„ამომრჩეველთა ლიგას“, რომელიც ყოფილმა პარლამენტარმა კოკა გუნცაძემ, მსახიობმა ნანა შონიამ და იურისტმა ლევან ჩიკვაიძემ დააფუძნეს, ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე ოპოზიციური მოძრაობის ლიდერები ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა და გია ყარყარაშვილი შეუერთდნენ.
როგორც „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ „ამომრჩეველთა ლიგის“ დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადა, პირადად მას, პოლიტიკური ამბიცია არ გააჩნია, თუმცა იდგება იქ, სადაც დღეს დგას და აპირებს, ბრძოლა გააგრძელოს და ეს იქნება ბრძოლა თავისუფალი ქართველისა და თავისუფალი ამომრჩევლისთვის, საბოლოოდ კი, თავისუფალი საქართველოსთვის.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის გია ყარყარაშვილის თქმით, მას სურს მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესში, რასაც ჰქვია თავისუფალი არჩევანი და ქართველი ხალხის გამარჯვება.
„ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კოკა გუნცაძე კი გვპირდება, რომ ძალიან მალე „ამომრჩეველთა ლიგა“ გადაიქცევა საერთო-სახალხო მოძრაობად, რომელიც მთელ საქართველოს დაფარავს. მისივე განმარტებით, მოქალაქეებს, ვისთვისაც უცხოა მლიქვნელობა და პირფერობა, ვისთვისაც უმთავრესია სიმტკიცე და ადამიანური ურთიერთობები, შეუძლიათ, „ამომრჩეველთა ლიგას“ შეუერთდნენ.
კონკრეტულად რა მიზნები აქვს ახლადშექმნილ ორგანიზაციას და როგორ აპირებენ ამომრჩეველთა ხმების დაცვას, ამ თემებზე presage.tv-მ ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, კოკა გუნცაძეს რამდენიმე კითხვით მიმართა.
- არჩევნებში ჩვენი ხმები ჩვენ თვითონ, ამომრჩევლებმა უნდა დავიცვათ, ამისთვის საჭიროა უპირველეს ყოვლისა, შიშის გატეხვა, იმიტომ, რომ შეშინებული ადამიანი თავისუფალ არჩევანს საკუთარი ნების შესაბამისად ვერ გააკეთებს. ეს შიში უნდა გატყდეს. თავისუფალმა ადამიანმა უნდა გააკეთოს თავისუფალი არჩევანი.
კიდევ რა მიზნები აქვს ორგანიზაციას?
- მეორეა დაკვირვება საარჩევნო პროცესზე ყველა ფაზაში. იქნება ეს საარჩევნო კამპანია თუ არჩევნების ბოლო პროცედურები. აი ამ ორი მთავარი მიზნისთვის შეიქმნა ამომრჩეველთა ლიგა.
ამის გარდა, გამოვედით ინიციატივით, ყველა აქტიური მოქალაქის მონაწილეობით შეიქმნას სოლიდარობის ფონდი, რომელიც დაიცავს ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის ან გახდება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი.
გარდა ამისა, 28 აპრილს თბილისის ქუჩებში გვექნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომლის შესახებ დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით.
თქვენ თქვით, რომ დაიცავთ პოლიტიკურად რეპრესირებულებსაც, ვის გულისხმობთ?
- ვინც პოლიტიკურად იდევნება ყველა ის ადამიანი არის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. პირველად გაიგეთ რომ ადამიანებს პოლიტიკურად დევნიან? აბა კონტროლის პალატის მოქმედებები რა იყო, არ იყო ზეწოლა ადამიანებზე, მხოლოდ იმიტომ რომ პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ?
ოპოზიცია რამდენიმე წელია ლაპარაკობს, რომ საზოგადოება არის შეშინებული და დაშინებული, როგორ უნდა გააქროს „ამომრჩეველთალიგამ“ ეს შიში, კონკრეტულად რა ღონისძიებებს გეგმავთ?
- ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, მისი ხმა დაცული იყოს, შემოგვიერთდეს. კონსოლიდაციაში გაერთიანება და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა მოსახლეობაში შიშის ფაქტორს თავისთავად მოხსნის. მეორეა გარკვეული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავთ, რომ თუ ქვეყანაში მასობრივად მოხდება არჩევნების ფალსიფიკაცია, საქართველოს ამომრჩევლები დავიცავთ საკუთარ ხმებს.
ხმების დაცვაში ქუჩის აქციებს გულისხმობთ?
- ეს დამოკიდებულია თვითონ ხელისუფლების ქმედებებზე. ჩვენი თვითმიზანი არასდროს არ ყოფილა ქუჩა, მაგრამ ბოლო დროს ეს ქუჩის აქციები და თვითგამოხატვა რაღაც საქილიკო თემად იქცა. ეს ხელისუფლებისგან დანერგილი სტერეოტიპია. ქუჩაშია მთელი მსოფლიო, ლონდონი, პარიზი, ათენი, მე მგონი ჩვენზე ნაკლებად ცივილიზებულები არ არიან...
ჩვენთან ქუჩას ყოველთვის სააკაშვილი იგებს, გამოცდილების გათვალისწინებით, ქუჩა „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე ძლიერიადგილია...
- ესეც სტერეოტიპია, მე არ მგონია, რომ მან რამე მოიგო, მან წააგო საკუთარი ავტორიტეტი, რომელიც ნულის ტოლია. მისი რეპუტაცია განადგურებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ყველამ ძალიან კარგად იცის, რასთან აქვს საქმე.