„37 წელი რომ იყოს, სიამოვნებით დაგვხვრეტდნენ“

„37 წელი რომ იყოს, სიამოვნებით დაგვხვრეტდნენ“

„ნოდარას ვეხვეწები, ნოდარ დუმბაძეს, მისი თეატრიდან გამოგვრეკეს. ნოდარიას დიდრო გამოაგდეს თეატრიდან. გამოგდებული მსახიობები მოზარდმაყურებელთა თეატრის წინ  ვდგავართ და, ამ დროს, ჩვენს სცენაზე სხვა თეატრის მსახიობები თამაშობენ,“ - დღეს მოზარდმაყურებელთა თეატრის კიბეებთან თეატრიდან დათხოვნილმა მსახიობებმა პერფორმანსი გამართეს და ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „დიდროს“ მონაკვეთი წარადგინეს. მსახიობებს ამავე თეატრიდან 2010 წელს გათავისუფლებული დასის წევრებიც შეუერთდნენ.

მსახიობმა პალიკო ნოზაძემ ემოციურად განასახიერა ნოდარ დუმბაძის პერსონაჟის - დიდროს (რომელსაც სახელი ფრანგი განმანათლებლის დენი დიდროს მიხედვით ეწოდა) გარდაცვალების წუთები, რომელიც ნოდარ დუმბაძის პერსონაჟს ღმერთთან შუამავლობასა და სიცოცხლის შენარჩუნებას სთხოვდა. იმპროვიზირებული სპექტაკლის დროს მოულოდნელად პალიკო ნოზაძე მოზარდმაყურებელთა თეატრის წინ ქვაფენილზე გაიშოტა. 

თეატრიდან დათხოვნილი მსახიობების განსაკუთრებულ სინანულს იწვევს ის ფაქტი, რომ მათ მშობლიურ თეატრში არ უშვებენ. სხვათაშორის, დღესაც ერთ-ერთ  მათგანს საკუთარ თეატრში შესვლის სურვილი ჰქონდა, მაგრამ თეატრის კარები  დაგმანული აღმოჩნდა. თეატრის მმართველის, მიხეილ ანთაძის მიერ დათხოვნილი მსახიობების წუხილს ისიც აძლიერებს, რომ თეატრში დარჩენილი სხვა მსახიობები მათ მიმართ თანაგრძნობის გამოხატვას „ფეისბუკითაც“ კი ერიდებიან, რადგან ეს, შეიძლება, მათი დათხოვნის საბაბი გახდეს. მსახიობები აცხადებენ, რომ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი საყოველთაო შიშს მოუცავს, შიშით მცხოვრები აქტიორები კი ვერაფერ ღირებულს ვერ შექმნიან.      

Presage.tv აქციის მონაწილე მსახიობებს ესაუბრა.  

ცნობილი მსახიობი პალიკო ნოზაძე აცხადებს, რომ ექვსი თვის განმავლობაში ამ სცენაზე 120 სპექტაკლი ითამაშა, მისმა ვაჟმა კი - 187 სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. ამის მიუხედავად, სხვა 40 წამყვან მსახიობთან ერთად, უდანაშაულოდ გამოუშვეს თეატრიდან. მანამდე კი, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ამავე თეატრიდან 20 მსახიობი დაითხოვეს.

„არაპროფესიონალიზმია თეატრში, შიშის სინდრომი სუფევს. არ ვარ პოლიტიზირებული ადამიანი, ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ჩემს ერსა და ქვეყანას სჭირდება, მაგრამ ამ ცუდი პოლიტიკით ნუ შემოვლენ ჩვენს ოჯახებში, ცოდონი არიან ასე ულუკმაპუროდ ქუჩაში დარჩენილი მსახიობები. ვის მივმართოთ? ვისთან მივიდეთ? სამინისტროში მივედით, არსაიდან პასუხი არ ჩანს. ვიღაცამ ხომ უნდა უპატრონოს ამ ხალხს? გვითხრეს, მმართველს ყველანაირი უფლება აქვს თავის თეატრში და ვისაც უნდა, გაუშვებს, ვისაც უნდა, დატოვებსო. ეს მმართველიც - მიშა ანთაძე იძახის, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ. იგი არაპროფესიონალია, თვეების განმავლობაში მსახიობებს ხელფასს არ აძლევს. დავდევთ საცოდავად, როდის მოგვცემს ხელფასებს. თუ რამე ზედმეტი ვთქვით, გვიშვებს თეატრიდან. არ შეიძლება, რომ სახელმწიფოში ასეთი რამ ხდებოდეს“.

პალიკო ნოზაძის თქმით, თეატრის მმართველმა პირადად მასთან ვაჭრობა დაიწყო - თუ საქველმოქმედო ფონდ „ქართუსგან“ დახმარებაზე ხელს მოაწერთ, ყველას გაგიშვებთო. მართლაც, ასე მოხდა და თეატრის მსახიობებს ეუბნებიან, მოიტანეთ „ქართუდან“ ამონაწერი, რომ არ გაქვთ მათთან ურთიერთობა.

„არადა, ფონდ „ქართუს“ თანამშრომლები არასდროს გვინახავს, მათგან მხოლოდ დახმარებას ვიღებდით. ახლა თეატრში არ გვიშვებენ, რომ იმ ხელშეკრულების ასლს მაინც გავეცნოთ, რის საფუძველზეც გაგვათავისუფლეს. თუ ასე გაგრძელდება, მაყურებელი საერთოდ აღარ ეყოლება ქართულ თეატრს. ბავშვი ხომ უნდა გაიზარდოს, კარგი მაყურებელი ხომ უნდა დადგეს? 2011 წლის 29 მარტს თეატრში თავი ჩამოიხრჩო 26 წლის მსახიობმა დავით ტოროშელიძემ, რადგან ფინანსურად უჭირდა. ის მსახიობები, ვინც დარჩნენ თეატრში, ხმას არ იღებენ, რადგან შიშის სინდრომია თეატრში. როცა შიშის სინდრომია თეატრში, არავითარ შემოქმედებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს,“- გვითხრა პავლე ნოზაძემ.

ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია მიიჩნევს, რომ თეატრის მმართველის, მიხეილ ანთაძის გადადგომა უფრო მართებული იქნებოდა, ვიდრე 40 მსახიობის გაშვება თეატრიდან.

„დაგვიბრა და გვითხრა, თქვენ რომ არ გაგიშვათ, მე დავკარგავ სამსახურსო. არადა, ერთ კაცს დაეკარგა სამსახური, სჯობდა, ვიდრე 40 მსახიობი ქუჩაში დაეტოვებინა. კაცები ასე მოიქცეოდნენ. 40 კაცი გაგვიშვა თეატრიდან და დღემდე ჩვენი ექვსი თვის ხელფასს ვითხოვთ. ჩვენი გაშვების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ დახმარება გახდა. დეკემბერში ოფიციალურად მოგვთხოვა, უარი გვეთქვა ივანიშვილის დახმარებაზე, რაზეც პირადად მე უარი განვაცხადე. ივანიშვილის დახმარებაზე უარი რომ მეთქვა, ჩემი ექვსი თვის  ხელფასი (მიზერული თანხა) არ მოუცია და გაზრდილ ხელფასს მომცემდა?“

ნელი ჯავახიშვილი, თეატრის წამყვანი მსახიობი, აცხადებს, რომ სხვა თეატრებში პრემიებსა და მეცამეტე ხელფასსაც აძლევდნენ მსახიობებს, მათი თეატრის დასის წევრები კი ახალ წელიწადს მშივრები ხვდებოდნენ. 

„45 წელია ამ თეატრში ვარ. დეკემბერის ბოლოს მიხეილ ანთაძემ 14-15 მსახიობი დაგვიბარა და გვითხრა, მეცოდება ეს ხალხი, თქვენ ბანკ „რესპუბლიკაში“ გენდობიან, ამიტომ თქვენი განაცხადით მიმართეთ ამ ბანკს, გამოიტანეთ ბანკიდან ფული და დავურიგოთ თანამშრომლებსო. ვითომ ეცოდებოდა თანამშრომლები, სინამდვილეში კი, ზუსტად ეს თანამშრომლები გაუშვა თეატრიდან. შემოგვჩივლა, ბიუჯეტი გახარჯული მაქვს, თანხა აღარ მაქვს, მინდა, დავეხმარო გაჭირვებულ მსახიობებსო. ძალიან გაგვიკვირდა, მაგრამ ვიფიქრეთ, ეტყობა, რაღაც ხდება და დავთანხმდით. თუმცა ბანკმა არ მისცა თანხა, რადგან ხელფასები წყვეტილი იყო“.

ნელი ჯავახიშვილის თქმით, იანვარში თეატრის მმართველმა მათ ხელშეკრულება გაუფორმა, თუმცა მათთვის ასლები არ გადაუცია. ამასთან, ამ ხელშეკრულებას მიხეილ ანთაძემ არ მოაწერა ხელი. ამდენად, მსახიობები ეჭვობენ, რომ ანთაძე  ხელშეკრულებებს ისე ცვლის, როგორც უნდა და რა რიცხვსაც უნდა, იმ რიცხვით გააფორმებს.

„ეს კრიმინალია. ამავდროულად, მე პროფკავშირის თავმჯდომარე ვარ და ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებ. ბანკ „რესპუბლიკიდან“ ყველა ასლი აღებული მაქვს. კულტურის სამინისტროში გვითხრეს, თუ იურიდიული სახის რაიმე დანაშაული აქვს, ცხადია, უნდა აგოს პასუხი. თუმცა, რამდენადაც ვიცი, ამ კაცს სააკაშვილის ბებია მფარველობს და ნიკა რურუა მას ვერაფერს მოუხერხებს.“   

მოზარდმაყურებელთა თეატრის რეჟისორმა მიხეილ ბუკიამ ორიგინალურ ხერხს მიმართა და რობიკო სტურუას რუსთაველის თეატრიდან გათავისუფლების დროინდელი, მეტად პოპულრული მაისური გადაიცვა წარწერით: „მომხსნეს“. Presage.tv მიხეილ ბუკიასაც ესაუბრა.

„მომხსნეს! რაც რობიკოს გაუკეთეს, ის ჩვენს მიმართაც გაიმეორეს. უბრალოდ, მეც მომხსნეს. ამიტომაც მაცვია ეს მაისური. ჩვენი განთავისუფლების თაობაზე ერთადერთი განმარტება აქვთ, რომ ჩვენ ფონდ „ქართუსთან“ ვთანამშრომლობდით. თეატრის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას არ ვაპირებთ, არც მას აქვს ჩვენთან შეხვედრის სურვილი. ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ქუჩაზე დავდგამთ სპექტაკლს, ეს უკვე დაგეგმილი გვაქვს. კულტურის სამინისტროში იყვნენ ჩვენი წარგზავნილები, მაგრამ მათგან არანაირ თანაგრძნობას არ მოველით, „ჩაშკა-ლოჟა“ არიან ესენი“.  

მსახიობ კახა გაბელაიას თქმით, თეატრის მმართველთან ხელშეკრულებები  იანვრიდან 31 ივნისის ჩათვლით გააფორმეს. თუმცა მოგვიანებით მათ ჩაურიცხეს იანვრის თვის ხელფასი, რომელიც თეატრის მმართველმა თვითნებურად გაანახევრა, 23 მარტს კი 40 მსახიობი გაათავისუფლა თეატრიდან.

„საქართველოს სახალხო არტისტმა რეზო თავართქილაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა თეატრი, გაგდებულია დამსახურებული არტისტი ლადო მექვაბიშვილი, მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და დამსახურებული არტისტი პავლე ნოზაძე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ნუგზარ ყურაშვილი, სამხტვრო საბჭოს ხუთი წევრი და თეატრის წამყვანი მსახიობები. პირადად მე სამ სპექტალზე ვმუშაობდი,  რომელიც თეატრის მმართველმა მარტში შეაჩერა და თეატრს პარალიზება მოუწყო“.

კახა გაბელაიას ინფორმაციით, დღეს მათ თეატრში თამაშობენ სრულიად სხვა თეატრის მსახიობები (სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრი), რაც მნიშვნელოვანი დარღვევაა. რეორგანიზაცის მოტივით მათ გაშვებას კი მსახიობი ფარსად მიიჩნევს.  მისი აზრით, ანთაძეს რეორგანიზაცია იმის დასაფარად დასჭირდა, რომ ხელფასებს ვერ გასცემდა.

„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ამ თეატრში ყვავის კორუფცია, თეატრის მმართველი - მიხეილ ანთაძე კორუმპირებულია, დაკავებულია ნეპოტიზმით. კულტურის სამინისტროში ამის შესახებ ყველაფერი იციან, შეგვხვდა მინისტრის მოადგილე მაკო ჭოღოშვილი, დეტალურად გავაცანით, რა უმსგავსობაც ხდება თეატრში, გვითხრა, რომ გამოთხოვილია საბუთები. სხვა თეატრებში გადასვლა რომც შემოგვთავაზონ, არ დავთანხმდებით, რადგან ეს თეატრი გადასარჩენია. სანამ კორუმპირებულ მიხეილ ანთაძეს არ გაათავისუფლებენ, მანამდე აქციებს გავაგრძელებთ“.

მსახიობ გიორგი ოსეფაშვილის თქმით, ქუჩის აქციებში მონაწილეობა მათი თეატრის არცერთ თანამშრომელს არ მიუღია, 9 აპრილის გარდა, რადგან მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო. მეტიც, აქციები დღესაც არაა მსახიობების თვითმიზანი.

„კულტურის მინისტრის მოადგილესთან პირადად გახლდით, ორსაათნახევრის განმავლობაში ვისაუბრეთ, ბევრი კითხვა დამებადა და მასზე პასუხი მაინტერესებდა. ერთ-ერთი საკითხი იყო, დაუგვიანია თუ არა კულტურის სამინისტროს ჩვენთვის სახელფასო ფონდი. გვიპასუხეს, რომ ერთი დღითაც არ დაუგვიანიათ და ყოველ თვეს გვიგზავნიდნენ. ამის მიუხედავად, თეატრში გაუცემელი, მიუღებელი ხელფასები დაგვიგროვდა. თურმე თეატრის ხელმძღვანელობა არ გვაძლევდა თანხას. არადა, ვეჭვობდით, იქნებ, სულ ტყუილად ვუჩიოდით ადამიანს, რომელსაც ხელფასების გაცემის საშუალება არ ჰქონდა?!“

ამასთან, გიორგი ოსეფაშვილს აეჭვებს მინისტრის განცხადება, რომ იგი მომხდარის შესახებ საქმის კურსში არ არის.

„დიდ პატივს ვცემ ნიკა რურუას, მაგრამ, როცა კულტურის სამინისტროში ჩვენი განცხადება გავგზავნეთ და 20- დღის განმავლობაში ეს განცხადება იქ იყო, ცხადია, ჯერ კანცელარიაში გატარდა და შემდეგ ადრესატამდე უნდა მისულიყო. წესისამებრ, ადრესატი ეცნობა წერილს და მერე უკვე ვის გადასცემს, პირველ მოდგილეს, თუ მეორეს, ეს მისი ნებაა“.

გიორგი ოსეფაშვილის თქმით, უცნაური იყო, რომ მათი განცხადება (რომელსაც 40 მსახიობი აწერდა ხელს) კულტურის სამინისტროდან მოზარდმაყურებელთა თეატრში გადმოგზავნეს. მინისტრის მიერ გადმოგზავნილი ეს განცხადება კი თეატრის მმართველმა საკუთარ თანაგრძნობად მიიჩნია და მსახიობები შუა სეზონზე გაათავისუფლა.

„ვინც დარჩა, იმ მსახიობების მიმართ აუგს ვერ ვიტყვი, მათ ყველას თავისი გადასახედიდან შეუძლიათ, იმოქმედონ. მათ იმისიც ეშინიათ, „ფეისბუკზე“ რაღაც მოგვწერონ, რადგან ხომ შეიძლება, ეს წინ დაუხვდეთ და ჩვენს გვერდით აღმოჩნდნენ?! 37 წელი რომ იყოს, სიამოვნებით დაგვხვრეტდნენ“, - გვითხრა გიორგი ოსეფაშვილმა.