დაახლოებით ორი კვირის წინ კომპანია „გლობალ თი-ვი“-ს ქსელიდან გაითიშა ჯერ „იმედი“, შემდეგ კი რამდენიმე დღეში „რუსთავი 2“, „მზე“ და „საქართველო“. მოგეხსენებათ, „გლობალ თი-ვი“ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის კომპანიაა და ხელისუფლება, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია მისი საქმიანობის შეზღუდვით. კომპანიის ხელმძღვანელობა მასზე ზეწოლას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ „გლობალ თი-ვი“-ს მეშვეობით უნდა განხორციელდეს ივანიშვილის „მეცხრე არხის“ ტრანსლირება. კომპანიის იურისტის განცხადებით, სწორედ ამიტომ არის ხელისუფლება დაინტერესებული, რომ „გლობალ თი-ვი“-მ არსებობა შეწყვიტოს. მისივე თქმით, კომპანიამ ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას 9 მარტს წარუდგინა „მე-9 არხთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, 15 მარტიდან კი „გლობალ თი-ვი“-ს ქსელიდან ქართული არხების გათიშვა დაიწყო. გარდა იმისა, რომ „გლობალ თი-ვი“-ს ქსელიდან გაითიშა ნაციონალური სატელევიზიო არხები, კომპანიაში აცხადებენ, რომ მათზე უცხოური არხების გათიშვის მოტივით ხორციელდება ზეწოლა. კომპანიის იურისტი ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ „გლობალ თი-ვი“-მ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარისგან მიიღო წერილი, სადაც კომპანიას უთითებენ, რომ ამ უკანასკნელმა თავი შეიკავოს უცხოური არხის TNT-ს სიგნალის რეტრანსლაციისგან. მოტივი კი არის ის, რომ თითქოს „გლობალ თი-ვი“ არღვევს TNT-ს საავტორო უფლებებს. „ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ანალოგიური მითითებები ახლო მომავალში მოსალოდნელია სხვა უცხოურ არხებთან მიმართებაშიც. რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იმ ვითარებამდე, რომ „გლობალს“ უბრალოდ არ ექნება თავიანთი აბონენტებისთვის მისაწოდებელი პრაქტიკულად არაფერი. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, წინასწარ კარგად შემუშავებული გეგმის შესაბამისად, რომლის საბოლოო მიზანი არის ის რომ „გლობალ თი-ვი“ განდევნილ იქნეს სამაუწყებლო ბაზრიდან და აქედან გამომდინარე „მე-9 არხსაც“, რომელმაც სულ მალე უნდა დაიწყოს მაუწყებლობა, წაერთვას შესაძლებლობა, რომ თავისი სიგნალი მიაწოდოს საქართველოს მოსახლეობას“,- აცხადებს კომპანიის იურისტი ალექსანდრე ბარამიძე. მისი თქმით, ეს არის გამოხატვის თავისუფლების უხეში შელახვა ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ერთი მხრივ ამ ორი კომპანიის უფლებების შელახვა, რადგან მათ როგორც სამაუწყებლო კომპანიებს აქვთ ვალდებულება, რომ მიაწოდონ საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია (სამაუწყებლო კომპანიები ამისთვის არსებობენ), და მეორე მხრივ ეს არის საქართველოს მოქალაქეების უფლებების შელახვა. მათ აღარ მიეცემათ საშუალება მიიღონ ინფორმაცია ფაქტებისა და მათი შეფასებების შესახებ ალტერნატიული წყაროებისგან. „ეს პრობლემები ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, რომელი მიმართულებითაც ცნობილია, რომ ჩვენს ქვეყანაში, მაინც და მაინც სახარბიელო მდგომარეობა არ არის. ამ ბოლო ხანებში მოვლენების განვითარება გვაჩვენებს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა როგორც ჩანს რთულდება.“ - აცხადებს ბარამიძე. „გლობალ თი-ვი“-ს განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი ზურაბ ბაზლიძე კი საუბარობს კომპანიაზე ზეწოლის კიდევ სხვა მეთოდზე, რაც გულისხმობს კომპანიის კუთვნილი მოწყობილობების დაზიანებას. Presage.tv რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ „გლობალ თი-ვი“-ს კუთვნილი მოწყობილობები გასული წლის დეკემბერში თითქმის ერთი თვის განმავლობაში საბაჟოზე იყო დაკავებული, შემდეგ კი, როდესაც კომპანიამ ტვირთი მიიღო, აღმოჩნდა, რომ მისი დიდი ნაწილი დაზიანებული იყო და მის შეკეთებას კიდევ თითქმის, ერთი თვე დასჭირდა. ამჯერად ზურაბ ბაზლიძე საუბრობს ანტენაზე დასამაგრებელ მოწყობილობაზე, რომლითაც აბონენტმა „გლობალ თი-ვი“-ს სიგნალი უნდა მიიღოს. ბაზლიძე აცხადებს, რომ სულ რამდენიმე დღის წინ კომპანიამ მიიღო ეს ტვირთი და მისი 90% არის დაზიანებული. მანამდე კი ტვირთი საბაჟოზე იყო 5 დღის განმავლობაში გაჩერებული. „ჩვენ შეგვეშინდა, რომ ასე თუ გაგრძელდა, ვეღარ მივიღებთ ვერანაირ ტვირთს და ამიტომ გთხოვეთ ჩვენთან მობრძანებულიყავით და გაგვემახვილებინა ყურადღება ამ ფაქტზე, რათა ჩვენი ტვირთები დავიცვათ“,- მიმართა მედიას ზურაბ ბაზლიძემ. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქმის კურსშია „გლობალ თი-ვი“-ს ამერიკელი დამფუძნებელი (რომელიც კომპანიის 16%-ს ფლობს) ალექს როზნჰესი და იგი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ამ ფაქტებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გამოხატვას. ზურაბ ბაზლიძის თქმით, როდესაც ხელისუფლებამ იერიში მიიტანა „გლობალ თი-ვი“-ზე, ჩაფიქრებული იყო, რომ კომპანიას სერიოზული ფინანსური დანაკარგები ჰქონოდა, მაგრამ ქართული ტელეარხების გათიშვის შემდეგ მხოლოდ 30 აბონენტი გაითიშა კომპანიის ქსელიდან. ბაზლიძე აცხადებს, რომ „გლობალ თი-ვი“ გეგმავს სხვადასხვა საინტერესო არხების ჩართვას, რომელთა შესახებაც მომხმარებელი უახლოეს ხანში გაიგებს. „გლობალ თი-ვი“-ს იურისტი ნატალია გელაძე აცხადებს, რომ კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული პირველი ქმედებები მოდიოდა ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან, რომელმაც „გლობალ თი-ვი“-ს წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. გელაძის თქმით, კომპანიის ერთ - ერთი აბონენტი იყო სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, რომელთანაც „გლობალ თი-ვი“-ს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული და აწვდიდა მას არხების გარკვეულ რაოდენობას. იურისტის თქმით, გარკვეული დროის წინ მარეგულირებელმა კომისიამ „რედისონს“ მოსთხოვა იმ არხების ჩამონათვალის მიწოდება, რომელსაც სასტუმროს „გლობალ თი-ვი“ აწვდიდა. გელაძის თქმით, იმ 15 არხის ნაცვლად, რომელსაც „რედისონს“ „გლობალ თი-ვი“ აწვდიდა, სასტუმრომ მარეგულირებელს 40 არხის ჩამონათვალი მიაწოდა. ამის შემდეგ კი მარეგულირებელმა კომისიამ დაიწყო „გლობალ თი-ვი“-ს წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება იმ მოტივით, რომ თითქოს მას გარკვეული არხების რეტრანსლირების უფლება არ ჰქონდა. „მარეგულირებელმა კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, შეადგინა შემოწმების აქტი „გლობალ თი-ვი“-ს სამაუწყებლო არხებზე. ეს აქტი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება კანონს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ. მარეგულირებელი კომისიის ადმინისტრაციული წარმოების სხდომაზე დავაყენეთ შუამდგომლობები, მოვითხოვეთ ფაქტობრივი გარემოებების გამოძიება და შესწავლა. მარეგულირებელმა კომისიამ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ყურად არ იღო ჩვენი თხოვნა, რასაც შედეგად მოჰყვა არაკანონიერი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლო ინსტანციებში და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება შემდეგ გასაჩივრდება ევროპის სასამართლოში“,- აცხადებს ნატალია გელაძე. მან ასევე ისაუბრა ქართული არხების „გლობალ თი-ვი“-ს ქსელიდან გათიშვაზე. იურისტის განცხადებით, კომპანიამ აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირებისთვის მიმართა მარეგულირებელ კომისიას, მაგრამ კომისიამ განუცხადა, რომ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობაში ის არ ერევა. „მაშინ გაუგებარია, რატომ ერევა მარეგულირებელი ჩვენსა და ТНТ-ს შორის არსებულ ურთიერთობებში“, - ამბობს გელაძე. აღსანიშნავია, რომ „გლობალ თი-ვი“-ს წარმომადგენლების განცხადებით, მარეგულირებელმა კომისიამ მათ მიმართა მოთხოვნით, რომ ყოველთვიურად წარუდგინონ მარეგულირებელს ТНТ-ს ერთი თვის სამაუწყებლო ბადე და ამ ბადეში შემავალი გადაცემების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. „გლობალ თი-ვი“-ში აცხადებენ, როდესაც ამ მოთხოვნით ТНТ-ს მიმართეს, აღმოჩნდა, რომ არხს მთელი თვის საეთერო ბადე წინასწარ გაწერილი არ აქვს და ამიტომ მიიღეს ორი კვირის საეთერო ბადე. სწორედ ეს დოკუმენტაცია წარუდგინა „გლობალ თი-ვი“-მ მარეგულირებელს და პასუხად მიიღეს მოწოდება, რომ შეწყვიტონ ამ არხის რეტრანსილირება. „გლობალ თი-ვი“-ში აცხადებენ, რომ ყველა სხვა ოპერატორსაც ზუსტად იგივე დოკუმენტაცია აქვს წარდგენილი მარეგულირებელთან, მაგრამ არც ერთ მათგანს არ აუკრძალეს ТНТ-ს რეტრანსილირება. ეს აკრძალვა მხოლოდ „გლობალ თი-ვი“-ს შეეხო. კომპანიაში აცხადებენ, რომ მარეგულირებელი კომისიის არგუმენტი, თითქოს „გლობალ თი-ვი“ ТНТ-ს საავტორო უფლებებს არღვევს, სინამდვილეს არ შეესაბამება. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევ მხარეს სარჩელით მიმართავს თვითონ უფლების მქონე კომპანია. შესაბამისად, ვთვლით, რომ „გლობალ თი-ვი“-ს წინააღმდეგ გადადგმული ყველა ეს ნაბიჯი არის არასამართლიანი, არაკანონიერი და ყველაფერი უწყობს ხელს, რომ მან აღარ იარსებოს ქართულ ბაზარზე“,- ამბობს იურისტი ნატალია გელაძე. მთელს ამ ისტორიაში იკვეთება კიდევ ერთი მოთამაშე - ეს არის დისტრიბუტორი, რომელიც ქვეყანაში ამა თუ იმ არხს წარმოადგენს. „გლობალ თი-ვი“-ს განვითარებისა და მარკიტინგის დირექტორის, ზურაბ ბაზლიძის განცხადებით, ТНТ-ს შემთვევაში ეს არის „ნილტექს ჰოლდინგი“, რომელიც არის „ვიასატის“ წარმომადგენელი და ამავე დროს ТНТ-ს და „კომედი კლაბის“ წარმომადგენელი საქართველოში. ბაზლიძის თქმით, ხელისუფლების ამგვარი ქმედებების შემდეგ „გლობალ თი-ვი“ დგება იმ საფრთხის წინაშე, რომ დისტრიბუტორთანაც გაუფუჭდეს ურთიერთობა. შემდეგ კი ეს გარემოება დისტრიბუტორების მონოპოლიზებისათვის იქნეს გამოყენებული. „რეალურად შესაძლებელია, რომ საკითხისადმი ასეთმა მიდგომამ მოახდინოს პროვოცირება იმისა, რომ დისტრიბუტორებთან ურთიერთობის შეწყვეტა მოგვიხდეს და საქართველოში წარმოიშვას ერთი დისტრიბუტორი, რომელიც მოახდენს სფეროს მონოპოლიზაციას. ჩვენ იძულებულები გავხდებით მხოლოდ მასთან ვითანამშრომლოთ და შემდეგ საკაბელო ქსელები მიბმულები იქნებიან ამ დისტრიბუტორთან. არის ვარაუდი იმისა, რომ ვიღაცას შეიძლება აინტერესებდეს, რომ საკაბელო ქსელები კიდევ ერთი მექანიზმით მართოს“, - აცხადებს ზურაბ ბაზლიძე presage.tv -სთან საუბარში. |