საქართველო შეიარაღების წარმოებას ზრდის

საქართველო შეიარაღების წარმოებას ზრდის

3 მარტს, საქართველომ საკუთარი წარმოების და დიზაინის საარტილერიო სისტემა გამოსცადა. დაგეგმა რა ეს ცდები რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს, თბილისი თითქოს საკუთარი მოსისხლე მტრის – კრემლის ვლადიმერ პუტინის მიმართულებით ისვრის.

ცდები თავდაცვითი საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. თებერვლის ბოლოს საქართველომ 14 ტონიანი ქვეითი საბრძოლო მანქანის „ლაზიკას“ პრეზენტაცია გამართა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავად გაატარა ჯავშანმანქანა და ახალ ტექნიკას უმაღლესი შეფასება მისცა, განაცხადა რა, რომ ეს მოვლენა „განვითარების ახალ ეტაპზე“ გადასვლის მაუწყებელია, როდესაც შეიარაღების საერთაშორისო ბაზრებზე საქართველო მყიდველის სტატუსიდან მიმწოდებლის კატეგორიაში გადაინაცვლებს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღიდან, თბილისი საკუთარი თავდაცვითუნარიანობის განმტკიცებითაა დაკავებული. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, სამხედრო წარმოების განვითარება საქართველოში დიდად ვერ განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაში ისეთ ზესახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია. ასე, რომ საკუთარი სამხედრო ტექნიკის წარმოება მათი აზრით, დიდწილად ეროვნული სიამაყის საკითხია. „საქართველოს მთავრობა ცდილობს ერის შემართების გაზრდას და თითქოს ამბობს: „შეხედეთ, ეს ჩვენი შექმნილია!“, – აღნიშნავს საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. „ჩვენ გავთვალეთ ამ მხრივ ჩვენი შესაძლებლობები და შესანიშნავია, რომ საკუთარ ტექნიკას ვაწარმოებთ“.

რონდელის თქმით, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს მაღალი რანგის ჩინოვნიკებთან, სამხედრო ტექნიკის წარმოების აწყობა ქვეყანის შიგნით, საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე იმ „ერთგვარი ბლოკადის“ გვერდის ავლის საშუალებაა, რომელიც არაოფოციალურად მოქმედებს 2008 წლის შემდეგ. ოფიციალური ვაშინგტონიც და თბილისიც უარყოფენ შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს არსებობას.

ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ სამამულო თავდაცვითი წარმოების შექმნა აუცილებელი პასუხია ნაციონალურ უსაფრთხოებაზე, რადგან რუსეთისგან საფრთხე დღესაც მოდის. „რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეიარაღების საუკეთესო სახეობათა კონცენტრირებას ახდენს. თანამედროვე ვერტმფრენები, ტანკები“, – ხაზგასმით აღნიშნავს ალექსანდრე რონდელი. „რას უნდა განიცდიდეს ამ დროს საქართველო?“.

დღესდღეობით, თავის სამხედრო პროექტებში მთავრობა აქცენტს უპილოტო მფრინავ აპარატებზე და ჯავშანტექნიკაზე აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სხვა სახის შეიარაღებას, მათ შორის ავტომატურ იარაღსაც ახსენებს. ახალი პროდუქციის დამუშავებასთან დაკავშირებულ შესაძლო ხარჯებზე და წარმოების გეგმებზე ღია ინფორმაცია არ არსებობს. უცნობია ისიც, თუ რა ფინანსურ რესურსებს მიმართავს სახელმწიფო თავდაცვითი წარმოების პროექტებზე.

ზოგიერთი ანალიტიკოსის ვერსიით, სხვაგან ყიდვის ნაცვლად, ტექნიკის საკუთარი ერთეულების წარმოების შექმნის გადაწყვეტილებისკენ საქართველოს აშშ-ს მხრიდან ტექნიკურმა ხელშეწყობამ უბიძგა. ასეთ ვარაუდებს დამატებითი საფუძველი იმან შეუქმნა, რომ 22 თებერვალს თბილისს აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილე სელესტა ვოლანდერი სტუმრობდა. ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის, აშშ-ს საელჩომ თბილისში არ უპასუხა ჩვენს თხოვნას, კომენტარი მოეცა აშშ-საქართველოს თავდაცვითი თანამშრომლობის საკითხზე.

სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რომელიც ადრე ამერიკავკასიაში ბრიტანეთის სამხედრო ატაშედ მუშაობდა, „ლაზიკა“ შეიარაღების უახლესი სახეობა არ არის და „პასუხობს ისეთი პატარა ქვეყნის შესაძლებლობებს, როგორიც საქართველოა“.

ჯავშანმანქანა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს ბაზაზე შეიქმნა, 14,5 მმ კალიბრის ჯავშანსაწინააღმდეგო ნაღმტყორცნებისგან დაცვას უზრუნველყოფს. მანქანა აღჭურვილია 23 მმ კალიბრის ავტომატური იარაღით და 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევით. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შარშანწინ მაისში გამართულ სამხედრო აღლუმზე მთავრობამ ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორი – 1“ და „დიდგორი – 2“ წარმოადგინა.

მანქანა ქართული არმიისთვის სერიოზულ მობილურობას უზრუნველყოფს, რითაც იმ პრობლემას წყვეტს, რომლის წინაშეც ქართული ჯარი 2008 წლის ომის დროს აღმოჩნდა. მაგრამ ლონდონის კონფლიქტოლოგიის და ანალიზის დამოუკიდებელი ცენტრის დირექტორის კრისტოფერ ლენგტონის აზრით, ამას ვერ დავარქმევთ „ძვრას სამხედრო პოტენციალში“. „ლაზიკას“ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შიგნით და ავითარებს ქართული ქვეითი ჯარის შესაძლებლობებს“, – ვარაუდობს იგი. სამხედრო მოქმედებების დროს კი, ის „ვერ შეძლებს ჩრდილოეთიდან ძალის დიდხანს შეკავებას“.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ხარჯებთან დაკავშირებული ღია ინფრომაციის შესწავლა აჩენს ვარაუდს, რომ საქართველოში საკუთარი სამხედრო წარმოების დაწყების იდეა გუშინ არ გაჩნდა. როგორც ეს საბიუჯეტო ინფორმაციიდან ჩანს, მართალია 2010 და 2011 წლებს შორის პერიოდში საქართველოს საერთო სამხედრო ბიუჯეტი შემცირდა (2010 წლის 728 მილიონი ლარიდან (443 მილიონი დოლარი) 2011 წლის – 711 მილიონ ლარამდე (432 მილიონი დოლარი)), თუმცა იმავე პერიოდში სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე გამოყოფილი ხარჯი დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა (2010 წლის 4,02 მილიონი ლარიდან (დაახლოებით 2,42 მილიონი დოლარი), 2011 წლის 18,6 მილიონ ლარამდე (11,18 მილიონი დოლარი)). ამ სამეცნიერო-კვლევით და ტექნოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებული 2012 წლის ბიუჯეტი ჯერ არ გამოქვეყნებულა. 2012 წლის სამხედრო ბიუჯეტი 675 მილიონი ლარია (410 მილიონი დოლარი).

უპილოტო თვითმფრინავების წარმოების პროექტი საქართველოში, როგორც ჩანს, შემდგომი სპეკულიაციების საფუძველი გახდება ისეთ თემაზე, როგორიცაა პენტაგონის მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებასთან დაკავშირებულ გეგმებში.პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავდმჯდომარე გივი თარგმაძემ ამ თვეში, სააგენტო „პირველ“-თან ინტერვიუში, უპილოტო თვითმფრინავების მშნებლობასთან დაკავშირებული გეგმები პირველად ახსენა იმ მრავალტანჯული კონტრაქტის შემდეგ, რომელიც საქართველოს Elbit -ის უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელურ მწარმოებელთან ჰქონდა. გივი თარგამაძესთან კომენტარის მისაღებად დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

არსებობს ვარაუდი, რომ უპილოტო თვითმფრინავების წარმოება საბჭოთა პერიოდის თბილისის ავიამშენებელი ქარხნის ბაზაზე იგეგმება, ქარხნის, რომლის რენაციონალიზებაც 2010 წელს მოხდა.

კერძო მესაკუთრის პირობებში, ქარხანა მსუბუქ თვითმფრინავებს აწარმოებდა ისეთი მასალების ბაზაზე, რომელიც უპილოტო თვითმფრინავების წარმოებისთვის გამოყენებულ მასალებს გავს, ამბობს სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. ქარხანა, რომელიც 2008 წელს რუსეთმა დაბომბა, ერთ დროს სუ-25-ის ტიპის გამანადგურებლებს უშვებდა. „ამ ქარხანაში ათასობით თვითმფრინავი აშენდა… ასე რომ, მათ არ შეექმნებათ პრობლემა უპილოტო თვითმფრინავების წარმოებაზე“, – ამბობს იგი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელსაც დღეს ქარხანა ეკუთვნის, უპილოტო თვითმფრინავებთან და სხვა წარმოებულ ტექნიკასთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეკითხვებს არ უპასუხა.
foreignpress.ge