ბათუმში კვერცხებისა და შლოპანცების ქანდაკების შემდეგ „ჭაჭის კოშკი“ აშენდება. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ქართულ მედიაში გავრცელდა. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის სიუჟეტის თანახმად, ზაფხულის ბოლოს აჭარის მთავარ ქალაქში ორიგინალური შადრევანი გაიხსნება. სანაპიროზე, გოგებაშვილის ქუჩაზე შენდება კოშკი, საიდანაც კვირაში ერთხელ, 10-15 წუთის განმავლობაში შადრევნიდან, წყლის ნაცვლად, ქართული ჭაჭა გადმოვა. ეს ორიგინალური იდეა ტურისტების მოსაზიდად ჩაიფიქრეს და ის დრო, როდესაც შადრევნიდან ჭაჭა იდენს, კომერციულ კომპანიებს თავისი საქმიანობის რეკლამირებისთვის დაეთმობათ. 25-მეტრიანი კოშკის ინფრასტრუქტურაში, ჭაჭის შადრევნის გარდა, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, ოთხი ღია აუზი და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებიც იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჭაჭის კოშკის“ მშენებლობისთვის 855 ათასი ლარი დაიხარჯება. მშენებლობის დასრულება 15 სექტებრამდე იგეგმება.
ყველას კარგად გვახსოვს ბათუმში კვერცხებისა და შლოპანცების ქანდაკების დადგმა, რასაც დიდი ხმაური მოჰყვა. მოგვიანებით ბათუმის სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიიდან კვერცხებისა და შლოპანცების ქანდაკება ახალ ბულვარში გადაიტანეს. ქართული საზოგადოებისთვის არავის აუხსნია ან თავიდან რატომ დაიდგა ქანდაკება „რედისონის“ მახლობლად, ან შემდეგ რატომ შეუცვალეს მას ადგილი. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქანდაკების დადგმისთვის ბათუმის მერიამ 160 000 ლარი გამოყო.
ასევე ყველას გვახსოვს თბილისში გიგანტური ველოსიპედის ქანდაკებაც, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა უნდა მოეხდინა. ოფიციალური ინფორმაციით ეს ქანდაკება 78 ათასი დაჯდა, მაგრამ არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, ეს თანხა გაცილებით მეტი იყო. არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რამდენმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყოლოდა ამ ველოსიპედის ნახვის შემდეგ.
ბევრს აღარც კი ახსოვს ალბათ თბილისში თამარ მეფის სახელობის ხიდთან „პრომეთეს“ ცნობილი ქანდაკება, რომელიც შემდეგ უკვალოდ გაქრა. თბილის მერიის ინფორმაციით, ქანდაკების მონტაჟის ღირებულება 90 506 ლარი იყო, მაგრამ არასოდეს დაკონკრეტებულა ქანდაკების დემონტაჟის მიზეზები და ამაზე გაწეული ხარჯი.
უფრო შორს რომ წავიდეთ, შეგვიძია გავიხსენოთ თბილისში, რიყეზე დამონტაჟებული ატრაქციონი ე.წ. „სათვალთვალო კოშკურა“, რომლითაც პირველმა მიხეილ სააკაშვილმა იმგზავრა. კოშკურა იმ დღესვე გაფუჭდა. მართალია გარკვეული დროის შემდეგ ის შეაკეთეს, მაგრამ მალე იგი ისევ გაჩერდა და მის დემონტაჟამდე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო უფუნქციოდ. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, კოშკურის მონტაჟი 900 000 ლარი დაჯდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მერია კოშკურის მონტაჟზე დახარჯული თანხის ოდენობას ასაიდუმლოებდა. ოფიციალურ წერილებზე კი, რომლებიც მერიას ოპოზიცონერმა დეპუტატებმა თუ მედიის წარმომადგენლებმა მისწერეს, მერიამ უპასუხა, რომ ამ საკითხს გრიფი საიდუმლო ადევს.
მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, „ჭაჭის კოშკის“ მსგავსი „სიკეთეები“ ამ ხელისუფლებისგან ბევრი გვახსოვს, მაგრამ ამ ინიციატივამ ყველა გააოგნა. როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის პოეტ დავით მაღრაძეს დავურეკეთ, თავიდან მან იფიქრა, რომ ეს ხუმრობა იყო. შემდეგ კი, როდესაც ავუხსენით, რომ არ ვხუმრობდით, გვითხრა, რომ ალბათ, ეს იმ ერთი მესამედი მსოფლიოს მოსაზიდად გაკეთდა, რამელიც ბათუმში დადგმულმა კვერცხებმა და შლოპანცებმა ვერ მიიზიდა.
„კვერცხებისა და შლოპანცების ქანდაკებამ მოიზიდა მსოფლიოს ორი მესამედი, დარჩა ერთი მესამედი, რომელიც ჯერ საქართველოში არ ჩამოსულა. ეს ერთი მესამედი ცოტა ეჭვის თვალით უყურებდა კვერცხებს და შლოპანცებს და ახლა უკვე გაბედულად მიიღებს საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებას. ეს ერთი მესამედიც რომ შეივსება, ლაზიკას მოსახლეობაც ჭაჭის კოშკით მოზიდული ადამიანებით დაკომპლექტდება“, - აცხადებს დავით მაღრაძე presage.tv-სთან საუბარში.
დავით მაღრაძის თქმით, ეს კოშკი იქნება დემოკრატიის ზეიმი საქართველოში. ამასთანავე პოეტი მოუწოდებს ლუის ნავაროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევა ჩაატაროს.
„იქნებ ნავარომ ჭაჭის კოშკთან დაკავშირებით თავისი უტყუარი კვლევები ჩაატაროს, გამოკითხოს მოსახლეობა, მათი აზრით მსოფლიოს ის დარჩენილი ერთი მესამედიც თუ წამოყვება იმ ორ მესამედს და შემდეგ ამ კოშკის დადგმა უფრო არგუმენტირებული იქნება“ - ამბობს დავით მაღრაძე.
„ქართული აკადემიის“ წევრი თემურ ნანეიშვილი კი ვერ იჯერებს, რომ შესაძლებელია ასეთი რამ ვინმეს სერიოზულად მოსვლოდა თავში.
„სისულელეს ზღვარი არ აქვს. ჯერ ერთი ჭაჭა ფული ღირს, მეორეც, ეკოლოგიურადაც არ არის გამართლებული ასეთი წამოწყება და ბოლოს იქ ბავშვებიც მივლენ და ვინ გააკონტროლებს ამ პროცესს? არანაირად არ არის ამის გაკეთება მიზანშეწონილი და არ მგონია, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს. არც ამდენად გარეკილები არიან, რომ ასეთი რამ გააკეთონ. ოდნავ მაინც გონიერი ადამიანის ტვინში ასეთი აზრი არ მგონია დაიბადოს.“- აცხადებს presage.tv-სთან საუბარში თემურ ნანეიშვილი.
ისე მართლაც საინტერესოა, მართლაც, ვინ გააკონტროლებს, რომ ამ შადრევნიდან თუ „ჭაჭრევნიდან“ არასრულწლოვანმა არ მიირთვას ალკოჰოლური სასმელი. სოციალურ ქსელებში კი უკვე დაისვა კითხვა - იქვე „ზაკუსკა“ თუ გაიყიდებაო. ძალიან საინტერესო სანახავი იქნება ბათუმში ჩამოსული ტურისტი, რომელიც ვერ შეესწრება იმ 15 წუთიან პროცესს, როდესაც შადრევნიდან ჭაჭა წამოვა და ინანებს, ნეტა რამდენიმე დღით კიდევ დავრჩენილიყავი საქართველოშიო.
საერთოდ შეიძლება ვინმემ გვითხრას, რომ ეს კვერცხები და შლოპანცები, ველოსიპედის ქანდაკება და ა.შ. თანამედროვე ხელოვნების ტენდენციებია, ხოლო „ჭაჭის კოშკი“ ტურისტების მოსაზიდად კეთდება, მაგრამ მთავარი აქ სხვა რამ არის. რამდენად მიზანშეწონილია ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს ასეულ ათასობით ლარის დახარჯვა ამგვარი „ხელოვნების ნიმუშებისთვის“, თორემ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ძალიან ბევრია უცნაური ძეგლები დგას, სხვადასხვა ნივთის გიგნატური ქანდაკებები და ა.შ.