რატომ არ მომწონს პრეზიდენტი სააკაშვილი?!

რატომ არ მომწონს პრეზიდენტი სააკაშვილი?!

ღმრთის ხატად შექმნილი ადამიანი უნდა გიყვარდეს, მაგრამ ხომ არის მოწონებაც?!

წლების წინანდელს ვიხსენებ: - ვინ მოგწონს, ვის ეწყობი? - "შეფარული სინდისით" მეკითხება დეკანოზი ბასილ კვირჩილაძე.

- ვინც ერთგული და გულწრფელია, დამეგობრებული არაა ტყუილთან, წილნაყარი არაა ეშმაკთან, არ ბილწსიტყვაობს, ცილს არ დამწამებს, არაა ენატანია, მლიქვნელი, იცის ერთგულება, შეუძლია პატიება, გულს ტლანქად არ წამოედება, უფრთხილდება ურთიერთობას, ეფერება სიტყვებს, შეუძლია სითბოს იებივით დარიგება...

რატომ გვიჭირს სითბოს იებივით დარიგება?!

გაფართოებული თვალებით მიცქერდა და მისმენდა მოძღვარი.

ეს საუბარი 2000 წლის 11 ოქტომბრით ჩამინიშნავს.

მაშინ სააკაშვილის შესახებ არაფერი ვიცოდი.

ქარივით შემოიჭრა ქართულ პოლიტიკაში, შევარდნაძის გვერდით ჯერ მორიდებით, მერე ამაყად დადგა. ხელჩაკიდებული დაატარებდა ბატონი ედუარდი - ჩემი შემცვლელია! - ამომრჩევლებს აცნობდა.

დანიშნეს იუსტიციის მინისტრად. ჰოდა, გამოაჩინა დიდი უნარი: ჩინოვნიკების სასახლეების ფოტოები აფრიალა - ხალხის ფულით ააშენეს, არ შევარჩენთო(?!).

წინასაარჩევნო სამზადისმა ოზურგეთშიც ჩამოიყვანა. შეხვედრა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში იყო. როგორც ჟურნალისტი, ბატონ ედუარდთან და ზვიად ცეცხლაძესთან (ღმერთმა ნათელში ამყოფოს) მივედი. საუბარი არც დამეწყო, იქვე გაჩნდა:

- ბატონო ედუარდ, შვილი შემეძინა, თქვენი სახელი დავარქვი.

ხმა მაამებლის ჰქონდა, თვალებში შევხედე - მლიქვნელი დავინახე.

ჩაიცინა და ისე მიულოცა პრეზიდენტმა (მაშინ არ ვიცოდი, ედუარდი მიხეილის სიმამრსაც თუ ერქვა).

ნეტავ, ამის მეტი არც არაფერი ყოფილიყო. მაგრამ იყო და არის არასასურველი, მიუღებელი, გადამეტებული...

წლების მერე წავიკითხე ბატონ თამაზ ბუთხუზის ეს სიტყვები: "აღგზნებული რეფორმატორი", რომელიც ასე ზუსტად მოერგო მიხეილს. აი, როგორი დავინახე მიხეილი მაშინ, როცა პარლამენტში შეიჭრა, მისი თანამეინახენი მაგიდებზე ფეხებით შედგნენ, თავად კი გაბრწყინებული თვალებით და სიხარბით სვამდა შევარდნაძისთვის განკუთვნილ ჩაის - ჩანს აქ კეთილშობილი ადამიანის სახე?!

მისი ფიცის მახსოვს: გაისად ამ დროს, სოხუმში ვიქნებითო (?!), ისიც, ეს ბინაც მეყოფაო! ვიცი, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ჩემნაირად არ უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ რად ამბობ იმას, რასაც არ შეასრულებ? ახლა სასახლეში ცხოვრობს და მომავალსაც მიხედა: კახეთში დიდებული "თავშესაფარი" მოიწყო, თანაც გაგვიმხილა: რომ არა გიული, ამ კარმიდამოს ვერ შევიძენდიო! ესეც დავუჯეროთ? აბა, რა ვქნათ! პრეზიდენტი ტყუილს ხომ არ გვაკადრებს?!

პრეზიდენტის რანგში პირველად საერთო თვითმფრინავით იმგზავრა: ჩემს ხალხს უჭირს, ფუფუნების უფლება არ მაქვსო!

ახლა საკუთარი თვითმფრინავით ნავარდობს, რადგან იცის, რომ მის ხალხს - ნაციონალებს, მართლაც არ უჭირთ, მაგრამ ვინც მისი არაა _ ჩარეცხილები, პირდაუბანელი ქალები, მჯღაბნელი ჟურნალისტები, უმუშევრები, მათხოვრები, საქართველოდან ფულის საშოვნელად გაქცეულები... რამდენი ისევ ეძებს ნაგვის ყუთში ნარჩენებს?!

მახსოვს, როგორ ჩამოურიგა "განათლების გმირმა" - ლომაიამ პრეზიდენტის საჩუქრები პირველკლასელებს: ზურგჩანთები, რომლებიც ჯადოქარ ჰარი პოტერის სურათებით იყო დამშვენებული.

თავად, ქუჩის აქციებით (ვარდების სახელით) სათავეში მობრძანებულმა, დაარბევინა მშვიდობიანი აქციის მონაწილენი (თანაც, არა ერთხელ), არც ცემა დააკლეს, არც მოწამვლა, არც დაპატიმრება! მერე, "გამარჯვებულები" როგორი უწმაწური სიმღერებით დააბიჯებდნენ თბილისის ქუჩებში!

კეთდებოდა ყველაფერი ეს "დემოკრატი პრეზიდენტის" სახელით?!

რამდენი ბიჭი ჩაცხრილეს ქუჩებში!

სვანეთში რა დღეში ჩააყენეს აფრასიძეების ოჯახი!

14 წლის გვანცა ყუფარაძე 5 წლით ჩასვეს ციხეში!

სხვათა სასტიკად გამმეტებელი, საკუთარ სხეულს ანებივრებს - საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავს მასაჟისტი, არაფერს აკლებს, თავს ევლება. ეს მაშინ, როცა მის მინისტრს თუ ჟურნალისტს ხელითაც კი ეხება (სცემსო?!).

როგორ მოექცნენ ხალხისთვის საყვარელ სოსო ჯაჭვლიანს, ლუკა კურტანიძეს...

მიხეილის მაქებარნი არ შეესივნენ მსოფლიო რეჟისორს, რობერტ სტურუას?! 

ხალხის მსახურის როლს ისევე ირგებს, როგორც "შოფრის", მოციგურავის, მყვინთავის, სახლის სახურავზე, გამოქვაბულში თუ სარდაფში თათბირების ჩატარებისას(?!).

მაინც როდის ზის კაბინეტში, როდის აწერს ხელს ბრძანებებს: ექიმი როგორ დანიშნოს სოფლის მეურნეობის მინისტრად, მომღერალი - გარემოს დაცვის მინისტრად, 1 ლარად როგორ გააჩუქოს ახლო მეგობრებზე აგარაკები და ბინები...

რა უნდა იგრძნო, როცა უცხოეთის პრესა და ტელევიზია ვრცლად აშუქებენ, როგორ აჰყავთ საქართველოს დელეგაციის წევრებს ნომრებში მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, როგორ სრიალებენ მინისტრი და მისი მხლებლები თოვლზე, როგორ შეწუხდნენ, როცა მინისტრ ვერას ფეხსაცმელები მოპარეს...

არ მავიწყდება, შეშინებული მიხეილი როგორ ფორთხავდა და გარბოდა გორში...

ისტორიაში შესვლა სურს მიხეილს. ისტორიაში შევიდნენ და სირცხვილად დარჩნენ: არიოზი, ჰეროდე, პილატე, კალიგულა, ნერონი...

მიხეილიც შევა ისტორიაში, როგორც ძეგლების (სხვა რამეებითაც) დიდი მოტრფიალე. მისი დამსახურებაა, თბილისს და ბათუმს ალიევის, ბუშის, რეიგანის, ველოსიპედის, კვერცხ-შლოპანცის ძეგლები რომ ამშვენებენ...

"მის ხალხს" კიდევ დიდ საჩუქარს უმზადებს პრეზიდენტი: 1 750 000 დოლარად ყინულის მოედნები უნდა შეიძინონ კანადაში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქები ორიგინალური გახადონ.

ვალებში არის ქვეყანა ჩაძირულიო! ყინულის მოედნები ასეთ დროს?

მიხეილის ბრძანებით არ მიდიან ქართველი ბიჭები ერაყის და ავღანეთის სასაფლაოებზე?!

ქართველებს ნაკლები პასუხისმგებლობა აქვთ, ძლიერი ხელია საჭირო, ისეთი პრეზიდენტი, როგორც მიხეილია, რადგან "ჩემი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, ვისიც ხალხს უნდა ეშინოდეს!" _ ბრძანა პირველმა ლედიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ხალხს არ უნდა ეშინოდეს დემოკრატიის, თავისუფლებისმოყვარე ადამიანის. ქალბატონო, ხალხს ტირანის, დიქტატორის ეშინია. ასე რომ, თქვენი მიხეილი შესანიშნავად გიცნიათ და დაგვიხატეთ!

სტალინს, ბერიას, გამსახურდიას და შევარდნაძესაც ადარებს ცოლი ქმარს. არადა, ჰიტლერი უნდა გახსენებოდა, მიხეილი და ადოლფი ტყუპისცალივით ჰგვანან ერთმანეთს _ ამას მარტო იმ ჟივილ-ხივილის გამო არ ვამბობ. პენსიონერები და ბავშვები რომ "ხვდებიან მიხეილს" (ჰიტლერსაც ხომ ასე ხვდებოდნენ), მსგავსება სხვაც ბევრია და ამას სხვა დროს ვიტყვი.

შეიძლება, ასეთი პრეზიდენტი მომწონდეს? კარგიც რამდენი გააკეთაო! - ასეც ისმის, მერე, ამდენ ცუდს რა ვუყოთ, თუ, რაც ზემოთ დავწერე, კარგი უნდა გვეგონოს?!

აღგზნებული რეფორმატორი! ასეთია ჩემთვის მიხეილი, აღგზნებული და ენამოუთოკავი.

შეიძლება, ასეთი პრეზიდენტი მომწონდეს?!