საქართველოს უახლესი ისტორიის დოკუმენტური მასალები წიგნად გამოვიდა

საქართველოს უახლესი ისტორიის დოკუმენტური მასალები წიგნად გამოვიდა

ამ წიგნებში გამოქვეყნებული მასალების ირგვლივ for.ge  შეხვდა და ესაუბრა ორ ტომად გამოცემული “საქართველოს უახლესი ისტორიის დოკუმენტური მასალების“  ერთ-ერთ ავტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ედიშერ გვენეტაძეს,

ამ ორი ტომის წარდგინება მოეწყობა მეცნიერებათა აკადემიაში (რუსთაველის N52), მეხუთე სართულზე, სააქტო დარბაზში, დღეს, 28 მარტს, 15 საათზე.

რომელი პერიოდის და რა ტიპის მასალებია წარმოდგენილი ამ ორ ტომში?

ედიშერ გვენეტაძე: პირველი ტომი მოიცავს 1988-1990, ხოლო მეორე 1990-1991 წლებს. ამ ორ ტომში წარმოდგენილია, როგორც საგაზეთო, ისე ე.წ. პროკლამაციების სახით გავრცელებული მასალები, რომელიც იმდროინდელ პრესაში არ დაბეჭდილა.

საგაზეთო მასალებში იგულისხმება არალეგალურ გამოცემებში დაბეჭდილი მასალები, კომუნისტურ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები, თუ ორივე ერთად?

- თავიდან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ არალეგალური გამოცემები გამომეყენებინა, მაგრამ ამის გაკეთება მალევე გადავიფიქრე და წარმოდგენილ ორ ტომში ასახულია, როგორც არალეგალურ გამოცემებში, ისე – იმდროინდელ ოფიციალურ, საბჭოთა პრესაში გამოქვეყნებული მასალები.

თავიდან წიგნზე მუშაობა მე დავიწყე და შემდეგ შემომიერთდა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, ზაზა კალანდია. ეს ორი ტომი ჩვენ ერთად გავაკეთეთ.

რატომ დაიწყეთ ამ პერიოდზე მუშაობა, რამ შექმნა ამის აუცილებლობა?

- ეროვნულ მოძრაობაში ჩართული ვიყავი, როგორც ერთ-ერთი რიგითი წევრი. ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ ე.წ. არაფორმალური გაზეთებისა და ე.წ. პროკლამაციების შენახვა საშური საქმე იყო. რაზეც ხელი მიმიწვდა, ყველაფერი შევინახე - მასალებს ოთხმოციანი წლების ბოლოდან ვაგროვებდი. პროფესიონალი ისტორიკოსი ვარ და ვგრძნობდი, რომ მომავალში ეს მასალები უძვირფასესი იქნებოდა. იმ ოდენობის მასალა მაქვს შენახული და მოძიებული, რომ მთლიანობაში ათი ტომი გამოვა.

რა პერიოდს ასახავს თქვენს მიერ შენახული და მოძიებული მასალები?

- ეს არის პერიოდი,1988 წლიდან 1994 წლის ჩათვლით. ამ მასალებზე თითქმის 20 წელია ვმუშაობ. შემდეგი ტომების გამოცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ამ მასალებზე მუშაობა საზოგადოებაში დაინტერესებას გამოიწვევს. მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად სურვილისა და მონდომებისა, მეცნიერებს ამ საქმისთვის საჭირო ფინანსები არ გაგვაჩნია.

ფინანსურად ვინ დაგეხმარათ ამ ორი ტომის გამოცემაში?

- ფინანსურად მეგობრები დამიდგნენ გვერდით.

რატომ ჩერდებით 1994 წელზე?

- ჩემი აზრით, ეროვნული მოძრაობა სწორედ ამ პერიოდამდე მოვიდა. 1994 წლის შემდეგ ჩვენდა სამწუხაროდ, ძალაუფლება ხელში ამ მოძრაობის არაკეთილისმოსურნე ძალებმა ჩაიგდეს.

როგორ მოიძიეთ ამ ორ ტომში წარმოდგენილი მასალები, გარდა იმისა, რომ თავად აგროვებდით მათ?

- მთელი საქართველო შემოვიარე - ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში ვიცნობდი ადამიანებს, რომლებიც ეროვნულ მოძრაობაში იყვნენ ჩართულები და ვიცოდი ისიც, რომ ყველა მათგანს ჰქონდა რაღაც-რაღაცეები შემორჩენილი. აი, ასე მოვუყარე თავი ამ მასალებს.

მიმართეთ დახმარებისთვის იმდროინდელ პოლიტიკურ ძალებს?

- ზოგიერთს მივმართე, მაგრამ ახლა მათ შეგნებულად არ დავასახელებ.

რატომ, უარი გითხრეს?

- საქმე იმაშია, რომ იმდროინდელი პოლიტიკური ორგანიზაციების უმეტესობას არქივები ისე არ აქვთ მოწესრიგებული, რომ მათი მასალებით ისტორიკოსმა, ან მკვლევარმა უპრობლემოდ ისარგებლოს. ამას მხოლოდ და მხოლოდ გულისტიკივილი მალაპარაკებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სიცარიელე ე.წ. მოყვარულების მიერ ასე თუ ისე შეივსება.

ახლა ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენი მედიასაშუალებით მივმართავ ყველა იმ ადამიანს, ვისაც იმ პერიოდის არალეგალური გამოცემები და ე.წ. პროკლამაციები აქვს შენახული - გთხოვთ, მომაწოდოთ მასალები და გპირდებით, რომ თქვენი სახელები და გვარები შემდგომ ტომებში იქნება მითითებული, ყოველ მიზეზს გარეშე, ოღონდ ეს საქმე გაკეთედეს.

ისტორიის სამართალი ურმით მიდის - ძველ რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამოთქმა. ამდენად, ჩემი აზრით, ისტორიას დისტანცია სჭირდება. დროის გასვლის შემდეგ ესა თუ ისტორიკოსი, ისტორიის წერის დროს პიროვნული სუბიექტივიზმისგან უფრო მეტად თავისუფალი იქნება. ეს მასალები დაახლოებით 20, 30, 100 წლის შემდეგ იქნება ძვირფასი მასალა, რომლის მიხედვითაც მკვლევარები ნამდვილ ისტორიას დაწერენ.

თუმცა, აქვს უნდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავი გამოკვლევები გამოიცა. მაგალითად, იგორ კვესელავას ორტომეული “საქართველოს ისტორიის ქრონიკები“. ეს არის დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით მომზადებული გამოკვლევა იმ პერიპეტიების შესახებ, რომელიც მიმდინარეობდა.

დაინტერესების შემთხვავში სად შეიძლება შეიძინოს ადამიანმა თქვენი ავტორობით გამოცემული ორი ტომი?

- ეს ორი ტომი იყიდება მაღაზია “პარნასში“, როგორც ჭავჭავაძეზე, ისე – ლესელიძის ქუჩაზე; აგრეთვე მაღაზია “სამშობლოში“, ყაზბეგის (ყოფილი პავლოვის) გამზირზე; პეკინზე, ლიტერატურულ კაფეში და “ბიბლუსის“ მაღაზიებში.