პერიოდულად ტელეკომპანია „თრიალეთი“ ხელისუფლებისგან ზეწოლის ობიექტი ხდება. ამჯერადაც ამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის დასჯა ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო გადაწყვიტეს. კერძოდ, დაახლოებით 15 დღის წინ ტელეკომპანია „თრიალეთის“ წარმომადგენელმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა, რათა შეემოწმებინათ ხაშურის ტელეკომპანია „დიას“ მიერ გორში გახსნილი ოფისიდან ხაშურის მიმართულებით მიწოდებული სიგნალი.
როგორც „თრიალეთის“ დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი ამბობს 15 დღის წინ არ იცოდნენ, რომ „დიას“ მიმართ ზედმეტი კითხვები არ უნდა გასჩენოდათ, რადგან იგი სახელისუფლო არეალში ხვდებოდა.
Presage.tv ტელეკომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებელ ბადრი ნანეტაშვილს ესაუბრა.
- მანამდე არ ვიცოდით, მაგრამ მოგვიანებით გავიგეთ, რომ ხაშურის ტელევიზია ხელისუფლების წარმომადგენლებს უყიდიათ, კერძოდ, - ლადო ვარძელაშვილთან დაახლოებულ პირს. ამბობენ, ეს ტელევიზია ვანო მერაბიშვილის დავალებით შეისყიდა ვინმე გურამ გოგოლაძემ, რომელიც სპორტ-კომპლექს „არენას“ მფლობელი იყო. სხვათაშორის, ლადო ვარძელაშვილმა და გურამ გოგოლაძემ ერთად გახსნეს ეს სპორტკომპლექსი. მოგვიანებით გურამ გოგოლაძე გახდა საქართველოს ნორდიკული ფედერაციის პრეზიდენტი (ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომისა და სათხილამურო ორჭიდის ფედერაცია). ასევე, გურამ გოგოლაძეს ეკუთვნის შპს „პრაიმტური“ და შპს “პეგასი”. ამის შესახებ მას შემდეგ გავიგეთ, რაც გურამ გოგოლაძემ ხაშურის ტელევიზიასთან ერთად გორის საკაბელო ტელევიზია „კოსმოსი“ შეისყიდა.
მათ გორში გახსნეს სტუდია, ჟურნალისტების მიღება გამოაცხადეს და ხაშურში სიგნალის მისაწოდებლად სარელეო ხაზები დაამონტაჟეს. არადა, არც ლიცენზია ჰქონდათ და უკანონოდ გადიოდნენ სიხშირეებზე. პარალელურად, ხაშურის ტელეკომპანია „დიას“ გორის კუდის თანამშრომლები აკონტროლებენ. მათ შორის, კახა გამგლიშვილი, რომელიც, გუბერნიასთან ერთად, ავრცელებდა ხმას, რომ ხაშურის ტელევიზია ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჩასაძირად შეისყიდეს.
მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სარელეო ხაზების კანონიერებასთან დაკავშირებით წერილი მივწერეთ და დავინტერესდით, საიდან ჰქონდა „დიას“ სიხშირეები და რატომ დაამონტაჟეს სარელეო ხაზები, მაშინ, როცა ლიცენზიასთან დაკავშირებით კონკურსი არ გამოცხადებულა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩვენი დასჯა გადაწყვიტა.
„თრიალეთზე“ ზეწოლა თავად გადაწყვიტეს თუ ვინმემ დაავალა, მნიშვნელობა არ აქვს. 20 მარტს გორში ჩამოვიდნენ, ღამის 21.00 საათზე დაურეკეს ტელეკომპანია „თრიალეთის“ დირექტორს ჯონი ნანეტაშვილს და გამგეობის წინ ოქმის გადაცემის მიზნით გამოიძახეს. ჯონი მივიდა, მაგრამ ოქმი არ ჩაიბარა და უსაყვედურა, მისი და მოწმეების თანდასწრებით რატომ არ მოხდა შემოწმება. მათ პასუხი არ გასცეს, თუმცა კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან სასწრაფოდ გამოგვიგზავნეს წერილი და აქტი და სპონტანურად დანიშნეს კომისიის სხდომა. ჩვეულებისამებრ, კომისია ასეთი სისწრაფით არ ნიშნავს სხდომას, მაგრამ, ეტყობა, ასეთი დავალება ჰქონდათ.
გუშინ სხდომაზე გაიტანეს ჩვენი საკითხი და „თრიალეთს“ 5 ათას ლარიანი ჯარიმა გამოუცხადეს. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ არ ვარღვევთ კანონს, რომელი სიხშირეც გვაქვს გამოყოფილი, ზუსტად იმ სიხშირეზე ვმაუწყებლობთ, მზად ვართ, ნებისმიერი ექსპერტიზითა და ჟურნალისტების თანდასწრებით საჯაროდ მოხდეს ჩვენი სიხშირის შემოწმება. ჩვენ გამოყოფილი გვაქვს სიხშირე 10 705 მეგაბირთვიდან 11 181-მდე, ისინი კი წერენ, თითქოს ჩვენ სულ სხვა სიხშირეზე გავდიოდით. არადა, ეს მოგვიგონეს, შვიდი წელიწადია, ამ სიხშირეზე გავდივართ და ახლა გაახსენდათ ჩვენი დასჯა, როცა ხაშურის ტელევიზიის შესახებ ცნობები მოვითხოვეთ? სულ ამოწმებდნენ სიხშირეებს და 7 წლის განმავლობაში ნუთუ ვერ აღმოჩნდა, რომ სხვა სიხშირეებზე არ გავდიოდით?
როგორც განაცხადეთ ჯარიმის გადახდას არ აპირებთ.
- ეს ძალიან დიდი უკანონობაა, ესენი კანონზე მაღლა დგანან, ამიტომ, ჯარიმის გადახდას არ ვაპირებთ. კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ამდენ უკანონობას ჩადის ჩვენს წინააღმდეგ. ასევე, სოფიო ბრიტანჩუკი, რომელიც ტელეკომპანია „თრიალეთის“ ზეწოლაზე ფიქრობს. მათ სურთ, როგორმე ჩაახშონ ჩვენი მაუწყებლობა. ამდენ უკანონობას ვეღარ მოვითმენთ. თანხას არ გადავიხდით.
ჯარიმის გადახდის ბოლო ვადა როდის გეწურებათ?
- ჯერ არ ჩაგვბარებია გადაწყვეტილება და, როცა მივიღებთ, იქ ეწერება გადახდის ვადა. ამასთან, მედიაგაერთიანებისგან დახმარებას ვითხოვთ.
მედიაგაერთიანების გარდა ვის მიაწვდინეთ ხმა?
- ამერიკის საელჩოსაც მივწერეთ ეს ამბავი, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. იმედი გვაქვს, ასეთი მხარდაჭერის შემდეგ ჩვენი სიმართლე გაიმარჯვებს. ერთობლივი კომისია შეიქმნას, ჩამოვიდნენ და ყველაფერი შეამოწმონ, რადგან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჩვენს სიმართლეს არ ისმენენ.
აცხადებთ, რომ ხაშურის ტელევიზია თქვენი ტელევიზიის ჩასაძირად შეიქმნა. თქვენი ჟურნალისტების გადაბირებას აპირებენ?
- ფაქტობრივად, ისინი პირდაპირი დავალებით მუშაობენ. ვინც ჩვენთან რეკლამას განათავსებს, საგადასახადოდან და გუბერნიიდან აკითხავენ და მინიშნებით ან პირდაპირ ეუბნებიან, რომ, რადგან „თრიალეთში“ რეკლამას ანთავსებ, ე.ი. ბევრი ფული გაქვს და უნდა შეგამოწმოთო. ბევრი მოსულა და უთქვამს, ფულის დაბრუნებაც აღარ მინდა, ოღონდ რეკლამა შემიწყვიტეთო. ალბათ, მერე აიძულებენ, ხაშურის ტელევიაზიაში მიიტანონ რეკლამა. ყველანაირ ფინანსურ წყაროს გვიზღუდავენ. გვაჯარიმებენ, ზემოქმედებენ ჩვენზე.
რამდენად დაბალანსებული იყო თქვენი ბოლოდროინდელი გადაცემები და ვინმეს მიმართ პოლიტიკურ სიმპათიას ხომ არ ავლენდით?იქნებ, ამიტომაც გადაწყვიტეს შურისძიება?
- ყველანაირად ვცდილობთ, დაბალანსებული იყოს ჩვენი საინფორმაციო გადაცემა. ყველა სიუჟეტის მომზადებისას მივდივართ გუბერნიაში, გამგეობაში და ვცდილობთ, მათი პოზიცია დავაფიქსიროთ. თუმცა ჩვენთვის ჩაკეტილია კარი გამგებელთან, გუბერნატორთან. ჩვენს ჟურნალისტს შენობაში არ უშვებენ. ჩვენი ჟურნალისტი რომ მიდის, გუბერნიისა და გამგეობის შენობაში საშვის მოლოდინში საათობით აცდევინებენ. ამ დროს კი „იმედის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „რუსთავი 2“-ის რეგიონალური კორესპონდენტები საშვის გარეშე შედიან. ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან, ჩვენებს კი არანაირ ინფორმაციას არ აძლევენ, უზღუდავენ მუშაობას.
ჩვენს ჟურნალისტებზე მუქარის ზარები ხორციელდება, მუქარის შემცველი მესიჯების ჩათვლით, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა ლადო ბიჭაშვილმა პოლიციაში გაასაჩივრა, მაგრამ გამოძიება ვითომ თვეების მანძილზე მიმდინარეობს და ვერ იძიებენ. ნომერიც კი დავიფიქსირეთ, თუ რომელი ნომრიდან არის შემოსული მუქარის შემცველი მესიჯები. ჩემთანაც გამოგზავნეს მუქარის მესიჯები, ისინიც შენახული მაქვს. მწერენ, რომ თურმე შეიტყვეს, ივანიშვილმა უნდა იყიდოს ტელევიზია „თრიალეთი“ და სპეცნაზი და კუდის თანამშრომლები უკვე ემზადებიან თქვენთან შემოსასვლელადო.
ადრე ჭორი გაგვივრცელეს, ბიძინა ივანიშვილი „თრიალეთს“ ყიდულობსო. ეს სულ მცდარი ინფორმაციაა. ეჭვი შეეპარებათ და მუქარას გვიგზავნიან. ასევე, არ გამოძიებულა ჩვენი ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემის ფაქტები. ჩემი ძმის ცემის ფაქტიც გამოუძიებელია, როცა პატრულმა გუბერნატორის კაბინეტის ფანჯრის წინ მოედანზე, დღისით-მზისით, სცემა. 100 წერილი მაინც გავგზავნეთ იუსტიციის მინისტრთან, პრეზიდენტთან, მთავარ პროკურორთან, მაგრამ პასუხს არ გვაძლევენ. ის მაინც მოგვწერონ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.