ იყოს გრანდიოზულია. ის აცხადებს, რომ დატოვებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ორ წელიწადში – დრო, რომელიც მისი თქმით, საკმარისია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისა და როგორც ის აცხადებს „ელიტურ კორუფციის“ აღმოსაფხვრელად. შეკითხვას იმის შესახებ, გადაიზრდება თუ არა ეს დაპირისპირება ქუჩის დემონსტრაციებში, ის მშვიდი დამაჯერებლობით პასუხოს.
“მე რომ გარეთ გავიდე, სამ წუთში 100 000 ადამიანს შევკრებ, მაგრამ ამის გაკეთება არ მინდა“, თქვა მან. „არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ, თუკი ადგილი ექნება გაყალბებას, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს“.
ბ-ნი ივანიშვილის საპარლამენტო კოალიცია „ივანიშვილი – ქართული ოცნება“, იმედოვნებს, რომ ოქტომბრის არჩევნებში ხმების ნახევარს მოიპოვებს. თუმცა, გასულ თვეში, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევების და ამ კვლევების შედეგებზე მედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის პარტიას გამოკითხულთა 47% უჭერს მხარს, ივანიშვილის კოალიციას კი 10%. თუმცა, იმავე კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ივანიშვილს მოქალაქეობის აღდგენისთვის ბრძოლაში.
ამ კვირაში, ქუჩაში გამოკითხული ადამიანები ივანიშვილზე, როგორც პოლიტიკოსზე, დარწმუნებით ვერ საუბრობდნენ, მაგრამ ისინი აღფრთოვანებით საუბრობდნენ მის საქველმოქმედო საქმიანობაზე, მის მხარდაჭერაზე თეატრებისა და მუზეუმების მიმართ, და კეთილდღეობაზე, რომელიც მან თავის ჭორვილელ მეზობლებს მოუტანა.
48 წლის ნოდარ მელიქიძე, რომელიც უმუშევარია, ამბობს, რომ ბ-ნმა ივანიშვილმა დააფინანსა მისი სიმსივნით დაავადებული მეგობრების მკურნალობა.
54 წლის ლელა ამბობს, რომ ოთხშაბათს ივანიშვილის მოქალქეობაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ მას ცუდი განცდა დაუტოვა. „ეს იმის მაჩვენებელია, რომ ისინი ძალიან თავდაჯერებულები არიან, და ხალხის აზრი არ ანაღვლებთ“, თქვა ლელამ, რომელმაც საკუთარი გვარი არ გაგვიმხილა იმის შიშით, რომ ამას შეიძლება უსიამოვნო შედეგი მოჰყოლოდა. „მათ ჩვენზე ხელი დაიბანეს. ბევრი ადამიანი არ აპირებდა ივანიშვილისთვის ხმის მიცემას, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ აჩვენა, რომ მათ ხალხის აზრი არ აინტერესებთ“.
foreignpress.ge