უმუშევრობა ის პრობლემაა, რომლის შემცირებასაც საშველი არ დაადგა. „მილიონი სამუშაო ადგილი“, „საქართველო უმუშევრობის გარეშე“, – ხმამაღალი საარჩევნო ლოზუნგები ერთმანეთს ენაცვლებიან, ხოლო სასურველი შედეგი არ ჩანს. ახალგაზრდებში უმუშევრობა 50%-ს აღწევს. გამოუვალი მდგომარეობიდან დეპრესიამდე კი ერთ ნაბიჯია დარჩენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, გორში 25 წლის ლევან ტატუნაშვილმა თავი მოიკლა. საკუთარ სახლში ახალგაზრდამ დანა ჯერ გულში დაირტყა შემდეგ კი ყელი გამოიჭრა. მამაკაცი დაჭრილი დედამ იპოვა და სასწრაფოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ტატუნაშვილის გადარჩენას ექიმები რამდენიმე საათი უშედეგოდ ცდილობდნენ, ოპერაცია ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიდიოდა; თუმცა, საბოლოოდ ფატალური შედეგით დასრულდა. ექიმებმა ახალგაზრდის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი უმუშევრობა გახდა, მეზობლები აცხადებენ რომ ახალგაზრდას ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
სტატისტიკური თუ სოციოლოგიური გამოკითხვებით, უმუშევრობა საქართველოში, მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური საკითხების ნუსხაში, პირველ ადგილს იკავებს.
მაგალითად, „საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ, 2012 წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებულ პრობლემებს შორის 75,3%-ით უმუშევრობა ლიდერობს. ხოლო მეორე ადგილზე სიღარიბეა 67,6%-ით.
თავის მხრივ, აშშ–ს ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ საქართველოში გამოკითხულთა 70% თავს უმუშევრად მიიჩნევს, აქედან 45% აცხადებს, რომ ეძებს სამსახურს.
ამავე კვლევის თანახმად, უმთავრეს სამ პრიორიტეტს შორის კვლავ რჩება სამუშაო ადგილები (63%), ტერიტორიული მთლიანობა (36%, რაც უმნიშვნელოდ გაიზარდა სექტემბრის კვლევასთან შედარებით) და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა (31%).
რაც შეეხება უმუშევართათვის შემწეობის გაცემის პრაქტიკას, იგი მიღებულია მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც უმუშევარი მოქალაქეები შემწეობას არ იღებენ. მეტიც. ეს პრობლემა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხს არ წარმოადგენს.
გასული წლის დაზუსტებული სტატისტიკური მონაცემები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ 2010 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე ოფიციალურად 16.3% იყო. ექსპერტები ფიქრობენ, რომ რეალურად ქვეყანაში უმუშევრობა გაცილებით მაღალია, მაგრამ იმის გამო, რომ მათ რიცხვში არ ხვდებიან სოფლად, ანუ საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავებით დაკავებული პირები და თვითდასაქმებულები, ქვეყანაში უმუშევრობის რეალური მაჩვენებლების ასახვა ვერ ხერხდება.
ცნობისთვის, მეზობელ სომხეთში უმუშევრობა 7%-ია, აზერბაიჯანში 6%, რუსეთში 7,5%, უკრაინაში კი 8,1%. სააკაშვილის დაპირებით, 2013 წლისთვის უმუშევრობა საქართველოში 16-დან 10%-მდე შემცირდება. არადა, სტატისტიკური მაჩვენებლებით, საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა. 2007 წელს უმუშევრობის დონე 13,3%-ს შეადგენდა, 2010 წელს კი ეს მაჩვენებელი 16,3% იყო.
როგორც აღვნიშნეთ, განსაკუთრებით მაღალია ქვეყანაში უმუშევრობა ახალგაზრდებს შორის. შესაბამისი გამოცდილების, ცოდნის, კვალიფიკაციის უქონლობა, - ხშირად სწორედ ამის გამო ეუბნებიან დამსაქმებლები უარს ახალგაზრდებს სამსახურის მიცემაზე და უპირატესობას უფრო გამოცდილ კადრებს ანიჭებენ.
ექსპერტთა თქმით, უმუშევრობის დასაძლევად აუცილებელია ქვეყანაში პირველ რიგში მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, სწორედ კერძო სექტორის განვითარება შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. პრობლემა კომპლექსურია და მოგვარებისთვის მრავალმხრივ მიდგომას საჭიროებს.
მეწარმეობა კი, როგორც დასაქმების წყარო, ეკონომიკური ზრდის ლოკომოტივად არის მიჩნეული. ამიტომ, ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური გზაა დასაქმების დონის ასამაღლებლად. მსოფლიო კონკურენტულობის ანგარიშში აღნიშნულია საქართველოში ბიზნესის კეთების ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორები. მათგან პირველი სამია: ფინანსების ხელმისაწვდომობა, ინფლაცია და არაადექვატური განათლების მქონე მუშახელი. ექსპერტები მთავრობას და სხვა უწყებებს მოუწოდებენ ამ შეზღუდვების აღმოფხვრისკენ, რათა მეწარმეობა ქვეყანაში სწრაფად განვითარდეს.
„პრესაგე.ტვ–სთან“ საუბრისას ექსპერტი რამაზ საყვარელიძეც ამბობს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის კატასტროფული დონის შემცირება, პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა–განვითარებას ძალუძს.
რამაზ საყვარელიძე: “უმუშევრობის მთავარი შემზღუდავი ფაქტორი არის ბიზნესის განვითარება. რეალურ სამუშაო ადგილებს სწორედ ასეთი ტიპის აქტიურობა ქმნის. აქაც განსაკუთრებული შესაძლებლობებით მცირე და საშუალო მეწარმეობა გამოირჩევა. სამწუხაროდ, დიდი ბიზნესი ისეთი ტემპით არ ვითარდება, რომ ყველა და ყველაფერი მოიცვას. იგი შეიქმნება, ჩამოყალიბდება და დამთავრდება.
საშუალი და მცირე ბიზნესი კი მუდმივად განვითარებადი პროცესებია. ამ სფეროში დასაქმების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალიც გაცილებით მეტია. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მცირე ბიზნესის წამომწყები თვითონ დგას ეპიცენტრში და უძღვება კონკრეტულ საქმეს, რამაც საარსებო წყარო უნდა შეუქმნას“.