„top.ge–ს მთვლელი არანაირ საფრთხეს არ შეიცავს“ - გვარწმუნებს მისი მფლობელი

„top.ge–ს მთვლელი არანაირ საფრთხეს არ შეიცავს“ - გვარწმუნებს მისი მფლობელი

რამდენიმე საათის წინ, top.ge–ს მთვლელი ზოგოერთი ბრაუზერების ანტივირუსულმა პროგრამებმა  საფრთხის შემცველად მიიჩნია, რის გამოც მთვლელზე დარეგისტრირებული ინტერნეტსაიტები მომხმარებლისთვის ხელმიუწვდომელი გახდა.

როგორც top.ge-ს ხელმძღვანელი თემურ ხაინდრავა  განმარტავს, საიტზე არანაირი ვირუსი არ არის. პრობელმა, სავარაუდოდ, უკავშირდება ერთ-ერთი სარეკლამო ბანერს, რომელიც განთავსებული იყო top.ge - ზე და შეიცავდა მავნე კოდს. ამან გამოიწვია მთლიანად top.ge -ს დომენის დაბლოკვა.

„საიტზე არის განთავსებული რეკლამები, რომელსაც გვაწვდიან სარეკლამო სააგენტოები და ამიტომ, მე არ შემიძლია ყველაფერი გავაკონტროლო და შევამოწმო. როგორც google, საიდანაც დაბლოკილია დომენი,  ავრცელებს ინფორმაციას,  დაზიანებული იყო ერთ-ერთი ბანერის კოდი. ეს იყო დინამიური კოდი და სამწუხაროდ ვერ ვპოულობ მას. შესაბამისი მოთხოვნა ხელახლა გავაგზავნე და ველოდები, რომ კვლავ მოხდეს შემოწმება“, - განმარტავს ხაინდრავა.

ხაინდრავა ამბობს, რომ რამდენიმე საათი დასჭირდება ამ ხარვეზის გასწორებას, შესაძლოა, ერთი დღეც.

მისივე განმარტებით, top.ge-ს მთვლელი, რომელიც განთავსებულია სხვადასხვა ქართულ საიტებზე  არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. რადგან გაფრთხილება, რომელიც  ეკრანზე ზოგიერთი ქართული საიტის გახსნისას ჩნდება, მხოლოდ top.ge -ზე არსებულ ერთ-ერთ სარეკლამო ბანერს უკავშირდება.

„მე გადავამოწმე და არც top.ge-ზე და არც top.ge-ს მთვლელის კოდში არანაირი მავნე კოდი არ არის. თვითონ ეს საიტი იმიტომ მოხვდა შავ სიაში, რომ საიდანაც სარეკლამო ბანერების განთავსება ხდება, იქ აღმოჩნდა დაზიანება. თუმცა ეს დაბლოკვა გავრცელდა ავტომატურად, როგორც ჩანს, google-ს პრინციპია ასეთი. რაც შეეხება საიტს ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მათთვის, სადაც არის განთავსებული top.ge-ს მთვლელი“, - აცხადებს ხაინდრავა.

ხაინდრავას განმარტებით, თუ საიტიდან მთვლელის კოდს ამოიღებთ, „გაფრთხილების ფანჯარა“ აღარ გამოვა მომხმარებელთა კომპიუტერების ეკრანებზე, თუმცა ამ შემთხვევაში საიტებზე, მომხმარებელთა დათვლის თვალსაზრისით,  ჩავარდნა იქნება, ეს მომსახურება კი   მთვლელის აღდგენის შემთხვევაში ჩვეულებრივად გაგრძელდება.