პოლიცია ახმეტაში პარტიული გაზეთის „ქართული ოცნების“ გავრცელებას ზღუდავს. რესპუბლიკური პარტიის ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზაქარია ქინქლაძის ინფორმაციით, კვირაობით, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ აქტივისტები ბაზარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზეთებს დაარიგებენ, პოლიციის თანამშრომლები გავრცელებული გაზეთების ამოღებას ახდენენ.
ზაქარია ქინქლაძე, „რესპუბლიკური პარტიის“ ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელი: „20-მა ადამიანმა მაინც გვითხრა, ახალგაზრდებმა გაზეთები რომ მოგვცეს, პოლიციამ ჩამოგვართვაო. ძირითადად კვირას ვარიგებთ ხოლმე. ბაზარში რაიონის ყველა სოფლიდან არიან ჩამოსულები და ხელსაყრელი დროა, რომ ინფორმაცია მთელი რაიონის მასშტაბით გავრცელდეს. ახალგაზრდები გაზეთებს ავტოსადგურშიც არიგებენ. მთელ ამ პროცესს პოლიციის თანამშრომლები მეთვალყურეობენ. გავიგეთ, რომ როგორც კი ახალგაზრდები გაზეთების დასარიგებლად სხვა ადგილზე გადაინაცვლებენ, უკან პოლიციის თანამშრომლები დასდევენ და გავრცელებული გაზეთების ამოღებას ახდენენ. მე თვითონ დავინახე, პოლიციის თანამშრომლები როგორ ჩასხდნენ ახმეტა - მატანის მიკროავტობუსში. როგორც მერე გავიგე, ხალხს გაზეთები ჩამოართვეს. ამიტომ, გუშინ, გაზეთი რომ დავარიგეთ, შემდეგ ახალგაზრდები ტერიტორიაზე დარჩნენ, რომ პოლიციას ხალხისთვის გაზეთები ვეღარ წაერთმია“.
გუშინ, ახმეტაში იმყოფებოდა კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტიც. ჟურნალისტმა დააფიქსირა, რომ პოლიციის თანამშრომლები „ქართული ოცნების“ გაზეთების დარიგების პროცესს ნამდვილად „აკვირდებიან“. ერთ-ერთმა მათგანმა ბაზარში, გამყიდველებისთვის გაზეთების ჩამორთმევაც დააპირა, თუმცა კამერის დანახვისთანავე ბაზრის ტერიტორია დატოვა. პოლიციელების დანახვისთანავე ბევრმა მოქალაქემ გაზეთები ჩანთაში დამალა.
ქალბატონი ნათელა, სოფელ ფშაველის მკვიდრი: „შარი მინდაა შვილო? არ მინდა. გაზეთი გამოვართვი, ჰო, სახლში წავიღებ და რამეს მაინც შევახვევ“.მამაკაცი, სოფელ შახვეტილას მკვიდრი: „წავიკითხავ, რას წერენ, რა ხდება ქვეყანაზე. აბა ჩვენთან არც გაზეთი შემოდის და არც არაფერი. გზა არ გვაქვს და ახმეტაშიც ვერ ჩამოვდივართ ხოლმე ხშირად, გაზეთს ვინ ჩივის. ეს ბალღები ბოლო დღეებია ყოველ კვირას მოდიან აქ და გაზეთებს უფასოდ გვაძლევენ. კი, გამოვართვი, მაგრამ ავტობუსში ამოვლენ და ჩამოგვართმევენ.
- ვინ ამოვა?
- ვინ ამოვა?.. ვინა და პოლიცია.
- სხვა დროს გამოურთმევიათ?
- ჰო, აბა. წინა კვირას, სანამ მარშუტკა წავიდოდა, ამოვიდნენ, გაზეთები ვის გაქვთო, არ დაგვიმალავს, ყველას გამოგვართვეს და ჩავიდნენ.
- რატომ გართმევენ გაზეთს?
- მაგას მე მეტყვიან?
- თქვენ არ გიკითხავთ?
- არა შვილო, რას ამბობ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი გუშინვე, ახმეტის ბაზარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პოლიციელებთან გასაუბრებას შეეცადა.
- აქ რატომ ხართ? რამე ხდება?
- ჩვენი სამოქმედო ზონაა.
- „ქართული ოცნების“ გაზეთებს გვართმევენო, თქვენზე მითხრეს.
- ტყუილია. მიმართეთ პრესსამსახურს.
- პრესსამსახურმა იცის?
- მიმართეთ პრესსამსახურს“.