იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინათინ ბურჯალიანის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია. როგორც ბურჯალიანმა საქართველოს პარლამენტში, სამთავრობო საათზე განმარტა, საქართველოს მთავრობას დაეკისრა 50 ათასი ევრო ოჯახის სასარგებლოდ იმ ხარვეზებისთვის, რასაც გამოძიებისას ჰქონდა ადგილი. გადარიცხვა სამ თვეში განხორციელდა. ახლა კი მიმდინარეობს მუშაობა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს.
Presage.tv გირგვლიანის საქმეზე ადვოკატ შალვა შავგულიძეს ესაუბრა.
- საქმე აღსრულებულია მორალური ზიანის ნაწილში და ანაზღაურებულია თანხა, რაც დაეკისრა სახელმწიფოს მორალური ზიანის სანაცვლოდ - 50 ათასი ევროს ოდენობით, მაგრამ ამ გადაწყვეტილების აღსრულება აუცილებლად გულისხმობს ხელახალი გამოძიების და შესაბამისი სასამართლო განხილვების ჩატარებას. ჩვენი მთავრობა ყველანაირად ცდილობს, ეს არ იქნას განხორციელებული, ან ეს გააკეთოს მაქსიმალურად გვიან, ყოველ შემთხვევაში, საშემოდგომო არჩევნების ჩატარების შემდეგ.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქმის ხელახალი გამოძიება უნდა ჩატარდეს?
- ევროპის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიიჩნია, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვების დროს, საქართველოში დარღვეული იქნა ევროპის კონვენციის მეორე მუხლი - სიცოცხლის უფლება, მის პროცედურულ ნაწილში. რაც გულისხმობს იმას, რომ ამ მკვლელობის საქმეზე გამოძიებათა სასამართლო განხილვები ჩატარდა საპროცესო კანონის დარღვევით, არაობიექტურად არასრულად და შესაბამისად, შედეგიც არის არასამართლიანი და არაკანონიერი.
როგორ შეიძლება მოხდეს არაობიექტური მიკერძოებული გამოძიებით დარვეული უფლების აღდგენა თუ არა, იმავე საქმეზე ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებით, ანუ ლოგიკურია საქმის ხელახალი გამოძიება. ევროპის სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში უშუალოდ არ მიუთითებს ხოლმე რა უნდა გაკეთდეს, ძალიან იშვიათია, ისეთი შემთხვევა, რომ უშუალოდ მიუთითოს რაიმე კონკრეტული ღონისძიების განხორციელება. თუ ეს არ ეხება რაღაც გარკვეული თანხის ანაზღაურებას და ა.შ.
სასამართლო ამბობს, რომ დარღვეული იქნა ეს უფლება და არსებობს ზოგადი პრინციპი, რომ სწორედ სახელმწიფომ უნდა აღადგინოს კონვენციით გათვალისწინებული უფლების დარღვევა პირისადმი.
ევროპის სასამართლო ახდენს უფლების დარღვევის კონსტატირებას და შემდეგ სახელმწიფოს ელოდება, როგორ მოახდენს ამ დარღვეული უფლების აღდგენას. რას შესთავაზებს სახელმწიფო საზოგადოებას ამ უფლების აღდგენის თვალსაზრისით.
შესაძლოა ევროპისთვის არ არის ცნობილი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება ასეთ მინიშნებებს ნაკლებად ითვალისწინებს ხოლმე...
- ამიტომაც მივმართეთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. ეს არის ის ორგანო, რომელიც ანხორციელებს ზედამხედველობას ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე. მინისტრთა კომიტეტს ვთხოვეთ, რამდენადაც მიგვაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებების აღსრულება გულისხმობს ხელახალი გამოძიების ჩატარებას აღნიშნულ საქმეზე, მიეღო შესაბამისი ზომები და ეიძულებინა საქართველოს მთავრობა, საქმეზე დაეწყო ხელახალი გამოძიება.
ჩვენ გავავლეთ პარალელი ღონღაძის საქმესთან, რადგან ეს საქმეები ძალზე ჰგავს ერთმანეთს. როგორც გირგვლიანის, ასევე ღონღაძის საქმეშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ ჩარეული. სწორედ შს სამინისტროს ოფიცრებმა მოკლეს ღონღაძე, როგორც გირგვლიანის საქმეზე, ღონღაძის საქმეზეც ევროპულმა სასამარლომ მიიჩნია, რომ დარღვეული იქნა კონვენციის მეორე მუხლი - სიცოცხლის უფლება, მის პროცედურულ ნაწილში და როგორც გირგვლიანის საქმეზე არ უნდა საქართველოს მთავრობას ხელახალი გამოძიებისა და სასამართლო განხილვების დაწყება, ისე უკრაინის მთავრობა არიდებდა თავს ამას.
როდესაც ღონღაძის ადვოკატებმა მიმართეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო სპეციალური რეზოლუცია ამ საქმის აღსრულებასთან დაკავშირებით და მიუთითა უკრაინის მთავრობას, რომ პროცედურულ ნაწილში კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა აუცილებლად საჭიროებს ხელახალი გამოძიების და შესაბამისი სასამართლო განხილვების ჩატარებას. ამისი უზრუნველყოფა კი უნდა მომხდარიყო გონივრულ ვადებში, გამოძიება უნდა ყოფილიყო ეფექტური, გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი დაზარალებული მხარისა და მისი ადვოკატების ჩართულობა ამ გამოძიებაში.
ჩვენ იმ იმედით მივმართეთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომ ამ საქმეებს ერთნაირი სტანდარტით მიუდგებოდა.
როდის მიმართეთ ევროპის მინისტრთა კომიტეტს და გამოძიების რა ვადებში დაწყებაზეა ლაპარაკი?
- მინისტრთა კომიტეტი იკრიბება წელიწადში ორჯერ. ნოემბრის სესიაზე განიხილეს ეს საკითხი და ჩვენთვის ცნობილია შემდეგი სახის გადაწყვეტილება, რომ ამ საქმეზე ზედამხედველობის განხორციელებას მიენიჭა არასტანდარტული რეჟიმი, რაც გულისხმობს, ჩვეულებრივზე მეტად გაძლიერებულ ზედამხედველობას.
ასევე მიეცა საქართველოს მთავრობას ვადა 2012 წლის 26 იანვრამდე რათა წარუდგინოს კომიტეტს ხედვა, თუ როგორ მოიაზრებს ამ საქმის სრულფასოვან აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება მინისტრთა კომიტეტმა მას შემდეგ გამოიტანა, რაც თანხა - 50 ათასი ევროს ოდენობით უკვე გადახდილი იყო. ანუ მინისტრთა კომიტეტმა მიიჩნია, რომ ეს საკმარისი არ იყო საქმის აღსრულებისათვის. ამის შემდეგ რა მოხდა, რა მოიმოქმედა საქართველოს მთავრობამ და როგორ ფიქრობენ ამ საქმის აღსრულებას, ჩემთვის უცნობია.
ქალბატონმა ბურჯალიანმა სამთავრობო საათზე განმარტა, რომ ამ სამოქმედო გეგმის დეტალებს ჯერჯერობით არ აკონკრეტებს რადგანდოკუმენტი მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან მუშაობა დასრულდება..
- დიახ, მე მოვისმინე თინა ბურჯალიანის ეს განცხადება, თუმცა ეს წინაამდეგობაში მოდის იმ განცხადებასთან, თითქოს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია. 50 ათასი ევროს გადახდა რომ საკმარისი ყოფილიყო მინისტრთა კომიტეტი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და არც საქართველოს მთავრობასა და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის კომუნიკაციაზე იქნებოდა ლაპარაკი.
ღონღაძის საქმის პრეცედენტი რამდენად გვაძლევს იმედს, რომ საქართველოს მთავრობას აიძულებენ სამართლიანი გამოძიება ჩაატაროს და თუ მაინც გაჭიანურდა გამოძიების დაწყება, შემდეგ უკვე რა ხდება პროცედურულად?
- უკრაინის მთავრობას, რომელიც აჭიანურებდა გამოძიებასა, პირდაპირ მიეთითა, რომ დაიწყოს გონივრულ ვადებში ეფექტური გამოძიება და უზრუნველყოფილი იყოს მისი გამჭვირვალობა. თუ მითითება იქნება მინისტრთა საბჭოს მიერ, რომ დაიწყოს საქმის გამოძიება და საქართვერლოს მთავრობა მაინც გააჭიანურებს, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, კიდევ ერთხელ მივმართოთ ევროპის სასამართლოს.
მივმართავთ მინისტრთა კომიტეტსაც, რომ არ ხდება აღსრულება და მინისტრთა კომიტეტი უკვე გამოიყენებს იმ სანქციებს, რაც არის დადგენილი ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე.
საკმაოდ მკაცრია ასეთ შემთხვევებში მინისტრთა კომიტეტი, იმდენად მკაცრი, რომ შესაძლოა, ამა თუ იმ ქვეყნის ევროპის საბჭოდან გარიცხვის საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში.
თქვენ თქვით, რომ საქართველოს მთავრობა ამ საქმეს ალბათ არჩევნების შემდეგ დაუბრუნდება, რატომ არჩევნების შემდეგ და არა მანამდე, ამ საქმის გამოძიებას შეუძლია პოლიტიკური ქულების მოტანა, რაც არჩევნებისთვის ნაციონალურ მოძრაობას წაადგებოდა...
- ხელისუფლებას არაფრად არ უღირს ის ქულები, რომელიც შეიძლება ჩაიწეროს, იმ საშიშოებასთან შედარებით, რომელიც ელის ხელახალი გამოძიებით. იმიტომ, რომ ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ როდესაც დაიწყება გამოძიება, დადგება შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ამ საქმეში საკმაოდ მნიშვნელოვნად ფიგურირებს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლეც, ქალბატონი თაკო სალაყაია-მერაბიშვილი.
ეს იქნება საკმაოდ სერიოზული დარტყმა წინასაარჩევნოდ მმართველი პოლიტიური გუნდისათვის. სწორედ ამიტომ ცდილობს ხელისუფლება, გამოიყენოს ყველა რესურსი და როგორმე მოახერხოს და ამ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყება გადააცილოს შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებს. ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რომ ადრე თუ გვიან, ამ საქმეზე გამოძიება ჩატარდება და ყველას მიეზღვება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელი. უბრალოდ, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს არჩევნების შემდეგ.