საქართველოს ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ ნარკოტიკული დანაშაულების რაოდენობა უკანასკნელ წლებში საგრძნობლად შემცირდა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია არ დაეთანხმო მათ ამ განწყობაში, არავის სურს ქართული გენოფონდი ნარკოდამოკიდებულებისგან გადაშენდეს. თუმცა თავად ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მეთოდი ბევრჯერ გამხდარა ადამიანის უფლებათა დამცველების მსჯელობისა და კრიტიკის საგანი, მათ შორის, ქართული ანტინარკოტიკული კანონმდებლობა, რომელიც გაეროს კონვენციებთან შეუსაბამობაშია.
საქმე ისაა, რომ საქართველო მიერთებულია გაეროს კონვენციებს, რომლებითაც განისაზღვრება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები. ქართულ ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაში ნივთერება „ბუპრენორფინი“, რომელსაც შეიცავს პრეპარატი „სუბოტექსი“ ნარკოტიკული ნივთიერებების სიაშია შეტანილი, რაც გაეროს კონვენციას პირდაპირ ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის განმავლობაში, ამ შეუსაბამობას ჩვენი ხელისუფლება არ აღიარებდა, დღეს კი ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პარლამენტი იხილავს კანონპროექტს, სადაც „ბუპრენორფინი“ არა ნარკოტიკულ, არამედ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ნუსხაშია შეტანილი. ყველაფერ ამას კი მივყავართ იქითკენ, რომ პირებს, რომლებიც „სუბოტექსის“ მოხმარებისთვის იხდიან სასჯელს, თავისუფლად შეიძლება დავარქვათ უკანონო პატიმრები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უფრო დეტალურად presage.tv-ს ესაუბრება ადვოკატი ლალი აფციაური.
ლალი აფციაური: „საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების“ შესახებ შედგება სხვა კანონებისა და გაეროს კონვენციებისაგან. ერთი არის გაეროს 1961 წლის კონვენცია ნარკოტიკული საშუალებების შესახებ და მეორე 1971 წლის კონვენცია ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ. ორივე კონვენცია რატიფიცირებული აქვს ჩვენს ქვეყანას და შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა თავიდან ბოლომდე უნდა იყოს მოწყობილი ამ კონვენციებზე. ამ კონვენციებიდან უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობაში გადატანილი ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების ჩამონათვალი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კანონმდებლობაში გაეროს კონვენციები არასწორად არის ასახული ,გამომდინარე იქიდან, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების ჩამონათვალში შეტანილია ფსიქოტროპული ნივთერებები.
მაგალითად, ყველაზე გავრცელებული რაც არის საქართველოში, და რაზეც ყველაზე მეტი პატიმარი გვყავს, ეს არის ე.წ. „სუბოტექსი“, რომელიც შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება „ბუპრენორფინს“. ეს პრეპარატი ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში თავისუფლად იყიდება აფთიაქებში და აქვს თავისი სადღეღამისო დოზა. მაგალითად, ბალტიისპირეთში სადღეღამისო დოზა არის სამი აბი, ანუ მისი ყიდვა შესაძლებელია აფთიაქში, ოღონდ შეზღუდული რაოდენობით. ძირითადად ამ პრეპარატს იყენებენ ეპილეფსიით დაავადებული ადამიანები, ასევე ალკოჰოლიკები.
ჩვენთან კი პარლამენტის დადგენილებაში, რომლითაც განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალებები, როგორც კი ცნობილი გახდა ამ პრეპარატის შესახებ, 2003 წელს იგი მაშინვე შეიტანეს ნარკოტიკული ნივთიერებების ნუსხაში. მოგეხსენებათ, ნარკომანები ალქიმიკოსები არიან და მოიფიქრეს, რომ ეს პრეპარატი ინექციის სახით მიეღოთ. ბევრი რომ აღარ ვისაუბროთ, ეს პრეპარატი ევროპიდან შემოჰქონდათ, ვინაიდან იქ თავისუფლად იყიდებოდა და მის მოხმარებაზე ჩვენ ძალიან ბევრი პატიმარი გვყავს.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ფსიქოტროპული ნივთერება და არავის აქვს უფლება კონვენციიდან კონვენციაში გადაიტანოს რომელიმე ნივთიერება, უკვე აღარაფერს ვამბობ სიიდან სიაში გადატანაზე. უფრო გასაგები რომ იყოს, განვმარტავ, რომ თითოეულ კონვენციას აქვს ოთხი სია. მაგალითად ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ კონვენციის პირველ სიაში არის უფრო ძლიერი მოქმედი ნივთიერებები, მეორეში ნაკლებად მძიმე და ა.შ. ანალოგიურად არის ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან დაკავშირებითაც. მასშიც ოთხი სიაა.
„ბუპრენორფინი“ რომელ სიაშია?
- სხვათაშორის „ბუპრენორფინი“ ფსიქოტროპული ნივთერებების მეოთხე სიაშია მოთავსებული, ანუ ყველაზე მდარე ხარისხის ფსიქოტროპული ნივთიერებაა. გაეროს კონვენციები პირდაპირ ადგენს, რომ არავის აქვს უფლება ესა თუ ის ნივთიერება არა თუ სიიდან სიაში გადაიტანოს, არამედ -კონვენციიდან კონვენციაში. თუ ასეთი საჭიროება ამა თუ იმ სახელმწიფოს წარმოექმნება, სახელმწიფომ უნდა მიმართოს გაეროს იმის დასაბუთებით, რომ ამ ქვეყანაში კონკრეტულმა პრეპარატმა მოსახლეობის ჯანმრთელობას შეუქმნა პრობლემები და მოითხოვოს, რომ გამკაცრდეს ამ პრეპარატზე კონტროლი.
რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას აზრადაც არ მოსვლია ასეთი მიმართვა გაეკეთებინათ და ასე თვითნებურად ფსიქოტროპული ნივთიერება არამცთუ სიიდან სიაში გადაიტანეს, არამედ დაუქვემდებარეს ნარკოტიკული ნივთიერებების სიას. ეს კი არის ძალიან უხეში დარღვევა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელზეც ხელი აქვს ჩვენს ქვეყანას მოწერილი.
დღიდან ამ დარღვევის აღმოჩენისა სისტემატურად ვსაუბრობ ამაზე. აქვე აუცილებლად აღვნიშნავ, რომ ჩვენს მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეექმნა ამ პრეპარატის გამო, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ნარკოდამოკიდებული იყო. ანუ ვერ ვიტყვი, რომ ეს უწყინარი პრეპარატია და მასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობდა.
ასეთ შემთხვევაში რა უნდა გაეთებინა საქართველოს ხელისუფლებას?
- ძალიან მარტივი გამოსავალი არსებობდა ამ სიტუაციიდან, ისე რომ გაეროს კონვენციები არავის დაერღვია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არის კონკრეტული მუხლი, რომლითაც ისჯება ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ მოხმარება და შეიძლებოდა, რომ „ბუპრენორფინი“ დაეტოვებინათ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ნუსხაში და უბრალოდ მასზე სასჯელის ზომა გაემკაცრებინათ.
დღესდღეობით პარლამენტი მუშაობს კანონპროექტზე, რომლითაც ეს ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას
- დიახ, ბატონი გიგი წერეთლისთვის არაერთხელ მიმიმართავს ამ საკითხთან დაკავშირებით პრესის საშუალებით, მაგრამ მაშინ მან უარყო კონვენციებთან ქართული კანონმდებლობის შეუსაბამობის ფაქტი და თქვა - ქალბატონმა აფციაურმა საიდან მოიგონა ეს, არ ვიცითო. თუმცა ბატონ წერეთელს ამის შესახებ უნდა სცოდნოდა, ან შეიძლება იცოდა კიდეც, მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ასე აწყობდა სახელმწიფო პოლიტიკას. მე ვნახე ეს კანონპროექტი, რომელიც საინიციატივო ჯგუფის მიერ არის მომზადებული. დრო არ მქონდა, რომ მთლიანად წამეკითხა, მაგრამ ვინაიდან ყველაზე მეტად ეს საკითხი მაინტერესებდა, ვნახე სიები და აღმოჩნდა, რომ აფციაურს არაფერი მოუგონებია. ბატონი წერეთელი ამბობს, რომ ვინაიდან გაეროს კონვენციებთან არსებობს შეუსაბამობა და ბევრი ფსიქოტროპული ნივთიერება ნაკროტიკების სიაშია, ამიტომ ეს უნდა გასწორდეს. „ბუპრენორფინი“ ამ კანონპროექტში ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაშია შეტანილი. ძალიან კარგია, თუ ამას გააკეთებენ, ვინაიდან სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
რაც შეეხება იმ პირებს, ვინც „სუბოტექსის“ მოხმარებისთვის გასამართლებული არიან როგორც ნარკოტიკის მომხმარებლები, თუკი კანონმდებელი აღიარებს, რომ ეს ფსიქოტროპული ნივთიერებაა, მაშინ რა ბედი ეწევათ ამ ადამიანებს?
- რა ხდება და ეს ადამიანები არიან უკანონო პატიმრობაში.
ვინც ნაკროდანაშაულისთვის იხდის სასჯელს, ძირითადად, „სუბოტექსის“ მოხმარებისთვის არიან გასამართლებულები?
- დიახ, ნარკომომხმარებელთა 99% სწორედ ამ პრეპარატის მოხმარებისთვის იხდის სასჯელს და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები დღეს არიან უკანონო პატიმრები.
ასეთ შემთხვევაში მათი საქმეები უნდა გადაიხედოს?
- თუკი ეს ცვლილებები იქნება კანონში შეტანილი, ვფიქრობ, რომ კარგი იქნება გადახედონ ამ საქმეებს, შეუმსუბუქონ სასჯელი ამ ადამიანებს, ვიდრე (ძალიან დიდი ბოდიში) უკუღმა შეჯდნენ ვირზე და ისევ დატოვონ ეს პირები პატიმრობაში. სამართლიანობა უნდა აღდგეს, არ ვიცი ეს რა ფორმით იქნება, ალბათ, რამეს მოიფიქრებენ. ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს იმის შესაბამისად, რა დანაშაულიც აქვს ჩადენილი.
Presage.tv შეეცადა გაერკვია რას ფიქრობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა, რომლის ინიცირებულიც არის ეს კანონპროექტი. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ჩვენს ზარებს არ უპასუხეს არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პალიკო კუბლაშვილმა და არც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაშა თორდიამ.
ამის შემდეგ Presage.tv დაუკავშირდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრს დიმიტრი ლორთქიფანიძეს და მას ვკითხეთ, რა ელით იმ პირებს, ვინც „სუბოტექსის“, როგორც ნარკოტიკის მოხმარებისთვის იხდიან სასჯელს. ბატონმა დიმიტრიმ გვიპასუხა, რომ თუკი აღნიშნული კანონი ძალაში შევა, ეს იქნება ახლადაღმოჩენილი გარემოება და თუ-კი კანონი ამსუბუქებს მსჯავრდებულის მდგომარეობას, მას უნდა მიენიჭოს უკუქმედების ძალა. როგორ და რა მექანიზმით მოხდება ამ კანონის გავრცელება უკვე მსჯავრდებულ პირებზე, ამას მომავალი გვაჩვენებს.