ბათუმში თურქები ხარება დღეს ხელოვნური განაყოფიერების ცენტრს ხსნიან

ბათუმში თურქები ხარება დღეს ხელოვნური განაყოფიერების ცენტრს ხსნიან

7 აპრილს ბათუმში, აეროპორტის გზაზე, სასტუმრო „გენაცვალე“-ში იხსნება ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი, რომლის მეპატრონე არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. ამ ცენტრში სტუმრობისას presage.tv-ს თარჯიმნის მეშვეობით არწმუნებდნენ, რომ ბათუმის ცენტრს თურქეთის რესპუბლიკასთან არანაირი საერთო არ აქვს, ლიცენზია გააჩნია, უკვე მუშაობენ, მაგრამ ოფიცილურად 7 აპრილს იხსნებიან. განგვიმარტეს, რომ ყველა კითხვაზე პასუხის მიღება სწორედ 7-ში შეგვეძლება, თუ გახსნის ცერემონიას დავესწრებით.

ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი - „ბათუმის აი ვი ეფ ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი“ აეროპორტის გზატკეცილზე, N122-ში მდებარეობს. ამ ცენტრში სტუმრობისას იურისტთან შეხვედრის სურვილი გამოვთქვით. გვითხრეს, რომ ის სადილობდა და 10 წუთში შეძლებდა ჩვენთან საუბარს, მაგრამ 10 წუთის შემდეგ იურისტის ნაცვლად ჩვენთან ექთანი, მელიქე ქარაიელი გამოვიდა, თარჯიმნის თანხლებით.

კითხვაზე - როდიდან არსებობს თქვენი კლინიკა? პასუხის ნაცვლად იქვე მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს მოუხმო, რომელიც კომპიუტერთან იჯდა. ისიც თურქულად საუბრობდა.

„7-ში გახსნა გვაქვს. მობრძანდით და ვისთან საუბარიც გაგეხარდებათ, იმათ გაესაუბრეთ“, - გვითხრა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც არ გაგვეცნო. კითხვაზე - ეს არის თურქეთში არსებული რომელიმე კლინიკის ფილიალი? მოგვიგო - „თურქეთთან არანაირი კავშირი არ გვაქვს, ეს არ არის ფილიალი. პატრონი - დოღან ბირბენი თურქია“. ქართველმა ექიმმა, ქალბატონმა მაიამ გვითხრა - „ეს მისი კერძო კლინიკაა. დოღანბეი ბირბენი ექიმი-გინეკოლოგია. ჩვენ ოფიციალურად 7 აპრილს ვიხსნებით. აგერ გაკრული გვაქვს ლიცენზიის დამადასტურებელი დოკუმენტები და შეგიძლიათ გადაიწეროთ“.

კედელზე გაკრული იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მიერ ხელმოწერილი, შემდეგი შინაარსის დოკუმენტები:

სანებართვო მოწმობა N000321 – „მიეცეს სტაციონალური დაწესებულების ნებართვა“.

ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სანებართვო მოწმობა გაცემულია 2011 წლის 1 აგვისტოს. ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ „მოწმობა გაიცა განუსაზღვრელი ვადით“;

მეორე დოკუმენტი არის სანებართვო მოწმობის დანართი, რომელიც ეხება სამეანო გინეკოლოგიური პროფილის საქმიანობას. სანებართვო მოწმობის მეორე დანართი სამედიცინო საქმიანობის სახეს ეხება - „ორგანოებისა და ქსოვილების აღება, შენახვა, გადანერგვა“.

ეს ორი დანართიც 2011 წლის 1 აგვისტოსაა გაცემული.

ცენტრის ჰოლში ქართულ ენაზე დაბეჭდილი ბუკლეტები ავიღეთ და აქედან შევიტყვეთ ბათუმის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის ვებგვერდის მისამართი, რომელიც თურქულ ენაზეა წარმოდგენილი და ამის გამო, დამოუკიდებლად ვერ შევძელით იმის გაგება, რა წერია მათ ვებგვერდზე - www.batumiivt.com

ბათუმიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტექსტის შინაარსში გარკვევა მეგობრების დახმარებით შევძელით. ამ თურქულენოვანი ვებგვერდიდან გთავაზობთ ამონარიდებს, ჩვენი აზრით საინტერესო დეტალების ირგვლივ:

„თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან კვერცხუჯრედების და სპერმის დონაცია კეთდებოდა ჩრდილო კვიპროსის თურქული რესპუბლიკის გავლით, მაგრამ ჩრდილო კვიპროსში ადგილობრივმა ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ქმედებები აკრძალა და გამომდინარე აქედან, ჩრდილო კვიპროსული კლინიკები სანდო არ არის. გარდა ამისა, ჩრდილო კვიპროსულ კლინიკებში ემბრიონის, სპერმის და კვერცხუჯრედის დონაცია სახიფათო, სარისკოა, ხოლო ჩვენი კლინიკის საქმიანობა შეთანხმებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან (http://www.batumivf.com/tup-bebek-merkezleri-f20)“.

საინტერესო ისაა, რომ ბათუმის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრში მუშაობს ემბრიოლოგი ევრენ არმუთჯუ, რომელიც პარალელურად ჩრდილო კვიპროსული ორგანიზაციის (“სამედიცინო ტურიზმის გიდი“) წარმომადგენელია, რაში დარწმუნებაც ამ ლინკის მეშვეობით შეგიძლიათ (http://www.health-tourism.com/medical-centers/north-cyprus-fertility-clinic/doctors/ ). აქ დევს ევრენ არმუთჯუს ფოტო და მითითებულია, რომ ის „სამედიცინო ტურიზმის გიდის“ თანამშრომელია.

რაც შეეხება ბათუმის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, დოღან ბირბენს - მას მსგავსი კლინიკა ქალაქ რიზეშიც აქვს, რომელსაც „ქალთა ავადმყოფობის და მეანობის ცენტრი“ ჰქვია (http://www.saglikkatalogu.com/jin-opr-dr-dogan-birben.html).

რიზეს კლინიკის ვებგვერდზე შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ გაგზავნით შემდეგ მონაცემებს - ვინაობა, ტელეფონის ნომერი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იმ პრობლემის დაკონკრეტება, რაც გაწუხებთ.

რატომ გახსნეს საეჭვო რეპუტაციის მქონე სასტუმროს შენობაში (და არა სადმე სხვა ადგილას) ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი? რა ტიპის ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან ქალაქ რიზეში მოქმედ „ქალთა ავადმყოფობის და მეანობის ცენტრს“ და ბათუმის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრს, რომელსაც ერთი მეპატრონე ჰყავს? თურქეთიდან ბათუმში შემოაქვთ თუ არა გაყინული სპერმა, კვერცხუჯრედი; შემოჰყავთ თუ არა სუროგატი დედები და თანამშრომლობს თუ არა სასტუმრო „გენაცვალე“-ს მდედრობითი სქესის პერსონალი ბათუმის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრთან? - ეს ის კითხვებია, რომელიც გაგვიჩნდა ამ ცენტრში სტუმრობისა და მათი თურქულენოვანი ვებგვერდის გაცნობის შემდეგ.

7 აპრილს, ხარება დღეს ბათუმის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის ოფიციალურ გახნას ცენტრალური ტელეარხები თუ არა, ალბათ, ადგილობრივი ტელევიზიები მაინც გააშუქებენ და თუ ჩვენს კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებთ, ამ ცენტრს ხელმეორედ აუცილებლად ვესტუმრებით.