დავით კირკიტაძე და ლადო ვარძელაშვილი რეგიონული ტელევიზიებით დაინტერესდნენ?

დავით კირკიტაძე და ლადო ვარძელაშვილი რეგიონული ტელევიზიებით დაინტერესდნენ?

ქვემო ქართლის გუბერნატორი, ერთ დროს ნაციონალური მოძრაობის ყველაზე აქტიური და სკანდალური სახე, დავით კირკიტაძე, რომელიც მმართველი გუნდის ე.წ. ზონდერბრიგადების კოორდინატორიცაა, რეგიონული ტელევიზიებით ინტერსდება.

უკვე დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დავით ხამაშურიძის სახელზეა. ოფიციალური დოკუმენტებით, ის აქციების 51%-ს ფლობს. აქციების 34%-ს მფლობელია როლანდ მგალობლიშვილი, ხოლო 15%-ს, რუსთავის ყოფილი მერის, მერაბ ტყეშელაშვილის ხელშია. 

ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნებულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერაც. 

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ინტერესი ადგილობრივი ტელევიზიის მიმართ ყოველთვის გამოკვეთილი იყო.

ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი წერს, რომ შარშან, ქვემო ქართლის ტელევიზიის დირექტორად კირკიტაძის პრესმდივანი - ხათუნა მამარდაშვილი დაინიშნა. მამარდაშვილი დღესაც ხელმძღვანელობს ტელევიზიას, თუმცა ამ თანამდებობასთან ერთად ის, დროდადრო, გუბერნატორის პრესმდივნობასაც ითავსებს.

რუსთავში სააკაშვილის ბოლო ვიზიტისას დაცვის სამსახური პრეზიდენტთან შეხვედრაზე შესასვლელად ჟურნალისტებს ნებართვის აღებას, სწორედ, მამარდაშვილისგან სთხოვდა.

ტელე-მაუწყებლების სამართლებრივ ურთიერთობებს  - "საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ“  არეგულირებს. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის თანახმად მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ უნდა იყოს "ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, ან თანამშრომელი“, ასევე მფლობელი არ უნდა იყოს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი“.

Presage.tv-ის ინფორმაციით კირკიტაძე მხოლოდ ქვემო ქართლის ტელევიზიით არ დაინტერესებულა. მისი  ინტერესის სფეროში ტელევიზია „დიაც“ მოხვდა, რომელიც შიდა ქართლში მაუწყებლობს. ამ ტელევიზიით, რომლის ოფისიც უკვე გორში განთავსდა, კირკიტაძესთან ერთად შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად კი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც არის დაინტერესებული.

„დეა“ მანამდე დავით ლომიძისა და არჩილ ნოზაძის საკუთრება იყო. 2011 წლის 1 ნოემბერს ლომიძე-ნოზაძის კუთვნილი „დეას“ 100%-ის მფლობელი საბოლოოდ გახდა გურამ გოგოლაძე, რომელიც ლადო ვარძელაშვილთან დაახლოვებული პირია. ტელევიზიის მმართველად კი, 2012 წლის იანვრის ბოლოს გიორგი კალატოზიშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს გორის უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწეა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც კურირებს. 

თავად გურამ გოგოლაძე ამბობს, რომ მედიაბიზნესით ის უკვე 3-4 წელია დაინტერესდა და მის გადაწყვეტილებას ლადო ვარძელაშვილთან საერთო არაფერი აქვს. გოგოლაძე ამბობს, რომ მისი მიზანი ტელეკომპანია „დეას“ განვითარებაა, თუმცა რა იგულისხმება ამ "განვითარებაში", მფლობელი ვეღარ აკონკრეტებს. მათ საკაბელო ტელევიზია „კოსმოსიც“ შეიერთეს. შპს ,,კოსმოსის“ დამფუძნებლები გორის  ყოფილი გამგებელი ზაზა კოშაძე და მისი მეუღლე ნინო ჯაკობია იყვნენ. 

არადა, გოგოლაძე მედიაბიზნესით მანამდე არასდროს დაინტერესებულა. მათ შორის არც 3-4 წლის წინ. 

ბიზნესწილები, რომელსაც ის ფლობს, სულ სხვა სფეროს განეკუთვნება.

გურამ გოგოლაძეს ეკუთვნის სპორტკომპლექს „არენას“ 100%-იანი წილი, რომელიც 10 იანვარს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა გახსნა. გოგოლაძემ 6 თებერვალს საქართველოს ნორდიკული ფედერაცია (საქართველოს ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომისა და სათხილამურო ორჭიდის ფედერაცია) დააფუძნა და ერთ-ერთი მმართველია, ამავდროულად არის შპს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის რექტორი. 

შპს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის 100%-იან წილს კი შპს პეგასი ფლობს, რომლის 100%იანი წილის მფლობელი და დირექტორიც ასევე გურამ გოგოლაძეა. ის ასევე შპს პრაიმ ტური-ს 50%იანი წილის მფლობელია და  ეკოგრუპში 41.6%  წილს ფლობს.