მოხალისე უცხოელები ინგლისურს ხელნაწერთა ცენტრშიც ასწავლიან

მოხალისე უცხოელები ინგლისურს ხელნაწერთა ცენტრშიც ასწავლიან

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და აშშ-ს სამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის კორპუსს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის დეტალებზე presage.tv შეხვდა და ესაუბრა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს ბუბა კუდავას.

ზემოაღნიშნული მემორანდუმის შესახებ მედიასაშუალებებმა ინფორმაცია 7 მარტს გაავრცელეს, რომელშიც მხოლოდ ის იყო ნათქვამი და გაშუქებული, რომ მემორანდუმი გაფორმდა. არც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სიახლეების ნუსხაში ეწერა უფრო მეტი. სწორედ ამიტომ შევხვდით და ვესაუბრეთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს.

რას ითვალისწინებს „მშვიდობის კორპუსთან“ გაფორმებული მემორანდუმი?

ბუბა კუდავარამდენიმე თვის წინ გაჩნდა იდეა, რომ საქართველოში მოხალისეებად ჩამოსული პედაგოგები, რომლებიც ძირითადად სკოლებში ასწავლიან, ჩვენც მიგვეღო.  საქართველოში ჩვენი ტიპის (და არა მარტო ჩვენი) დაწესებულებისთვის აქტუალური და საჭირო გახდა უცხო ენის კარგი ცოდნა, რომელიც ახალგაზრდა თანამშრომლებმა ხშირად არ იციან, ან არასათანადოდ იციან, რის გამოც სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მათი ჩართვის საშუალება არ გვაქვს- ხოლმე.

პერიოდულად კვალიფიკაციის ამაღლების, ან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად უცხოეთში  წასვლას ჩვენი თანამშრომლები ენის არასათანადო ცოდნის გამო ვერ ახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ მითითებულ კომპონენტებს (გამოცდილება, კვალიფიკაცია, მოტივაცია) აკმაყოფილებენ.

ანუ „მშვიდობის კორპუსის“ ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებელი თქვენთან იმუშავებს?

- დიახ, მემორანდუმის ფარგლებში ამ ეტაპზე ერთი ადამიანი უკვე ჩამოვიდა და მუშაობს. „მშვიდობის კორპუსთან“ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გვაქვს - გვინდა მუდმივად ერთი, ან ცოტა მეტი მოხალისეც იყოს ჩვენს ცენტრში. სხვათა შორის, ენის შესასწავლად დადიან არა მხოლოდ ახალი, არამედ საშუალო თაობის წარმომადგენლებიც.

ცენტრის თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის სწავლა სავალდებულოა?

- რა თქმა უნდა, არა, ეს ნებაყოფლობითი პროცესია. უბრალოდ, ჩვენს თანამშრომლებს ვეხმარებით, რომლებიც ისედაც აპირებდნენ ეზრუნათ ენის ცოდნის გაღრმავებაზე, მაგრამ მათ ხელს უშლით ერთი მხრივ მატერიალური პრობლემა და მეორე მხრივ დროის ფაქტორი - დაწესებულებიდან უნდა გავიდნენ და შემდეგ მობრუნდნენ, რასაც ნახევარი დღე მიაქვს, როცა აქ, კვირაში სამი დღე, ორ-ორი საათი ენას კომფორტულად სწავლობენ.

რა განათლება და გამოცდილება აქვს მიღებული „მშვიდობის კორპუსის“  მოხალისეს?

- მოხალისეების შერჩევა „მშვიდობის კორპუსის“ ერთ-ერთი რთული მიმართულებაა - მოხალისეობის სურვილი შეიძლება ბევრმა გამოთქვას, მაგრამ ადეკვატური კადრი რომ შეარჩიო, რომელიც დასახულ მიზნებს შეესაბამება, ეს რთულია და დრო მიაქვს ხოლმე.

ჩვენს შემთხვევაში „მშვიდობის კორპუსმა“ საგანგებოდ იზრუნა, რომ შესაფერისი კადრი მოეძებნა, ვინაიდან ეს აკადემიური, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, სადაც სამუზეუმო მიმართულებაა განვითარებული. ეს ადამიანი განათლებით ინგლისური ენის სპეციალისტია და რაც მთავარია, არაინგლისურენოვან ხალხთან მუშაობის გამოცდილება აქვს.

რომელ ქვეყნებში მუშაობდა?

- მაგალითად, არაბულ ქვეყანაშია ნამუშევარი. უფრო დეტალური ინფორმაცია ჩვენი ცენტრის საგარეო ურთიერთობათა სამსახურისგან შეგიძლიათ მიიღოთ.

„მშვიდობის კორპუსის“ მოხალისის მოვალეობა მხოლოდ ინგლისურის სწავლებით არ ამოიწურება. განაცხადი, რომ შევავსეთ, მაშინვე აღვნიშნეთ, რომ მხოლოდ უცხო ენის სწავლება და გაღრმავება არ არის ჩვენი საჭიროება - უცხოელი მოხალისე შეგვიძლია გამოვიყენოთ სამუზეუმო, კერძოდ საგამოფენო მიმართულების განსავითარებლად. პერიოდულად მოდიან ხოლმე უცხოელთა ჯგუფები, რომელთაც შესაბამის ენაზე მომსახურება და ახსნა სჭირდებათ, რასაც ჩვენი ძალებით, ან სტაჟიორების დახმარებით ვახერხებთ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც ენის ძალიან კარგი ცოდნაა საჭირო.

ანუ პარალელურადუცხოელ მოხალისეს ხელნაწერთა ცენტრის მუშაობის სფეციფიკა უნდა შეასწავლოთ?

- დიახ, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე ექვსი თვის განმავლობაში ფაქტობრივად ჩვენი თანამშრომელი იქნება. უახლოეს პერიოდში საგამოფენო პროგრამის ინგლისურენოვან ვერსიას დავხვეწთ, შესაბამისად, ეს ადამიანი ინგლისურენოვან ვარიანტს მოამზადებს და ჩვენ შეგვიძლია უფრო აქტიურები ვიყოთ.

აქამდე უცხოენოვანი დამთვალიერებელი როცა მოდიოდა, მისთვის საგანგებოდ ვზრუნავდით, რადგან შესაბამისი მუდმივი შტატი არ გვქონია. ახლა კი პირიქითაა - ჩვენი მოხალისის დახმარებით იქით შეგვიძლია გადავიდეთ შეთავაზებაზე და საელჩოებს, თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კარგი  მომსახურება შევთავაზოთ.

აკადემიურ დაწესებულებებს შორის თქვენ პიონერები ხართმოხალისეების მიღების კუთხით?

- არა მხოლოდ აკადემიურ დაწესებულებებს შორის - თანამშრომლობის ამგვარი ფორმა „მშვიდობის კორპუსისთვის“ ახალი მიმართულება აღმოჩნდა. დაახლოებით ოთხი თვის წინ, როდესაც ურთიერთობა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, ამ ინიციატივას ძალიან დიდი ინტერესით მოეკიდნენ, „ეს ჩვენთვის საქართველოში ახალი მიმართულებაა, თქვენი ტიპის დაწესებულებასთან მუშაობა ძალიან გვაინტერესებსო“.

უცხოეთის ბევრ ორგანიზაციასთან, ჩვენი ტიპის დაწესებულებასთან  ურთიერთობა (საუნივერსიტეტო, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო ცენტრებთან) გვაქვს, რასაც გაღრმავება, მუდმივი კონტაქტები სჭირდება. გარდა ამისა, ახალი კონტაქტების დამყარებაც მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური, რომელიც ამ ურთიერთობებს უძღვება, მაგრამ მხოლოდ ერთი თანამშრომელი გვყავს და ახლა ჩვენი მოხალისის სახით კიდევ ერთი ახალი ძალა შემოგვემატება - აი, ამ კუთხით უცხოენოვანი ადამიანის ჩართვა, რომლისთვისაც ინგლისური ენა მშობლიური ენაა, ძალიან მნიშვნელოვანია.