ლევან ყიფიანი: “დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის მართვის სადავეებს უნდა მოშორდეს“

ლევან ყიფიანი: “დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის მართვის სადავეებს უნდა მოშორდეს“

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართული სპორტი მთავრობის მხრიდან უყურადღებობას არ უჩივის. ხელისუფლება ამ სფეროს განვითარებისათვის დიდძალ თანხებს იხდის და წინა საუკუნის 90-იანი წლებისაგან განსხვავებით სპორტსმენები მწირე ფინანსურ შესაძლებლობებს აღარ უჩივიან. ყველას გვახსოვს 1986 წლის ატლანტისა და 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების წინა პერიოდი. ამ შეჯიბრებებზე გასამგზავრებლად ქართველ ათლეტებს არაერთი წინაღობის გადალახვა მოუწიათ და ამათგან უპირველესი უფულობა გახლდათ.

 

მდგომარეობა ერთგვარად კი გამოსწორდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია საერთაშორისო ასპარეზზე ნაჩვენები შედეგები მკვეთრად გაუარესდა. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სპორტის ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონი არ გვყავს. ფეხბურთი ავიღოთ. გავიხსენოთ ლოზუნგი “ჩვენ ერთი გუნდი ვართ” და გერმანელი კლაუს ტოპმიულერის რამდენიმე მილიონიანი კონტრაქტი. ნაკრებმა მაშინ მხოლოდ ფარერების ეროვნულ გუნდს გაუსწრო და დიდძალი თანხა წყალში გადაყრილი აღმოჩნდა.

 

სამწუხაროდ სპორტი ქვეყნის მმართველმა ძალებმა პიარ-კომპანიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად გადააქციეს. ფულს გონივრული დახარჯვა ესაჭიროება, ასევე აუცილებელია სპორტის განვითარების სწორი სტრატეგიის შემუშავება. რამდენიმე თვეში ლონდონის ოლიმპიური თამაშები გველის. გასულ წელს საუბარი იყო, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში დაახლოებით 60 სპორტსმენისაგან შემდგარი დელეგაციით გავემგზავრებოდით. დღეისათვის მხოლოდ 11 ლიცენზია გვაქვს და უკეთეს შემთხვევაში 25-30 საგზურს თუ მოვიპოვებთ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ცხადია რომ ქართულ სპორტში საქმე კარგად არ მიდის და მოვიდა დრო რომ მისი მართვის სადავეები ხელში ნამდვილმა პროფესიონალებმა აიღონ.

 

ცოტა ხნის წინ სპორტის პრობლემებით საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნებაც" დაინტერესდა და შესაბამისი თემატური ჯგუფი ჩამოაყალიბა. ამ გაერთიანებას სათავეში ორგანიზაცია “ჩვენი ფეხბურთის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ყიფიანი ჩაუდგა. რამდენიმე დღის წინ ბატონ ლევანს შევხვდით და ქართული სპორტის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ვესაუბრეთ, რასაკვირველია გვერდი ვერც ფეხბურთის თემას ავუარეთ.

 

საინტერესოა საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” სპორტის თემატური ჯგუფის მიზნები და ამოცანები?

- ეს ჯგუფი იმ ადამიანების გაერთიანებას წარმოადგენს, რომლებისთვისაც ამჟამინდელ ქართულ სპორტში არსებული პრობლემები მეტად მტკივნეულია. მათი უმთავრესი მიზანი და ამოცანა საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე ქართული სპორტის განვითარებაა. ჩვენს ქვეყანაში დღეისათვის სპორტს გარკვეული პიარ-კომპანიის სახე გააჩნია. მის მართვაში ხელისუფლება აქტიურად ერევა და ეს სფერო მხოლოდ ზემოდან წამოსული იძულებითი დირექტივების საშუალებით ვითარდება. 1995 წლიდან ქაღალდზე არსებობს “კანონი სპორტის შესახებ”, იგი ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სპორტის განვითარების საკანონმდებლო ბაზას, რომელმაც არსებული ქაოსური მდგომარეობა უნდა მოაწესრიგოს. დღეისათვის სპორტის ესა თუ ის სახეობა მხოლოდ მაღალჩინოსნების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. რასაკვირველია არანაირ კონცეფციაზე და მიმართულებაზე საუბარი არ არის.

 

განუვითარებელია საკლუბო სისტემაც, რომელმაც ისეთი მახინჯი ფორმები მოგვიტანა როგორიცაა სამინისტროების მიერ გუნდების დაფინანსება. ფეხბურთში ვტრიალებ და გაგახსენებთ. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფო დაწესებულებებს გუნდების დაფინანსება სასტიკად აუკრძალეს. ამ მიზეზის გამო არაერთი გუნდი დაიშალა. ბოლო პერიოდში მეორე უკიდურესობაში გადავარდით, სამინისტროებმა კლუბების დახმარება აქტიურად დაიწყეს და ფაქტობრივად სპორტის ბევრ სახეობაში უწყებრივ პირველობებს ვატარებთ.

 

ახლადჩამოყალიბებული სპორტის თემატური ჯგუფის მთავარი ამოცანაა, რომ რეალურად ჩამოაყალიბოს ის პირობები, რომელიც ქვეყანაში სპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს. ჩვენს ჯგუფში არაერთი ცნობილი სპორტსმენი და სპეციალისტია გაწევრიანებული. ჩემთვის პირადად საამაყოა, რომ ამ ჯგუფში გაწევრიანების პირთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება და ჩვენი კარი ყველა მსურველთათვის ღიაა. ასეთი ადამიანების დახმარებით, აგრეთვე მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გამოყენებით იმედი მაქვს რომ “კანონი სპორტის შესახებ” რეალურად განხორციელდება და მომავალში ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი, თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბებას დაეხმარება, რაც ქვეყანაში სპორტის განვითარების მთავარ  ამოცანას წარმოადგენს. მიმაჩნია რომ სპორტი პოლიტიკის ჩარევისაგან თავისუფალი უნდა იყოს.

 

თქვენი თემატური ჯგუფი მასობრივი სპორტის პრობლემებზე თუ იმუშავებს?

- ერთი გამოკვლევის შედეგებს გაგაცნობთ. საქართველოში მცხოვრები მოზარდების 90 პროცენტი ამა თუ იმ დაავადებას უჩივის. ამისი ერთ-ერთი  მიზეზი ის გახლავთ, რომ სკოლებში ფიზიკური აღზრდის საქმე ცუდად არის დაყენებული. თუ განათლების სამინისტროს კანონებს გადავხედავთ, სკოლებში ფიზიკური აღზრდის საკითხს მხოლოდ ერთი მომცრო მუხლი აქვს დათმობილი. რასაკვირველია თემატურ ჯგუფში ამ საკითხზეც ვიმუშავებთ. უკვე დავუკავშირდით კოლეგებს განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფებიდან და ამ პრობლემას მათთან ერთად განვიხილავთ. კავშირი გვაქვს უცხოელ მეგობრებთანაც, რომლებიც ევროპულ სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში დანერგილ გამოცდილებას გაგვიზიარებენ. აუცილებელია რომ ბავშვებს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები ისე მიეწოდოთ, რომ ეს პროცესი მათი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო აღმოჩნდეს.

 

ალბათ დროა ფეხბურთის თემაზე გადავიდეთორგანიზაცია „ჩვენი ფეხბურთს” კავშირი თუ აქვს საქართველოს ფეხბურთისფედერაციასთან?

- დანიშვნის შემდეგ, ამ სიტყვას ვიხმარ, რადგან ბოლო არჩევნებს სხვანაირად ვერ მოვიხსენიებ, ბატონმა ზვიად (დომენტი) სიჭინავამ ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობა არ მოისურვა. იყო საუბრები რომ ფედერაციაში გარკვეული ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ეს ყველაფერი იდეის დონეზე დარჩა. იმ პირობებში როდესაც ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პირველი პირი ზემოდან ინიშნება, როდესაც ფედერაციის აღმასკომი პარტიული ერთგულების ნიშნითაა დაკომპლექტებული და პროფესიონალებს იქ არ აჭაჭანებენ, უგულებელყოფილია ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნები, რომელიც ეფუძნება გამჭირვალობის და დემოკრატიულობის პრინციპებს, არ გაუმჯობესებულა ქართული ფეხბურთის მართვის სისტემა და ჩემპიონატის რეგლამენტსაც მთავრობის მაღალ ეშელონებში ადგენენ, ჩვენი თანამშრომლობა ვერ განხორციელდება. სიმართლე გითხრათ და არც დაინტერესებულან.

 

რამდენად სწორი მიმართულებით ვითარდება ქართული ფეხბურთი?

- სამწუხაროდ ფეხბურთის თემამ პიარ-კამპანიის სახე მიიღო და არანაირ გეგმაზომიერ განვითარებაზე საუბარი არ არის. ამის დასტურად საქართველოს პრეზიდენტის „ინიციატივა“ მოწმობს, რომელიც მან შემოგვთავაზა აზერბაიჯანის პარლამენტის ტრიბუნიდან 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთობლივად გამართვასთან დაკავშირებით. სპორტის ამ სახეობის მიმართ უთავბოლო მიდგომის გამო დიდძალი თანხა უაზროდ გაიფლანგა. როგორ ვისაუბრო ფედერაციის კარგ მუშაობაზე, როდესაც სპორტული ინფრასტრუქტურა გაჩანაგებულია.

 

ალბათ შემეკამათებით და რამდენიმე აშენებულ სტადიონს დამისახელებთ, რომელიც ორჯერ და სამჯერ იხსნება ზარზეიმით, მაგრამ დაითვალეთ, დანგრეულის ნაცვლად რამდენი ახალი აშენდა. მთავარი ყურადღება ეროვნულ ნაკრებზე გადაიტანეს და ბავშვთა ფეხბურთი საერთოდ დაივიწყეს. ფეხბურთის კარგი გუნდის ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე წელი გჭირდება და მას ერთიანი სტრუქტურა ესაჭიროება - ბავშვთა ფეხბურთი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ჯანსაღი საკლუბო სისტემა. როდესაც ეს სამი კომპონენტი გამართულად მოქმედებს, ეროვნული ნაკრების გაძლიერებაზე ფიქრი ამის შემდეგ შეგიძლია.

 

ბავშვთა ფეხბურთში კატასტროფიული სურათია. ყოველ წელს კლებულობს სპორტის ამ სახეობით დაინტერესებული მოზარდების რაოდენობა. ამისი მთავარი მიზეზი ცუდი სტადიონები და კვალიფიცირებული მწვრთნელების სიმცირეა. დაითვალეთ თუნდაც ეროვნულ პირველობაზე რამდენი პრო-ლიცენზიის მქონე მწვრთნელი მუშაობს. მათი რიცხვი ძალიან მცირეა. მსოფლიო ფეხბურთის სისტემა სპორტის სხვა სახეობებიდან განსხვავებით ყველაზე ჩამოყალიბებული და გამართულია. ბავშვთა ფეხბურთი-კლუბი-ნაკრების სამკუთხედმა გამართულად უნდა იფუნქციონიროს. საქართველოში ამ რგოლებს შორის კავშირი მეტად სუსტია.

 

ძლიერმა გუნდმა ძლიერ ეროვნულ ჩემპიონატში უნდა იასპარეზოს. საქართველოს პირველობა კორუფციის დიდ ბუდედ გადაიქცა. როდესაც ჩემპიონატის ჩატარების სისტემას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დაგიწერს, როდესაც ყოველწლიურად იცვლება პირველობის რეგლამენტი რა ფეხბურთის პროგრესზეა საუბარი. მიმდინარე ჩემპიონატი ავიღოთ. მისი ჩატარების უაზრო სისტემამ გამოიწვია, რომ ე.წ. “ამხანაგური შეხვედრები” მოგვიმრავლდა, ანუ მატჩები სადაც შედეგს ორივე გუნდისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

დარღვეულია უმთავრესი სპორტული პრინციპი, ალბათ მიხვდით, საუბარი მაქვს პირველ რვა ადგილზე გასული კლუბების დაპირისპირებას მათთან ვინც მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის იბრძვის. სატურნირო ცხრილის პირველ რვა საფეხურზე მყოფ გუნდებს ფინალურ სტადიაზე მხოლოდ ერთმანეთთან ნათამაშევი მატჩების შედეგები ეწერებათ. ამ მიზეზის გამო თუნდაც თბილისის “დინამოსა” და ბოლნისის “სიონის” შეხვედრას არანაირი სპორტული მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვის სჭირდება ასეთი მატჩების სიმრავლე?

 

კიდევ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. გადაიდო გორის “დილასა” და რუსთავის “მეტალურგის” მატჩი. ამის მიზეზად ცუდი კლიმატური პირობები და სტადიონის უქონლობა დაასახელეს. ნამდვილი მიზეზი ყველამ იცის, გორის „დილა“,  ხომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდია. ცოტა ხნის წინ “სიონი” – “მერანის” კალენდარული მატჩი 35-ე სკოლის სტადიონზე ჩატარდა. უცხოეთში ამ პირობებში მოზარდებსაც კი არ ათამაშებენ. ყოველივე ამან გამოიწვია, რომ გულშემატკივრებმა ეროვნულ ჩემპიონატს იგნორირება გაუკეთეს. ალბათ ვერც გაამტყუნებ. მომეცით გათამაშების კალენდარი და მომავალი მატჩების შედეგებს ზუსტად გეტყვით. ერთ ინფორმაციასაც მოგაწვდით. უკვე მიმდინარეობს საუბრები, რომ მომავალი პირველობა 16 გუნდიანი იქნება. ალბათ კომენტარი ზედმეტია. უმაღლესი და პირველი ლიგის რვა გუნდმა საუკეთესო ოთხეული უნდა გამოავლინოს. ზემოთდასახელებული ინფორმაცია მათაც გაგონილი ექნებათ. რა განწყობით უნდა გამოვიდეს მოთამაშე მინდორზე? შემდეგ გვიკვირს რომ პირველ ნაკრებში ეროვნულ პირველობაზე მოასპარეზე მოთამაშეებს იშვიათად ვხვდებით.

 

ბოდიშს მოვუხდი ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, რადგან მათი ბრალი არ არის ამ სამარცხვინო პირველობაზე რომ მონაწილეობენ. ამ სისტემას მათ ფედერაცია სთავაზობს და გუნდები რასაკვირველია მას ემორჩილებიან. სპორტის სხვადასხვა სახეობებისათვის საფეხბურთო შეჯიბრების სტრუქტურა სამაგალითოა. იგივე კალათბურთელთა ევროლიგა ავიღოთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ანალოგიურია. ამ დროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სპორტის ამ სახეობას უკან-უკან ექაჩება. ფეხბურთს შრომა და სწორი მიმართულება ესაჭიროება, ის გრძელვადიანი პროცესია და თანხების მიზნობრივად დახარჯვას მოითხოვს.

 

ერთ მოსაზრებასაც მოგახსენებთ. ვფიქრობ რომ ეროვნული პირველობის დევალვაცია მიზანმიმართულად მიმდინარეობს. ფეხბურთს დიდი აუდიტორიის შეკრება შეუძლია. ამჟამინდელ ხელისუფლებას ხალხის ფართო მასების ერთად თავმოყრა არ სურს და საქართველოში სპორტის ამ სახეობის ავტორიტეტის ხელოვნურად დაცემა ამ მიზნით ხდება. არის მეორე მიზეზიც. ამ სფეროში არაპროფესიონალები მოღვაწეობენ და საქმეს თავს ვერ ართმევენ. ორივე შემთხვევა დანაშაულად მიმაჩნია და ამისი გამკეთებლები უნდა ჩამოშორდნენ საქმიანობას. მიკვირს ქართული საფეხბურთო ოჯახი გაჩუმებული რატომ არის. ფაქტია, რომ ამ მთავრობამ შიშის სინდრომი დანერგა, მაგრამ ვიღაცამ ხმა ხომ უნდა ამოიღოს. მმართველი რეჟიმის მეხოტბეები ხელმოცარულ ადამიანებს გვიწოდებენ, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია რომ მთავრობით უკმაყოფილო ხალხის რაოდენობა დღითი დღე მატულობს.

 

ეროვნულ ნაკრებზე რას გვეტყვით?

- საქართველოს პირველი გუნდის წარმატება თუ გვსურს, საფეხბურთო სისტემა ნორმალურად უნდა ფუნქციონირებდეს. ბავშვთა ფეხბურთი, თავისი ინფრასტრუქტურით მოწესრიგებული უნდა იყოს, ეროვნული პირველობა ჯანსაღ ატმოსფეროში უნდა ტარდებოდეს, ქვეყანაში მოწესრიგებული სტადიონები უნდა გვქონდეს და საკლუბო სისტემა ფართოდ დანერგილი უნდა იყოს. ყველა ამ წინაპირობის არსებობის შემთხვევაში მომავალ წინსვლაზე ფიქრი შეგვეძლება. ამჟამად რა ხდება?

 

ევროპის ჩემპიონატის წინა შესარჩევ ციკლში გუნდის წინაშე ჯგუფიდან გასვლის ამოცანა იდგა. წარუმატებლობა მოთამაშეებს, უიღბლობასა და გარკვეულწილად მწვრთნელს დაბრალდა. არავის პროფესიონალურად ანალიზი არ უცდია, თუ რა მოხდა, რა იყო მიზეზები წარუმატებლობის. რეალური პრობლემები მიიჩქმალა. აქა იქ თუ წავაწყდებით ჟურნალისტების სტატიებს, რომელიც ამ თემებს ეხმიანება. უმთავრესი მიზეზი ხომ ქართული საფეხბურთო მეურნეობის მოშლაა.

 

მომავალი მსოფლიო პირველობის შესარჩევ ჯგუფში ესპანეთთან და საფრანგეთთან ერთად მოხვდით. უკვე დაიწყო საუბარი რომ გუნდის გაახალგაზრდავება უნდა მოხდეს. ამ აზრს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. არსებობს ასაკობრივი ნაკრებები და ფეხბურთელებმა ოსტატობა იქ უნდა აიმაღლონ. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში პირველი გუნდის მასობრივად გაახალგაზრდავების პროცესი არ ჩატარებულა.ასეთი რამ საფეხბურთო კლუბებში თუ ხდება. ეროვნული ნაკრები კი კლუბი არ არის.

თემურ ქეცბაიას მინდა რომ შევეხო.

 

ამ პიროვნების მიმართ დიდი პატივისცემით ვარ გამსჭვალული, ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს, მიმაჩნია, რომ თემური მეტად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას ალბათ ვერც კი წარმოედგინა საქართველოში რა სახის სიძნელეებს წააწყდებოდა. რასაკვირველია ვერ გავიზიარებ იმათ აზრს, რომლებსაც ქეცბაიას მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლება სურთ. ამ ადამიანმა საკუთარი არჩევანი გააკეთა და პასუხისმგებლობაც აიღო თავის თავზე, მან მუშაობა  უნდა გააგრძელოს, მაგრამ ერთს დავამატებდი, რომ არსებულ პირობებში და სისტემაში, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება.

 

ვფიქრობ საკითხის შემდეგნაირად დაყენება, რომ ესპანეთთან და საფრანგეთთან გამოცდილება უნდა შევიძინოთ და მომავალ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად მოვემზადოთ, მცდარია. ასეთი მიდგომა დროის გაწელვას უფრო წააგავს, ვიდრე საქმის რეალურად კეთების უნარს. საკითხის ამდაგვარი მიდგომით კიდევ დიდი ხნის განმავლობაში პერსპექტიულთა სიაში ვიქნებით. ამჟამინდელი საქართველოს ნაკრები იმ სახურავის მწვერვალს მაგონებს, რომელიც პირდაპირ აგურებზე დგას და ძირს კედლები და საძირკველი არ უმაგრებს. ამ პირობებში წარმატების მიღწევაზე ფიქრიც კი ზედმეტია.ეროვნული ნაკრები საფეხბურთო ინდუსტრიის ერთ–ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მისი არსებობა განცალკევებით, სხვა კომპონენტების გარეშე, შეუძლებელია.

 

ვიცი რომ გიორგი დემეტრაძესთან კონტაქტი გაქვთროგორ არის ის ამჟამად?

- გიორგი ამჟამად ცუდ მდგომარეობაშია. ის მუდმივად საკანშია გამოკეტილი და გარეთ არ უშვებენ. დარწმუნებული ვარ რომ გიორგი ამ ხელისუფლებამ მძევლად აიყვანა. ვიღაცამ გარკვეული პიარისათვის მისი დაჭერა გადაწყვიტა. დარწმუნებული ვარ გიორგის თუ არა, რომელიმე სხვა ფეხბურთელს დააპატიმრებდნენ. დემეტრაძეს სასამართლო პროცესებს ვესწრებოდი და მოსამართლე ისეთ უაზრო ბრალდებებს უყენებდა რომ თავად გიორგი  ღიმილს ვერ იკავებდა. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა ერთმანეთის ახლობელ-მეგობრები ვართ. მის გასათავისუფლებლად მე, მიხეილ ყაველაშვილმა, გოჩა ჯამარაულმა, გოგა გახოკიძემ და კახი კალაძემ ხმა კი ამოვიღეთ, მაგრამ ქართული საფეხბურთო ოჯახის წარმომადგენელთა უმრავლესობა დღემდე დუმილს არჩევს. დღეს საქართველოში შენი მეგობრის, კოლეგის მხარდაჭერა ხომ დანაშაულად ითვლება!

 

დღევანდელ მთავრობას ადამიანის ლაფში ამოსვრა უპრობლემოდ შეუძლია. კალაძისნაირი ტიტულებით დახუნძლული ფეხბურთელი მეტი არ გვყავს. წესით, კახის მიმართ დიდი პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ. ამ დროს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო ხელისუფლებამ კახა მტრად გამოაცხადა. ეს არანორმალური მოვლენაა. დღევანდელ საქართველოში ადამიანების დაყოფას ფეხი ღრმად აქვს გადგმული. ამ და სხვა მიზეზების გამო მიმაჩნია რომ დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის მართვის სადავეებს უნდა მოშორდეს.

 

ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ხალხი ორ ბანაკად დაჰყო. არაერთი თანამემამულის მსგავსად პოლიტიკაში ჩართვა არასოდეს მიფიქრია, მაგრამ მთავრობამ ყველა პოლიტიკოსებად გაგვხადა. საქართველოში იმდენი უსამართლობის მომსწრენი ვართ, რომ ხალხს, ფიზიკურად სხვა არჩევანი არ დაუტოვეს. ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებას” და საზოგადოების დიდ ნაწილს, ერთად,  ამ უსამართლობის დამარცხების ძალა შეგვწევს.