აფხაზი და ოსი მარიონეტები რუსული მედიის სასურველი რესპოდენტები არიან. ისინი ანტიქართული განცხადებების კეთებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. სეპარატისტები ამ გზით პატრონების ნდობის და კეთილგანწყობის შენარჩუნებას ცდილობენ.
სერგეი ბაღაფშს აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საზღვრად ეკლიანი მავთულხლართის გავლება სურს. „პრეზიდენტი“ ამის საჭიროებას ქართველებისადმი არსებული „არანორმალური ანტაგონიზმით“ ხსნის. ბაღაფში მეზობელ ზუგდიდის რაიონს ხუთკილომეტრიან ზოლსაც ედავება, რომელიც მისი თქმით „ადრე აფხაზეთს უკუთვნოდა“.
რუსულ „კომერსანტთან“ საუბრისას სერგეი ბაღაფში ამბობს, რომ რუსულ ფინანსურ დახმარებას აფხაზეთში პირდაპირ იღებენ და ცხინვალის მსგავსად ამისთვის შუალედური სტრუქტურები არ სჭირდებათ. ამით პირდაპირ მიანიშნებს, რომ „სამხრეთ ოსეთში უფრო რთული მდგომარეობაა“. ბაღაფში რუსულ მხარეს არწმუნებს, რომ გამოყოფილი მილიარდები კონკრეტულ პროექტებზე იხარჯება და არცერთი კაპიკი არ იკარგება.
თუმცა რუსული მედია ამ კონტექსტში პრემიერ ანქვაბზე პერმანენტული თავდასხმებით ინტერესდება და ბაღაფშს შემდეგ კითხვას უსვამს:
– ანქვაბზე თავდასხმები იმით ხომ არ არის გამოწვეული, რომ ის არავის მოპარვის უფლებას არ აძლევს?
ბაღაფში ამ ვერსიას უარყოფს და აცხადებს, რომ ანქვაბზე თავდასხმები 2005 წლიდან მოყოლებული ხორციელდება, როდესაც მისივე თქმით აფხაზეთს ვალების მეტი არაფერი ებადა. „პრეზიდენტი“ აღიარებს, რომ ალექსანდრე ანქვაბი, როგორც „სერიოზული მუშაკი და სპეციალისტი“ მის ერთ–ერთ მემკვიდრედ განიხილება. თუმცა იქვე დასძენს, რომ ასეთივე მემკვიდრე „გამოცდილი სერგეი შამბაა“.
თუმცა ბაღაფშს „არ ესმის“ ამის გამო რატომ უნდა ხდებოდეს პოლიტიკოსებზე თავდასხმები. მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით ყველაზე ხელმისაწვდომი თვითონაა, რადგან ყოველ შაბათ–კვირას სოხუმის „ბრეხალოვკაზე“ უბრალო ადამიანებთან ყავას სვამს და სანადიროდ დაცვის მხოლოდ ერთი წევრის თანხლებით მიდის.
სხვა ვერაფერს იტყვი – მარიონეტებმაც კი ისწავლეს პიარის ხელოვნება. თუმცა ბაღაფში უბრალოდ იძულებულია აღიაროს, რომ წლეულს ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონი მაგრად ჩავარდა. „პრეზიდენტი“ ამის ორ მიზეზს ასახელებს: რუსი კომენტატორების „ღორობას“ (რომლებიც მუდმივად წერდნენ, რომ აფხაზეთში რუსებს ადამიანებივით არ ეპყრობიანო) და ადგილობრივი ბიზნესმენების წუწურაქობას. რომლებმაც ბაღაფშის თქმით, საშუალო შემოსავლების მქონე რუს ტურისტებს ფანტასტიკური ფასები დაუწესეს.
მაგრამ მთავარი „მტერი“ და განტევების ვაცი ბაღაფშს კვლავაც ენგურს გამოღმა ეგულება. ქართულმა სააგენტოებმაც ლოგიკურად ამ მონაკვეთებს მიაქციეს განსაკუთრებული ყურადღება.
„რუსეთის მოქალაქეობის მქონე ეროვნებით ქართველები აფხაზეთში ვერ დაბრუნდებიან, იმის გამო, რომ აქ მათ მიმართ არანორმალური ანტაგონიზმია გამეფებული“, – აცხადებს ბაღაფში გაზეთ „კომერსანტთან“ საუბრისას.
„აფხაზეთში იმ ქართველების დაბრუნებაც და მათთვის საცხოვრებლის მიცემაც გამორიცხულია, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, იმიტომ აქ მათ მიმართ არანორმალური ანტაგონიზმია და ეს კიდევ დიდხანს იქნება. ამიტომაც ამ თემაზე საუბარიც კი არ მსურს.
როდესაც მეუბნებიან – იგი რუსეთში ცხოვრობდა, მას რუსეთის პასპორტი აქვს, ვპასუხობ: ისინი ყველა აიღებენ რუსულ პასპორტებს და შემდეგ აქ ჩვენს საცხოვრებელზე გამოაცხადებენ პრეტენზიას. ეს გამორიცხული ვარიანტია, იმიტომ, რომ შედეგად აქ ისევ კონფლიქტი იქნება, ჩვენ კი ეს ახლა არ გვჭირდება“, – აცხადებს ბაღაფში და დასძენს, რომ ამ საკითხს აფხაზეთი რუსეთთან და საქართველოსთან ერთად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე უნდა დაუბრუნდეს და იმსჯელოს იმაზე, თუ როგორ შეიძლება მისი გადაწყვეტა.
„საქართველომ დაახლოებით 13 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მოგვაყენა. თუკი იგი ამ კომპენსაციას გადაგვიხდის, მაშინ დავიწყებთ ნელ-ნელა კომპენსაციის გადახდას იმ ადამიანებისთვის, ვინაც აქ საცხოვრებელი დაკარგა. მეტი არანაირად“, – აცხადებს ბაღაფში.
„მირჩევნია აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვარი ეკლიანი მავთულის იყოს“, – ეს ხმაურიანი განცხადებაც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა გაზეთ „კომერსანტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„საქართველოსა და აფხაზეთს შორის საზღვრის გავლების ორი ვარიანტი გვაქვს – შეიძლება ბოძების დაყენება და ასევე შეიძლება ეკლიანი მავთულის გავლება. მე პირადად ვემხრობი იმას, რომ იქ იყოს საზღვარი ეკლიანი მავთულით. არავის არ მივცემთ საშუალებას გალის რაიონში დამნაშავეების ბუდე შექმნას“, – აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი და რუსულ მედიას ამცნობს, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის საზღვრის აფხაზეთის მხარეს გადაწევის გამო, აფხაზეთის ტერიტორიის 5 კილომეტრი საქართველოს მხარეს დარჩა.
„ჩვენი საზღვარი ყოველთვის გადიოდა მდინარე ენგურზე, მაგრამ მოხდა ისე, რომ ქვედა ზონაში საზღვარმა ჩვენ მხარეს გადმოიწია ენგურიდან 5 კილომეტრის დაშორებით. დღეს კი ეს საქართველოს ტერიტორიად ითვლება. იქაც ისეა, როგორც რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვარზე, საზღვარი გადის სახლებსა და ბოსტნებს შორის. იქ ძალიან ბევრია კონტრაბანდა. დამნაშავეები გადარბიან აქედან იქით და პირიქით. ახლა ჩვენ დავალაგებთ იქ ყველაფერს, გავამაგრებთ საზღვარს და იქნება წესრიგი“, – აცხადებს ბაღაფში.
მისივე თქმით, მდინარე ენგურზე მდებარე საზღვარზე უახლოეს მომავალში კიდევ ერთი საკონტროლო გამშვები პუნქტი გაიხსნება, რომლის მეშვეობითაც აფხაზეთის მოსახლეობას საქართველოში დარჩენილი ნათესავების მონახულება გაუადვილდება.
„მოსახლეობა საქართველოში დარჩენილ თავის ნათესავებთან ივლის სასაზღვრო საგუშაგოების გავლით. ახლა ერთი ასეთი საგუშაგო ფუნქციონირებს და უახლოეს მომავალში კიდევ ერთი საგუშაგო გაიხსნება. ეს ნორმალური ცივილიზებული გადაწყვეტილებაა“, – აცხადებს ბაღაფში.