კომპანიების სია, რომლებსაც „ქართუ ბანკიდან“ სესხი ჰქონდათ აღებული და უცებ ბიუჯეტის ვალი აღმოაჩნდათ, იზრდება. ამ კომპანიებს ბანკში გირაოს სახით ჩადებულ ქონებას ართმევენ და ყიდიან. გასული წლის ოქტომბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, გამყიდველი სახელმწიფოა, მყიდველი კი, როგორც აღმოჩნდა, ის ვისაც ეს ქონება ჩამოართვეს. ეს აქცია მხოლოდ „ქართუ ბანკს“ ეხება. სხვა ბანკების კლიენტებს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი არ აქვთ, ყოველ შემთხვევაში, ქონება სხვა არავისთვის ჩამოურთმევიათ. დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული უკვე ჩატარდა დაახლოებით ასამდე აუქციონი და 120-ზე მეტი ობიექტი, რომელიც „ქართუ ბანკში“ იყო გირაოს სახით ჩადებული, უკვე სახელმწიფოს საკუთრებაა. იმ ქონების საერთო ღირებულება, რაც სახელმწიფომ „ქართუ ბანკის“ საზიანოდ მფლობელებს „წაართვა“ 200 მილიონი ლარია, გირაოში ჩადებული ამ ობიექტების უზრუნველყოფით კი ბანკს სესხად 135 მილიონი ლარი ჰქონდა გაცემული.
ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ამის გარდა კიდევ დამატებით 15 ობიექტი გავა აუქციონზე. კიდევ ერთ ფინანსურ ჯგუფს, რომელშიც ორი კომპანიაა გაერთიანებული, სახელმწიფოს მიმართ დავალიანება „აღმოაჩნდა“. ყადაღა დაედო „ვაზი 2002“-ის და სს „ოკამის“ კონიაკის ქარხანას და მის უძრავ-მოძრავ ქონებას. ლაპარაკია დაახლოებით 300 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც საჯარო რეესტრში 41 ობიექტად არის რეგისტრირებული. სხვათა შორის, საჯარო რეესტრში ბოლო ცვლილება კომპანიამ მიმდინარე წლის 2 მარტს განახორციელა, ორიოდე დღეში კი მისი ქონება დააყადაღეს. რა ხდება „ქართუში“ და რა პერსპექტივები რჩება ბანკს ამხელა ზარალის შემდეგ ამ თემაზე „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი გვესაუბრება.
- პროცესი მიმდინარეობს, წინასწარაც განვაცხადეთ, რას აპირებდა ხელისუფლება. ყველაფერი პრაქტიკულად ისე მიდის, როგორც ჩვენ წარმოვიდგინეთ და უფრო უარესადაც, ეს დასაკუთრებული ქონებები გამოაქვთ აუქციონზე, აკეთებენ გაყიდვის იმიტაციას, მაგრამ ეს არის აუქციონის მხოლოდ მცდელობა, იმიტომ, რომ არც ერთ შემთხვევაში, სადაც ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა არ დაგვითმეს. იყო შემთხვევა, როდესაც 99 ბიჯი მივეცით მაგრამ მაინც გვაჯობეს.
მყიდველი ვინ არის ხოლმე?
- სადაც ჩვენ არ ვღებულობთ მონაწილეობას, მყიდველი არსად არ არის და ქონება სახელმწიფოს რჩება საკუთრებაში, რომელიც წესით, მეორე აუქციონზე უნდა გაიტანონ. სადაც ჩვენ ვღებულობთ მონაწილეობას, ავტომატურად ჩნდება მყიდველი, რომელიც გვევაჭრება ბოლომდე, არ გვითმობს ამ ქონებას, მაგრამ მოგვიანებით უარს აცხადებს ფულის გადახდაზე და ობიექტი ისევ სახელმწიფოს რჩება.
სოლიდური კომპანიები არიან, ვინც აუქციონში მონაწილეობენ?
- რამდენიმე შემთხვევაში გვაქვს ინფორმაცია, რომ რომელიღაც ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები იყო, მაგრამ მფლობელს ვერ მივაკვლიეთ, თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აქაური კომპანიები არ არის და ვერ ვიტყვით, რომ ამისია ან - იმისი. ვიცით, რომ მათ მიერ არც ერთ შემთხვევაში არ მომხდარა არც ერთი ობიექტის შეძენა. ჩვენი ინფორმაციით, თუმცა დაზუსტებულად არც ამ ინფორმაციას გვაწვდიან, ამ კომპანიებს ის 10%-იც კი არ გადაუხდიათ, რომელიც აუქციონში მონაწილეობისთვის უნდა გადაეხადათ. თუმცა ეს დადასტურებული ჯერ არ არის იმიტომ, რომ ამ ტიპის ინფორმაციებს ჩვენ არ გვაწვდიან ან გვაწვდიან დიდი ხნის დაგვიანებით. ეს რაც შეეხება პირველად აუქციონებს. ამის შემდეგ ეს ობიექტები მეორე აუქციონზე უნდა გამოეტანათ.
რამდენადაც ცნობილია, გარკვეული ობიექტები უკვე გაიყიდა...
- 3 თებერვალს მოხდა დიდი ოდენობით ქონებების გაყიდვა, ჩვენი ღრმა რწმენით, პირდაპირი მიყიდვის წესით, რადგან აუქციონზე არ გამოსულა. სხვა წესი საქართველოს კანონმდებლობით არ არის, ან აუქციონით უნდა გაიყიდოს ან პირდაპირი მიყიდვით. რაკი აუქციონზე არ გაუტანიათ, ვაკეთებთ დასკვნას, რომ პირდაპირი მიყიდვის წესით გაიყიდა. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის ბრძანებულება უნდა არსებობდეს, მაგრამ ვერც ეს ბრძანებულება ვერ აღმოვაჩინეთ საკანონმდებლო მაცნეში.
რა ფორმით შეიძლებოდა გაყიდულიყო ეს ქონება?
- არ ვიცით, რადგან დღემდე ვერ მივიღეთ პასუხი ვერც-ერთ შეკითხვაზე, ვინ არის მყიდველი, არსებობს თუ არა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები და ა.შ.
რა რაოდენობის და რა ღირებულების ქონებაზეა ლაპარაკი?
- საერთო მოცულობით 80 მილიონის საერთო ღირებულებაზე, თუმცა ღირებულების 50%-ად იყო გატანილი დაახლოებით 40-მდე ობიექტი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ერთი ფინანსური ჯგუფის ობიექტები ყველა ერთმა პიროვნებამ შეისყიდა.
რომელი ფინანსური ჯგუფის ქონებაზეა ლაპარაკი?
- „გრენფილდ ჯორჯიას“ და „მალი ჯგუფის,“ (ეს ერთი ფინანსური ჯგუფია), 21 ობიექტი იყიდა ახლად შექმნილმს შპს-მ, რომელიც ერთი პირის, ვინმე სირაძის მიერ არის დაფუძნებული. იანვრის დასაწყისში 200 ლარად დაფუძნებულმა კომპანიამ შეისყიდა ყველა ობიექტი. ეს ქონებები თავის დროზე გამოტანილი იყო აუქციონზე და ამ პიროვნებას საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა, მერე კი ყველა ერთად იყიდა. ეს მხოლოდ ადასტურებს ჩვენს მიერ გამოთქმულ იმ საფუძვლიან ეჭვებს, რომ ეს „პადსტავნოი“ ფირმაა, მაპატიოს მკითხველმა ამ ჟარგონისთვის, მაგრამ მისთვის უფრო კარგად რომ იყოს გასაგები, ვიტყვი, რომ ვითომ ჩამორთმეული ობიექტები ამ გზით დაუბრუნდა ამ ქონების თავდაპირველ მფლობელს.
კოდუების 9 ობიექტი, მთლიანობაში 30 მილიონი ღირებულების ქონება შეიძინა ერთი და იგივე ქალბატონის მიერ დაფუძნებულმა ორმა შპს-მ. თანაც არ ვიცი, ეს თავხედობის ელემენტია თუ ფანტაზიის ნაკლებობა, ერთ ორგანიზაციას ჰქვია „პე-პე“ და ეჭვი გვაქვს რომ მისი დამფუძნებელი ქალბატონი ქეთევან პაპავაძეა და აქედან მოდის ეს სახელი. მეორე ობიექტია „დე-კა“ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის დავით კოდუა. რაც მთავარია იმ ობიექტებიდან, რომელიც ქალბატონმა ქეთი პაპავაძემ შეიძინა, ზოგი დეველოპერული ობიექტია, ზოგი სამკურნალო დაწესებულება, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი. როგორ აღმოჩნდა, ეს ქალბატონი ყველაფერმა ერთად დააინტერესა და თანაც, მაინც და მაინც ღაჭავასა და კოდუას რომ ეკუთვნოდა იმ ქონებამ? შეიძლება თუ არა, არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის სპეციალურად მისთვის გამოგონილი მექანიზმი? ერთ-ერთი ფირმა „დე-კა“ თუ არ ვცდები, 12 იანვარს არის დაფუძნებული 200 ლარიანი საწესდებო კაპიტალით. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის რომელიღაც სართულზე. მეორეც იგივე ბინაში, იგივე მისამართზე თუმცა გასული წლის 21 დეკემბერს არის დაფუძნებული. პირდაპირ ჩანს, რომ ეს ფირმები სპეციალურად ამისთვის არის შექმნილი. ჩვენთან პრემია რატომ გაეციო, მთელი ხელისუფლება ყალყზე დგას და 200 ლარიანი ფირმა რომ 30 მილიონის ქონებას ყიდულობს, ამ შემთხვევაში რატომ არ უჩნდებათ შეკითხვები, საინტერესოა.
ანუ თქვენ ამბობთ, რომ ვითომ საბიუჯეტო დავალიანების მქონე ობიექტები მათ ყოფილ მფლობელებს უკან დაუბრუნეს?
- ჩვენ ვამბობდით, რომ ამას გააკეთებდნენ. დღმდე არ მოგვაწოდეს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები, ვინ გადაიხადა და რამდენი, სად ჩაირიცხა ეს თანხა. ვნახოთ, თუ არსებობს ეს დოკუმენტაცია და მთლად ყალბი გარიგებები არ არის. ელემენტარულად, საჯარო რეესტრი არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევს.
ბანკებს პირველადი იპოთეკარის უფლება საგადასახადოს სასარგებლოდ 2011 წლის ოქტომბერში ჩამოერთვათ, თუმცა, უკვე ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ ბანკებისთვის ჩამორთმეული უფლების დაბრუნება გადაწყვიტა. როგორ ფიქრობთ, რა არის მთავრობის ამ გადაწყვეტილების მიზეზი და რამდენად მიეცემა „ქართუ ბანკს“ სულის მოთქმის საშუალება?
- სულ რამდენიმე დღის წინ წინ შევიდა პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც ბანკებს ძველ უფლებებს აღუდგენს. დიდი ხნის წინ ვთქვი და ვაშინგტონში რომ ვიყავი, იქაც მოვახსენე ყველას, როდესაც მკითხეს როგორ ფიქრობთ, ამ მიმართულებით ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯები რა იქნებაო. მე ვუთხარი, რომ მაქსიმუმ 15 აპრილამდე ამ კანონს გააუქმებენ, იმიტომ რომ აპრილის დასაწყისში საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, რომელიც საბანკო სისტემას ამოწმებს, უნდა დადოს დასკვნა. თუ ამ დროისთვის ეს კანონი კვლავ ამ ფორმით იარსებებს, მთლად ისე არა, როგორც ჩვენ მოგვხვდა, მაგრამ საკმაოდ მტკივნეულად მოხვდება დანარჩენ ქართულ ბანკებსაც. საქართველოს ხელისუფლებას აღებული ჰქონდა ვალდებულება, სხვა ბანკებს უთხრა, ოღონდ თქვენ ხმა არ ამოიღოთ და ეს კანონი თქვენ არ შეგეხებათო, ამიტომ ვალდებულები არიან, ვიდრე აუდიტორული კომპანიები დასკვნას დადებენ, ეს კანონი გააუქმონ. მანამდე, რასაკვირველია, ინტენსიურად დაგვბობმავენ ჩვენ, რომ მაქსიმალურად დიდი ქონება წაგვართვან. პარლამენტმა ახლა დაიწყო განხილვა. აბა დაინტერესდით, რამდენ ხანში დაასრულებენ, წინასწარ ვიცი, რომ მაქსიმალურად გაწელავენ დროს, თუმცა ის დამანგრეველი კანონი, რომლის მეშვეობითაც „ქართუს“ ამხელა ზარალი მიაყენეს, სულ ერთ დღეში მიიღეს.
საკმაოდ ძლიერ დარტყმებს გაუძლო ბანკმა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა შეიძლება თუ არა მის არსებობას საფრთხე შეექმნას?
- შეიძლება, რომ საფრთხე შეექმნას. უკვე აღარ ვიცი, კიდევ რამდენის გაკეთება შეუძლიათ, ან მეტი რაღა უნდა გააკეთონ, მაგრამ თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება, ნებისმიერი ბანკის დანგრევა შეიძლება. ავიღოთ მოდელირებული სცენარი, რაც ჩვენ გაგვიკეთეს, იგივე რომ გაეკეთებინათ საქართველოს დანარჩენი ბანკებისათვის, აქამდე არც ერთი მათგანი აღარ იარსებებდა, ყველა დაძირული იქნებოდა, ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ფინანსურმა თანადგომამ გადაგვარჩინა.
როდესაც სახელმწიფო ასეთ მიზანმიმართულ პოლიტიკას ეწევა ერთი კონკრეტული ორგანიზსაციის მიმართ და ეს პროცესი არ მთავრდება, ალბათ ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერაზეც შეიძლებოდა ფიქრი...
- ზუსტად მაგისთვის ვიყავი ცოტა ხნის წინ აშშ-ში. მქონდა შეხვედრები ძალზე სერიოზულ ორგანიზაციებთან. ვიყავი აშშ-ს კონგრესში, სენატში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც მაღალჩინოსნებთან მქონდა შეხვედრები და ეს ანგარიში თუ საჭირო გახდა, გამოქვეყნდება კიდეც. მქონდა შეხვედრები აშშ-ს ცენტრალურ ბანკში, აშშ-ს ხაზინაში, რომელსაც 86 მილიარდი დოლარი აქვს მიცემული სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისთვის. აქედან გამომდინარე, მას მონიტორინგის უფლება აქვს.
მქონდა შეხვედრები სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, რომელთაც აქვთ ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ შეაჩერონ ეს ბაკჰანალია. ამისი ვალდებულებაც აქვთ და პასუხისმგებლობაც. სამწუხაროდ ისე აქტიურად არ მუშაობენ, როგორც ევალებათ.
აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში მქონდა ძალზე საინტერესო შეხვედრა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან დაინტერესდნენ იმით, რაც ხდებოდა „ქართუ ბანკის“ ირგვლივ. მქონდა შეხვედრა ჰელსინკის კომისიაში, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია.
ამ ორგანიზაციებიდან არც-ერთი არ არის ვალდებული „ქართუ ბანკის“ ან ქართული საბანკო სისტემის გულისთვის ზედმეტად გაიცხელონ თავი, მაგრამ იყო დაპირებები, და საუბრიდან მეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათი შესაძლებლობების ფარგლებში ალბათ, დაგვეხმარებიან.
აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის მოდგილემ ისიც კი მირჩია, რომ ევროპის მიმართულებითაც გვეფიქრა, მაგრამ მე ავუხსენი, როსთვისაც ჩავედი ჯერ აშშ-ში.
მართლაც, რატომ ჯერ აშშ და არა ევროპა?
- იმიტომ, რომ სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს და აშშ-ს ხელისუფლებას ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი საქართველოში თანამედროვე საბანკო სისტემის ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, აქვთ პასუხისმგებლობაც - არა პირადად ჩემთან და ქართველ ხალხთან, მაგრამ როდესაც რაღაცაზე დიდ ძალისხმევას გასწევ, შედეგიც გაინტერესებს და ეს შედეგი საერთაშორისო საფინანსო სისტემისთვის მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ.
საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ მათ არავის წინაშე არ აქვთ ვალდებულება და თუ არ აწყობს ამ მთავრობას, არც აშშ-ს რჩევებს გაითვალისწინებს და არც ევროპის, მითუმეტეს, არც სავალუტო ფონდის. თუმცა სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს აქვთ ფინანსური ბერკეტები, რომლითაც შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებაზე ზემოქმედება, მაგრამ სააკაშვილის მთავრობის მიმართ ეს ბერკეტები მათ არასოდეს გამოუყენებიათ...
- ზუსტად ამაზე იყო ლაპარაკი მსოფლიო ბანკსა და სავალუტო ფონდთან. მათ არა მარტო ფინანსური ბერკეტები არ გამოუყენებიათ, ამ ბაკჰანალიაზე ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ.
ისიც ავუხსენი, რომ ძალიან კარგად ვიცნობ მათ მუშაობას, რადგან ოთხი წელი ვიყავი სავალუტი ფონდის მმართველი საქართველოდან. ავუხსენი, რომ მე არა ვარ პატარა ბავშვი, რომ ვიღაცამ თითზე დამიხვიოს და მითხრას, ბერკეტები არ გააჩნიათ და საქართველოში მუშაობა დაამთავრეს. 500 მილიონი აქვთ ჩადებული ორი წლის წინ ქართულ საბანკო სისტემაში. ამისთანა კანონის მიღების შემთხვევაში მათ აქვთ უფლება მნიშვნელოვნად გაზარდონ საპროცენტო განაკვეთი, რაც მძიმე დარტყმა იქნება საქართველოს საბანკო სექტორისთვის.
საქართველოს ხელისუფლებასთან გარიგებაში არიან? ზოგჯერ ასეთი ეჭვიც ჩნდება-ხოლმე...
- არ მინდა ასეთი დასკვნა გავაკეთო, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან პასიურ პოზიციაში არიან დღესდღეობით.
თუ მართლაც მოახდინა სავალუტო ფონდმა ან მსოფლიო ბანკმა სათანადო რეგირება, თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შეწყვეტს „ქართუ ბანკის“ დევნას?
- ამისთანა დანაშაულებრივ ქმედებებზე რეაგირება უნდა მოხდეს. შეიძლება ჩვენ ცოტა დავაგვიანეთ, მაგრამ ვიდრე წრედი არ შეიკვრებოდა, მხოლოდ ჩვენი მოსაზრებები იყო ეს და პირველ ეტაპზე, ვაშინგტონსა და ლონდონში ვერ წავიდოდოთ და ვერ ვიტყოდით, რომ ამას გვიპირებენო.
ახლა წრედი შეიკრა, ციკლი დაამთავრეს. შევძრავთ მთელ მსოფლიოს და იძულებულს გავხდით. მსოფლიოს აქვს უამრავი ბერკეტი. ნახეთ, რა ხდება ირანის შემთხვევაში - მას თანდათანობით ავიწროებენ და იძულებულს ხდიან რაღაც გადაწყვეტილებები მიაღებინონ. სადაც სხვა მიმართულება იყო საჭირო, იქ სხვა მეთოდები გამოიყენეს. მაგალითად, ერაყში, ჩრდილოეთ აფრიკაში.
მსოფლიოს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ აზრს ასე ფეხებზე არავინ დაგაკიდებინებს, მითუმეტეს - საქართველოს. შეიძლება, რუსეთისხელა ქვეყანას ვერა, მაგრამ საქართველოს აიძულებენ, რაღაც გააკეთებინონ. მთავარია ამის შესახებ ინფორმაცია და სრული სურათი მიაწოდო. რასაც „ქართუ ბანკს“ უკეთებენ, სრული სურათი დავდეთ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში.
ვიდრე თქვენ ჩახვიდოდით ვაშინგტონში, იქამდე იქ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა და მსოფლიო ბანკმა მის რეფორმებზე წიგნიც დაწერა, ამდენად, ნაკლებად სავარაუდო მგონია თავისი „ლუბიმჩიკი“, დასაჯოს. იგივე განწყობაა სავალუტო ფონდშიც და ამასთანავე, ამ ამოუცნობ „სიყვარულში“, სავარაუდოდ, რაღაც ინტერესებიც იკვეთება...
- არის ეჭვების საფუძველი, ამაში გეთანხმებით, იმიტომ, რომ როდესაც ასეთი დონის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი აკეთებს დასკვნას, რომელიც არც ერთ ნორმებში არ ეტევა, და ამასთანავე, ვერაფრით დააბრალებ დაბალ კვალიფიკაციას, იმიტომ რომ ეს სიმართლე არ არის, ასეთ შემთხვევსი რჩება რაღაც სხვა მოსაზრებები და არ არის ეს ახალი ჩემთვის.
ძალიან კარგად მახსოვს 1998 წლის სექტემბერი, როდესაც ქართული ლარის კრახი იყო და საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ ეს რუსული კრიზისით ახსნა და ამ ორგანიზაციებმაც კვერი დაუკრეს. მე ვაცხადებ, რომ ეს მათი დანაშაულებრივი ქმედება იყო.
გავიხსენებ კიდევ ერთ პოლიტიკურ ფაქტს. არც-ერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს არ აქვს უფლება ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩაერიოს, მაგრამ 2000 წელს მათ მოახდინეს სერიოზული ზეწოლა ქართველ ამომრჩეველზე
როგორ უნდა მოეხდინა სავალუტო ფონდს ამომრჩეველზე ზეგავლენა?
- როგორ და მაშინდელმა ხელისუფლებამ უსაზღვროდ გაბერილი ბიუჯეტი წარმოადგინა, ტყუილი დაპირებებით ამომრჩეველთა ხმები რომ მოეპოვებინათ. სავალუტო ფონდმა თავდაპირვერლად თქვა, რომ ამას მხარს არ დაუჭერდა. თქვეს, რომ წავიდოდნენ ვაშინგტონში და საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას გაწყვეტდნენ. წავიდნენ კიდეც, შემდეგ უკვე საქართველოს ხელისუფლების ჩასვლა იგეგმებოდა ვაშინგტონში, მაგრამ უცებ რაღაც შეიცვალა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვითონ ჩამოვიდა აქ და ჩემი აზრით, დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა, როდესაც ღიად დაუჭირა მხარი ამ ბიუჯეტის მიღებას. თქვეს, რომ აპრილის ბოლომდე შეგიძლიათ ამ ბიუჯეტით იმუშავოთ და თუ პრობლემები შეიქმნება ბიუჯეტის სეკვესტრს გაგიკეთებთო. აპრილში იყო არჩევნები, ანუ შევარდნაძის ხელისუფლებას მისცეს უფლება, არჩევნებამდე მოეტყუებინა ეს ხალხი. შემდეგ ჩამოვიდნენ და აპრილის ბოლოს 30%-ით შეამცირეს ბიუჯეტი. ეს არის პირდაპირი დანაშაული და ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ზეწოლა ქართველ ამომრჩეველზე. აქედან გამომდინარე ვერ ვიქნები იმდენად ოპტიმისტი, მაგრამ ვაშინგტონიდან ჩამოვედი იმ რწმენით, რომ იქ სიტუაცია შეცვლილია.