ახვარი – ი. გრიშაშვილი ასე განმარტავს: ანგალი, უპატიოსნო, გამოუსადეგარი, ავარა („ქალაქური ლექსიკონი“), მაგრამ საილუსტრაციო მაგალითები არ მოაქვს. „– ვიცი, ახვარი ხარ და მაგ გოგოს შეეშვი“ (ზურაბ სამადაშვილი)
ახვევს (1) – ქარაგმულად ლაპარაკობს. „ვიცი, რას ახვევს ქურდი ქურდულად“ (დავით წერედიანი, თარგმ.)
ახვევს (2) – ცდილობს მოხიბლოს, სასიყვარულო ურთიერთობებზე დაიყოლიოს. ნამყო სრული – „შეახვია“. სინონიმი – „აბამს“ (იხ.) „ბანკის პივას ურახუნებდნენ და იმ ყვავებს ახვევდნენ ყავით და შოკოლადით“ (გია ჭუმბურუძე, თარგმ.)
ახურებს – საქმეს აჭირებს, ცუდად იქცევა, ზედმეტს ლაპარაკობს.ნამყო სრული – „გაახურა“ (იხ.) და ბოლოს მერაბაა ერთი და ის დაარტყამს – რას ახურებო და ამას ყელში ამოუვიდა, მივარდება და იჩხუბებს...“ (ირინე ბაქანიძე)
ახურებს და უხარია – უშნოდ ანგლობს (სისულელეებს არახუნებს) და თვითონვე ტკბება ამით. „რა შენი საქმეა სხვისი ამბავი და აზმანი?.. ახურებ და გიხარია!.. (ვაჟა ჩორდელი)
(ლევან ბრეგაძე, ქართული ჟარგონის ლექსიკონი)
რამდენი სირმანჯო დადის ამ ქვეყანაზე... ზოგს თვალებშივე ეტყობა, ზოგს სიარულზე, ზოგს საუბარზე... ზოგი ისე დააყენებს მანქანას, რომ ვერ გაიგებ, კვერცხია თუ ქინძი და როგორც ადამიანები იყოფიან ორ ნაწილად (ერთი ნაწილი ადამისა და ევასგან წარმოიშვა, მეორე – მაიმუნებისგან), სირმანჯოებიც ასე არიან – ზოგი კვერცხია, ზოგი ქინძი.
ზოგს ხმაზე ეტყობა, ზოგს – ხმის მიცემაზე. კომპიუტერების ეპოქაა, ხმას გაგისწორებენ, გაგისუფთავებენ და ვარსკვლავად გაქცევენ. ერთადერთი, სადაც ხმა არ სწორდება, არჩევნებია. არჩევნებში ხმების გასწორებას გაყალბება ჰქვია და...
„ლეიბორისტების“ განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ერთგულ გუნდს ქმნის. „სააკაშვილის მონა-მორჩილი საპარლამენტო უმრავლესობა ჯანდაცვის მინისტრად ერთხმად დაამტკიცებს ყოფილ „რესპუბლიკელ“, სოროსელსა და თავისუფლების ინსტიტუტელს, არჩევნების ცნობილ გამყალბებელ, ფალოსოფოსობის მიმდევარ ზურაბ ჭიაბერაშვილს. პრეზიდენტი პრინციპით „გამყალბებლებო ყველა ქვეყნიდან შეერთდით“ თავს უყრის მთელ ფალსიფიკატორთა არმადას უმაღლეს სახელისუფლებო ვერტიკალში, სწორედ ამიტომ, სანამ დროა, გამოდით 29 მარტს, 15.00 საათზე პარლამენტის წინ გაყალბების საწინააღმდეგო მიტინგზე. ვუჩვენოთ წითელი ბარათი ბიულეტენის ვირთხებს, პროჭიაბერაშვილისეულ ხელისუფლებას", - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.
ჭიაბერაშვილის ადვოკატად არ გამოვდგები, იმას კი ვიტყვი, რომ რაც დრო გადის, პროჭირვარამგამოვლილ ლეიბორისტებს ერთობ უჭირთ, სათანადო სიტყვების შერჩევა და ხანდახან ისეთ რამეს იტყვიან, ალბათ თვით სააკაშვილიც რომ გაწითლდებოდა. ეს რა უბედურებაა – თუ რამე „ჭი“–ზე იწყება, წინ მას აუცილებლად „პრო“ უნდა მიუწერონ, მაგრამ იმას, რაც გასულ კვირაში სააკაშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა, თვით ჯიბლაძეც კი ვერ მოიფიქრებდა.
მიშამ თქვა: „თქვენმა გაკეთებულმა ფლეშ–მობმა გაზაფხული მოიტყვა... მოიტყვა... მოიტყვანა“
ზოგს საუბარზე ეტყობა–მეთქი... ასეთები ყველა „ტ“–ს შემდეგ „ყ“–ს მიაყოლებენ ხოლმე და ამას იმდენად ხშირად აკეთებენ (ერთ წინადადებაში სამჯერ მაინც), რომ მერე ფიქრობ, მაგას ეტყობა ბავშვობაში ან ტ–თი მიმართავდნენ ან ყ–თი და შემასმენელიც შესაბამისი იყოო. ტყუილია? ალბათ, დააყენებდნენ და აიძულებდნენ, რამდენჯერმე გაემეორებინა: „სარტყელი მივირტყი, მოვირტყი, მორტყმული დავიარები“.
თქვენ კიდევ მეუბნებით, დარტყმულიაო. არ არის ეგ დარტყმული, ეგ არის მორტყმულ–დარტყმული და სანამ ბავშვობაშივე მორტყმულს ხმას მისცემ, კარგად უნდა დაფიქრდე. ადრე მეცინებოდა, ახლა კი სერიოზულად ვგულშემატკივრობ იმ ქალ–ბანდას, კვირაში ერთხელ კრწანისში შევარდნაძეს რომ აწიოკებენ. რატომ ვგულშემატკივრობ? რატომ და, სააკაშვილი შევარდნაძემ მოიტყვანა და დღეს მოქმედი ქართველი პოლიტიკოსების დიდი უმრავლესობა ზოგი შევარდნაძის მოტყვანილია და ზოგიც – სააკაშვილის. მაგალითად – გიგი წერეთელი, მიხეილ მაჭავარიანი, გია ბარამიძე, ხათუნა გოგორიშვილი... რომელი ერთი ჩამოვთვალო? ყველანი შევარდნაძის მოტყვანილები არიან, დღეს კი სააკაშვილს, სადაც წავა, ყველგან ეგენი მიტყავს და მოტყავს.
სარტყელი მიირტყეს, მოირტყეს, მორტყმულნი დაიარებიან.
ისა და... უზრდელობაში ხომ არ გადავდივარ? ისა და... მეტი რომ არ მომეთხოვება?! მე ხომ გეპეის კურსდამთავრებული ვარ... მშობლებმა იცოდნენ, რომ სხვაგან ჩასაბარებლად ტვინი არ მეყოფოდა და გეპეიში შემტენეს, ხოლო მიშას იმდენი ტვინი აღმოაჩნდა, რომ თბილისის უნივერსიტეტი არ იკადრა და ბიძამისმა კიევში წაიტყვანა სასწავლებლად.
ოეეე, მიხეილ, სანამ გეპეის ახსენებდე, პირი კარგად გამოირეცხე.
ზოგი წამალზე ზის, ზოგი ტყემალზე. ერთი ტყლაპი ვიცი, ტყემალზე და წამალზე ერთდროულად ზის, ბლის კურკებს და შპრიცებს ისვრის და ყველას ატყუებს, არქიტექტორი ვარო. არქიტექტორი არა – არქიტყექტორი, მატყუარა და ტყეში გაზრდილი. ტყეში და შიმშილში.
გაზაფხული მოიტყვანაო. მოიტყვანა არა – მოიყვანა. შემდეგ ზაფხულსაც მოვიყვანთ და ზაფხულს შემოდგომა მოსდევს. შემოდგომაზე იქნება ოქტობერფესტი და ოქტობერფესტის შემდეგ ვნახავთ, რაზე იჯდება ის, ვინც დღეს ტყემალზე და წამალზე ერთდროულად ზის.
ოქტობერფესტის შემდეგ ვნახავთ, მაგრამ რაღაც–რაღაცეები გასულ კვირაშიც ვნახეთ, კერძოდ ენდიაის კვლევის შედეგები. შედეგებს ყველანი გავეცანით და დეტალებზე აღარ შევჩერდები, უბრალოდ, ერთი რამ მენიშნა – ამ ძალიან ღრმად (ძალიან, ძალიან ღრმად!!!) პატივცემულმა ორგანიზაციამ შედარებით ობიექტური ციფრები დადო და ნეტავი რატომ? ალბათ, იგრძნო, რომ ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი პატივისცემის სიღრმემ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.
დეტალებზე არ შევჩერდები–მეთქი, მაგრამ NDI-ის კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 70% ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას რომ ემხრობა, ეს ნამდვილად არ არის დეტალი, ეს უკვე ეგზიტპოლია და ამ პროცენტებზე ძალიან ბევრი ადამიანის რეაქცია ასეთი იყო: „ჰა, ჰა, ჰა... დაგერხათ, ტყლაპებო?!“ ხოლო ტყლაპების რეაქცია იყო ასეთი. ნიუსის სახით: „საპარლამენტო უმრავლესობაში ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მსურველთა სიჭარბეს, ამომრჩეველთა მიერ ივანიშვილისთვის "განაჩენის" გამოტანის სურვილით ხსნიან. ამის შესახებ NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი უკანასკნელი პრორუსული ბასტიონია საქართველოში და სწორედ ამიტომ, მოსახლეობას სურს, მას არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცეს და განაჩენი გამოუტანოს“.
რომელმა სირმანჯომ თქვა ეს სიტყვები – „მოსახლეობას სურს, მას არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცეს და განაჩენი გამოუტანოს“? ეს სიტყვები ეკუთვნის ნუგზარ წიკლაურს, რომელსაც ზოგი წუგზარას ეძახის და ზოგიც ბოცოს. ეს არის ხმა პოლიტიკური საფლავიდან, იმ საფლავიდან, რომელზეც უკვე დიდი ბალახია ამოსული.
წუგზარაზე, საფლავზე და ბალახზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა – კახელმა თქვა, პაპაჩემის საფლავზე იმხელა ბალახი იყო ამოსული, ცხონებული ნუგზარა–პაპა სურათზე თითის წვერებზე იდგაო.
გასულ კვირაში თითის წვერებზე ნიკა გილაურიც იდგა.
ნიკა გილაური - ბოლო 12 თვის განმავლობაში არც ერთი კომპანია არ დალუქულა
ნიკა გილაური ვარაუდობს, რომ წელს ტურიზმიდან შემოსავალი ერთ მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ნიკა გილაური - საქართველოს ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკაზე ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება.
ნიკა გილაური - ევროკავშირს აკლია ის, რაც საქართველოს აქვს, ეს ენერგოუსაფრთხოებაა.
ნიკა გილაური ლიბანში ვიზიტით გაემგზავრა.
საუბარზე ეტყობათ–მეთქი... სიარულზეც... ხალხს ვეტყვი: ხმა იმისთვის გაქვთ, რომ – ამოიღოთ. ვეტყვი გილაურს: ხელი იმისთვის გაქვს, რომ მოისვა. მილიარდი დოლარი არა, „ჩემი მაღალი“, რომელმაც გასულ კვირაში ასეთი რამეც თქვა:
„სახელმწიფო როდესაც კიდებს ხელს რაღაცას, საქმე ორჯერ უფრო ჩქარა კეთდება, ვიდრე ამას კერძო სექტორი აკეთებს. ყველგან პირიქით ხდება და საქართველოში არსებული სიტუაცია მიუთითებს იმაზე, რომ საუკეთესო კადრები სახელმწიფო სექტორში წარმოიშვა.თელავს სახელმწიფომ მოკიდა ხელი. კახეთზე იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი აქტიურად არის დაკავებული, რომ ჩქარა გააკეთონ. ახალციხეში ცენტრის აღდგენას კოორდინირებას უწევს შს მინისტრი და უთვლის ყველა თეთრს, რომ რაღაც არ მოპარონ და მაინც გაბრაზებულია, იმიტომ, რომ მაინც თაღლითობენ იქ ვიღაცეები“.
ვიღაცეებიო... ვინ ვიღაცეები, ბიჭო! ამ ქვეყანაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თაღლთობენ. კარგად თქვა გასულ კვირაში ბოცო–ნუგზარამ, ქართული ოცნების“ პირველი საარჩევნო დაპირება ქაოსი და ანარქიააო... ჯერ სად ხართ! მეორე დაპირება იქნება ქუჩებში უდანაშაულო ხალხის დახოცვა; მესამე დაპირება იქნება მიტინგების დარბევა; მეოთხე დაპირება იქნება ტერიტორიების დაკარგვა და ბერლინიდან ბოზების ჩამოთრევა; მეხუთე დაპირება ისევ მიტინგების რბევა იქნება, ხოლო მეექვსე დაპირება – ბიზნესების დაყაჩაღება.
ვისაც ეს დაპირებები არ მოწონს, მათთვის არსებობს მთავარი დაპირება – „ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში!!!“
„თქვენ ხართ ძალები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ წარსულის ოცნებების აღდგენით იკვებებიან“ – მოგვმართა ნუგზარ–წუგზარამ და გამახსენდა... როგორ ვოცნებობდი კრემლის აგენტობაზე, ქვეყნის დაქუცმაცებაზე, საზოგადოების გახლეჩაზე... მერე მოიტყვანა ეძიკამ მიშა, მიშამ მოიტყვანა ნუგზარა, ნუგზარამ მოიტყვანა „მწვანე სკოლა“ და „მწვანე სკოლა“ მოიტყვანს გაზაფხულს. მე სულელს კიდევ იმედი მქონდა, რომ სულ ზამთარი იქნებოდა.
გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას თავს იწონებს წიკლაური.
ერთი წამით დავსერიოზულდები და ისე მოვიქცევი, ერთი წამით დასერიოზულებულებს რომ შეშვენით, ანუ ვიტყვი სერიოზულად: „ნუგზარა, ა ვამ ნი კაჟეტსა ჩტო ვაშა მესტა ვოზლე პარაში?“
რუსულად ავჭიკჭიკდი, შემოდგომისთვის ვემზადები, ფასს ვიწევ. „გამოყვეს მილიარდები, „გაზპრომს“ მილიარდების მეტი რა აქვს. ფიქრობენ, რამდენი მივაშაოთ ახლა პოლიტიკურ სპექტრს, ქართველ ამომრჩეველს და კაი, ეხლა, მაგათ ყიდვას რა უნდა. პუტინი ვერასოდეს გაიგებს, ქართველი ხალხი რატომ არ გაიყიდება შემოდგომაზე“, – თქვა სააკაშვილმა და დასძინა, რომ „პუტინი ვერასოდეს გაიგებს, ქართველი ხალხი რატომ არ გაიყიდება შემოდგომაზე“.
პუტინი ვერასოდეს გაიგებს, რადგან მთავარია გაგება, ხოლო პუტინს გაგება არ აქვს. გაგება აქვს სააკაშვილს: „მიდით ზოგიერთ უცხოურ საელჩოში, თბილისის ცენტრში ვიზის ასაღებად და ნახეთ, როგორ ეპყრობიან იქ მისულ მოქალაქეებს, უცხოელებიც და სხვათა შორის, მათი ქართველი თანამშრომლებიც. რატომ ეპყრობიან იცით ასე - ჰგონია, რომ ის არის უფროსი და მას შეუძლია დაგამციროს, ზემოდან ქვემოთ დაგხედოს და ამით სიამოვნება მიიღოს. ასეა ბევრ ქვეყანაში. ეს ხდება ჩვენს საელჩოებში, უცხოურ საელჩოებში, მათ შორის - განვითარებული ევროპული ქვეყნების“.
ა, კაცი!.. თქვენ კიდევ ამბობთ, შევარდნაძის მოტყვანილიაო, სარტყელი მიირტყა, მოირტყა, მორტყმული დაიარებაო. ეგრე არ არის! აი, როგორ არის:
„ყველაზე მეტად რევოლუციური ახალ საავადმყოფოებში ის იყო, რომ ფეხებზე ჩააცვეს პლასტიკური პაკეტები. ეს იყო ყველაზე რთული. ასწავლეს მაგნიტური რეზონანსის აპარატზე მუშაობა, ბევრი სხვა რამ, მაგრამ ამაზე დღემდე არის გაწევ-გამოწევა, რომ შენი გოჭის ხორცით არ მიხვიდე და კაბინეტში არ გაშალო სუფრა. მაგრამ ამასაც სწავლობენ, რა არის ასეთი უსწავლელი. როგორც კი დაიწყებენ თავისი ძველი ფეხსაცმელებით სიარულს, ის საავადმყოფო უკვე აღარ იქნება ის საავადმყოფო. თანდათან გახდება ისევ ძველი საშინელი კლინიკა, როგორიც ბევრი გვაქვს გარშემო“.
ასეც არის: “რეფორმები უკვე ქართულ გენეტიკაში დევს. სამართლებრივი ცვლილებები, რომელიც ჩვენ გავატარეთ, დაიცავს ამ რეფორმებს. ამის გარანტიაა ასევე მოსახლეობა, რადგან ის რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, მხოლოდ ხელისუფლების მიღწევა არ არის. კორუფციის აღმოფხვრაში საქართველოს მოსახლეობა აქტიურად იყო ჩართული. ქართველ ხალხს ყელში ამოუვიდა კორუფცია და ის არასოდეს დაბრუნდება“.
პირველი ციტატა არის პოემიდან „ჩოყლაყიანი“, ხოლო „ყელში ამოსული კორუფციის“ შესახებ ყელში ამოსულმა გილაურმა ისაუბრა, ლიბანში წავიდა და ხალხი უკვე ფიქრობდა, ყელში ამოგვივიდა, არ დაბრუნდებაო და... დაბრუნდა. ცისტერნებით ჩამოიტანა ვირის შარდი და ახლა ბენზინში აზავებს.
ზურაბ პოლოლიკაშვილი წავიდა. გაგეცინება, ავთანდილოვიჩ, მაგრამ ისევ წავიდა, ისევ ესპანეთში და უკვე მეორედ. გაივლის დრო და „კამპ ნოუზე“ მოკალათებული ზურაბა ღიმილით გაიხსენებს, როგორ მსახურობდა და როგორ ემსახურებოდა. საუკეთესო კადრები სახელმწიფო სამსახურიდან მოდიანო – მიშამ, და... თბილისის „დინამო“ უკვე „ბარსელონაა“ თუ, წავიდა პოლოლიკაშვილი ესპანეთში და „ბარსელონა“ გახდება წყალტუბოს „სამგურალი“?
ნელ–ნელა მიდიან, იმ ანეკდოტისა არ იყოს – ნაწილ–ნაწილ იპარებიან.
შენ არ წახვალ, მიშა?
წადი, რა...
ნ.ა.ხ.უ.ი. (ნამდვილად ახურებს, ხტუნავს, უსტვენს, იბრიქება) ხტუნავს – საჩხუბრად არის განწყობილი (თითქოს კინკლაობის ჟინით შეპყრობილი ადგილზე ცმუკავს, ხტის). რა და, ხომ იცი, ბნელი ხალხია, რას ხტუნავს მაგიო“ (რევაზ მიშველაძე); უსტვენს – სულელია, გიჟია. ნამყო სრული „დაუსტვინა“. სინონიმი – „ლეტნად არი“. „ბუჭამ გვერდით გაიხმო ჯონდო: – უსტვენს? – ჯონდომ უარის ნიშნად თვი გააიქნია. – არ უსტვენს? – მგონია, შენ უფრო აფრენ, ვიდრე ეგ ბიჭი“(ჯემალ დავლიანიძე); დაუსტვინა, გეუბნები! გუშინ ხო ვუთხარი, შენ რაღაც ლეტნადა ხარ–მეთქი“(ნაირა გელაშვილი); იბრიქება – იჯგიმება, ამპარტავნულად, ქედმაღლურად იქცევა. „ადე, თუ ძმა ხარ, ნუ იბრიქები“ (ნოდარ დუმბაძე); იბრიქებიან, მაგრამ რას იბრიქებიან ეს ვაჭრები...“ (თამაზ კვაჭანტირაძე, თარგმ.)
(ლევან ბრეგაძე, ქართული ჟარგონის ლექსიკონი)