ავტომფლობელებს ეკოლოგიის გადასახადი დაუწესდებათ

ავტომფლობელებს ეკოლოგიის გადასახადი დაუწესდებათ

ნათქვამია, ყველა ხუმრობაში არის ჭეშმარიტების მარცვალიო... ხშირად იმასაც ამბობენ, რომ ნებისმიერ ხუმრობაში სახუმარო მხოლოდ ერთი მარცვალია და დანარჩენი - სიმართლე. რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ელექტროენერგიის გადასახადს დასუფთავება მიებმებაო, ალბათ, სრულ ხუმრობაში ჩაუთვლიდნენ, თუმცა აგერ უკვე თითქმის ერთი წელია ნელ-ნელა მივეჩვიეთ და ახლა ხუმრობით იმასაც ვამბობთ, რომ მალე სუნთქვის გადასახადიც დაწესდება. როგორც პრესაგე.ტვ-მ შეიტყო, არ არის გამორიცხული, ძალიან მალე (1 ივნისიდან) ამ შავი იუმორშიც აღმოჩნდეს სერიოზული ელემენტი.

როგორც ჩვენთან საუბარში „ეკოლოგიური ურბანისტიკის ცენტრის“ დირექტორი, ვაჟა ერაძე აცხადებს, ხელისუფლება ახალი გადასახადის დაწესებას აპირებს, რომელიც ამჯერად ავტომფლობელების ჯიბეს დაარტყამს. ერაძის თქმით, თბილისის მერიაში განიხილება პროექტი, რომლის თანახმადაც, ავტომფლობელებს ეკოლოგისს გადასახადის გადახდა. მოუწევთ.

 

ვაჟა ერაძე: „აღნიშნული პროექტი მხოლოდ განხილვის ეტაპზეა, თუმცა, ყველას მოგვეხსენება, თუ როგორი სისწრაფით შეუძლია ხელისუფლებას მისთვის საჭირო კანონპროექტების კანონრეალობად ქცევა.

 

ანუ, რას განიხილავენ?

პროექტის ინიციატორია თბილისის მერიის ჟანგნადის კონტროლოს სამსახურის უფროსი, კოტე მახარაშვილი. არსი შემდეგში მდგომარეობს: ავტომფლობელები, კილომეტრაჟის მიხედვით გადაიხდიან ეკოლოგიის, კერძოდ - ჰაერის დაბინძურების გადასახადს. მოხდება სპიდომეტრის ჩვენების დაფიქსირება, რის შემდეგაც ავტომფლობელი ვალდებული იქნება, დროის განსაზღვრული მონაკვეთის შემდეგ, დაფარული კილომეტრების მიხედვით გადაიხადოს გარკვეული თანხა.

 

რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?

-  ჩათვალეთ, რომ უკვე გადაწყვეტილია. ამჟამად მსჯელობა იმაზე მიდის, თუ რამდენ ხანში ერთხელ მოუწევს ავტომფლობელს ბანკში მისვლა და როგორი იქნება გადასახადის ოდენობა. სავარაუდოდ, კილომეტრზე დაწესდება ერთი თეთრი და როგორც ანგარიშობენ, ბიუჯეტი ერთ ავტომობილზე, საშუალოდ, თვეში ათი ლარით შეივსება. ასევე, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, გადახდის პერიოდულობა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს მოხდეს წელიწადში ერთხელ.

 

ვინ გააკონტროლებს და როგორი იქნება „ნულოვანი ტოლერანტობა“ ურჩი და მოუწესრიგებელი მძღოლების მიმართ?

- კონტროლს მერიის ჟანგბადის კონტროლის სამსახური განახორციელებს, ალბათ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. უბნის ინსპექტორების დატრენინგება უკვე დაწყებულია. რაც შეეხება სასჯელს, როგორც მითხრეს, სწორედ ამის თაობაზე ვერ თანხმდებიან. მოგეხსენებათ, არჩევნები ახლოვდება და მოსახლეობის ზედმეტ გაღიზიანებას ერიდებიან. ცდილობენ, არც მწვადი დაწვან და არც შამფური.

 

თუ ეს გადასახადი დააწესეს, „შამფური“ უკვე დამწვარი იქნება...

- მაგაშია საქმე... ესეც გაითვალისწინეს - პარკირების გადასახადი ოდნავ შემცირდება, მოხდება ამ ფაქტის გაპიარება, და ამ პიარ-კამპანიაში ჩაიკარგება ე.წ. „ჟანგბადის გადასახადი“.

 

ეს გადასახადი მხოლოდ თბილისელებს შეეხებათ?

- პირველ ეტაპზე - მხოლოდ თბილისელებს, შემდეგ კი - ყველა დიდ ქალაქში (ქუთაისი, ბათუმი, თელავი, რუსთავი...) რეგისტრირებულ ავტომობილებსაც. უბრალოდ, თბილისი ამ შემთხვევაში ექსპერიმენტის პოლიგონია“.

 

პრესაგე.ტვ დაუკავშირდა თბილისის მერიის ჟანგბადის კონტროლის სამსახურის უფროსს, კოტე მახარაშვილს, რომელმაც ჩვენი ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

 

კოტე მახარაშვილი: „ჯერ-ჯერობით ასეთი რამ არ განიხილება, თუმცა ასეთი გადასახადი, რომც დაწესდეს, დამეთანხმებით, სულაც არ იქნება ლოგიკურ საფუძველს მოკლებული. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში დედაქალაქში მკვეთრად იმატა მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ, ძირითადად მეორადი ავტომობილებია, რომელთა გამონაბოლქვიც უარყოფითად მოქმედებს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. საჩივრებმა იმატა. თუ დააკვირდებით, ქალაქში (განსაკუთრებით, ვაკე-საბურთალოს რაიონში) საცობები მთელი დღის განმავლობაში წარმოიქმნება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ, უხეშად რომ ვთქვათ, ხალხი უკვე პურის საყიდლადაც მანქანით დადის.

 

ეს ადრეც ასე იყო, მაგრამ ვაკელების მიერ დაბინძურებული ჰაერი რატომ უნდა გაწმინდონ გლდანელებმა?

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ასეთი პროექტი ჯერ არ განიხილება და, ამდენად, ამ თემაზე საუბარი ნაადრევად მეჩვენება.