რამაზ საყვარელიძე: „ყველაზე ეფექტური მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტია“

რამაზ საყვარელიძე: „ყველაზე ეფექტური მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტია“

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობა პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენებზე მეტწილ ინფორმაციას რუსთავი 2 -ის, იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით იღებს. შემდეგ ადგილებზე მოდიან აჭარა TV, საპატრიარქოს არხი, “კავკასია”, “მაესტრო”, II არხი, რეალ TV და სხვა მაუწყებლები.

 

უნდა აღინიშნოს, რომ იმედს იმის გამო, რომ არ აჩვენებს ვერ უყურებს 3%, საზოგადოებრივი მაუწყებელს ამავე მიზეზით ვერ უყურებს 10%, აჭარა TV-ს 38%, საპატრიარქოს არხს და “კავკასიას“ 58%, “მაესტროს“ 66%, II არხს 59%, რეალ TV-ს 65%.

 

შესაბამისი მაუწყებელი ფარავს, მაგრამ მის გადაცემებს არ უყურებს, რუსთავის 2-ის შემთხვევაში 5%. იმედს არ უყურებს 8%, I არხს - 28%, აჭარა TV-ს 30%, საპატრიარქოს არხსს 15%, “კავკასიას“ 20%, “მაესტროს“ 17%, II არხს 25%, რეალ TV-ს 23%.

 

ამავე დროს, NDI–ის კვლევაში გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ რუსთავი 2 მთავრობის ინტერესებს გამოხატავს, 8%-ის აზრით კი მაუწყებელი არ გამოხატავს არავის პოზიციას. ტელეკომოპანია იმედის შემთხვევაში გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ ის ასევე გამოხატავას მთავრობის ინტერესებს, 10% კი თვლის, რომ ტელეკომპანია არც ერთი მხარის ინტერესების გამომხატველი არ არის. I არხს მთავრობის ინტერესების გამომხატველად მიიჩნევს გამოკითხულთა 57%, ხოლო 8% კი მას ნეიტრალურად მიიჩნევს.

 

ტელეკომპანია “კავკასიას“ ოპოზიციის ინტერესების გამომხატველად მიიჩნევს 33%, ნეიტრალურად 5%, ხოლო მთავრობის ინტერესების გამომხატველად 2%. ტელეკომპანია “მაესტროს“ შემთხვევაში გამოკითხულთა 35% მას ოპოზიციის ინტერესების გამომხატველად მიიჩნევს, ხელისუფლების ინტერესების გამოხატველად 2%, ხოლო 4% მიიჩნევს, რომ “მაესტრო” არც ერთის ინტერესს არ გამოხატავს.

 

რუსთავი 2-სა და იმედის ახალ ამბებს სრულად ენდობა გამოკითხულთა 2-2%, ენდობა 26 და 23 პროცენტი არ ენდობა შესაბამისად 13 და 12 პროცენტი, საერთოდ არ ენდობა 3% და 2%. მათ ახალ ამბებს ნეიტრალურად მიიჩნევს 51 და 52 პროცენტი.

 

“მაესტროს“ და “კავკასიას“ გამოკითხვის მიხედვით სრული ნდობის კოეფიციენტი არ აქვთ. არხების ახალ ამბებს ენდობა 7-7% და არ ენდობა 8-8%. ამ მაუწყებლების ახალ ამბებს ნეიტრალურად მიიჩნევს, შესაბამისად, 19 და 21%.

 

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2012 წლის 22 თებერვლიდან - 5 მარტის პერიოდში. გამოიკითხა 3 161 ადამიანი.

 

არსებულ რეალობაზე და მოსალოდნელ შედეგებზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით.

 

რა გავლენას იქონიებს მომავალ არჩევნებზე რეალური ვითარება, როცა მოსახლეობის უმეტესობა ე.წ. ნაციონალურ ტელეარხებს უყურებს?

- ჯერ ერთი, გამოქვეყნებული შედეგების მიმართ კითხვა ჩნდება – კვლევა მთელ ქვეყანაში რომ არის ჩატარებული, ამავე მასშტაბიდან არის ეს პროცენტი აღებული თუ მოსახლეობის იმ რაოდენობიდან, რომელზეც “მაესტრო” და “კავკასია” ვრცელდება. მგონი, ეს დეტალი დაზუსტებული არ არის.

 

მეორეც, რა თქმა უნდა, ინფორმაციის ძირითადი წყარო არჩევნების შედეგებზე გავლენას იქიონიებს. პოლიტიკურ ინფორმაციას ადამიანი მხოლოდ ფართო ცხოვრებიდან და ქუჩიდან არ იღებს. ერთ–ერთი ძირითადი წყარო სწორედ ტელევიზიაა. თუმცა, თავის ყოფაში, უშუალო გარემოცვაში ადამიანი რასაც აკვირდება, ისიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასე რომ, არ მგონია აღნიშნულმა ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშოს, მაგრამ პროცესზე გავლენას უდაოდ იქონიებს.

 

თუმცა, გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე მიიჩნევს, რომ ეს „ნაციონალური ტელევიზიები“ ხელისუფლების პოზიციებს გამოხატავენ...

– ეთერში გასულ ინფორმაციას, გადაცემას მაყურებელი აღიქვამს როგორც ტენდენციურს. კარგად დაბალანსებული რომ იყოს, შესაბამისი პიარის პირობებში, ეს ნაკლებად უნდა შეიმჩნეოდეს; მაყურებელი მას ინფორმაციის ობიექტურ წყაროდ უნდა აღიქვამდეს. შემდეგ ეს ვიღაცის ინტერსებს უნდა ემსახურებოდეს. როცა ინფორმაცია ასეთად არ აღიქმება და ტენდენციურობაში გადადის, საქმე უკვე ცუდი ხარისხის პიარითან გვაქვს.

 

რამდენად შეუძლია არსებული ვითარების დაბალანსება ოპოზიციური მეცხრე არხის ამოქმედებას?

– გარკვეულ როლს ალბათ ითამაშებს; მაგრამ ტელევიზიებს, მოგეხსენებათ, დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილი გახდნენ. ანუ, ამა თუ იმ არხზე გადართვის და მოსმენის ჩვევა უნდა გამომუშავდეს მოსახლეობის მხრიდან. ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება, რაც ნაკლებადაა.

 

აქ გასათვალისწინებელია ის ტოტალური ფრონტი, რომელიც პოლიტიკურ ძალებს შორის არის გახსნილი, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან; როდესაც ისინი პრაქტიკულად ყველა მილიმეტრზე იბრძვიან – ტექნიკური საშუალებების გაფუჭებიდან დაწყებული, კონკრეტული ადამიანების დაშინებით დამთავრებული.

 

სავარაუდოა, რომ მეცხრე არხის გავრცელებას ისინი შეძლებისდაგვარად ხელს შეუშლიან. ასე რომ, რაღაც გავლენას უდაოდ იქონიებს, რადგან გავრცელების გაცილებით დიდი მასშტაბები ექნება. მაგრამ უფრო მეტი დრო რომ ჰქონდეს გავრცელებისთვის, შედეგი უფრო მეტი ექნებოდა.

 

აქედან გამომდინარე, სად არის გამოსავალი პოლიტიკური პოზიციისთვის, რომ თავისი სათქმელი ფართო ფენებამდე მიიტანოს?

– სატელევიზიო ინსტრუმენტი რომ სრულყოფილი არ იყოს, ყველა შემთხვევაში ერთი მეთოდი გამოსაყენებელია; ტელევიზიის პრობლემა არ აქვთ ამერიკელებს, მაგრამ დაძრწიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ დროს მოსახლეობასთან, მოქალაქეებთან კონტაქტი ყველაზე ეფექტურია. ამით ტელევიზიის რესურსის მნიშვნელობა არ მცირდება. თუმცა, ოპოზიციას ეს რესურსი, ინტენსიური კონტაქტი და ჩართულობა მოსახლეობასთან, გამოსაყენებელი აქვს. ამასთან, პროცესში ჩართული უნდი იყოს ის, ვინც ამ ჯგუფში ყველაზე დიდი ავტორიტეტია. პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ.