აფხაზეთიდან დევნილი ბადრი ტაბიძე ზუგდიდის საავადმყოფო „რესპუბლიკაში“ 29 მარტს გარდაიცვალა. ქალა-ტვინის მძიმე ტრავმების შედეგად 24 წლის ბიჭი სიკვდილს 3 თვის განმავლობაში ებრძოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ბადრი ტაბიძე პალატაში მოულოდნელად გარდაიცვალა.
ტრაგიკულ ისტორიას ტაბიძის ნათესავები ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უკავშირებენ. ისინი ამბობენ, რომ ბადრი ტაბიძე პოლიციის შენობაში ჯერ სასტიკად სცემეს, ხოლო შემდეგ, უგონო მდგომარეობაში მყოფი გზის პირას დააგდეს.
გარდაცვლილის დედა, ქეთი გადელია presage.tv-სთან საუბარში ამბობს, რომ ინციდენტის დღეს, 1 იანვარს, მისი ვაჟი სოფელ ოდიშში, სადაც დეიდასთან სტუმრად იმყოფებოდა, სახლიდან გავიდა და ცოტა ხანში მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში აღმოჩნდა.
„საფუძვლიანი ეჭვი გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ჩემი შვილი, რომელიც საღამოს 7 საათისათვის ზუგდიდისკენ მიმავალ გზას ფეხით მიუყვებოდა, პოლიციამ შენიშნა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დააკავა. ვფიქრობ, რომ ბადრი პოლიციაში ისე სცემეს, რომ სიკვდილის პირას მიიყვანეს. მკვდარი ეგონათ, ამიტომაც იმავე მანქანით უკან წამოიღეს და ზუგდიდი-ჩხოროწყუს ტრასაზე დააგდეს. ერთადერთი თვითმხილველი თურმე გრიგოლიშის საჯარო სკოლის მანდატური ქალი აღმოჩნდა, რომელსაც ფაქტობრივად გარდაცვლილი ჩემი შვილი შეუნიშნავს. თითქოს მან საპატრულო სამსახურს შეატყობინა და პოლიციასთან ერთად სასწრაფო დახმარების მანქანაც მისულა, მაგრამ ეს ყველაფერი ახლომახლო მცხოვრებლებს არ შეუმჩნევიათ.
ზუგდიდის საავადმყოფოში ჩემი შვილი, როგორც უცნობი მამაკაცი ისე დაურეგისტრირებიათ. თავის ქალის ოპერაცია ექიმებს მიყვანიდან სამ საათში ჩაუტარებიათ. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ მხოლოდ მეორე დღეს თბილისში შევიტყვე, სადაც ჩვენი ოჯახი ამჟამად ცხოვრობს. პოლიციის მიმართ ეჭვები მაშინ გაგვიჩნდა, როცა ჩემი შვილის პასორტი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში აღმოვაჩინეთ. მაშინ, როცა პოლიციელები ამბობდნენ, ვინაობა არ ვიცოდით და ვერ დაგიკავშირდითო, მატყუებდნენ.
იმავე პასპორტში ახლო ნათესავების სატელეფონო ნომრებიც იდო. 20 დღე ბიჭი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. შემდეგ მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა, მისი გადარჩენის იმედი მომეცა. ცოტა ხანში ყველაფერი ესმოდა და ყველას ცნობდა. ვთხოვდი ენიშნებინა მიმიკით, ან მოქმედებით დაედასტურებინა ის, რომ მის უბედურებაში პოლიცია მონაწილეობდა. ამის გაგონებაზე მან უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ხელის მუშტების დაბერვით დამეთანხმა“, - ამბობს ქეთი გადელია.
ეჭვს იმის შესახებ, რომ მისი მამიდაშვილი პოლიციელების მიერ ცემის შედეგად დაშავდა, შამილ მირცხულავაც გამოთქვამს.
„როცა პოლიციელებისგან მომხდარის შესახებ ახსნა-განმარტებებსა და საქმის მასალების გაცნობას მოვითხოვდით, აგრესიით გვპასუხობდნენ. წარმოიდგინეთ, პოლიცია ტრასაზე ფაქტობრივად გვამს პოულობს, ვინაობას ვერ ადგენს და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას არ ატარებს. ასეთი რამ, მხოლოდ ბადრის გარდაცვალების შემდეგ ჩაატარეს და მის დასკვნასაც დღემდე არ ვიცნობთ.
პოლიციელებმა ისიც მითხრეს, რას მოითხოვთ, გიჟი ყოფილა ის თქვენი ნათესავი, საავადმყოფოში მოყვანისთანავე ექიმებს გინება დაუწყოო. ამის გაგონებაზე საავადმყოფოს დაცვის სამსახურიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მოვითხოვე. ძალიან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა მათი მხრიდან, მაგრამ როგორც კი გახმაურებით და შსს გენინსპექციაში დარეკვით დავემუქრე, გამაცნეს. კადრებში კარგად გამოჩნდა, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფი ბიჭი გინებას კი არა თვალის დახამხამებას ვერ შეძლებდა.“-აცხადებს შამილ მირცხულავა.
ბადრი ტაბიძის ოჯახი ეჭვს გარდაცვალების მიზეზების გამოც გამოთქვამს. ტაბიძის და, რომელმაც ძმის პალატა მის გარდაცვალებამდე 20 წუთით დატოვა, არ გამორიცხავს, რომ იგი მოკლეს.
„ჩემს ძმას ყელში ხელოვნური სასუნთქი მილი ჰქონდა ჩადგმული. რამდენიმე წამით მასზე ხელის დაფარება საკმარისი იყო იმისათვის, რომ გაეგუდათ... პოლიციელებს მისი ალაპარაკების ეშინოდათ...“ -აცხადებს ლიკა ტაბიძე.
ტაბიძეები საქმის ობიექტურ გამოძიებაში დახმარებას მიხეილ სააკაშვილს სთხოვენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ შინაარსის წერილი ოჯახმა უკვე გააგზავნა.
მომხდართან დაკავშირებით შსს ზუგდიდის პოლიციაში კომენტარის გაკეთების სურვილი არ აქვთ.
ბადრი ტაბიძეს ზუგდიდის ერთ-ერთ სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.