ჯღირაძის საქმე

ჯღირაძის საქმე

პოლიციის შენობაში 24 მარტს გარდაცვლილი 59 წლის თამაზ ჯღირაძის ახლობლებმა, დღეს, 25 მარტს, დილით, ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავეს და აღნიშნეს, რომ გარდაცვლილს გულის პრობლემები ჰქონდა. ,,რა მნიშვნელობა აქვს, სად გარდაიცვლებოდა? სახლში თუ პოლიციაში?” – გვითხრა გარდაცვლილის შვილმა. იგივეს გარდაცვლილის სიძე იმეორებდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან მათ განაცხადეს, რომ გარდაცვლილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება. ამავეს აცხადებენ გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, სადაც ირწმუნებიან, რომ თამაზ ჯღირაძე უკვე გარდაცვლილი ნახეს პოლიციის შენობაში.

ჯღირაძეების ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გორში ის ადამიანი მოძებნა, ვისი საჩივრის გამოც, თამაზ ჯღირაძე, გარდაცვალებამდე პოლიციაში დაიბარეს. როგორც პოლიცია აცხადებს, თამაზ ჯღირაძე, თავის ნათესავთან სახლის გარშემო წარმოშობილი დავის გამო, დაიბარა. რა ინტერესი ჰქონდა პოლიციას სამოქალაქო საქმეზე, ამის გარკვევას ეთერ მახათაძისგან შევეცადეთ.

პოლიციაში თამაზ ჯღირაძის დაბარების მიზეზი ეთერ მახათაძის საჩივარი გახდა. ეთერ მახათაძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ამბობს, რომ 24 მარტს თამაზ ჯღირაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენა..

,,მე 86 წლის ქალი ვარ. ჩემმა მეუღლემ, 1996 წელს, ჩუქებით თავის ბიძაშვილიშვილს თამაზ ჯღირაძეს სახლი მისცა. მაშინ ჩემი ქმარი მწოლიარე იყო, ცუდად იყო. ამავე დროს ფეხის ამპუტაცია ჰქონდა, რადგან ომის ვეტერანი იყო. მე მაშინ ქალთა სამედიცინო საკონსულტაციო ცენტრში ვმუშაობდი. დამირეკეს და რომ მოვედი სახლში, ვნახე, რომ ჩემი ქმრის ბიშაშვილებს სახლში თავიანთი ნოტარიუსი მოეყვანათ და ითხოვდნენ რაღაც ქაღალდებზე ხელის მოწერას. მეც ხელი მოვაწერე, თუმცა არ ვიცოდი დეტალურად რას მოვაწერე ხელი. თურმე ჩემს მეუღლეს ბინა უჩუქებია მისთვის. რამდენიმე დღეში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ვისაც მე და ჩემი ქმრის აშენებული სახლი დარჩა, მას მერე სულ მცემდა. მაგინებდა, მლანძღავდა, ცულითაც კი აპირებდა ჩემს მოკვლას. ერთხელ წიხლით მცემა. ესეთ მდგომარეობაში წლების განმავლობაში ვიყავი. რამდენჯერმე პოლიციამ დააკავა, მაგრამ სულ გირაოთი უშვებდნენ და პირობითი მიუსაჯეს. ბოლოს გუშინ მოვიდა ჯღირაძე, 24 მარტს, ამიფიცრა კარებები, სამზარეულოშიც კი აღარ მიშვებდა. არაფრის საშუალებას არ მაძლევდა ამ სახლში. გუშინაც სულ მუშტები მიტრიალა. დიდი ამბავი იყო აქ. მოვიდა პოლიცია. მეც წამიყვანეს დასაკითხად. დღეს დილით მითხრეს მეზობლებმა, რომ გარდაცვლილა” – ამბობს ეთერ მახათაძე. ეთერ მახათაძის ინტერესებს ადვოკატი ბესო კაიშაური იცავდა. მისი თქმით, სახლის გარშემო დავა უზენაეს სასამართლომდე მივიდა.

,,ამ სახლის ერთი მეექვსედი ნაწილი, სასამართლომ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეთერ მახათაძეს დაუმტკიცა. მას შემდეგ, ეთერ მახათაძის ცემის ფაქტზე, თამაზ ჯღირაძის მიმართ, ორჯერ იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული და მსუბუქი სასჯელის ფორმით გამოშვებული. ამ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლოს მივმართეთ, რომ მომხდარიყო ჩუქების აქტის გაუქმება. ვითარება ასეთი იყო. ეთერ მახათაძის მეუღლემ, სახლის ნაწილი ჩუქებით თამაზ ჯღირაძეს მისცა, ნაწილი ანდერძით ჯღირაძის შვილს დაუტოვა. იმ დროს მოქმედი კანონმდელობით, გაჩუქების ფაქტი არ ითვალისწინებდა მჩუქებელის მოვლა პატრონობას. ჩუქების აქტშიც არაფერი იყო ამაზე ნათქვამი. სამწუხაროდ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ეთერ მახათაძეს თანხმობის წერილზე ხელი ჰქონდა მოწერილი. მან სასამართლოზე დაადასტურა, რომ ეს მისი ხელის მოწერა იყო და ამის შესახებ საქმის კურსში იყო. თუმცა, ეგონა, რომ ამ თანხმობით ის მოვლა-პატრონობას დაიმსახურებდა. აქედან გამომდინარე, ვერ მოვახერხეთ ამ ჩუქების აქტის გაუქმება. სამაგიეროდ, ანდერძის ნაწილში მივაღწიეთ იმას, რომ სახლის გარკვეული ნაწილი ეთერ მახათაძეს დაებრუნებინა. იმ ანდერძიდან მივიღეთ 1/6 ნაწილი. ეთერ მახათაძეს ამ სახლში სავალდებულო წილი ეკუთვნოდა. უკვე გაჩუქებულიდან ამას ვერ დავიბრუნებდით. ამიტომ, ამის დაბრუნება ანდერძით გაცემული ქონებიდან მოვახერხეთ.” – ამბობს ბესო კაიშაური.

ბესო კაიშაური აცხადებს, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, ე.წ. ,,სამისდღემსიო ხელშეკრულება” არ არსებობდა, რაც ქონების გაჩუქებისას დღევანდელი კანონმდებლობა ითვალისწინებს. თუკი ადამიანი ქონებას გააჩუქებს, გამჩუქებელს შეუძლია მჩუქბელთან ასეთი ტიპის ხელშეკრულება დადოს. ,,სამისდღემსიო ხელშეკრულებით” მჩუქებელს გარკვეული ვალდებულებები ეკისრება, რომლის შეუსრულებლობა შეიძლება ნაჩუქარი ქონების დაკარგვის ფასად დაუჯდეს..

,,შეიძლება ითქვას, დღეს, ზოგადად, ამ კონკრეტულ შემთხვევას არ ვგულისხმობ, ძალიან ბევრი მოხუცია ,,გადაყრილი” ასეთი გაჩუქებებით და ქონების გაცემით. ისე აძლევენ საკუთარ ქონებებს სხვას, რომ იქ არ წერენ რაიმე ვალდებულებებს”, – ამბობს ბესო კაიშაური.

დღეის მდგომარეობით, 2012 წლის 21 მარტს შედგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით, სახლის მფლობელად გარდაცვლილი თამაზ ჯღირაძე, ხოლო დანარჩენი 1/6 ნაწილის ნამფლობელად ეთერ მახათაძე ითვლება. ბოლო ამონაწერი, სწორედ, ინციდენტიდან, 3 დღით ადრე შედგა.

,,თამაზ ჯღირაძეს ზეპირად გაესაუბრა უბნის ინსპექტორ გამომძიებელი. ვიდრე იგი გამოკითხვის ოქმის შევსებას დაიწყებდა, თამაზ ჯღირაძე გახდა ცუდად, რა დროსაც გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება. სამედიცინო დახმარების მიუხედავად, სამწუხაროდ თამაზ ჯღირაძე გარდაიცვალა. გამოკითხვას თამაზ ჯღირაძის ქვისლი გია ჭავჭავაძეც ესწრებოდა” – იტყობინება პოლიცია.