უგემოვნობის გამოცდა

უგემოვნობის გამოცდა

27 მარტიდან „გლობალ TV“-ის ქსელიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ითიშება. არხის ხელმძღვანელობა მიზეზად „კავკაზუს-TV“-სთან ერთობლივ პროექტს ასახელებს.

ტელეკომპანია „იმედმა“ საკაბელო კომპანია „გლობალ TV “-სთან ურთიერთობა 15 მარტიდან გაწყვიტა და მიზეზად პარტნიორი საკაბელო კომპანიის შექმნა დაასახელა.

„ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია „ბლექ სი სატი“ გეგმავს საკაბელო ტელევიზიის შექმნას. კომერციული მიზნებიდან გამომდინარე შპს „ტელეიმედს“ მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მისი არხის რეტრანსლაცია მოხდეს პარტნიორი  და არა კონკურენტი საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით“, - ნათქვამია „გლობალ TV “-სთვის გაგზავნილ წერილში.

იმის მიუხედავად, რომ ჯერ არარსებულ საკაბელო მაუწყებლობაზე იყო ლაპარაკი, „იმედმა“ გლობალ TV-ს რეტრანსლაციის შეწყვეტა ორი კვირის წინ მაინც მოსთხოვა. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ „იმედს“ ურთიერთობა სხვა საკაბელო კომპანიებთან არ გაუწყვეტია. „სილქ TV“-სა და „სუპერ TV“-ს მეშვეობით „იმედის“ რეტრანსლირება ჩეულ რეჟიმში ხდება.

„გლობალ TV “ ერთ-ერთი მსხვილი საკაბელო ოპერატორია, რომლსაც თბილისსა და რეგიონებში საკმაოდ ფართო ქსელი აქვთ, მისი მფლობელი კი ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვლია.

როგორც ტელეკომპანია „იმედში“  განმარტავენ,  უშუალო კონკურენტი მხოლოდ „გლობალ TV“-ია, რადგან მათ აქვთ დეკოდერები, ანუ თეფშისა და ანძის მეშვეობით ხდება სიგანლის მიწოდება - თეფშით იღებენ მაუწყებლობას ანძიდან და არა სატელიტიდან. ამგვარად აპირებს მაუწყებლობის გავრცელებას „ბლექ სი სატიც“, სხვა პროვაიდერები კი კაბელის მეშვეობით გადასცემენ სიგნალს და ისინი „იმედს“ კონკურენტებად არ მიაჩნია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „ბლექ სი სატმა“ მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებული ავტორიზაცია მიმდინარე წლის 24 მარტს უკვე გაიარა. 

გია ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, რომ ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელება მთლიანად მოსპოს  ქვეყანაში და გადამწყვეტ ბრძოლაზე გადავიდა.

„ბიზნესის გაგებითაც კი, რასაც ეს კომპანია ამბობს, ყოვლად წარმოუდგენელია. ბიზნესში ასეთი რაღაცეები არ ხდება, ასეთი მახინჯი მეთოდებით არ იშორებენ კონკურენტებს. ეს არის არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, თეთრი ძაფით ნაკერი და ბიზნესმენი, რომელიც ამას აკეთებს, შავ სიაშია შესაყვანი. თუმცა არველაძეს ბიზნესზე ისეთივე წარმოდგენა აქვს, როგორიც ტელევიზიაზე, ამიტომ მისთვის ეს ბიზნესეთიკაც აბსოლუტურად გაუგებარია“, - აცხადებს ხუხაშვილი.

ცოტა რამ კომპანიაზე, რომელიც ცოტა ხანში გლობალ TV-ს კონკურენტი გახდება.

„ბლექ სი სატი“ (იგივე „მედიაქეიშენი“) 2011 წლის მარტში შეიქმნა. მისი დირექტორი მამუკა ცქიტიშვილია, რომელიც კომპანიის 5 პროცენტს ფლობს. კომპანიის 70 პროცენტი შპს „ბლექ სი გრუპს“ ეკუთვნის, დანარჩენი წილები კი ასე ნაწილდება - გიორგი აბუაშვილი -10 პროცენტი, თამარ გრძელიშვილი - 10 პროცენტი, ლევან გიორგაძე - 5 პროცენტი.

ცნობილია, რომ „ბლექ სი გრუპი“ კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად საქართველოში მიმდინარე საგზაო სამუშაობს აწარმოებს. მის  უკან კი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე მოიაზრება. 
ცნობილია, რომ „ბლექ სი სატმა“ მახათას მთაზე უკვე დადგა სადგური, რითაც მაუწყებლობის ტრანზიტს განახორციელებს. 
„გლობალ-ტვ“-ს სამაუწყებლო ბადიდან  „იმედის“ ამოღებას ყველა ერთმნიშვნელოვნად „მე-9 არხს“ უკავშირებს. ცნობილია, რომ „მეცხრე არხს“ „გლობალ TV“-ის აბონენტები მიიღებენ, „კავკაზუსი“ და „სილქნეტი“ კი უარს აცხადებენ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის მაუწყებლობის გავრცელებაზე.
„ვითომ ბიზნესარგუმენტაციას იშველიებს საკმაოდ უკბილოდ, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რაშიც არის საქმე“- ამბობს გია ხუხაშვილი. იგი თვლის, რომ ნაკლებად სავარაუდოა, გლობალმა ამ პრობლემის გამო დაკარგოს აბონენტები,

„სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ ნაციონალურმა არხებმა საკუთარ თავს დაუგეს ხაფანგი. ადამიანებს შეუძლიათ შეინარჩუნონ გლობალი და ნაციონალური არხები მიიღონ ჩვეულებრივი ანტენით და თუ გლობალიც დაეხმარება ამ ელემენტალური პრობლემის მოგვარებაში. ანუ, ჩვეულებრივი ანტენის დაყენებაში ეს იქნება უბრალოდ, სწორი მარკეტინგი. ამ შემთხვევაში ისევ თვითონ იქნებიან წაგებულები, რადგან ამ შემთხვევაში მაყურებელი სრულიად უფასოდ მიიღებს ნაციონალურ არხებს. მგონია, რომ თვითონაც არ უწყიან რას აკეთებენ, უკვე წარმოუდგენელ ფაზაში არიან შესულები“, - ამბობს ხუხაშვილი.

გლობალის წარმომადგენლებიც თვლიან, რომ მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია საეთერო ანტენა გამოიყენოს ამ არხების მისაღებად ისე, რომ არავითარი დისკომფორტი არ განიცადოს. დისტანციური პულტით უნდა გადართონ გლობალის სისტემაზე და უყურონ 112 არხს, ან ღილაკის ერთი დაჭერით გადართონ და მიიღონ „რუსთავი 2“, ან „იმედი“.
„მას შეეძლო მოემატებინა ღირებულება ან სხვა ირიბი მეთოდები გამოეყენებინა, მაგრამ როცა თიშავ,  გასაგებია აქ რაც ხდება. ბიზნესეთიკასაც თავი რომ დავანებოთ ყველას კარგად ესმის რა არის მთავარი მოტივი. მათ ჰგონიათ, ჩაეხსნება ყველა და გლობალი დაკარგავს აბონენტებს. მე ვფიქრობ, რომ ეს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი გამოცდაა. წამოეგებიან უგემოვნო სანახაობის ანკესზე თუ შეინარჩუნებენ თავის მოქალაქეობრივ ღირსებას. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. უფრო მაღალი აზრის ვარ ქართულ საზოგადოებაზე, ვიდრე ბატონი არველაძე“- აცხადებს გია ხუხაშვილი.

როგორც ხუხაშვილი ამბობს, ამ შემთხვევაში საქმეში ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ჩართვაც უაზრობაა, რადგან მასაც იგივე ადამიანი აძლევს მითითებებს, ვინც არველაძეს „იმედის“ „გლობალ TV“-დან რეტანსლირება შეაწყვეტინა.