თანამემამულეების სიკეთის ანაბარა დარჩენილი ნიკოლოზ იმერლიშვილის მდგომარეობა დამძიმდა

თანამემამულეების სიკეთის ანაბარა დარჩენილი ნიკოლოზ იმერლიშვილის მდგომარეობა დამძიმდა

პატარა ნიკოლოზ იმერლიშვილის შესახებ, გასული წლის აგვისტოში გამოქვეყნებული სტატიების შემდეგ, მის მშობლებს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი რამდენიმე თანამემამულე გამოეხმაურა და იქიდან მოყოლებული დღემდე ისინი ოჯახს ფინანსურად ეხმარებიან. ამის შესახებ presage.tv-ს ნიკოლოზის მამამ, შალვა (გოჩა) იმერლიშვილმა უთხრა, მაგრამ კეთილი ადამიანების გვარების საჯაროდ დასახელებისგან, თავი მათივე თხოვნით შეიკავა.

7 წლის ნიკოლოზ იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და მასზე კიდევ ერთი წერილის მომზადება სიკეთის იმედად გადავწყვიტეთ - ცერებრალური დამბლას ავთვისებიანი სიმსივნეც დაემატა.

იმერლიშვილების ხუთსულიანი ოჯახი - ნიკოლოზის მშობლები და დები საცხოვრებლად გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში გადავიდნენ, რადგან თბილისში ბინის ქირის გადახდა ვეღარ შეძლეს. ბოლო ორი თვეა პატარა ნიკოლოზი მშობლებთან ერთად იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში, ონკოჰემატოლოგიის განყოფილებაშია. ოჯახის წევრები, როგორც უმწეოები, ისე იყვნენ დაზღვეულები. პატარა ნიკოლოზს ქიმიოთერაპიის კურსიც ამ დაზღვევის ფარგლებში ჩაუტარდა. ახლა 7 წლის ბავშვი ქიმიოთერაპიის მესამე კურსის მოლოდინშია.

სანამ შალვა (გოჩა) იმერლიშვილის ნაამბობს შემოგთავაზებთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ პატარა ნიკოლოზისა და მისი ოჯახის გასაჭირს.

იმერლიშვილების ოჯახს გასული წლის მარტის დასაწყისში ვეწვიეთ. მაშინ ისინი თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. იქ ასეთი სურათი დაგვხვდა:

ოთახის კედლებზე, სადაც ხუთსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, პატარ-პატარა სისხლის ლაქები იყო - „ჭიები დაცოცავდნენ და ბავშვებისთვის რომ არ ეკბინათ, პირდაპირ კედელზე ვკლავდითო“, - გვითხრეს. ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა. ოთახში იდგა: ერთი ძველი კარადა, ტელევიზორი, მაგიდა და ძალიან დაბალი, გასაშლელი დივნის მსგავსი რამ. იქაურობა პატარა, კუსტარული გამათბობლით თბებოდა და ისიც მაშინ, თუ დენის გადასახადის შეტანას შეძლებდნენ. როგორც გვიამბეს, იყო შემთხვევები და არც თუ იშვიათად, როცა მშობლები სამი მცირეწლოვანი ბავშვისთვის პურის ყიდვას ვერ ახერხებდნენ.

რაც შეეხება იმერლიშვილების ამჟამინდელ მდგომარეობას, შალვა (გოჩა) იმერლიშვილი ასე აღწერს:

„2012 წლის 23 აგვისტოს ლიმფური ჯირყვლების ბიოფსია დავთესეთ. დაახლოებით ათი დღის შემდეგ ნიკოლოზსს ავთვისებიანი სიმსივნე, ე.წ. ხოჩკინის ლიმფომა დაუდგინეს. ბინის ქირას ვეღარ ვიხდიდით და ამიტომ, იძულებულები გავხდით საცხოვრებლად კახეთში გადავსულიყავით.

მე, ჩემი მეუღლე და ნიკოლოზი ბოლო ორი თვეა იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში, ონკოფემატოლოგიის განყოფილებაში, მეხუთე სართულზე ვართ. ნიკოლოზმა ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა. როგორც უმწეოები, ისე ვიყავით დაზღვეულები და ეს ორი კურსი ამ დაზღვევის ფარგლებში ჩაუტარდა. ბიოფსიამ, ქიმიოთერაპიის ორმა კურსმა და საავადმყოფოში ორი თვე ყოფნამ 12 000 ლარი წაიღო. რადგან დაზღვევის თანხა ამოგვეწურა, იძულებულები გავხდით გაუქმებაზე განცხადება დაგვეწერა. ეს ნიკოლოზის გამო გავაკეთეთ, რადგან განგვიმარტეს, რომ სხვანაირად ნიკოლოზი სახელმწიფო პროგრამაში ვერ ჩაჯდებოდა, რაც დაფარავს ქიმიოთერაპიისა და საავადმყოფოში წოლის ხარჯს. წამლები და ანალიზისთვის საჭირო თანხა ჩვენ უნდა გავიღოთ. თუ ჩვენს ოჯახს დაზღვევას არ გავუუქმებდით, ნიკოლოზის სიცოცხლეს ვერ გადავარჩენდით. 

ახლა პატარა ნიკოლოზი ქიმიოთერაპიის მესამე კურსის მოლოდინშია და თუ ეს კური დროულად არ ჩაუტარდა, წინა ორი კურსი დაკარგულად ჩაითვლება. ექიმები - გულიკო გორელიშვილი და ქალბატონი ასმათი გვაიმედებენ, რომ დროული მკურნალობის შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. ნიკოლოზს კისერზე (მარჯვენა მხარეს) ჩამოსიებული ადგილი გაუქრა. თმები და წამწამები გასცვივდა.

ჩემი ორი შვილი - 6 წლის ელენე და 5 წლის მარიამი დაზღვევის გარეშე დარჩნენ. ეს ცალკე სადარდებელია - ორივე თიაქარის ოპერაცია აქვს გასაკეთებელი. სიტყვები არ მყოფნის, მათ მთელი ზამთარი უშეშოდ გაატარეს.

სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე კახეთში ჩვენი მეზობლები საკვებით (კარტოფილი, პური) და დროდადრო შეშით გვეხმარებოდნენ. ამერიკაში მცხოვრები ჩვენი ორი თანამემამულე ფინანსურად დღემდე გვეხმარება. მათ ჩვენი გასაჭირის შესახებ თქვენი სტატიის მეშვეობით შეიტყვეს, მაგრამ მათივე თხოვნით ვინაობას ვერ დავასახელებ“.

თუ ნიკოლოზ იმერლიშვილის დახმარების სურვილი და საშუალება გაგიჩნდებათ, presage.tv კიდევ ერთხელ გთავაზობთ საბანკო რეკვიზიტებს:

ეროვნულ ვალუტაში:

კლიენტის დასახელება - ნიკოლოზ იმერლიშვილი; ანგარიშის ნომერი, ვალუტა - 365103125200037 GEL; ბანკის დასახელება - პროკრედიტ ბანკი საქართველო; ბანკის კოდი MIBGGE22;

საბანკო რეკვიზიტები უცხოურ ვალუტაში:

კლიენტის დასახელება - ნიკოლოზ იმერლიშვილი; ანგარიშის ნომერი, ვალუტა - GE04PC0523601200000039 USD; ბანკის დასახელება - პროკრედიტ ბანკი საქართველო; ბანკის კოდი (SWIFT - კოდი) MIBGGE22;

კლიენტის დასახელება - ნიკოლოზ იმერლიშვილი; ანგარიშის ნომერი, ვალუტა - GE04PC0523601200000039 EUR; ბანკის დასახელება - პროკრედიტბანკი საქართველო; ბანკის კოდი (SWIFT - კოდი) MIBGGE22.

ამასთან, ჯეოსელიდან, მაგთიდან და ბილაინიდან შეგიძლიათ ამ ნომერზე 0901000047 დარეკოთ და 7 წლის ნიკოლოზ იმერლიშვილის ანგარიშზე ერთი ლარი გადარიცხოთ.