არის თუ არა კლანური მმართველობა ან საერთოდ კლანები საქართველოში? - ამ თემაზე ლაპარაკი უკვე რიტორიკად იქცა. საზოგადოებრივი აზრი ორად არის გაყოფილი - ხელისუფლება ამბობს, რომ მსგავსი არაფერი არსებობს, ოპოზიცია თვლის, რომ ქვეყანას კლანები მართავენ. ხელისუფლების მომხრეები კლანებს „ვერ“ ხედავენ, საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი კლანური მმართველობის „სიკეთეებს“ ყოველ ნაბიჯზე აწყდება. მოკლედ, დიდი დილემის წინაშე ვართ.
მოდით, ჯერ, განვმარტოთ რა არის კლანი - სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონში ვკითხულობთ, კლანი - ცენტრალიზებული სოციალური ორგანიზაციის ფორმა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობა ლოიალობას და არა იძულების ინსტიტუტს.
ამერიკელი ევოლუციონისტ–ანთროპოლოგები კლანს განიხილავენ ტომიდან აღმოცენებული სახელმწიფოს წინამორბედად. ახასიათებს საკუთრების გადანაწილებაზე დამყარებული სოციალური სტრატიფიკაციისა და ეკონომიკური სისტემის მოდელები.
კლანი ჩვეულებრივ, სისხლით ნათესავთა ჯგუფია, დედით ან მამით ერთი წარმომავლობის მქონე, საერთო წინაპრის სახელის მატარებელი, როგორც წესი, ეგზოგამიური, წევრები დაკავშირებული არიან სამეურნეო და საზოგადოებრივი ძაფებით.
კლანს სხვადასხვაგვარი რელიგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქციები აქვს.
კლანი - ირლანდიასა და შოტლანდიაში თემის, რაღაცასთან მიმართებით საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებული ადამიანების ჩაკეტილი ჯგუფის დასახელებაა.
თუმცა კლანის შესაქმნელად მხოლოდ სისხლით ნათესაობა არ არის აუცილებელი. მაგალითად, „იაკუძა“ წარმოადგენს იაპონურ კლანურ ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანებულები არიან მთელი რიგი ადამიანები. ის მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფებაა. დასავლურ ცნობიერებაში „იაკუძას“ იცნობენ როგორც – იაპონურ მაფიას.
კიდევ ერთი დილემა - რასთან გვაქვს საქმე საქართველოში - ტომიდან აღმოცენებულ კლანურ მმართველობასთან თუ სიცილიური ტიპის კლანთან, ან სულაც „იაკუძასთან“? პრინციპში, ამ შემთხვევაში, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ არც ერთს, არც მეორეს და არც მესამეს ხელისუფლების მიერ ტირაჟირებულ დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს.
თუ გავიხსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი პირი, პრემიერ-მინისტრი, რომელიღაც საიდუმლო ბინაში გაზით გაიგუდა, ამას კიდევ რამდენიმე ადამიანის საეჭვო ვითარებაში მკვლელობა თუ თვითმკვლელობა მოჰყვა და საქმე ნათელი ჯერაც არ არის, ეს უფრო „იაკუძას“ ნამოქმედარს ჰგავს.
თუ რეგიონულ დონეზე ქვეყნის მმართველობის პრინციპს გადავხედავთ, აქ უკვე ტომიდან აღმოცენებული კლანური მართვის ელემენტებს დავინახავთ.
დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს რიტორიკულ თემას - არის თუ არა კლანები საქართველოში?
როდესაც ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური სამეგრელოში შეიარაღებული ფორმირებების არსებობას უარყოფდა და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ, რეზერვსა და რეზერვისტებზე იყო ლაპარაკი, ლამის დაიფიცა, რომ არა-თუ შეიარაღებული დაჯგუფებები, არც კლანები და მით უმეტეს, ბიზნესკლანები არ არსებობს ამ ქვეყანაში. პრინციპში, ეს მხოლოდ ნუგზარ წიკლაურის მოსაზრება კი არა, „ნაციონალური“ თვალებით დანახული საქართველოა, სადაც არც უმუშევრობაა, არც უკანონობა, არც გაუნათლებლობა, არც სიღატაკე.
„აბა სად არის კორუფცია?“- კითხულობს სააკაშვილი, „აბა სად არის კორუფცია, აბა სად არის კლანები?“- იმეორებენ დანარჩენები.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება „ღარიბ-ღატაკი და გაღლეტილი“ ჩინოვნიკებისაგან შედგება. ასეთები არიან დღეს ხელისუფლებაში მყოფი ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, არჩილ გეგენავა, ერეკლე კოდუა, მამა და ძმები ახალაიები, მამა-შვილი გაბაშვილები, ძმები ბეჟუაშვილები, პეტრე ცისკარიშვილი, ძმები კუბლაშვილები, ნიკა რურუა, გიგა ბოკერია, ნიკა გილაური, გივი თარგამაძე, კობა ნაყოფია, ცეზარ ჩოჩელი, და სხვები, სია საკმაოდ გრძელია.
შეგვიძლია გავიხსენოთ ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებსაც გავლენის სფეროები არა თუ მოაკლდათ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, არამედ მოემატათ კიდეც - დავით კეზერაშვილი, გიორგი არველაძე, კახა ბენდუქიძე, ზურაბ ნოღაიდელი, ვატო ლეჟავა, ლადო ჭიპაშვილი და ა.შ.
მესამე ჯგუფია ბიზნესმენებისა, რომლებიც საერთოდ არ ყოფილან ხელისუფლებაში, მაგრამ ზემოთჩამოთვლილ ჩინოვნიკებთან ახლო, ნათესაურ თუ ბიზნესურთიერთობაში იმყოფებიან. ასეთები არიან მაგალითად ძმები შარანგიები, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და ბიზნესმენად ქცეული სხვა ჩინოვნიკების ნათესავ-მეგობრები.
ჩვენ შევეცდებით ამ ადამიანების შესახებ პოლიტიკოსების, ჟურნალისტების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოკვლეულ მასალებს მოვუყაროთ თავი და საზოგადოებას შევთავაზოთ, შემდეგ კი საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს, ვის დაუჯეროს ხელისუფლებას, რომელიც „ამტკიცებს რა კლანი, რის კლანი“ თუ საზოგადოების ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანას სწორედაც კლანები აკონტროლებენ.
ვიდრე სახელმწიფო ჩინოვნიკებზე გადავალთ, ჯერ ქვეყნის პრეზიდენტის კარის ბიზნესმენებზე მოგითხრობთ.
სხვათა შორის, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტის კარის ბიზნესმენებად ცნობილი შარანგიებზე ინფორმაციის მოძიებისას ძალიან დაგვეხმარა, „თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის მიერ მოკვლეული მასალები.
რეზო შარანგია – ცნობილია, როგორც პრეზიდენტის მოლარე – დიდი სიმდიდრე დააგროვა და დღესაც დიდი ბიზნესი აქვს რუსეთში.
შარანგიების ოჯახი სააკაშვილთან სწორედ რეზო შარანგიას კიევში სწავლის პერიოდიდან მეგობრობს. ცნობილია, რომ რეზო შარანგია სააკაშვილის გარდა მეგობრობს კანონიერ ქურდებთანაც. სარგებლობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მომსახურებით და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ ვიზიტების დროსაც თან დაჰყვება.
რეზო შარანგია და მისი ძმები საქართველოში უსაზღვრო გავლენით სარებლობენ, თუმცა ბოლო პერიოდში მათ მიმართ საკმაოდ საეჭვო ხმებიც ვრცელდება.
ამბობენ, რომ ძმებ შარანგიებს საქართველოში არსებული ბიზნესების თავიდან მოშორება სურთ, მაგრამ როგორც ჩანს, ქვეყნიდან თავქუდმოგლეჯით გაქცევას ჯერ არ აპირებენ. ისიც ითქვა, რომ შარანგიები მეტეოროლოგებივით ფრთხილად აკვირდებიან პოლიტიკურ ამინდს და ცდილობენ, ყოველი შემთხვევისთვის, პოტენციური ინვესტორების თადარიგი დაიჭირონ. ცნობილი ფაქტია, საფრთხეს ყველაზე წინ ბიზნესი გრძნობს და ამ შემთხვევაში, თვითგადარჩენის ინსტიქტი ერთგულებაზე ძლიერია.
შარანგიების სიფრთხილე კარგად იგრძნობა ე.წ. „ყვითელი მარშრუტკების“ ბიზნესშიც. აღნიშნული ბიზნესი როგორ აღმოჩნდა ერთი კომპანიის ხელში, ამაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. თუმცა გამარჯვებულმა კომპანიამ პირობა მალევე დაარღვია. ჯერ ითქვა, რომ ყვითელი „მარშრუტკები“ ნოემბრის ბოლომდე უნდა შემოეყვანათ, შემდეგ გაირკვა, რომ სატენდერო პირობებით, 2012 წლის 15 იანვრამდე დედაქალაქში არც ერთი ძველი სამარშრუტო ტაქსი არ უნდა ყოფილიყო და ამ დროისთვის „თბილისის მიკროავტობუსს“ 3 078 ახალი მანქანა უნდა შემოეყვანა. თუმცა, კომპანიაში აცხადებენ, რომ ყვითელი „მარშუტკების“ შემოყვანა გაზაფხულზე დასრულდება.
ყველასათვის ცნობილია, რომ ყვითელი „მარშუტკების“ მფლობელ ძმებ შარანგიებს საკმაოდ მრავალპროფილიანი ბიზნესი აქვთ და არც ფინანსების პრობლემას უჩივიან. ბოლოს და ბოლოს, მათთვის ყველა ბანკის კარი ღიაა. „მარშრუტკების“ შემოყვანას რომ არ ჩქარობენ ესეც ნათელია. დღეს საქართველოში შარანგიების საკუთრებაშია მრავალი კომპანია და როგორც თემურ შაშიაშვილი ამტკიცებს, პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის ხაზინადარები არიან. შარანგიები აკონტროლებენ „საქართველოს რკინიგზას“, „ლიბერთი ბანკს“, „საქართველოს ბანკს“, „კავკასუს ონლაინს“, „თბილისის წყალს“, „დეზერტირების ბაზრის“ ტერიტორიას, ქართულ „სოკარს“,„სახალხო აფთიაქს“, „თბილისი ცენტრალს“, ძველ თბილისში რიყეს ტერიტორიას, მობილური კავშირგამბულობის კომპანია „ბილაინს“, „საქართველოს ლატარიის კომპანიას“, მაღაზიების ქსელ „ნუგეშს“, მათ ეკუთვნით GMS რესტორნების ქსელი: რესტორანი „ქალაქური“, „ძველი სახლი“, „მატრიოშკა“, „თევზის რესტორანი“, იაპონური რესტორანი, ასევე რესტორნების ქსელი „შემოიხედე გენაცვალე“. ამის გარდა - „სითი პარკი“, თბილისის ტაქსი, სამარშრუტო ტაქსები, ბათუმში სასტუმრო „ინტურისტი“, სასტუმროები გუდაურში.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შარანგიები გარკვეული ბიზნესების თავიდან მოშორებას შემოდგომიდან გეგმავენ. მათ „კავკასუს ონლაინის“ მყიდველებიც კი ჰყავდათ მოძებნილი, თუმცა უკრაინელმა ბიზნესმენებმა საქართველოში შემოსვლისგან თავი შეიკავეს. ჩვენი წყაროს ცნობით, მიზეზად ქვეყანაში გაურკვეველი პოლიტიკური მდგომარეობა დასახელდა. ალბათ, მყიდველებს სხვა ქვეყნებშიც მოძებნიან, თუმცა საკითხავია, რაში დასჭირდათ მფლობელისთვის ლამის ძალით წართმეული კომპანიის სასწრაფოდ თავიდან მოშორება. როგორც ჩანს, სააკაშვილის „ხაზინადარები“ საკუთარ მომავალ ბიზნესებს საქართველოს ფარგლებს მიღმა ხედავენ.
როგორ აღმოჩნდა ამდენი, თანაც სხვადასხვა პროფილის ბიზნესები შარანგიების ხელში და რატომ არ აქვთ ამ სფეროებში ბიზნესის კეთების საშუალება სხვა ადამიანებს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის მიგვინდვია, თუმცა შევეცდებით ხელისუფლების პასუხიც აუცილებლად მოვიპოვოთ და საზოგადოებას გავაცნოთ. მანამდე კი სახელისუფლებო ვერტიკალის ბიზნესსაქმიანობების შესახებ მასალებს შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ.