მსახიობები პოლიტიკურ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის 40 მსახიობი სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს. გათავისუფლების საფუძვლად მსახიობები ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდთან თანამშრომლობის გაგრძელებას ასახელებენ. საქართველოს დამსახურებული არტისტი, მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი პავლე ნოზაძე თეატრიდან გაშვების მიზეზებს იხსენებს. მისი თქმით, თეატრის მმართველმა მიშა ანთაძემ მას ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდთან თანამშრომლობის შეწყვეტა მოსთხოვა და სანაცვლოდ ხელფასის მომატებას დაჰპირდა. მიშა ანთაძემ პავლე ნოზაძეს პირდაპირ განუმარტა, სახელმწიფო იმისთვის გიმატებთ ხელფასს, რომ ფონდ „ქართუსთან“ დახმარებას არ მოაწეროთ ხელი, რადგან ეს არის რუსული ფული და არ უნდა მიიღოთ. „მე ვუთხარი, თქვენ მევაჭრებით და მე ფონდ „ქართუსთან“ გავაფორმებ ინდივიდუალურ ხელშეკრულებას, რადგან ძალიან გვიჭირს“, - აღნიშნა პალიკო ნოზაძემ. Presage. tv-სთან საუბარში მსახიობები აცხადებენ, რომ საქველმოქმედო ფონდი მათი ოჯახის ერთადერთი წყარო იყო და მასზე უარს ვერ იტყოდნენ. ამიტომაც იანვარში ფონდთან ხელშეკრულება განაახლეს. მსახიობებისთვის, ასევე, გაუგებარია, რას ნიშნავს მათი თეატრის ორი არტისტისთვის - ლადო მექვაბიშვილისა და რეზო თავართქილაძისთვის ვარსკვლავის გახსნის დაპირება, და შემდეგ მათი „უპრაგონოდ“ გაყრა თეატრიდან. ისინი მთელ პასუხისმგებლობას თეატრის დირექტორ მიხეილ ანთაძეს აკისრებენ, რომელმაც 40 თანამშრომლის გათავისუფლება რეორგანიზაციის მოტივით ახსნა, ამ დროს კი თავის დროზე ხელშეკრულებები მათ ცალმხრივად გაუფორმა, რაზეც ხელი პირადად არ მოუწერია. საინტერესოა, რა შეიცვალა თეატრის მმართველის პოზიციაში, როცა იგი აქამდე დაუფარავად აცხადებდა, რომ თეატრის რემონტი თითქმის ათ წელიწადს გრძელდებოდა და მხოლოდ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ ჯგუფის“ დახმარებით მოხერხდა მისი დასრულება. გარდა ამისა, მიშა ანთაძე აქამდე ვერაფერ საძრახისს ვერ ხედავდა, რომ მისი მსახიობები სწორედ ამ ბიზნესმენისგან იღებდნენ გარკვეულ თანხას ხელფასების სახით. სხვათაშორის, ეს ის მიხეილ ანთაძეა, რომლის თეატრის მმართველად დანიშვნასაც რამდენიმე წლის წინ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. იმ დროს მსახიობების ნაწილმა თეატრი დატოვა. ამჯერად კი მიშა ანთაძის ტონი მსახიობებთან კატეგორიულია. მომხდართან დაკავშირებით Presage.tv მსახიობებსა და რეჟისორებს დაუკავშირდა. მსახიობი და რეჟისორი დიმა ჯაიანი აცხადებს, რომ მსახიობების გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. „იმ კაცის დახმარება, რომელიც სიკეთეს თესავს და ამ ადამიანებს ცხოვრების დონეს უუმჯობესებს, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს და 40 კაცი თეატრიდან გაუშვეს. ამ მსახიობებს „ქართუ ბანკში“ ჰქონდათ ანაბარი გახსნილი და სწორედ ამას უკავშირებ მათ დათხოვნას. შეიძლება, კაცმა უარი თქვა იმაზე, როცა სხვა ადამიანი სიკეთეს გიკეთებს? ბატონი რევაზ თავართქილაძე ქართული თეატრის სინდის-ნამუსია. ვინმე რომ ეტყვის რევაზ თავართქილაძეს, აქამდე უშენოდ იყო თეატრი და მომავალშიც კიდევ იარსებებს, თუკი არ იქნებიო, ეს უკვე მარაზმია,“ - აცხადებს დიმა ჯაიანი. მისი თქმით, მიშა ანთაძე თავად მარაზმი და გაუგებარი პიროვნებაა, როგორც მწერალი, შემოქმედი, მოქალაქე. „თავად ვინ არის, ვერ გაიგებ. არა მგონია, რურუას ამ მსახიობების გაშვებასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს, მამამისი ძალიან კარგი პიროვნებაა, ბატონი ვახტანგი შესანიშნავი მხატვარია და არ შეიძლება, მისი შვილი ანთაძესთან იყოს დაკავშირებული“, - აცხადებს დიმა ჯაიანი. მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე მიიჩნევს, რომ მოზარდმაყურებელთა თეატრის მმართველმა, რომელიც ამდენი ხანია, შემჩნეულია მსგავს საქციელში, პასუხი უნდა აგოს. „ბედავს და ათავისუფლებს ამდენ ადამიანს, ფაქტობრივად, ქუჩაში უშვებს. ეს სერიოზიულად გამოსაკვლევი საქმეა. სხვათაშორის, კულტურის სამინისტრო მომხდარის შესახებ საქმის კურსში იყო და დაჰპირდა კიდეც მსახიობებს, არ აღელვებულიყვნენ, ამ საქმეს აუცილებლად მივხედავთო. და, თუ ასე „მიხედეს“, რომ მერე ეს ადამიანები ქუჩაში გაუშვეს, აფერუმ, მათ“, - აცხადებს ნინელი ჭანკვეტაძე. მისი თქმით, მომხდარის გამო საქმეში სასწრაფოდ უნდა ჩაერიოს კულტურის სამინისტრო და ყველა ის, ვინც ამ საქმეში ჩახედულია. ნინელი ჭანკვეტაძის თქმით, სხვა თეატრის მმართველებიც ადასტურებენ, რომ მიხეილ ანთაძეს სერიოზული შეცდომები აქვს დაშვებული მმართველობაში, თუმცა, შესაძლოა, ეს შეცდომები სულაც არ იყოს და გაცილებით მეტ რეაგირებას იმსახურებდეს. „ეს გამოსაძიებელია და ის ხალხი არაფერ შუაშია, მსახიობები თავიანთ თანამდებობაზე სასწრაფოდ აღსადგენნი არიან. მათი გაშვება უკანონო ქმედებაა“. Presage. Tv მოზარდმაყურებელთა თეატრიდან დათხოვნილ მსახიობებს დაუკავშირდა. მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ „თეატრის მმართველი ჩამოყალიბებული დეგენერატი, აბსოლუტურად არაკომპეტენტური კაცია“, რომელსაც 6 თვის გაუცემელი ხელფასები დაუგროვდა. „საიდან მოვიდა ეს ადამიანი ჩვენს თეატრში, აზრზე არ ვარ. იგი თეატრის რეჟისორი კი არა, პროფესიული ქურდბაცაცაა. მან თანხები მიითვისა. თეატრს მილიონიანი დაფინანსება აქვს. კულტურის სამინისტრო როგორ არ გადმოგზავნიდა თანხას, ეს კი არ გვაძლევს ხელფასებს. ფულის გათეთრება უნდოდა. როგორც ჩანს, ფული შეჭმული ჰქონდა და ჩვენ გვეუბნებოდა, სკოლის მოსწავლეები რომ მოვლენ სპექტაკლებზე, ფულს ამოვიღებთო. მერე კი თავს იმართლებდა, პლეხანოვის რეაბილიტაციამ შეგვიშლა ხელი თანხების ათვისებაშიო“. ნუგზარ ყურაშვილი აცხადებს, რომ მათ საქმის კურსში კულტურის სამინისტრო ჩააყენეს, თუმცა მათგან პასუხი რატომ იგვიანებს, არ იცის. მსახიობი ნიკა კვანტალიანი ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებს. მისი თქმით, მათი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც 5 მარტს განცხადება შეიტანეს კულტურის სამინისტროში. „დარწმუნებული ვართ, განცხადება მინისტრამდე არც მისულა და დაბალ ეშელონებშია გამქრალი. ჩვენს დევნას, ასევე, ვუკავშირებთ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებას. პირდაპირ გვითხრა მმართველმა, რადგან თქვენ აიღეთ ეს დახმარება, იცოდეთ, წახვალთ ამ თეატრიდანო“. ამის მიუხედავად, ნიკა კვანტალიანი ბიძინა ივანიშვილის დახმარებაზე უარის თქმას არ აპირებს, რადგან, სხვა მსახიობებთან ერთად, ყოველგვარი სახსრისა და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. „თუ სხვა ალტერნატივას შემოგვთავაზებს მთავრობა და მიაბრძანებს მიხეილ ანთაძეს, ამის შემდეგ, შეიძლება, სხვა რამეზე ვისაუბროთ. სანამ მიხეილ ანთაძე იქნება ამ თეატრში, დარწმუნებული ვარ, არცერთი ჩვენგანი არ გაეკარება ამ თეატრს. ამის გარანტიას გაძლევთ.“ ნიკა კვანტალიანის ინფორმაციით, გუშინვე ერთი მსახიობი საკუთარი ნებით გამოაკლდა მოზარდმაყურებელთა თეატრს, სპექტაკლის დამთავრების შემდეგ რამონა მიქელაძემ აღნიშნა, ჩემი 40 კოლეგის გვერდით ვდგავარ და თავს ვალდებულად ვთვლი, წამოვიდე თეატრიდან. კვანტალიანის თქმით, თუკი მათ თეატრში რაიმე ნორმალური და სახიერი სპექტაკლი არსებობდა, ყველაფერი ამ გათავისუფლებული მსახიობების ხარჯზე ხორციელდებოდა. „არანაირი რეჟისორული და შემოქმედებითი გადაწყვეტა არცერთ სპექტაკლს არ ჰქონია. ძირითადი ბირთვი, ეს 40 კაცი, მოზარდმაყურებელთა თეატრის რეპერტუარს ავსებდა. ფაქტობრივად, თეატრი მკვდარი და გაჩერებულია. თავად მიშა ანთაძის დადგმულ სპექტალს - „უკვდავების ზღაპარი“ (ოთარ ჩხეიძის პიესის მიხედვით) შეჩერება ემუქრება, სადაც რეზო თავართქილაძე, გიორგი კაჭახიძე, ნუგზარ ყურაშვილი, კახა გაბელავა ასრულებდნენ მთავარ როლებს. ემუქრება გაჩერება „თოვლის დედოფალს“, სადაც მე კეის როლს ვთამაშობდი. ასევე, გაჩერებულია სანდრო მრევლიშვილის მიერ ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი, სადაც ნოდარ დუმბაძის როლს ვასრულებდი. „ჭინჭრაქა“, რომელსაც პოლიტიკური სპექტაკლი უწოდეს და საერთოდ აღარ გაუშვეს“. ნიკა კვანტალიანის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში მათ ისედაც არ ჰქონიათ სპექტაკლები, რადგან ისინი კარგა ხანს გააჩერა მიშა ანთაძემ. მისი სიტყვით, მსახიობები აპირებენ, ბოლომდე ამოწურონ სამთავრობო რესურსი და დარწმუნდნენ, რომ მთავრობა ადამიანების გაყრასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის. ხოლო, თუ მსახიობები დარწმუნდებიან, რომ მომხდარის შესახებ მინისტრი საქმის კურსშია, იძულებული იქნებიან, ქუჩაში გამოვიდნენ და შიმშილობა გამოაცხადონ თეატრის წინ. მსახიობ გოგა ოსეფაშვილის აზრით, მათი დათხოვნის მთავარი მიზეზი კულტურის სამინისტროში მათ მიერ გაგზავნილი შეკითხვა იყო, სადაც ისინი აღნიშნავდნენ გაუცემელი ხელფასების და იმ დარღვევების შესახებ, რაც კონსტიტუციით, ნებისმიერი მოქალაქისთვისაა გათვალისწინებული. „შეკითხვა გავგზავნეთ კულტურის სამინისტროში, იქ კი იფიქრეს, რომ ეს ფინანსურ საკითხებთან იყო დაკავშირებული, რადგან გაუცემელ ხელფასებს ვითხოვდით, ამიტომაც გადმოუგზავნეს მიშა ანთაძეს ჩვენს მიერ ხელმოწერილი საბუთი. მანაც იფიქრა, კულტურის სამინისტრო ჩემს მხარეს არისო და ჩვენი გაშვება გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, იყო მეორე მიზეზიც, ანთაძემ მოგვთხოვა, რომ „ქართუ ბანკთან“ შეგვეწყვიტა ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომატებულ ხელფასებსა და სუბსიდიას ვერ მივიღებდით. მართლაც, გასცა ერთი თვის ხელფასი, რადგან ჯერ არ იცოდა, ვის ჰქონდა გაგრძელებული „ქართუ ბანკთან“ ურთიერთობა, მოგვიანებით კი ხელფასები გაანახევრა. საბოლოოდ საერთოდ გაუშვა მსახიობები“, - აღნიშნა გოგა ოსეფაშვილმა. მისი თქმით, მოზარდმაყურებელთა თეატრში ისედაც დაბალი ხელფასები იყო, ვიდრე სხვა თეატრებში. ამის მიუხედავად, მსახიობებს დღეში სამი სპექტაკლის თამაში უწევდათ, რადგან პატარა მაყურებლებს ვერ უღალატებდნენ. „თუმცა, ჩვენს თეატრში უხარისხობამ, დაბალმა დონემ იჩინა თავი, ყველაფერი კორუფციას დაექვემდებარა. კულტურის სამინისტრო ხელფასებს თავის დროზე გვირიცხავდა, მაგრამ ხელფასები ჩვენამდე არ აღწევდა,“ - გვითხრა გოგა ოსეფაშვილმა. |