დიტო გელოვანი: ეს მწარეა და ჩვენ ტკბილად ვიყოთ

დიტო გელოვანი: ეს მწარეა და ჩვენ ტკბილად ვიყოთ

- დღეს რომ ჩემთან უნდა მოხვიდე, აღარ გახსოვს, არა? ესაა ჩვენი მეგობრობა?

- კი, მოვალ, - თქვა გრიშამ და გაცლა დააპირა.

- ხომ მოხვალ? - პიჯაკის ღილზე წაეტანა მთვრალი, - რომ არ მოხვიდე, დამკარგავ, იცოდე!

- როგორ არ მოვალ, აუცილებლად მოვალ.

 - ოო, მასე, ყოჩაღ, - შეაქო კაცმა და მხარზე დაჰკრა ხელი, - რვაზე შევიკრიბებით ზუსტად. აბა, შენ იცი, სულ შინაურები ვიქნებით.

 - წყალი არ გაუვა, - ხელისგული აჩვენა გრიშამ, - ხომ ისევ იქა ხარ?

რომ დაემშვიდობა, ერთი კი მალულად გახედა და გაიფიქრა - „ნეტავ ვის მიმამგვანა“...

და ძალიან შეეჭვდა: „დამცინა თუ... ნეტა მართლა ვგავარ ვინმეს?“

გრიშა მიდიოდა ქუჩაში, თეთრი ჩემოდნით ხელში, მხარზე პიჯაკმოხურული, დაეჭვებული ათვალიერებდა ხალხს, სხვადასხვანაირ სახეებს, და რძის რიგში ბევრი ადამიანი ერთად რომ დაინახა, უცებ ძალიან აღელდა და ჩაილაპარაკა:

„მე თუ კიდევ ვინმეს ვგავარ, კარგად ყოფილა თქვენი საქმე“…

(გურამ დოჩანაშვილი, “იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“)

 

 

დიახ, რვაზე შევიკრიბებით, ოღონდ - დილის რვაზე, ოქტომბრის ერთ კვირა დღეს. სულ შინაურები არ ვიქნებით, მაგრამ, წყალი არ გაუვა, ბევრნი ვიქნებით და საქმეს ვეყოფით. იმას კი, სააკაშვილს, მართლა არავინ გავს. განსაკუთრებით - როდესაც ლაპარაკობს, როდესაც ჭამს, როდესაც სვამს, როდესაც პენალტს ურტყამს... დანარჩენები ყველანი ერთნაირები არიან. რაღა პეტრე ცისკარიშვილი და რაღა ლევან ვეფხვაძე, რაღა ნუგზარ წიკლაური და რაღა გიორგი ახვლედიანი, ჩიორა თაქთაქიშვილი და მაგდა ანიკაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და გია თორთლაძე, გოკა გაბაშვილი და ბაჩუკი ქარდავა... ჰო, და კიდევ, გიული ალასანია და კახა ბენდუქიძე გვანან ერთმანეთს - ორივენი ადამიანების განათლებაზე ზრუნავენ, ცოდნა სინათლეაო და რადგან სინათლეა, ნაგვის გადასახადიც გადაიხადეთო.

 

ვაჰ, ნაგავი და განათლებაც კავშირშია?

 

ახლა, ერთ ნიუსს წაგაკითხებთ, პატარა კომენტარს დავურთავ და თავად გადაწყვიტეთ, რა სარგებლობა და რა განათლება მოაქვს ნაგავს.

 

ნიუსი: „რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად რუსეთი საქართველოზე მეტად დაზარალდა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ეკონომიკური განვითარების ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ რადიოსადგურ „ეხო მასკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბენდუქიძე აცხადებს, რომ ომმა რუსეთი ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც უფრო მეტად დააზარალა, ვიდრე საქართველო. მისი თქმით, პოლიტიკურად რუსეთმა თავი აგრესორად წარმოაჩინა, ამ სახელმწიფოს რეალური სახე ყველამ დაინახა და ქვეყნის შიგნით ამ ომს არანაირი კონსოლიდაცია არ გამოუწვევია. „რა მოიგო რუსეთმა ამ ომით? რუსეთს არაფერი მოუგია. მან უბრალოდ, გააფორმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ოკუპირება და რუსული გაგებით, დე-იურე ოკუპირება მოახდინა. ანუ რუსეთის თვალსაზრისით, ახლა ამ ტერიტორიებზე კანონიერად იმყოფება, ხომ? აი, სულ ეს არის, რაც რუსეთმა მიიღო. ეს ტერიტორიები მანამდეც ოკუპირებული იყო და მას შემდეგაც ოკუპირებულია“.

 

კომენტარი: იმ ომის შემდეგ რუსეთში კრიზისი დაიწყო, მაგრამ არ დაშლილა. სამცხე-ჯავახეთი და ბორჯომ-ყაზბეგიც ხომ არ დავუთმოთ? იქნებ ამან მაინც დაშალოს და ეეგეც თუ არ უშველის, აჭარა ხომ არ მიგვეშველებინა?

 

კითხვა-კომენტარი: ახალგორი და კოდორის ხეობა მანამდეც ოკუპირებული იყო, შე მართლა ბოჩკა, შენა?!

 

ახლა, თავად განსაჯეთ, რა სარგებლობა მოაქვს ნაგავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის განათლების ბიზნესში მოღვაწეობს. ეგ სქელია და ჩვენ ფორმაში ვიყოთ.

 

ნავაროს კანტორა კვლავ ფორმაშია, როგორც ჯამლეთ ხუხაშვილი იტყოდა - ჩვეული ოსტატობით.

 

გამოკითხულთა 54%-ს გიორგი თარგამაძე, 49%-ს ინგა გრიგოლია, 40%-ს კი ბიძინა ივანიშვილი მოსწონს; ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რესპონდენტთა 47% ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა, 10% კი - „ქართულ ოცნებას“; ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, 29% „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 12% კი ბიძინა ივანიშვილს დაუჭერდა მხარს; NDI-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 41%-ისთვის ყველაზე ახლოს „ნაციონალური მოძრაობაა“.

 

რა განსხვავებაა კახა ბენდუქიძესა და ლუის ნავაროს შორის? ბენდუქიძემ თქვა, ყველაფერს გავყიდი, სინდისის გარდაო, ხოლო ნავარომ აღნიშნა, მხოლოდ სინდისს გავყიდი და ყველაფერს ვიყიდიო.

 

რა აქვთ საერთო ლუის ნავაროს და კახა ბენდუქიძეს? რა და - არც ერთს არ აქვს სინდისი.

 

„ჩვენი სურვილია, საერთაშორისო ორგანიზაციებმა საზოგადოებრივი აზრის ბევრი კვლევა ჩაატარონ, რათა უცხოეთის ფულით დაქირავებულ სხვადასხვა ელემენტებს, არჩევნების დღეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით მანიპულირების საშუალება არ მიეცეთ“ - განაცხადა გიორგი თარგამაძის 54 პროცენტით აღფრთოვანებულმა სააკაშვილმა და, თუ ლეიბორისტებს დავუჯერებთ (ეს ის შემთხვევაა, როდესაც მაგათაც კი დაეჯერებათ), შოკოლადის აბაზანების მისაღებად ტაილანდში გაემგზავრა:

„სააკაშვილმა „ვიქენდი“ტაილანდის ცნობილ ეგზოტიკურ კურორტზე ფხუკეთზე მოიწყო, სადაც ისვენებენ და დროს ატარებენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები. სააკაშვილი ამ კურორტზე შოკოლადის აბაზანების მისაღებად ტაილანდელი მასაჟისტების თანხლებით ჩაბრძანდა, რაც საქართველოს ბიუჯეტს ნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდა“.

 

ფხუკეთიო... ცხრუკვეთი გამიგია, განმუხური გამიგია, ანაკლია გამიგია და ლაზიკაც გამიგია... აი, ფხუკეთი ნამდვილად არ გამიგია. სამაგიეროდ, გამიგია, რომ ახლა თბილისში მოდაშია კასრის, ანუ ბოჩკის პროცედურები. მსუქანა ადამიანები სხდებიან ბოჩკებში, იქ ხდებიან და ამოდიან გამხდრები. ჰოდა, ჩვენში დარჩეს, რამე რო იყოს, სააკაშვილი არ ჩაჯდება ბენდუქიძეში? თუ ჩაჯდება და, შესანიშნავ მარშრუტს მივიღებთ: ქერის ორმო - შოკოლადიანი აბაზანა - „იმის ბოჩკა“ - ვირის აბანო. 

 

ზოგი ჩაჯდება და ზოგიც დაჯდება.

 

გასულ კვირაში გია თორთლაძე ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე იჯდა და კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად ორ საკითხს განიხილავდა. პირველი - „საქართველოში, სავარაუდოდ, 7 ათასი წლის ყურძნის წიპწაა აღმოჩენილი, რაზეც ლაბორატორიული დასკვნა უახლოეს მომავალში იქნება. ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კი, საქართველო ღვინის სამშობლოდ იქნება აღიარებული“. მეორე - „საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გერმანელებმა კერამიკული ჭურჭლით თაფლი აღმოაჩინეს, რომლის სიძველე 3 700 წლით თარიღდება. თორთლაძის ინფორმაციით, ეს ყველაზე ძველი თაფლია, რაც კი მსოფლიოში აღმოუჩენიათ“.

 

მოკლედ, ღვინო ჩვენია და თაფლი ჩვენია. რაღა დარჩა? დარჩა ტოლმა ერევანში, წყალი დილიჟანში და შოკოლადი ფხუკეთში. სააკაშვილი თაფლსაც დათმობს, ღვინოსაც, სოხუმსაც და ცხინვალსაც, ოღონდ წყალს, ტოლმას და შოკოლადს ნურავინ შეეხება.

 

გოგა ხაჩიძე სოფლის მეურნეობას შეეხო - ისაუბრა თესლზე და მისი დამყნობის საშუალებებზე, შეეხო დღგ-ს თემას. ეს მოხდა სოფელ ყუმისთავში. ყუმისთაველებს იმდენად მოეწონათ ხაჩიძის საუბარი, რომ იდეაც კი წამოიჭრა, სოფელს „ყუმისთავი“ გადავარქვათ და „გოგა ხაჩიძე“ დავარქვათო, თუმცა მერე ერთმა ბრძენმა თქვა - ეს ისე გამოვა, ტფილისი თბილისად რომ გადააკეთესო. „წელს სამინისტრო იმერეთის დაცულ ტერიტორიებში 250 ათასზე მეტ ტურისტს ელოდება“ - უთხრა ხაჩიძემ ყუმისთაველებს. „რამდენიც ნაკლები, იმდენი?!“ - გაიფიქრეს ყუმისთაველებმა.

 

მართლაც თესლი და მყნობა ზაზა გოროზიას კომპეტენციაა, ასევე - რწყვა.

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ხვალ, ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძესთან ერთად, ბოლნისის რაიონში, კაზრეთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 31 კმ-იანი კაზრეთის მაგისტრალური სარწყავი არხის რეაბილიტაციის შემდეგ, დამატებით გასარწყავდება 2600 ჰა ფართობი“ - იტყობინებოდა ჩემი ერთგული სააგენტო.

 

“გასარწყავდება” - რა გახსენდებათ ამ ახალ ქართულ სიტყვაზე? რა თქმა უნდა, გახსენდებათ ის, რაც გოროზიას დანახვაზე გვემართება.

 

„გლეხები სასუქის შეტანისთვის ხელსაყრელი დროის შესახებ შეტყობინებებს მიიღებენ, - ამის შესახებ პარლამენტში, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ განაცხადა“. „საქართველოში იაპონური მანდარინის მოყვანა იგეგმება, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ დღეს პარლამენტში, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე განაცხადა“. „...გოროზიას განცხადებით, აღნიშნული ავტობუსების შეძენა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამ ავტობუსებით მოხდება გლეხების ჩაყვანა იმ ადგილზე, სადაც მიწა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის დამუშავებული, რათა მათში ამაღლდეს ნდობა თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი. გოროზიას თქმით, შეეცდებიან თითო სოფლიდან 100-100 გლეხს მაინც გააცნონ თანამედროვე ტექნოლოგიები. მისი აზრით, კარგი შედეგი იქნება, თუ ახალ ტექნოლოგიებს ხუთი მათგანი მაინც მოიწონებს“.

წავიკითხე ეს ნიუსები და გასარწყავება მომინდა.

 

„ბაბუაჩემმა უკეთ იცის“ უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ გლეხებს“, - განაცხადა ზაზა გოროზიამ“. „ბებიაჩემმა უკეთ იცოდა“ - განაცხადებს ვერა ქობალიას შვილიშვილი, როდესაც საუბარი სეისმომედეგობაზე ჩამოვარდება. ასე იქნება, რადგან გასულ კვირაში მშენებლობისთვის, ბალებში დადგენილი სეისმურობის სიდიდის კორექტირების შესაძლებლობა მიეცა.

 

ანუ, ახლა ვერა ქობალია არის ეკონომიკის, მდგრადი განვითაარებისა და სეისმომედეგობის მინისტრი და ყველას უნდა ასწავლოს, თუ როგორ უნდა დადგეს, რყევებს რომ გაუძლოს. რყევებიც არის და რყევებიც, გააჩნია, ვინ ვის არყევს და ვინ როგორ არყევს. მოკლედ, თუ გოროზიაზე რწყევები გვახსენდება, ქობალიაზე მაშინვე რყევები მოგვდის თავში. როცა ქალი თონეშია ჩაყუდებული და რყევებს უძლებს, ის ყველაფერს გაუძლებს. სეისმომედეგობის კანონია ეს!

 

ისე, ერთი ქალი ვიცი, მინისტრის მოადგილეა, თვითფრინავის რყევებშია დაოსტატებული და ამას ტურბულენტობის კანონი განსაზღვრავს.

 

გასულ კვირაში მინისტრები მაგარ ცვეტში იყვნენ, იმდენად მაგარ ცვეტში, რომ ზოგიერთს შერცხვა კიდევაც და დაიმალა.

 

პარლამენტში მერაბიშვილს და ადეიშვილს ელოდებოდნენ. ადეიშვილმა თინა ბურჯალიანი გაგზავნა, მერაბიშვილმა - ეკა ზღულაძე (სულ რატომ მახსენდება ამ გოგოზე აზღუდი, როცა შეიძლება, რომ ზღარბი გამახსენდეს?). „ეს არის პარლამენტის მასხარად აგდება“ - ყვიროდა გამწარებული ჯონდი ბაღათურია. აბა, კრიშტიანუ რონალდუ დაებარებინათ და მის ნაცვლად ირინა შეიკი მისულიყო? ჰა?!

 

„სერიოზული და საგანგებო მიზეზის გამო ვერ მოვიდა“ - თქვა გიგი წერეთელმა (ბარემ, ქაღალდიც დაუჭმუჭნოს...). ვანო მერაბიშვილის მიუსვლელობა ეკა ზღულაძემ ფორსმაჟორული სიტუაციის შექმნით ახსნა.

 

არ მივიდა და მორჩა, და ეს სულაც არ არის პარლამენტის მასხარად აგდება. პარლამენტის მასხარად აგდება არის ის, რომ ახალი კანონით, მალე პარლამნტში მოხვედრა 21 წლის ბავშვებსაც შეეძლებათ, რასაც, ალბათ, მოყვება ის, რომ პირდაპირ საბავშვო ბაღიდან გახდებიან დეპუტატები და ბოლოს, არ არის გამორიცხული, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კვერცხუჯრედებთან ჩახუტებულმა სპერმატოზოიდებმა შექმნან. ლუის ნავაროს თუ დავუჯერებთ, ასეც არის მოსალოდნელი, ანუ დარჩება ის, რაც არის.

 

მართლა - სოხუმის პორტში ჩარჩენილი ქართველი მეზღვაურები ოჯახებს დაუბრუნდნენ. „დაუღალავად ვმუშაობდით“ - აღნიშნა სეისმომედეგობის მდგრადმა მინისტრმა, რომელიც მეზღვაურებს ენგურის ხიდთან დახვდა.

 

„მე მათ ვუთხარი, რომ სურვილი მაქვს, გადმოვიყვანო ამ ხიდის იქით, ვაჩვენო, რა განვითარება ხდება დღეს საქართველოში; იმის მაგივრად, რომ უყურონ რუსული ტელევიზიების პროპაგანდას, დაინახონ თავისი თვალით, რა ხდება რეალობაში“,-აღნიშნა ვერა ქობალიამ. მეზღვაურები აფხაზებმა მოაცილეს, ჩინოვნიკებმა.

 

მაინც, რა უნდა ეჩვენებინა ქობალიას მათთვის? ვაშაძეს ვერ აჩვენებ - ლოქოა, გოროზიას ვერ აჩვენებ - არწყევენ, ვერ აჩვენებ ვარძელაშვილს - სირცხვილია, ბაქრაძის ჩვენება არ გამოდის - ქლიბია... რა უნდა ეჩვენებინა? საჩვენებელი არც ისე ბევრია, თან ბაქრაძე უგანდაში იყო გოგორიშვილთან, მელაძესთან და ვეფხვაძესთან ერთად. ბაქრაძე გასაგებია - ქლიბია. გოგორიშვილიც გასაგებია - ქლიბვა ეხერხება. რაც შეეხება იმ ორს, უგანდელებს გაუკვირდათ - მელაძე და ვეფხვაძე რა პონტია, პარლამენტი გაქვთ თუ ზოოპარკიო?

 

მაგათ ნუგზარ წიკლაური არ უნახავთ... მაგათ არ უნახავთ „ჭაჭის კოშკი“.

 

ბათუმში ახალი შადრევანი შენდება, რომლიდანაც კვირაში ერთხელ, 15 წუთის განმავლობაში ჭაჭის არაყი გადმოვა. „ჭაჭის კოშკის“ აშენებისთვის მილიონ 70 ათასი ლარია გამოყოფილი. როგორც ირკვევა, მსგავსი კოშკი დგას თურქეთის ქალაქ იზმირში და სულთან აბდულის გამეფების 25 წლის თავთან დაკავშირებით ააშენეს.

 

ეს კოშკი, ალბათ, მიხეილ სააკაშვილის დაბადების 45 წელს ეძღვნება.

კოშკი იქნება სეისმომედეგი - ამას ვერა ქობალია უზრუნველყოფს.

კოშკი იქნება გლუვი - გოგორიშვილი ბაქრაძით გაქლიბავს.

კოშკი იქნება ლამაზი და რუსებს მოიზიდავს.

 

აფხაზეთში პლაჟებით მოვიზიდეთ და აღარ მიდიან. ბათუმში არყის გამო ჩამოვლენ, არწყევენ და საკუთარ ნარწყევში დაიძინებენ.

 

რწყევას გოროზია უზრუნველყოფს.

 

პეტრე ცისკარიშვილი: “წლის ბოლომდე ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება“.

 

იმედი მაქვს, ეს შემოდგომის ბოლომდე მოხდება და იმედი მაქვს, რომ დაზღვეული იქნება საქართველოს მოქალაქეების 98 პროცენტი. ის ორი პროცენტიც დაეზღვევა - ნაცმაცუნები, მიშმაკაკები, დაშნაკჩოყლაყები...

 

თუ პირველი ღვინო ჩვენია, თუ პირველი თაფლი ჩვენია და თუ პირველი ხინკალიც ჩვენ გვეკუთვნის, მსოფლიოში პირველი დაზღვეული პატიმარიც ჩვენი უნდა იყოს.

 

მთავარია, პრობლემა გავიგოთ. მთავარია გაგება. მთავარია, არ დავაგვიანოთ. აგერ, ჩვენს მოჭადრაკეებს ევროპის ჩემპიონატზე დააგვიანდათ.

 

ისე, არც ნაადრევი ვარგა - აგერ, კვერცხუჯრედებთან ჩახუტებული სპერმატოზოიდებით არის პარლამენტი სავსე.  

 

მ.პ.გ. (მთავარია პრობლემის გაგება) ახლა გრიშას მკლავებზე გადაწოლილი ჰყავდა ქალი, დასცქეროდა, როგორ გადასდიოდა სალუქ სხეულზე ზღვის თბილი წყალი, დააცქერდა, უყურა და ენერგიულად ჰკითხა: „შეიძლება, შენობით რომ დაგელაპარაკოთ?“ „დიახ“, — უთხრა ქალმა. „მაშინ „დიახ“ კი არა, „კი“ უნდა მითხრათ, — გაეხუმრა გრიშა, — „დიახ“ — ეს თქვენობითია“. და როდესაც იმავ საღამოს პაემანზე დიდი ლამაზი ჩანთით მოსული ქალი ბაღის მიფარებულ კუნჭულში შეიყვანა და აკოცა, მაშინვე გაიფიქრა: „ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ მთავარია პრობლემა“.

აი, ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გრიშა პრობლემას

(გურამ დოჩანაშვილი, “იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“)