ხელისუფლება ზუგდიდელი ექიმების პროტესტის ჩახშობას ცდილობს

ხელისუფლება ზუგდიდელი ექიმების პროტესტის ჩახშობას ცდილობს

ზუგდიდელი ექიმი, ზვიად თოლორაია საპროტესტო აქციის ორგანიზების „ბრალდებით“  თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს. არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ იგივე „სანქცია“ აქციის სხვა მონაწილეების მიმართაც გამოიყენოს. ზუგდიდის მრავალპროფილიან საავადმყოფო „რესპუბლიკაში“  160-მდე ექიმისა და 200-მდე მედპერსონალის უკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარს სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელი თავს არიდებდა. 

პრობლემების შესახებ მედიკოსები მხოლოდ ორი დღის წინ ალაპარაკდნენ და შრომითი ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით საავადმყოფოს ეზოში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. შიში, შანტაჟი და ხელფასის სიმცირე-ეს ის თემებია, რომელზეც ექიმები უკვე ღიად საუბრობენ.

„ექვსი შეხება გვაქვს შიშთან-ავადმყოფის პათოლოგია, ავადმყოფის ნათესავი, ადმინისტრაცია, სადაზღვევო კომპანიები, ყველა ჩვენ გვებრძვის... შემდეგ, თუ გართულდა ვითარება, ჯანდაცვის სამინისტრო, იურიდიული საკითხები... ჩვენი დაცვის მექანიზმი კი საერთოდ არ არსებობს...“-ეს გულისტკივილი ზვიად თოლორაიამ აქციაზე გამოხატა. წარმატებული ბავშთა ქირურგი, რომელსაც იმავე საავადმყოფოში 35-წლიანი სამედიცინო გამოცდილება აქვს, პროტესტს ხელფასის სიმცირესთან ერთად მომსახურების ტარიფების გაზრდის გამოც გამოთქვამს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი უკმაყოფილების მიზეზი ანაზღაურების ბუნდოვანი დიფერენციაცია და ის შრომითი ხელშეკრულებაც გახდა, რომლის შინაარსი მედიკოსებისათვის დღემდე უცნობია.

სამედიცინო დაწესებულების მფლობელმა კომპანიამ, „ალდაგი ბისიაიმ“ ექიმების პროტესტისა და ზვიად თოლორაიას გათავისუფლების შესახებ განცხადება უკვე გაავრცელა. სადაზღვევო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მაია ივჩენკო „presage.tv“-სთან კომენტირებისას თოლორაიას შემცვლელზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მის ადგილს ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი დაიკავებს. 

„ჩვენი კომპანია თვლის, რომ საავადმყოფოში არსებული პრობლემები მოლაპარაკების გზით უნდა წყდებოდეს და არა ულტიმატუმით. ჩვენთვის მიუღებელი იყო პროტესტის ასეთი ფორმით გამოხატვა და ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან აქციის ორგანიზატორი გაგვეთავისუფლებინა. მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი კოლექტივში ხელს უწყობს არაჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას.“-აცხადებს ივჩენკო.

საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორი, როლანდ ახალაია გათავისუფლებული ექიმის ქმედებაში „დანაშაულის ნიშნებს“ ვერ ხედავს, თუმცა პროტესტის აქციის გზით გამოხატვა მისთვისაც მიუღებელია. იგი აქციის სხვა მონაწილეების მიმართ სიტყვიერი გაფრთხილების გაცემის ფაქტსაც ადასტურებს და პრობლემის მოგვარებას უახლოეს დღეებში იმედოვნებს.

თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კომენტარის გაკეთებას ზვიად თოლორაია ჟურნალისტებს დღეს ჰპირდება. „presage.tv“-სთან სატელეფონო საუბარში იგი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ გათავისუფლების შესახებ სიტყვიერი, ან დოკუმენტური ცნობა ადმინისტრაციისგან ჯერ არ მიუღია. 

დღეს დილით მიღებული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორობაში „მხილებული“ კიდევ ერთი ქირურგი, კამო ახალაია გაათავისუფლეს. ერთ-ერთი ვერსიით ზუგდიდის საავადმყოფოში დღეს მედპერსონალის მასიური ბუნტი იგეგმება. არ არის გამორიცხული, რომ სამედიცინო დაწესებულება დღეს მედიკოსების მთელმა შემადგენლობამ დატოვოს. „რესპუბლიკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე „presage.tv“ მუშაობას განაგრძობს. მანამდე კი, ზუგდიდელი ექიმების პროტესტი და როლანდ ახალაიას პასუხი იხილეთ ვიდეოსიუჟეტში.