თელავის რაიონის სოფელ ვანთაში ნუსხელიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მსგავსი სიღატაკე 21-ე საუკუნეში დაუჯერებელია. სამი მცირეწლოვანი გოგონა ენით აუწერელ სიღატაკეში იზრდება. მეზობლების თქმით, ოჯახის უფროსი ზურაბ ნუსხელიძე ხშირად სვამს და სახლში იშვიათად მიდის, მისი მეუღლე მარეხი კი გონებასუსტია.
ნუსხელიძეების საცხოვრებელს დაახლოებით ხუთი კვადრატული მეტრი ფართობის ოთახი შეადგენს. ოთახს შესასვლელი კარი არა აქვს და მის მაგივრობას ძველი დახეული ნაჭერი სწევს. ოთახი სრულიად დაუცველია და ადვილად შესაძლებელია შიგნით ქვეწარმავლები შევიდნენ; მითუმეტეს, რომ სახლს ერთი მხრიდან მაღალი ბუჩქები და ბალახები აკრავს.
ოთახში შესულს გაჩერება გაგიჭირდებათ, რადგან საშინელი სიბნელე და სუნია. ოთახის მთელი შემადგენლობა ორი მორყეული საწოლია, ზედ დაგებული ძველი, ჭუჭყიანი ქვეშაგებით და მეზობლების მიერ მიცემული გამონაცვალი ტანსაცმლით.ორ პატარა ფანჯარაზე ჭუჭყიანი ფარდებია ჩამოფარებული. იატაკი უსწორმასწორო მიწაა, რომელიც წყლით არის გაჟღენთილი და ატალახებული.
ნუსხელიძეების ოჯახში მისულს მხოლოდ მარეხ ნუსხელიძე და მისი სამი მცირეწლოვანი შვილი დამხვდა. ბავშვები ნახევრად შიშვლები იყვნენ. უფროსი, 4 წლის გოგონა, რომელსაც მეტყველების პრობლემა აქვს, ჩემი ქამრის ბალთაში ისეთი ინტერესით იხედებოდა, რომ, როგორც ჩანს, საკუთარი გამოსახულება აქამდე არ ენახა.
მასზე ორი წლით უმცროს დას სიარული არ შეუძლია და მუდმივად ოთახში ზის, ყველაზე პატარა გოგონა კი ოთხი თვისაა. მას ჯერჯერობით ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებს. სიღატაკის გამო ნუსხელიძეებს ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაეღუპათ: - ,,ორი შვილი მყავ მკვდარი. ერთი სამ წლამდე იყო, მეორე ცხრა თვისა. დაავადება ქონდა რაღაცა და ბინაზე მამიკვდა, ვერ მივხედე“, - გვითხრა მარეხმა.
მარეხი 23 წლისაა, მეუღლის წლოვანება კი დაზუსტებით არ იცის. მათი ასაკიდან გამომდინარე, ოჯახს პენსია არ ეკუთვნის, ვერც ფიზიკურად მუშაობენ და არც სოციალური დახმარება ეძლევათ, რადგან პირადობის მოწმობები არა აქვთ. ნუსხელიძეების ერთადერთი საზრდო მეზობლების მიერ მიწოდებული ლუკმაა.
მარეხი ამბობს, რომ საჭმელი იშვიათადა აქვთ, ზოგჯერ კი რამდენიმე დღეც გასულა ისე, რომ პური არ ჰქონიათ.
- ,,მეზობლები რომ არ ვეხმარებოდეთ, შიმშილით დაიხოცებოდნენ. კარდაკარ დადიან რომ საჭმელი იშოვონ, ჩვენც მთელი სოფელი ვეხმარებით რითაც შეგვიძლია; ზოგი საჭმელს ვაწვდით, ზოგი ტანსაცმელს. დედა წაიყვანს ხოლმე უმცროსს და მთელი დღე სოფელში დადის რომ საჭმელი იშოვოს, ეს ორი კი სულ უპატრონოდ არის და სულ ტირიან. იმ დღეს უფროსს შუათანა გოგონა გარეთ გამოეყვანა და გუბეში თავს აყოფინებდა, რომ არ მიგვესწრო, დაახრჩობდა“, - აღნიშნა მეზობელმა მარიკა ქევხიშვილმა.
ვანთის გამგებელი იოსებ იოსებაშვილი ამბობს რომ ნუსხელიძეებისთვის პირადობების მოწმობის გაკეთება რამდენჯერმე სცადა, მაგრამ უშედეგოდ, რადგან მარეხმა პირადობის მოწმობისთვის აუცილებელი საკუთარი მონაცემები არ იცის.
- ,,ვერ გვეუბნება სად და როდის დაიბადა, ნორმალურად არც თავისი გვარი ახსოვს. ახლა გავიგე რომ დედა ჰყოლია და მისი საცხოვრებელი ადგილიც გავარკვიე. ვნახავ და მისგან გავიგებ ინფორმაციას. თელავის საპასპორტოში უკვე იციან ამ ოჯახის შესახებ და პირადობის მოწმობების გაკეთებისთვის საჭირო მონაცემებს ელოდებიან, როგორც კი ამ ინფორმაციას მივაწვდი, გაუკეთებენ მოწმობებს და შემდეგ უკვე სოციალური მომსახურების სააგენტოშიც შევიტანთ განცხადებას რომ სოციალური დახმარება დაენიშნოთ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ფულის მოხმარება არ იციან. რამდენჯერმე დავეხმარეთ, მაგრამ სახლში ძაღლები ჰყავთ და პროდუქტს ბავშვების ნაცვლად იმათ აჭმევენ, ფულს კი უაზროდ ფლანგავენ’’, - განაცხადა იოსებაშვილმა.
სოფლის გამგებელს მოსახლეობაც ეთანხმება. მეზობლების თქმით, მარეხი ფულს დანახვისთანავე სამკაულებში ხარჯავს. “იმ დღეს ვიღაცას 5 ლარი ეჩუქებინა, ეს კიდევ წასულა და დუხი უყიდია. ადრეც რამდენჯერმე დაეხმარა მთავრობა, მაგრამ ყველაფერს უცბად სპობენ. ბავშვები საშინელ ანტისანიტარიაში არიან, დასაბანი ხელებით ჭამენ, თან ამ დროს ძაღლი უზით წინ და იმასაც აჭმევენ. უფროსი გამოვა ხოლმე და ხან ქაღალდებს ღეჭავს და ხან პარკებს. ტუალეტი რომ ტუალეტია, ისიც არა აქვთ”, - ამბობს მეზობელი მაგული ნუსხელიძე.
მეზობლები პრობლემიდან გამოსავალს არასრულწლოვნების ბავშვთა სახლში მიბარებაში ხედავენ; მათი თქმით, ეს ერთადერთი გზაა იმისთვის რომ ბავშვები ნორმალურ პირობებში გაიზარდონ. მეზობლებს გოგონების დედაც ეთანხმება, მამის პოზიციის გაგება კი ვერ მოხერხდა, რადგან არავინ იცის სადაა, თუმცა, ბავშვთა სახლში შვილების მიბარებაზე მამის თანხმობაც რომ არსებობდეს, მაინც შეუძლებელია, რადგან, როგორც თელავის ბავშვთა სახლში განგვიცხადეს, მათი აღსაზრდელები მხოლოდ 6 წლის ზევით ასაკის ბავშვები შეიძლება გახდნენ.
,,ბავშვების ბავშვთა სახლში მიბარებაზე მეც მიფიქრია, მაგრამ დედამისი ხან თანახმაა, ხან არა. სოციალური დახმარება კი მალე დაენიშნება ოჯახს, მაგრამ ბავშვებს ნორმალური პატრონი სჭირდებათ. რაიონული ხელისუფლებაც საქმის კურსშია და ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ ამ ოჯახის საკითხი’’ ’, - განაცხადა იოსებ იოსებაშვილმა.
საკითხის გადაწყვეტამდე კი ბავშვები კვლავ გაუსაძლის პირობებში რჩებიან. მათი დახმარების ვერსია არაერთია, ფაქტი კი ერთი _ ბავშვები შიმშილით იხოცებიან.