შეტევა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყველა ფრონტზე გრძელდება. გარდა ორგანიზაციის ფინანსური შემოწმებისა და მის წინააღმდეგ სხვადასხვა ადამიანების ჩვენებების გამოყენებისა, ხელისუფლება ცდილობს „ქართული ოცნების“ წევრებს ფიზიკურადაც შეუშალოს ხელი მუშაობაში. საუბარია ორგანიზაცისს სათავო ოფისთან აღმართულ ხის კონსტრუქციაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებით, ხელს უშლის მათ ოფისით სარგებლობაში. ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ორი თვეა დავა სასამართლოში მიმდინარეობს. მოსარჩელე ამ შემთხვევაში არის შპს „ახალი კაპიტალი“, რომელიც ითხოვს მოხდეს ამ ხის ღობის დემონტაჟი. მოპასუხე კი არის „თბილისის განვითარების ფონდი“. გავრცელებული ინფორმაციის, მოპასუხე მხარემ 1 მარტს აღნიშნულ დავასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომაზე დავის მორიგებით დასრულების სურვილი გამოთქვა, თუმცა დღეს ცნობილი ხდება, რომ 5 მარტს „ახალი კაპიტალის“ წარმომადგენლებს „თბილისის განვითარების ფონდის“ წარმომადგენელი დაუკავშირდა და განუმარტა, რომ „მათ მორიგების სურვილი არ გააჩნიათ“. აღნიშნულთან დაკავშირებით, presage.tv-ს შპს „ახალი კაპიტალის“ იურისტი ეკა ბესელია ესაუბრება. ეკა ბესელია: „საქმე ეხება ჩვენს ცენტრალურ ოფისს. დავა ჯერ არ დასრულებულა, ჯერ მხოლოდ მოსამზადებელი სხდომაა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში და „თბილისის განვითარების ფონდს“ მოვთხოვეთ მოხსნას ეს ხის ღობე, რადგან იგი ხელს გვიშლის ჩვენი საკუთრებით სარგებლობაში. მოპასუხემ შემოგვთავაზა გადაგვედო ეს საკთხი, იქნება რამე შეთანხმება მოხდესო. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ მოიხსნას „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის შენობის წინ აღმართული ხის კონსტრუქცია, რომ შესაძლებელი გახდეს ამ შენობით სარგებლობა. მოსამზადებელ სხდომაზე მოსამართლეს შევთავაზეთ, რომ ადგილზე მოსულიყო და დაეთვალიერებინა ყველაფერი, მაგრამ მან თქვა, რომ ამ ეტაპზე დაეყრდნობა ფოტომასალას და დოკუმენტებს, ხოლოდ თუ საჭიროდ ჩათვლის მერე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. სხდომა გადაიდო გაურკვეველი ვადით, თუმცა სავარაუდოდ იმ კვირაში უკვე მოსამსაზებელი სხდომა უნდა გაგრძელდეს. თუ მეორე მხარე უკან დაიხევს, შესაძლებელი იქნება მორიგება. გავრცელებული ინფორმაციით, თავიდან მოპასუხე მხარემ თავად შემოგთავაზათ მორიგება და რა პირობებზე იყო საუბარი? - დიახ, მათ თვითონ შემოგვთავაზეს მორიგება, მაგრამ რა პირობებით, ამაზე არ ყოფილა საუბარი. ახლა კი თავადვე გადაიფიქრეს მორიგება? - იცით რა, რა პოზიცია უჭირავთ მათ პრივატულ საუბრებში, ეს სხვა საქმეა, მაგრამ მათი ოფიციალური პოზიცია გაცხადდება სასამართლოზე. რით ხსნიან ეს ადამიანები ამ ღობის აღმართვას „ქართული ოცნების“ ოფისის წინ? - ეს ღობე იმიტომ აღმართეს, რომ ხელი შეგვიშალონ შენობით სარგებლობაში. თვითონ ამბობენ, რომ თითქოს იმ მოედანზე სარემონტო სამუშაოებს ატარებენ, მაგრამ რეალურად იქ არანაირი სარემონტო სამუშაოები არ ტარდება. ეს გაკეთდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიშალონ ხელი. |