საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სპეციალური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლითაც გამოკითხული მოსახლეობის სასამართლოსადმი დამოკიდებულება იყო შესწავლილი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომხმარებელთა კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული 329 პირიდან 74% სასამართლოს სრულად, 18% კი ნაწილობრივ ენდობა. ეს ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურიდან მიაწოდეს.
ამავე გამოკითხვის თანახმად, სასამართლოს შენობა მოსახერხებელი და კომფორტული აღმოჩნდა 87%-სათვის. მოსამართლის მიერ საკუთარი გადაწყვეტილების განმარტება დაადასტურა და მოიწონა 44%-მა, 53 %-მა კი აღნიშნა, რომ მისი საქმის განხილვა არ დასრულებულა.
შეკითხვაზე - დროულად მოხდა თუ არა საქმის გადაწყვეტა, 70%-მა სრულად, 26 %-მა კი ნაწილობრივ დადებითი პასუხი გასცა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სასამართლოს თანამშრომელთა თავაზიანობის დონის შეფასებას აქვს. გამოკითხულთა 97 %-მა დაადასტურა, რომ სასამართლოს თანამშრომლები მათ მიმართ თავაზიანობას იჩენდნენ. 2,76%-ს კი პასუხის გაცემა გაუჭირდა. სასამართლოში მიღებული ინფორმაცია ცხადი და გასაგები აღმოჩნდა 85%-სთვის. სასამართლოს მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულების შეფასება შემდეგი პარამეტრების მიხედვით მოხდა: საქმეთა განხილვის ვადები; სასამართლოს თანამშრომელთა მხრიდან დამოკიდებულება; ინფორმაციის გაცემის პროცედურების სიმარტივე; ნდობის მაჩვენებელი.
უზენაეს სასამართლოში აღნიშნავენ, რომ ყველა პარამეტრის მიხედვით, მდგომარეობა სასამართლოებში დადებითად ფასდება, რაც, საბოლოო ჯამში, სასამართლოსადმი ნდობის გაზრდაში გამოიხატება.
მათივე განცხადებით, სასამართლო სისტემის ინიციატივით მესამე წელია ტარდება გამოკითხვები, რომელთა მიზანი სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების დონის განსაზღვრაა.
ამ ინფორმაციას რომ კითხულობ უნებურად გიჩნდება განცდა, რომ სასამართლო სისტემაში ყველაფერი იდეალურად არის. ქართული სასამართლო სისტემა ცდილობს ეს სურათი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოტანილი ორი გამამართლებელი განაჩენითაც გაამყაროს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადა ნიკოლოზ და მურად ჯუმალისა და რუსლან მუსტაფას მიმართ. ამ პირებს ბრალი ლითონის ნაკეთობების მოპარვაში ედებოდათ, მაგრამ სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ვინაიდან ამ ადამიანების ბრალეულობა ვერ დამტკიცდა, მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა“.
სულ რამდენიმე დღის წინ კი გამამართლებელი განაჩენი რუსთავის საქალაქო სასამართლომაც გამოიტანა. ამ კონკრეტულ შემთვევაში განსასჯელს ყალბი დოკუმენტის (მართვის მოწმობის) დამზადება ედებოდა ბრალად და მის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი.
როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ცოტა არ იყოს უხერხულად გრძნობს თავს იმის გამო, რომ ქვეყანაში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 0.1%-ია, რამაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ასევე ქართული მართლმსაჯულების სისტემის სერიოზულ პრობლემად სახელდება საპროცესო შეთანხმებების ასეთი დიდი ოდენობა. უფლებადამცველი ორგანიზაციები იმასაც ღიად ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოში ადამიანს ისეთი დანაშაულის აღება უწევს საკუთარ თავზე, რომელიც არ ჩაუდენია და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ მან საპროცესო შეთანხმების გზით ციხეს დააღწიოს თავი.
„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მიერ, გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში, გახშირებული საპროცესო გარიგებების მიზეზად სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ნაკლებობაა დასახელებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ საპროცესო შეთანხმება „თავისუფლების ნაღდი ანგარიშსწორებით ყიდვის საშუალებად“ გამოიყენება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანგარიშში ყურადღებას საპროცესო შეთანხმებების შედეგად გადახდილი თანხების ოდენობაზეც ამახვილებს და ასკვნის, რომ სახელმწიფოს დანაშაული აფინანსებს.
ყოველივე ამის ფონზე, ცოტა არ იყოს უცნაურად ჩანს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები. ამ შედეგების შეფასება presage.tv-მ ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრების - ადამიანის უფლებებისთვის“ ლიდერს ნანა კაკაბაძეს სთხოვა.
ნანა კაკაბაძე: „არ მგონია, რომ ობიექტური გამოკითხვის ჩატარების შემთხვევაში არათუ სასამართლოს მომხმარებლებს, არამედ მოსამართლეებსაც კი გაეცათ ამგვარი პასუხები. თავად მოსამართლეებს შორისაც კი არ არსებობს ამდენი ადამიანი, რომელიც დღევანდელ სასამართლოზე ასეთ რაღაცას იტყოდა. ეს არის რაღაც პიარი, რომელიც ამოჩემებული აქვს ჩვენს ხელისუფლებას - „ჩავატარეთ სასამართლო რეფორმა და ის არის წარმატებული, ჩავატარეთ პოლიციის რეფორმა და ისიც წარმატებულია“. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქუჩაში ხოცავენ ხალხს და ახლა უკვე პოლიციის შენობიდანაც ვარდებიან ადამიანები, მაინც თითქოს ეს რეფორმები წარმატებულია. ეს არის უბრალოდ ხელისუფლების პოლიტიკა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან“.
ნანა კაკაბაძე აღშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს სასჯელების შეკრებითობის პრინციპი და ელემენტარული დანაშაულის გამო ადამიანი იმხელა სასჯელს ღებულობს, რომ უფლებადამცველისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება ვინმემ აღიქვას ნორმალურად და კანონიერად. კაკაბაძის თქმით, წარმოუდგენელია ვინმე კმაყოფილი იყოს ასეთი განაჩენებით იმიტომ, რომ თავისთავად სისტემა არ იძლევა ამის საშუალებას, ვთქვათ სასამართლო რომც იყოს დამოუკიდებელი.
მეორე პრობლემა, რომელსაც ნანა კაკაბაძე ხაზს უსვამს არის ის, რომ სასამართლოებში მოპყრობა არის ასეთი - მოსამართლე არღვევს ღიად ყველანაირ კანონს, იქცევა როგორც პროკურორი, და არა როგორც დამოუკიდებელი არბიტრი, მთლიანად არის დაქვემდებარებული პროკურატურის გადაწყვეტილებაზე და ვერ ბედავს ვერანაირი კორექტივების შეტანას პროკურატურის მოთხოვნაში.
„ასეთი მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროს ადამიანმა შენი ემოცია სახის ნაკვთებითაც კი რომ გამოხატო - ან არ მოგეწონოს, ან გაგეღიმოს, ამის გამო უმძიმესი სასჯელები არსებობს - დაწყებული ფულადი ჯარიმებიდან, დამთავრებული ადმინისტრაციული პატიმრობით. რა მოპრყობაზეა საუბარი და როგორ შეიძლება რომელიმე ნორმალურმა ადამიანმა, რომელსაც რეალურად უნახავს რა ხდება სასამართლოში, თქვას, რომ მათი მომსახურებით კმაყოფილია.“ - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
მისივე თქმით, ცალკე აღნიშვნის ღირსია მანდატურების თავხედობა. ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ, მათი მოქცევა ამაზრზენია და ამ ყველაფერის გათვალისწინებით, იმ გამოკითხვის შედეგებს, რომლებიც უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა რეალობასთნ არანაირი კავშირი არ აქვს.