ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის გახმაურებული საქმის დეტალებზე presage.tv-ს მისი ყოფილი ადვოკატი მამუკა ნოზაძე ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებული სოფო ნიკოლაშვილი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ 2 აპრილს გაანთავისფლეს. მისმა ამჟამინდელმა ადვოკატმა მაგული ღვალაძემ საინფორმაციო საშუალებებთან საუბრისას განაცხადა, რომ პროკურატურასთან საპროცესო გარიგების გაფორმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და გამორიცხული არ არის 25 მარტს ჩანიშნული პროცესისთვის შეთანხმება იქნას მიღწეული. როგორ აფასებთ სასამართლოს მიერ სოფო ნიკოლაშვილის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას? მამუკა ნოზაძე: ეს საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურისთვის „აქილევსის ქუსლი“ იყო, ვინაიდან სოფო ნიკოლაშვილის მიმართ დანაშაული პოლიციელმა ჩაიდინა, რომლის ოჯახის წევრებიც ასევე პოლიციელები და ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ციხეში უამრავი უკანონო პატიმარია გამოკეტილი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჟურნალისტის ციხეში გამომწყვდევა (რომელიც თავადვე იყო უკანონობის მსხვერპლი და რომელთან მიმართებაშიც დანაშაული პოლიციელებმა ჩაიდინეს), დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლებისთვის არახელსაყრელი იყო. ამასთან, სოფო ნიკოლაშვილის გათავისუფლებაში ქართველ ჟურნალისტებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. რატომ ჩამოცილდით სოფო ნიკოლაშვილის საქმეს? - სოფო ნიკოლაშვილი შეთითხნილი საქმით დააკავეს. ბრალდება არარსებულ ფაქტებს ეფუძნებოდა, მტკიცებულებები არ არსებობდა. მაგრამ ნიკოლაშვილმა ხომ აღიარა წაყენებული ბრალდება? - არანაირი აღიარება არ მომხდარა. ჩვენებაში მან ნათლად და მკაფიოდ აღწერა მის მიმართ ჩადენილი დანაშაული. სოფო ნიკოლაშვილის მიმართ დაკავების წუთიდანვე დაირღვა ის ფუნდამენტური უფლებები, რაც მას საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გარანტირებული ჰქონდა. თავიდან მას არ მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ რეალობის ამსახველი ჩვენება მიეცა. როდესაც მე პოლიციელი გიორგი სიბაშვილი დანაშაულში ვამხილე, ამ საქმეში ჟურნალისტები ჩაებნენ, უფლაბადამცველებმა უკანონობის მიმართ მკვეთრი პოზიცია გამოხატეს და ეს საქმე რეზონანსული გახდა, სოფო ნიკოლაშვილის ოჯახს ბრალდების მხარემ პირდაპირ განუცხადა, რომ სანამ საქმეს მე არ ჩამოვშორდებოდი, სოფო ნიკოლაშვილს დღის სინათლეს არ აღირსებდნენ. ახლა გაიგეთ ეს ამბავი? - ახლა არ გამიგია, ამის შესახებ ჩემთვის იმავე წუთიდან ცნობილი იყო, მაგრამ სოფო ნიკოლაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე ამის შესახებ საჯარო განცხადება ამ წუთამდე არ გამიკეთებია - ჩემთვის, ისევე, როგორც სოფოს ოჯახისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის მთავარი იყო სოფო ნიკოლაშვილის ამ რეჟიმის კლანჭებისგან დახსნა. თავისუფალი ადამიანი უფრო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, იბრძოლოს თუ არა მომავალში თავისი უფლებების დაცვისათვის. N5 ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში სოფო ნიკოლაშვილთან შევედი და თავად ავუხსენი, თუ რატომ იყო აუცილებელი საქმიდან ჩემი ჩამოშორება. ამის მოსმენა მისთვის არასასიამოვნო იყო, მას არ უნდოდა, რომ საქმეს ჩამოვშორებოდი, მაგრამ დავარწმუნე, რომ ამის გაკეთება მისი თავისუფლებისთვის აუცილებელი იყო. კახეთის საოლქო პროკურის სახელზე განცხადება სოფო ნიკოლაშვილს ჩემს მიერ ნაკარნახევი სიტყვებით დავაწერინე, კანცელარიის მეშვეობით რეგისტრაციაში გავატარებინე, ხელზე წამოვიღე და მის ახლობლებს გადავეცი, რომლებმაც ეს განცხადება პროკურატურაში მიიტანეს. რაში უშლიდით ხელს პირადად პროკურატურას, შსს-ს? - ხელს იმაში ვუშლიდი, რომ ბუნებრივია, არანაირ გარიგებაზე არ წავიდოდი. მე ვიბრძოდი სოფოს უფლებების დასაცავად და დაჟინებით მოვითხოვდი გიორგი სიბაშვილის დასჯას და არა მარტო მისი, არამედ საქმის გამომძიებლის დასჯას და აგრეთვე გიორგი სიბაშვილის მამის დასჯას, რომელიც გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა და ფაქტობრივად, ამ გამოძიებას კურირებდა. განცხადებებით სისტემატურად მივმართვდი პროკურატურას, შესაბამის პროცესუალურ ღონისძიებებს ვახორციელებდი, დამნაშავეების დასასჯელად და პარალელურად, ჟურნალისტებს დეტალურად ვაწვდიდი ინფორმაციას, რაც ბუნებრივია, პროკურატურას და შსს-ს ხელს არ აძლევდა . როგორც ზემოთ განვაცხადე, აღნიშნული საქმე ხელისუფლებისთვის „აქილევსის ქუსლს“ წარმოადგენდა და ამიტომ, მე მათთვის არასასურველი პერსონა ვიყავი, მაგრამ მთავარი მიზანი მიღწეულია - დღეს სოფო ნიკოლაშვილი თავისუფალია. შეგახსენებთ, როგორ ცდილობდნენ ნიკოლაშვილის საქმეზე საიდუმლო გრიფის დადებას. მე ერთ-ერთი პროკურორი დამიკავშირდა და ამის შესახებ განმიცხადა. ნიკოლაშვილის უფლებების დამცველმა მეორე ადვოკატმა ინტერვიუც მისცა, რომელშიც ნათლად და მკაფიოდ თქვა ის, რომ ნიკოლაშვილის საქმეზე საჯარო განცხადებებს აღარ გააკეთებდა, რადგან ამ საქმეზე საიდუმლო გრიფის დადება წერილობით დაადასტურა, მაგრამ იმ ეტაპზეც შედეგი გამოიღო ჩემი და ჟურნალისტების აქტიურობამ - პროკურატურამ საქმის გასაიდუმლოებაზე საუბარი შეწყვიტა და ამის გაკეთება ვეღარ გაბედა. რა ელოდა სოფო ნიკოლაშვილს, რომ არა თქვენი, ჟურნალისტებისა და გარკვეული უფლებადამცველების აქტიურობა? - რომ არ ყოფილიყო დაცვის მხარისა და ჟურნალისტების აქტიური ქმედება, დღეს სოფო ნიკოლაშვილი საპყრობილეში იქნებოდა. მას დღევანდელი ქართული სასამართლო, რომელიც ფაქტობრივად სანოტარო ბიუროდაა გადაქცეული და პროკურატურის ნებისმიერ ბრალდებას ნოტარიულად ადასტურებს, სოფო ნიკოლაშვილს ხანგრძლივი ვადით პატიმრობას განუსაზღრავდა. თქვენთვის ცნობილია აპირებს თუ არა სოფო ნიკოლაშვილი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას? - მე სოფოსთან არ მისაუბრია. ის 20 წლისაა, ამ უკანონო პატიმრობით დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, მას გარკვეული რეაბილიტაცია სჭირდება. ალბათ, გაიაზრებს რა მოხდა მის თავს და ჩამოყალიბდება, თუ რა სტრატეგია ექნება მომავალში. მისი ოჯახის წევრებს ტელეფონით ვესაუბრე, სოფოს განთავისუფლება მივულოცე. სოფოს ოჯახის წევრებმა ჩემს მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადამიხადეს. |