სააკაშვილის დეკლარირებული საქართველო - ანუ ღარიბი ქვეყნის მდიდარი პრეზიდენტი

სააკაშვილის დეკლარირებული საქართველო - ანუ ღარიბი ქვეყნის მდიდარი პრეზიდენტი

გერმანიაში პრეზიდენტი მხოლოდ იმიტომ გადადგა, რომ მას წარსულში, შეღავათიანი კრედიტების გამოყენებაში დებდნენ ბრალს. კრისტიან ვულფმა გადადგომის შესახებ განცხადება ბერლინში გააკეთა და განმარტა, რომ მისი ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გერმანელი ხალხის მხრიდან ნდობის დაკარგვა გახდა.

პარალელურად, გერმანიის ქალაქ ჰანოვერის პროკურორმა პარლამენტის ქვედა პალატას, პრეზიდენტ ვულფისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართა. მან განმარტა, რომ საქმეში ჩაღრმავებისა და მედიაში გავრცელებული ცნობების შესწავლის შემდეგ, გაჩნდა სერიოზული ეჭვი, რომ ვულფი სამსახურეობრივ მდგომარეობას პირადი მიზნებისთვის იყენებდა.

ეს ამბავი სულ რაღაც 20 დღის წინ მოხდა...

ზოგადად, ჩვენს ხელისუფლებას ევროპული გამოცდილების გაზიარება ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კი, გერმანიის. მაგრამ კრისტიან ვულფის შემთხვევა იმ გამონაკლისთა შორის დარჩება, რომელსაც საქართველოში ვერ გაიზიარებენ.

ქართველი ხალხის ნდობის დაკარგვის გამო, საქართველოში, ჯერჯერობით, სოფლის გამგებელსაც კი არ დაუტოვებია თანამდებობა. აღარაფერს ვამბობთ მედიაში გავრცელებული ცნობების შესწავლასა და სამსახურებრივი მდგომარეობის პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბოლო დღეებში არა ერთგზის დაადანაშაულეს სამსახურებრივი მდგომარეობის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში. მას თავისი ოჯახის ბიზნეს-მონოპოლიების შესახებ პარლამენტარმა ჯონდი ბაღათურიამ მთელი პარლამენტის, მედიისა და სრულიად საქართველოს წინაშე განუცხადა: "თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ ნავთობისა და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყველა წიაღისეულ სიმდიდრეს. მთლიანად აკონტროლებთ საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს, ფლობთ მედიამაგნატ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, რომელიც თქვენს თანაკლასელზე გაქვთ გაფორმებული. თქვენი მამა არის საქართველოს ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი. ხოლო დედა ფლობს უმსხვილეს ბიზნესებს უმაღლესი განათლების სფეროში, მათ შორის, მისი საკუთრებაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი 15 827 კვმ ფართი (წილში სიმბოლურად 200 ლარი აქვს გადახდილი). ასევე, ფლობს შპს "საუნივერსიტეტო ავეჯს". მას ეკუთვნის "გეპეის" მე-3 კორპუსის მე-2 სართულზე განლაგებული უზარმაზარი კაფე "ხადილი". ასევე, 14% "ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის", მას ეკუთვნის "შავი ზღვის უნივერსიტეტი", რომელსაც პრეზიდენტის განკარგულებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი 101 221 კვმ არასასოფლო სამეურნეო მიწა", _ განაცხადა იმ საპარლამენტო საღამოზე ბაღათურიამ და დასძინა, რომ პრეზიდენტის ოჯახის საკუთრებაში კიდევ ბევრი ქონებაა, რომელთაც დროის სიმცირის გამო ვერ ჩამოთვლიდა.

ქვეყნის პირველმა პირმა ოპოზიციონერ დეპუტატს "ფარჩაკი", "სულელი", "ბრიყვი" და "ტალახში ამოსვრილი" უწოდა: "ტალახში გორაობა თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. ახლა მანდატურებს ვთხოვ და გაგყვებიან, ჩაგაწვენენ ნამდვილ ტალახში ბოლომდე, კარგად დაგზილავენ, როგორც საჭიროა და გაგივლის ეს ფანტაზია", _ მიმართა სააკაშვილმა ბაღათურიას და დარბაზიც მალევე დატოვა.

როგორც ჩანს, სააკაშვილს ბაღათურიას სიტყვები, რომელიც სულაც არ იყო რეალურ საფუძველს მოკლებული, ისე ღრმად ჩარჩა გულში, რომ ახმეტაში, მორიგი საავადმყოფოს გახსნის, დროს თავის პრეზენტაციაში კიდევ ერთხელ მოიხსენია: "ამასწინათ პარლამენტში განხილვის დროს, ვიღაც რატომღაც შემომედავა, რომ პრეზიდენტი ფულს აკეთებსო.

...თუკი ჩემი ქვეყანა უკეთესად იცხოვრებს, რა თქმა უნდა, მე უფრო მდიდარი ვიქნები. ეს არ აისახება არანაირ დეკლარაციებში. ჩემი ქონებრივი დეკლარაცია ბევრი არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც 5-6 წლის წინ იყო. ჩემი დეკლარაცია არის მთლიანად საქართველო." ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 5 მარტს გააკეთა.

ოთხი დღის შემდეგ, 9 მარტს, პრეზიდენტის "მთავარ ოპონენტად" აღიარებულმა ჯონდი ბაღათურიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციული ბიზნეს-საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

დოკუმენტების მიხედვით აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილის ქონებრივი დეკლარაცია 5-6 წლის წინანდელისგან აშკარად განსხვავდება:

2004 წლის დეკლარაციების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ მოკრძალებული ქონების პატრონი იყო - 95 ათას ლარად შეფასებული ბინა, 9 500 ევრო მეუღლის სახელზე ბანკ "სოსიეტე ჟენერალ"-ში და პირადად მის სახელზე - 3 500 ევრო "თი-ბი-სი" ბანკში - ასე გამოიყურებოდა მისი ქონება "ვარდების რევოლუციის" ერთი წლის თავზე.

2009-2010 წლების დეკლარაციით პრეზიდენტის ქონება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, მაგრამ ამ დოკუმენტებში შემოსავლის წყარო არ ჩანს. სამაგიეროდ, უხვადაა საჩუქრები, რომელსაც მისი მეუღლე იღებდა - სანდრა რულოვსმა 2009 წელს საჩუქრად 456 ათასი ლარი მიიღო, 2010 წელს კი - 644 ათასი ლარი.

კანონმდებლობით პრეზიდენტს, ისევე როგორც მთავრობის წევრებსა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, 1000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის მიღება ეკრძალებათ. ამავე კანონით, ნებისმიერი ტიპის შემოსავალი დეკლარირებული უნდა იყოს.

თუმცა, საჩუქრის სახით მიღებული ეს მილიონ 100 ათასი ლარი დეკლარირებული არ არის და ის დამალულია.

ბაღათურიამ დიპლომატებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის ფინანსური და ქონებრივი დეკლარაციები, ასევე, მის მიერ გამოცემული რამდენიმე განკარგულება და "ქართუ" ფონდის 2009-2010 წლების ბალანსი გადასცა. თან პარლამენტში მიწვეულ უცხოელ სტუმრებს მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის #308 და #127 განკარგულებებიც გააცნო, რომლითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება პრეზიდენტისა და მისი ოჯახის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადავიდა.

"ამ განკარგულებებით სახელმწიფო ქონება "შავი ზღვის უნივერსიტეტს" გადაეცა. მისი მფლობელი კი პრეზიდენტის დედა გახლავთ, რომელიც განათლების სექტორში ბიზნეს-მონოპოლიას ახორციელებს" - განაცხადა ბაღათურიამ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბაღათურია პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელსაც მაღალი საგამოძიებო უფლებამოსილება მიენიჭება და პრეზიდენტის და სხვა მაღალჩინოსანთა "კორუფციული საქმიანობის სქემებს" შეისწავლის.

თავის მხრივ, პრეზიდენტი სააკაშვილი საავადმყოფოების გახსნისას, შიგადაშიგ, საუბრობს ხოლმე დეკლარაციებზე და მისი შემოსავლების ზრდას ქვეყნის გამდიდრებას უკავშირებს.

გამდიდრებული საქართველოს მოსახლეობა კი სტატისტიკური კვლევებით ასე გამოიყურება:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის დეკემბრის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიან ბაზაში სულ 1 632 403 ადამიანია რეგისტრირებული, რაც მოსახლეობის 36,5%-ს შეადგენს. აქედან, ღატაკი, ანუ ვისაც სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 8,7%-ს შეადგენს, ანუ საარსებო შემწეობას 394 819 ადამიანი იღებს;

- სტატისტიკის მონაცემებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს;

- დამოუკიდებელი ექსპერტების კვლევების მიხედვით, დღეს ქვეყანაში სიღარიბის ზღვარზე და მის მიღმა მოსახლეობის 50% იმყოფება და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება.

ჩვენთან, რატომღაც, სიღარიბის ზღვრად საარსებო მინიმუმი უარყოფილი იქნა. ის საარსებო მინიმუმი კი, რომელიც დღეს ქვეყნდება, რეალურ საარსებო მინიმუმს 30-40%-ით ჩამორჩება, რაც იმითაა განპირობებული, რომ მეთოდოლოგია, დათვლის სისტემა შეცვალეს და საარსებო მინიმუმი ხელოვნურად შეამცირეს. რეალურად კი, ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავლის მქონეა.

და ამ ყველაფერსაც რომ თავი გავანებოთ, ჩვენს ქვეყანას გაღლეტილი ვანო მერაბიშვილი და ღარიბ-ღატაკი ზურაბ ადეიშვილი ჰყავს.

P.S. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "თავისი" დეკლარაციის შესახებ: "ეს საავადმყოფოა ჩემი დეკლარაცია, ახალი სკოლებია ჩემი დეკლარაცია, ახალი ქალაქებია ჩემი დეკლარაცია. ჩემი დეკლარაცია იქნება ახალი მთა-თუშეთი, რომელსაც გავაკეთებ და გავალამაზებ. ახალი თელავი იქნება ჩემი დეკლარაცია. ახალი ყვარელი, ლაზიკა, ბათუმი იქნება ჩემი დეკლარაცია და ამით წარვდგებით ჩვენ ჩვენი ხალხის, მსოფლიოს და ისტორიის წინაშე!"