„Summer Job“-ის მიღმა დარჩენილმა სტუდენტებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

„Summer Job“-ის მიღმა დარჩენილმა სტუდენტებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

20 მარტიდან სტუდენტთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში მონაწილეთა დარეგისტრირება დაიწყო. პროგრამა „Summer Job“-ი საზაფხულო არდადეგებზე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტთა დასაქმებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათას სტუდენტს ხელფასის სახით 500 ლარს გადასცემენ.

 

დასავლეთის ქვეყნებში წარმატებით აპრობირებული ეს პროექტი ჩვენს ხელისუფლებას მაინცდამაინც წინასაარჩევნოდ გაახსენდა. იმ დროს, როცა ოპოზიციურ პარტიებს ამომრჩევლის მოსყიდვა ეკრძალებათ, ხელისუფლება აშკარად 500 ლარიან „საჩუქარს“ გადასცემს პოტენციურ ამომრჩეველს - სტუდენტებს.

საქართველოში სტუდენტთა დასაქმებასაც რომ პიარისთვის იყენებენ, ეს ყველაზე უკეთ თავად სტუდენტებმა იციან.

 

Presage.tv-ს ინფორმაციით, სასამართლოში უკვე შევიდა სტუდენტების სარჩელი, რომლებიც აცხადებენ, რომ დასაქმების საიტზე დარეგისტრირება ფიქტიური იყო და მხოლოდ თვითმმართველობასთან დაახლოებული სტუდენტების დასაქმებით შემოიფარგლებოდა.

 

ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი სტუდენტების სიები სტუდენტთა დამსაქმებელ ორგანიზაციას ბევრად ადრე ჰქონდა, ვიდრე დასაქმების საიტზე რეგისტრაცია დაიწყებოდა. ამიტომაც განსხვავებულად მოაზროვნე სტუდენტები მასზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებდნენ. იშვიათი გამონაკლისის სახით თუ ვინმეს გაუმართლებდა, მათთვის, „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებული სტუდენტებისგან განსხვავებით, დაწუნებული სამუშაო ადგილები იყო ხელმისაწვდომი და ხშირად ეს სამუშაო ადგილები  დედაქალაქიდან მოშორებულ რაიონებში მდებარეობდა. არადა, ნაციონალური დაპირება სულ სხვა რამეს ითვალისწინებდა - შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობიდან სასურველი ერთი ვაკანსია თავად სტუდენტს უნდა შეერჩია.

 

რაც შეეხება ნაციონალურ „5“ რიცხვთან ასოციაციით „გამოყვანილ“ 500 ლარიან ანაზღაურებას, სტუდენტები წინასწარ შეგუებულნი არიან, რომ რეალურად ხელზე 360 ლარს აიღებენ, რადგან თანხის სოლიდური ნაწილი ექვითებათ.

 

სტუდენტური დასაქმების პროგრამის ირგვლივ Presage.tv განათლების სფეროს ექსპერტებსა და სტუდენტებს ესაუბრა.

 

„დირექტორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორ თეა თუთბერიძე მსგავსი სოციალური პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვას სრულ უაზრობად მიიჩნევს. მისი აზრით, სტუდენტთა დასაქმების პროგრამაზე მილიონობით თანხები იხარჯება, ამ დროს კი ერთთვიანი დასაქმებით სტუდენტებს არაფერი ემატებათ, სახელმწიფო ბიუჯეტს კი საკმაოდ დიდი თანხა აკლდება.

თუთბერიძის შეხედულებით, უმჯობესი იყო, სტუდენტებისთვის ერთი თვის მანძილზე განკუთვნილი ფული უფრო ჭკვიანურად დახარჯულიყო. თუნდაც, კონკრეტული პროფესიები მიეცათ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ერთი თვის ნაცვლად, გაცილებით მეტხანს იმუშავებდნენ.

 

„ამ წუთის მონაცემებით, დაახლოებით 12 მილიონი იხარჯება ამ სტუდენტურ ერთთვიან პროგრამებზე. ჩემი აზრით, ეს ნიშნავს, რომ 12 მილიონი წყალში გადაყარონ“.

 

ამის მიუხედავად, თეა თუთბერიძე ვერ ადასტურებს, რომ სტუდენტთა დასაქმება მაინცდამაინც წინასაარჩევნოდ მათი მოსყიდვის მცდელობაა.

 

„როგორ მიგაჩნიათ, სტუდენტს, რომელსაც არ უნდა, რომ საკუთარი ხმა მისცეს სააკაშვილს, ერთთვიან პროექტში მონაწილეობა გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს? მეეზოვედ თუ იმუშავებს ქუჩაში და დაგვის ქუჩას, წავა და მიშას მისცემს ხმას? ჩემი აზრით, ეს ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციაა. ასევე, ეს სპეკულაციაა კონკრეტულად ოპოზიციურად განწყობილი სტუდენტების მხრიდან, რადგან, შესაძლოა, ამ პროექტში ოპოზიციურად განწყობილი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ამის გამო ხმას არ მისცემენ ხელისუფლებას. ხოლო ის სტუდენტები, რომლებმაც შეიძლება ამ მოტივით მისცენ ხმა სააკაშვილს,  ისედაც  სააკაშვილს მისცემდნენ ხმას, ყოველგვარი დასაქმების გარეშე,“ - გვითხრა თეა თუთბერიძემ.

 

ამასთან, თუთბერიძე არ გამორიცხავს, რომ მაინცდამაინც წინასაარჩევნო პერიოდში ამ პროექტის ამუშავება ხელისუფლებამ შეგნებულად გადაწყვიტა.

„სამწუხაროდ, ხელისუფლება ბევრჯერ იღებს ხოლმე გაუაზრებელ გადაწყვეტილებას და ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება სტუდენტთა დასაქმების პროგრამაა. ხშირად ხორციელდება ისეთი ოფიციალური პროექტები, რომლებიც აბსოლუტურად არაფრის მომცემი არ არის. ეს არის განათლების სამინისტროდან წამოსული, პიარზე აგებული კიდევ ერთი უაზრო პროექტი. რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს ეფექტური იქნება. თანაც, წინასაარჩევნოდ არის ხოლმე უფრო აქტიალუალური ასეთი ტიპის ოფიციალური პროექტების განხორციელება, რომელიც რეალურად არაფერს გვაძლევს, მაგრამ ხელისუფლებას ჰგონია, რომ რაღაცას მატებს“.

 

ამასთან, თეა თუთბერიძემ რამდენიმე წლის წინ განხორციელებული მსგავსი პროექტიც გაიხსენა, რამაც მაშინაც არაფერი მოუტანა სტუდენტებს, ბიუჯეტს კი თანხები დააკლდა.

 

„ალბათ, ეს შეგნებულად კეთდება შეუგნებელი ნაბიჯებით“, - განმარტა თეა თუთბერიძემ.

 

თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია მიიჩნევს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ადამიანმა შეიძლება გამოთქვას, როგორც მოსაწონი, ისე ძალიან უარყოფითი აზრი და წინასწარი განწყობით, კარგი საქმე ცუდად მონათლოს.

 

„როდესაც საუბარია, რომ ახალგაზრდა ადამიანს, შეიძლება, სამუშაო ჰქონდეს და თავისი ანაზღაურება მიიღოს ამ საქმეში, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. წინასაარჩევნო პერიოდში მოსყიდვად ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ერთი რამ ცხადია, სტუდენტები ვერ იმუშავებენ იმ დროს, როდესაც მათ სასაწავლო პროცესი აქვთ. ამიტომ ეს უნდა მოხდეს ზაფხულში. რადგანაც საზაფხულოდ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ამას მე მოსყიდვას ნამდვილად ვერ დავარქმევ. ასე ადვილად რომ ისყიდებოდნენ ადამიანები, არა მგონია“.

 

ამასთან, გია მურღულია ვერ აკონკრეტებს, ამ პროექტში მაინცდამაინც თვითმმართველობის წევრები ხვდებიან თუ არა.

 

„მაგას ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი, იქ ვინ ხვდება და ვინ - არა. ზუსტად უნდა ვიცოდე, რომ დასაქმების პროგრამაში მართლაც თვითმმართველობასთან დაახლოებული სტუდენტები ხვდებიან. ამ პროექტს ვამართლებ, ეს ახალგაზრდული პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს და ახალგაზრდებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, სწავლისგან თავისუფალ დროს გამოიმუშავონ თანხები, რაც მათ დაეხმარებათ, უკეთესად დაგეგმონ და გაატარონ დასვენების დღეები“.

 

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის, ვანო მეფარიშვილისთვის, სტუდენტთა ერთთვიანი დასაქმების პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ პიარია და სახელმწიფოს რატომღაც წინასაარჩევნოდ გაახსენდა ახალგაზრდების მოსყიდვა.

 

„ამით უნდათ, სტუდენტი ინდეფერენტული გახადონ და მოისყიდონ. ეს პროგრამა კანონდარღვევით განხორციელდა, რადგან სტუდენტს რეალურად დარეგისტრების საშუალება არ მიეცა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმ სტუდენტების შესახებ, ვინც ჯერ კიდევ რეგისტრაციის დაწყებამდე დარეგისტრირდა. ასეთი ბევრი სტუდენტია. მათ გარკვეული ნაცნობობითა და მეგობრობით მოახერხეს 21 მარტამდე დარეგისტრირება. ამის გამო სხვა სტუდენტების უმრავლესობა ვერ დარეგისტრირდა და ბევრ უკმაყოფილო სტუდენტთანაც მქონია ურთიერთობა“.

 

ვანო მეფარიშვილის ინფორმაციით, ორ დღეში შეივსო დასარეგისტრირებელ სტუდენტთა ბაზა და დღეს უკვე შეჩერებულია ეს პროცესი. ამდენად, სტუდენტს დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვს. თანაც, სტუდენტთა დასაქმების საიტი პერიოდულად დაბლოკილი იყო.

 

„ხელისუფლებამ სტუდენტების მოსყიდვა სწორად გათვალა, მაგრამ რეალურად, ამით სტუდენტი სარგებელს ვერ ნახავს, რადგან უამრავი ახალგაზრდა, ასობით სტუდენტი ვერ დარეგისტრირდა. დარეგისტრირდნენ მხოლოდ ნაცნობობით, ვინც დაახლოებული პირი იყო და თვითმმართველობასთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ეჭვი გვაქვს, რომ თვითმმართველობიდან წინასწარ გააგზავნეს სიები და დარჩა მხოლოდ მეორადი ვაკანსიები, ისიც - რეგიონებში. ყველა ის სერიოზული ვაკანსია, სადაც სტუდენტს შეეძლო რომელიმე სახელმწიფო უწყებაში, ბანკში ან ბიბლიოთეკაში, თანაც ახლო-მახლო ქალაქში, ემუშავა, 21 მარტამდე იყო დაკავებული“, - აღნიშნა ვანო მეფარიშვილმა.

 

„ლაბორატორია 1918“-ის წევრის, ალექსანდრე ცაგარელის აზრით, ამ პოპულისტურ ნაბიჯს შედეგი არ შეიძლება, მოჰყვეს.

 

„ადრეც ცხადდებოდა, რომ სტუდენტები თავიანთი პროფესიული კუთხით იმუშავებდნენ და პროფესიულად გაიზრდებოდნენ, თუმცა ასე არ არის. ისინი, უბრალოდ, ფულს აიღებენ, თანაც - რამდენიმე თვის შემდეგ, დაგვიანებით, როგორც ეს ამ რამდენიმე წლის წინ იყო. სინამდვილეში, არავინ იმუშავებს, რადგან, როცა არ არსებობს სამუშაო ადგილები, ასეთი მეთოდებით მათ ხელოვნურად ვერ შექმნი. ამდენად, ეს არის უაზრო პოპულისტური პიარ-აქცია, რომელიც  სტუდენტების ვითომ გულის მოგებაზეა გათვლილი“.

 

ამასთან, ალექსანდრე ცაგარელი ეჭვობს, რომ სტუდენტები ასე ადვილად მოტყუვდნენ. მით უფრო, რომ წინასაარჩევნოდ 500 ლარსაც ვერ აიღებენ ხელზე.

„500 ლარს ამბობენ, მაგრამ ამას უნდა გამოვაკლოთ გადასახადები, ბანკის განაკვეთი და თუ არ ვცდები, ხელზე ეს გამოდის 360 ლარი. ამ პროექტის თანახმად, ბევრი სტუდენტი მოხვდა გალერეების დასუფთავების პროგრამაში, ზოგიერთი მოხვდა არქიტექტურულ პროექტებში. სინამდვილეში, არა მგონია, მათ იქ რეალურად იმუშაონ, რადგან, თუ ეს ადგილები საჭირო იქნებოდა ამ დაწესებულებებისთვის, ისედაც აიყვანდნენ შესაბამის თანამშრომლებს“.

 

ცაგარელის თქმით, სასამართლოში უკვე შევიდა რამდენიმე საჩივარი, რადგან თვითმმართველობასა და ახალგაზრდულ ნაცმოძრაობასთან დაახლოებულ სტუდენტებს უკეთეს ადგილებზე მოხვედრის პრივილეგია ჰქონდათ, სადაც ფიზიკური შრომა ნაკლებად იყო საჭირო.

 

„სანამ რეგისტრაცია დაიწყებოდა, რამდენიმე თვით ადრე უკვე გადანაწილებული იყო საუკეთესო ადგილები. ამის მტკიცებულებები, ჩანაწერი და მიმოწერა გამოქვეყნდა და რამდენიმე სტუდენტმა შეიტანა საჩივარი, რომ არასამართლიანად, არათანაბარი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა ადგილების გადანაწილება. სტუდენტები ელოდებიან, როდის დაიწყება მათი სამუშაო, თუმცა არც მათ სჯერათ, რომ რეალურად ექნებათ სამუშაო და რამის გაკეთება მოუწევთ. უბრალოდ, იციან, რომ ფორმალურად არიან გაფორმებულნი. არა მგონია, ამ სუსტი პიარ-პროექტით ახალგაზდები, რომლებიც აქამდეც ოპოზიციურად იყვნენ განწყობილნი, რამენაირად შეიცვლიან თავის  დამოკიდებულებას“, - აღნიშნა ალექსანდრე ცაგარელმა.