„რუსული მობილური ოპერატორი „ბილაინი“ საქართველოს ბაზარზე მუშაობას აფხაზეთში საქმიანობასაც უთავსებს. ეს მაშინ, როდესაც აღიარებულია, რომეს არის ოკუპირებული რეგიონი, სადაც მოსახლეობის ორი მესამედის ეთნიკური წმენდა განხორციელდა“ - ეს ინფორმაცია apsny.ge-ზე გავრცელდა.
„როუმინგი - მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“ - საერთაშორისო როუმინგის განხორციელება შესაძლებელია მსოფლიოს 213 ქვეყანაში. ჩამოთვლილი ქვეყნების სიაში, სადაც როუმინგია შესაძლებელი, „ბილაინს“ მოხსენიებული ჰყავს „აფხაზეთის რესპუბლიკაც“. როუმინგ-პარტნიორებად კი ასახელებს აფხაზეთში, ქართული კანონმდებლობით - უკანონოდ, მომუშავე კომპანიებს A-Mobile-ს, Aquafon GSM-ს და THURAYA-ს.
პოლიტიკოს გია ხუხაშვილის შეფასებით, ბილაინი არის ოპერატორი საქართველოში და არსებობს ინფორმაცია, რომ ამ კომპანიაში არც თუ ისე შორეული ინტერესებია ჩვენი ხელისუფლებისა. „სკანდალური ინფორმაციაა, და ეს თუ მართლა ასეა, მაშინ საინტერესოა, ვის უყენებს ჩვენი ხელისუფლება პრეტენზიებს“ - ამბობს ხუხაშვილი.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ ხან ერთი და ხან მეორე ორგანიზაციის ინიცირებით ასეთი განცხადებები მრავლდება, თუმცა ქართული მხარის ადექვატური რეაქციის შემდეგ უმრავლეს შემთხვევაში ვითარება სწორდება და უბრუნდება საერთაშორისო გაპიარებულ რეალობას. „ამ შემთხვევაშიც, მე მგონი, ასე მოხდება და საქართველოს ხელისუფლება უყურადღებოდ არ დატოვებს ამ ფაქტს. მისი პროტესტი, შეიძლება ვთქვათ, რომ გათვალისწინებული იქნება „ბილაინის“ სათაო ოფისის მიერ, სადაც ცხადია, რომელიმე საშუალო დონის კლერკის დონეზე წყდებოდა ეს საკითხი და არ ელოდნენ გართულებას თუნდაც საკუთარი ბიზნესისთვის“ - მიიჩნევს ცისკარიშვილი.
როგორც ცისკარიშვილი ამბობს, ეს ინფორმაცია კიდევ უფრო გულის გამხეთქი იქნება სამხრეთ ოსეთისთვის, რადგან სწორედ რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც მუდმივად ტყუპისცალივით ერთად მოიხსენიებს ამ სრულიად სხვადასხვა ბუნების მქონე კონფლიქტის ზონებს.
ბილაინის ვებგვერდზე, აფხაზეთისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად არ არის მოხსენიებული და როგორც სოსო ცისკარიშვილი ამბობს, სწორედ აი ეს არის გულის გასახეთქი სამხრეთ ოსეთისთვის - რომ ის „ბილაინმა“ საქართველოს ნაწილად აღიარა.
გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლოა „ბილაინის“ მიმართ, უბრალოდ, პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი და აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად მოხსენიება მიზანმიმართულად მოხდა. სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი ლაფსუსი უცოდინარობით ნამდვილად არ არის დაშვებული. „ვიღაცას ძალიან დიდი სურვილი გაუჩნდა, რომ შექმნას საკუთარი რეალობა და ასიამოვნოს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, ან ამ კომპანიის მფლობელს. მაგრამ არ მგონია, ეს დიდხანს გაგრძელდეს და საკუთარი ბიზნესის პატივისმცემელ კომპანიას ასეთი ლაფსუსი შერჩეს“ - მიიჩნევს ცისკარიშვილი...
აფხაზური გამოცემა ასკვნის, რომ ასეთ შემთხვევაში „ბილაინის“ საქმიანობა, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაა.
უნდა აღინიშნოს, რომ „ბილაინი“ ჰოლდინგური კომპანია „ვიმპელკომ ლიმიტედის“ სავაჭრო მარკით ფუნქციონირებს. „ვიმპელკომ ლიმიტედის“ შვილობილი კომპანიები კი უზრუნველყოფენ სატელეკომუნიკაციო მომსახურებებს რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში.
საქართველოში 2005 წლიდან „ბილაინის“ ბრენდით მუშაობს შპს „მობიტელი“ და, საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2006 წელს კომპანიის 51%-იანი წილი რუსეთის სატელეკომუნიკაციო კომპანია „ვიმპელი-კომუნიკაციების“ („ვიმპელკომი“) საკუთრება იყო, რომელიც ჯგუფ „ვიმპელკომ ლიმიტედში“ შედიოდა.
აფხაზური გამოცემა ასკვნის, რომ „მობიტელის“ გარდა ქართულ კანონმდებლობას რუსული „ბილაინიც“ არღვევს, რადგან საქართველოს მთავრობის ოფიციალური ნებართვა, რომელიც კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის უფლებას აძლევს, ოფიციალური წყაროებით არ მოიძებნა.
„ხელისუფლებას გააჩნია უნარი, ყველაფერი გასცეს როგორც საჯაროდ, ასევე - მალულად, რადგან დიდი ალბათობით ეს ბიზნესი შედის ინტერესში ძლიერთა ამა ქვეყნისა. შესაძლებელია, „ბილაინის“ საქმიანობისადმი აფხაზეთში თვალის დახუჭვის მორიგი ფაქტი იყოს და ეს არახალია, მითუმეტეს - სატელეკომუნიკაციო სივრცეში, ამის მაგალითები არსებობდა წინა წლებშიც“ - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
„ზუსტად ეს არის გასარკვევი ეროვნულ მარეგულირებელ კომისიასთან, რომელმაც სასწრაფოდ უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი“, - მიიჩნევს ხუხაშვილი.
ამ ინფორმაციის გავრცელებამ ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და „ბილაინის“ წარმომადგენლები სწრაფადვე გამოეხმაურნენ ქართულ სოციალურ ქსელებში დაწყებულ კამპანიას. მათი განმარტებით, „ბილაინი“ ქართული კომპანიაა, რომლის ყოველგვარი საქმიანობა ქართული კანონმდებლობის ჩარჩოებში ხორციელდება.
მათივე მტკიცებით, „ბილაინი“ ქართული სულისკვეთების კომპანიაა და ყველა თანამშრომელი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ აფხაზეთი არც ერთ შემთხვევაში სუვერენულ სახელმწიფოდ არ უნდა იქნას აღიარებული.
„ეს არის დეკლარაცია. დეკლარირება და სიტყვები ვერ ფარავს საქმეს. რას ნიშნავს ქართული სულისკვეთების კომპანია? ჩვენ ვლაპარაკობთ ბიზნესსა და პოლიტიკაზე. სადღეგრძელოები შეუძლიათ, საკუთარ ოჯახებში დალიონ. თუ „ბილაინი“ ემსახურება აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, დიდი ბოდიში, მაგრამ მაშინ რას ნიშნავს, რომ „ბილაინი“ საქართველოში სასათბურე მდგომარეობაშია? რუსეთის ხელისუფლებაც ამბობს, რომ ქართველები ძალიან უყვარს, მაგრამ ჩვენ გვაკმაყოფილებს ასეთი პასუხი? სიტყვა არის ერთი და საქმე - მეორე. ან აფხაზეთი არ უნდა მოიხსენიებოდეს „ბილაინის“ დამოუკიდებელ სივრცეში ან, თუ მოიხსენიება, მაშინ საქართველოში უნდა ჰქონდეს პრობლემები. სხვანაირად ჩემთვის გაუგებარია, რა ხდება“- აცხადებს ხუხაშვილი.
სოსო ცისკარიშვილიც მიიჩნევს, რომ „ბილაინის“ ქართული ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სადღეგრძელოს ჰგავს, „ამას სჭირდება სათაო ოფისის ოფიციალური ბოდიში და ამ სტრიქონის ამოღება იმ ინფორმაციდან, რომელიც გავრცელდა. არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია და მარტივად გადასაწყვეტია“ - მიიჩნევს ცისკარიშვილი.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ძალზე საეჭვო ინფორმაციები ვრცელდებოდა „ბილაინის“ შესახებ და ისიც კი ითქვა, რომ რუსული მხარე სწორედ „ბილაინის“ მეშვეობით ისმენდა ქართველი ოფიცრების საუბრებს. ეს ინფორმაცია მაშინ არ დადასტურდა, თუმცა ვერც ეჭვები გაიფანტა.
როგორც სოსო ცისკარიშვილი ამბობს, მას არ ჰყავს სანდო წყარო რუსულ სამხედრო შენაერთებში და ამიტომ კომენტირება გაუჭირდება, მაგრამ, მისივე შეფასებით, ასეთი რამ რომ მოხდარიყო, არცთუ გასაკვირი იქნებოდა. „აბა რა უნდა ექნათ? რაიმე ახალი კომპანია შემოეყვანათ 58-ე არმიასთან ერთად და ისე აეთვისებინათ სივრცე? რასაკვირველია - ვინ, თუ არა „ბილაინი“ იქნებოდა გამოყენებული ასეთ შემთხვევაში“ - აცხადებს ექსპერტი.
„ბილაინის“ ქართულმა წარმომადგენლობამ სათაო ოფისს რუსულ საიტზე არსებული ხარვეზის აღმოფხვრა სთხოვა. ამასთან, „ბილაინში“ ირწმუნებიან, რომ არასდროს ახორციელებდნენ აფხაზეთში კომერციულ საქმიანობას, ხოლო მათი სათაო ოფისის ვებ-გვერდზე აფხაზეთი ცალკე არ არის მოხსენიებული.
ვინ არის „ბილაინის“ მფლობელი და როგორ მოხვდა რუსული კომპანია ქართულ საკომუნიკაციო სივრცეში - ამას დიდი ძიება არ სჭირდება, ყველამ იცის, რომ ამ კომპანიას თავად საქართველოს პრეზიდენტი ლობირებს.
გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მას ბევრი წაუკითხავს პრესაში „ბილაინის“ მფლობელების შესახებ და მათ შორის ისიც, რომ ამ კომპანიიდან დიდი წილი პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტის ოჯახთან არის კავშირში. „ესეც გამიგია, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ“ - ამბობს ხუხაშვილი.
სააკაშვილის კარის ბიზნესმენად ცნობილი რევაზ შარანგიას ძმა, მერაბ შარანგია „ბილაინის“ ერთ-ერთი მეწილე და „ბილაინის“ ქართული წარმომადგენლობის - „მობიტელის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა. ძმები შარანგიები წარმოშობით ოჩამჩირედან არიან და მამასთან, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ ლორენცო შარანგიასთან ერთად პრეზიდენტთან დაახლოებულ პირებად მოიაზრებიან.
ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გაახმოვანა, როდესაც თქვა, რომ „საქართველოს რკინიგზა“ სააკაშვილის „კარის ბიზნესმენ“ რეზო შარანგიას გადაეცა. საქართველოში მოღვაწეობს რეზო შარანგიას კიდევ ორი ძმა - გია და შოთა (აჭარის ძალოვან სტრუქტურებში მუშაობს), კიდევ ერთი ძმა ლევანი კი რუსეთში ცხოვრობს და იქ საკმაოდ მსხვილ ბიზნესს ფლობს.
„ბილაინის“ მეწილედ მოიაზრება რეზო შარანგიას ბიზნესპარტნიორი რევაზ ელიავაც.
ამის გარდა, შარანგიების სახელს უკავშირდება საქართველოში უამრავი კომპანიის სახელიც, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა.
სოსო ცისკარიშვილი: „ბილაინის“ ქართული ფილიალი შეიძლება უკავშირდებოდეს ნებისმიერ ძლიერს ამა ქვეყნისას, მაგრამ სათაო ოფისში ვის რა შეხედულება აქვს, ეს სხვა საკითხია. ვფიქრობ, ამ სიტუაციას უგუნური ხუმრობის სტასტუსი მიენიჭება, მაგრამ ეს თუ ასე დარჩა, მაშინ რასაკვირველია, უკვე „ბილაინის“ მიმართ იქნება საერთაშორისო სასამართლოების სერია, რასაც, დარწმუნებული ვარ, ის აერიდება“.