რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გაუყვეს ისევ პირველ სცენარს, რომლის მიზანიც იყო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, რასაც მშვიდობიან დამხობაში ფუთავდნენ. უკვე თვალნათელია, რომ კრახისთვის არის განწირული ნებისმიერი მათი ქმედება, რაც შეიძლება საქართველოში დესტაბილიზაციას ისახავდეს მიზნად, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
ბითაძის თქმით, „ლელო“-გახარიას გაერთიანება ღიმილის მომგვრელია.
„რაც შეეხება „ლელო“-გახარიას, ისინი არიან ვითომ ოპონენტები, რომლებიც უპრინციპო განცხადებებს აკეთებენ, განსაკუთრებით ღიმილის მომგვრელი სწორედ „ლელო“-გახარიას გაერთიანებაა. არქივი ინახავს იმ მკაფიო განცხადებებს, რასაც ერთმანეთის მიმართ აკეთებდნენ. მათი ერთობა კიდევ ერთი მაგალითია, რომ არის არასერიოზული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ წინ წაწევას ცდილობს. ამომრჩეველი ხედავს, რომ მათი ნდობა შეუძლებელია. ეს ადამიანები სახლობანას თამაშობენ. ახლაც ღრმად მწამს, ისინი ნანობენ, რომ პარლამენტში მანდატები არ გამოიყენეს, რაზეც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს. რას ვხედავთ? ორ-სამ თვეში მიდგომებს ცვლიან. ეს უპრინციპო და არასერიოზული ადამიანების ერთობაა, რომლებიც, გარდა იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ ერთმანეთს „აბულინგებდნენ“ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, ახლა მათი ერთი ფლანგი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ხოლო მეორე ნაწილი რა აქციებს აანონსებს, გაურკვეველია. მოსახლეობა უკვე ვეღარ არჩევს, ვინ ერთიანდება, ვინ იშლება, ვინ ვის ლანძღავს, ვინ აპირებს საკრებულოში შესვლას და ვის გული სწყდება პარლამენტში არშესვლაზე. იმასაც ვხედავთ, რომ ბევრი ე.წ. პოლიტიკოსი, რომელიც ვითომ ე.წ. პარტიების რიგებში იყო, დღეს საერთოდ აღარ იძებნება. ყველაფერი კარგად არის, ეს ადამიანები ისევ მწარედ დამარცხდებიან“, – განაცხადა მაია ბითაძემ.