თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა ინტერტნეტგამოცემა presage.tv-ს კორესპონდენტის, ნინო მიქიაშვილის სარჩელის მთავარი მოთხოვნა დააკმაყოფილა - მოსამართლემ ეროვნულ მუზეუმს დაავალა ჟურნალისტს გასცეს იმ კითხვებზე პასუხი, რომლითაც მუზეუმს მიმართა 2011 წლის 30 ნოემბერს და 6 დეკემბერს. ამავდროულად, მოსამართლემ მუზეუმი დაავალდებულა პასუხებთან ერთად ჟურნალისტს მისცეს იმ დოკუმენტების ასლები, რომელიც მუზეუმისგან გამოითხოვა.
ჟურნალისტის სასარჩელო მოთხოვნა ასეთი გახლდათ: საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის სამსახურის 2011 წლის 9 დეკემბრის N08/08-1379 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ეროვნული მუზეუმისთვის ქმედების განხორციელების დავალება; კერძოდ, ნინო მიქიაშვილი მიერ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატებთან დაკავშირებით 2011 წლის 30 ნოემბერს და იმავე წლის 6 დეკემბერს, განცხადებებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა.
ამ სასარჩელო მოთხოვნიდან დაუკმაყოფილებელი დარჩა მუზეუმის კომუნიკაციის სამსახურის 2011 წლის 9 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით ჟურნალისტის სარჩელის არსებითი განხილვა 14 მარტს გაიმართა. პროცესზე ნინო მიქიაშვილის უფლებებს მამუკა ნოზაძე ყოველგვარი ანაზღაურებისა და ანგარების გარეშე იცავდა, რისთვისაც მას ჟურნალისტი მადლობას უხდის. ეროვნული მუზეუმის ინტერესებს კი ირაკლი შარაბიძე წარმოადგენდა, რომელმაც მუზეუმის სახელით ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს მორიგება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
პროცესი ერთი საათი და ათი წუთი გაგრძელდა. ბოლოს მოსამართლემ აღნიშნა, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას ადგილზე თათბირით ვერ მიიღებდა და 29 მარტს, თერთმეტის ნახევარზე გამოაცხადებდა.
დღეს მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილების მოსასმენად თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც იყო მისული.
შეგახსენებთ, რომ კითხვები, რომლითაც ეროვნულ მუზეუმს გასული წლის ბოლოს presage.tv-მ მიმართა, ასეთია: 1. როდის და რა დოკუმენტის საფუძველზე გადაიტანეს სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ექსპონატები კონტეინერებში? 2. გთხოვთ, მიმითითოთ სად, როდის და რა მიზნით შეიძინეთ მასალა, რომელშიც კონტეინერში არსებული საეკლესიო ნივთებია (ჯვრები, ჭედური და ფერწერული ხატები, ოთხთავები...) შეფუთული? 3. ვინ და რის საფუძველზე მიიღო საეკლესიო ნივთების (ჯვრები, ჭედური და ფერწერული ხატები, ოთხთავები...) შეფუთვის გადაწყვეტილება? როდის დაიწყო, როდის დასრულდა შეფუთვა და უშუალოდ ვინ მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში? 4. რა თვისებების მატარებელია ზემოხსენებული შესაფუთი მასალა, ანუ რისგან იცავს იგი ნივთს? 5. კონკრეტულად რამდენ ხანს დაიცავს და შეინახავს ნივთს შესაფუთი მასალა? 6. რა თვისებების მატარებელია კლიმატ-კონტროლის ის აპარატი, რომელიც კონტეინერების იმ ნაწილშია დამონტაჟებული, სადაც საეკლესიო ნივთებია დაცული? 7. როდის და სად შეიძინა ეროვნულმა მუზეუმმა კლიმატ-კონტროლის აპარატი, რომელიც კონტეინერების იმ ნაწილშია დამონტაჟებული, სადაც საეკლესიო ნივთებია დალაგებული? 8. სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მთელი კოლექციაა კონტეინერებში გადატანილი, თუ მთლიანი კოლექციის რაღაც ნაწილი? 9. რის საფუძველზე მოხდა საეკლესიო ნივთებისა და სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული სხვა ექსპონატების კონტეინერებში მოთავსება? 10. სად და ვინ (მუზეუმმა თუ რომელიმე კომპანიამ, ან ფირმამ) შეიძინა კონტეინერები, რომელშიც ახლა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატებია განთავსებული? 11. ვინ აიღო პასუხისმგებლობა კონტეინერების დაპროექტებაზე, დამონტაჟებაზე? 12. რაში გამოიხატება ზემოხსენებული კონტეინერების სპეციალურობა (ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე 20011 წლის 21 ნოემბერს, ამ ინტერნეტმისამართზე http://www.museum.ge/web_page/geo/index.php?id=283 გამოქვეყნდა “საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადება სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის კოლექციებთან დაკავშირებით“, რომელშიც აღნიშნულია, რომ “კოლექციებისთვის დროებითი საცავი მოეწყო მესტიის მუზეუმის ეზოში დადგმულ სპეციალურ კონტეინერებში“)?
ეს ის კითხვებია, რომლითაც ჟურნალისტმა ეროვნულ მუზეუმს 2011 წლის 30 ნოემბერს მიმართა. თითოულ კითხვაზე პასუხთან ერთად ნინო მიქიაშვილმა მოითხოვა პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. კითხვების მეორე პარტია, რომელიც მუზეუმს 2011 წლის 6 დეკემბერს ჩაბარდა, ანალოგიური ფორმით იყო შედგენილი. მათი შინაარსი კი ასეთი გახლდათ:
1. როდის და რის საფუძველზე მოხდა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში მდგარ კონტეინერებში დაბინავებული საეკლესიო ნივთების (ჯვრები, ხატები, ოთხთავები და სხვა) მესტიის მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანა? 2. რა სახის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა მუსიკალური სკოლის შენობაში, უშუალოდ რომელმა კომპანიამ (ან ფირმამ) განახორციელა სარემონტო სამუშაოები, ვინ გამოყო რემონტისთვის საჭირო თანხა და კონკრეტულად რამდენი ლარი დაიხარჯა რემონტისთვის? 3. მუსიკალური სკოლის შენობაში მხოლოდ საეკლესიო ნივთები გადაიტანეთ, თუ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მთელი კოლექცია? 4. გამოიცა თუ არა ბრძანება საეკლესიო და სხვა ნივთების კონტეინერებიდან მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანაზე?
5. უშუალოდ რომელი სტრუქტურაა პასუხისმგებელი საეკლესიო და სხვა ნივთების მდგომარეობაზე, თუ ისინი დაზიანდა, მუზეუმის შენობიდან კონტეინერებში და შემდეგ კონტეინერებიდან მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანისას? 6. კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა ექსპონატების გადატანის პროცესში? 7. მოხდა თუ არა სამუზეუმო ექსპონატების ინვენტარიზაცია? თუ მოხდა, მაშინ კონკრეტულად ვინ არის პასუხისმგებელი განხორციელებულ ინვენტარიზაციაზე, რის საფუძველზე განხორციელდა ინვენტარიზაცია? 8. მთლიანობაში რამდენმა ექსპონატმა დაიდო ბინა მუსიკალური სკოლის შენობაში, რა დრო დასჭირდა მათ გადატანას და კონკრეტულად რით განხორციელდა მათი ტრანსპორტირება?
9. კონკრეტულად სად, მუსიკალური სკოლის შენობის რომელ სართულზე განათავსეთ საეკლესიო ნივთები (ჯვრები, ხატები, ოთხთავები და სხვა)? 10. მუსიკალური სკოლის შენობის რომელ სართულზე დააბინავეთ ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მასალა? 11. გადატანის დროს გაიხსნა თუ არა შეფუთული საეკლესიო ნივთები? თუ გაიხსნა, გთხოვთ, მიპასუხოთ რა იყო ამის მიზეზი? ისევ იმავე ქაღალდებში შეიფუთა თუ არა? და კიდევ, საინტერესოა ყველა საეკლესიო ნივთის გახსნა მოხდა, თუ მათი ნაწილის? 12. როგორია საეკლესიო ნივთებისა და სხვა ექსპონატების მდგომარეობა, აქვთ თუ არა მათ მიღებული დაზიანება?
13. შეძლებენ თუ არა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლები სამუზეუმო საქმიანობის განხორციელებას, მუსიკალური სკოლის შენობაში? თუ შეძლებენ, ეს შენობის რა ნაწილში მოხდება - პირველ სართულზე, მეორეზე თუ სად? 14. აქვს თუ არა ეროვნულ მუზეუმს მუსიკალური სკოლის შენობის ტექნიკური დასკვნა? თუ აქვს, გთხოვთ, მომაწოდოთ ტექნიკური დასკვნის ასლი.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ე.წ. სპეციალური კონტეინერებიდან ეროვნული საგანძური 2011 წლის 2 დეკემბერს გადაიტანეს მესტიის მუსიკალური სკოლის დამეწყრილ, ნაპრალებიან და ნესტიან შენობაში, რომელიც სახელდახელოდ შეაკეთეს. საქართველოს ეკლესიამ და უშუალოდ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ხელისუფლებას შესთავაზა საგანძურისა და სხვა ექსპონატების დაბინავება მესტიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, რომელსაც მუზეუმს უთმობდა საცავად, ახალი შენობის აშენებამდე. ხელისუფლებამ ამ წინადადებაზე უარი თქვა.
კულტურის მინისტრი - ნიკა რურუა, მიხეილ სააკაშვილი და ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ირწმუნებიან, რომ საგანძური საუკეთესო პირობებში იყო და არის.
ფაქტები და ასევე - ნინო მიქიაშვილის მიერ მესტიიდან ჩამოტანილი ფოტო, აუდიო და სამსაათიანი ვიდეომასალა საპირისპიროზე მეტყველებს.