პატარძალი გადამალეთ! გუდიანები მოდიან...

პატარძალი გადამალეთ! გუდიანები მოდიან...

„მუმიებს არ მოვუშვებთ“, „სიბნელეში დაბრუნებას არ დავუშვებთ“, „ბნელეთის ძალებს მთავრობაში მოსვლა სწყურიათ“... 
ძვირფასო მკითხველო! ეს არც გრაფი დრაკულას და ფრანკენშტეინის წინააღმდეგ აგორებული კამპანიაა და არც კვენტინ ტარანტინოს ცნობილი ჰიტის „დაისიდან აისამდე“ გაგრძელების სცენარიდან ნაწყვეტი. 

ეს სიტყვები გაღლეტილების და ქურდების (სულ მცირე კანონის ქურდების, დანარჩენი თქვენ მიამატეთ) ჰავლაბრელ პრინცს (იმედია, კეთილშობილი რობინის ერთგული ფანები და ძირძველი ავლაბრელები არ მიწყენენ), დიდ რეფორმატორს და დემოკრატიული არჩევნების მთავარ გარანტორს, და ბოლოს, მთელი ქვეყნის ბატონ-პატრონს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. ისე, ქურდებსა და მთელი ქვეყნის ბატონ პატრონობაზე კიდევ ერთი ფრთიანი ფრაზაც გამახსენდა: „Мой адресс не дом и не улица, мой адресс Советский Союз“.... 

მორიგი საავადმყოფოს მორიგ გახსნაზე და მუმიების მორიგ ხსენებაზე მის „დასაფასებლად“ რეგიონული რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ხელშეწყობით შატალოზე ავტომანქანის საბარგულებით ჩამოყვანილი გალაღებული კახელი ბავშვების და ხელფასის მიღების პერსპექტივის გარეშე, გაწეწილი სადაზღვევო კომპანიების ამარა დარჩენილი ექიმების გაოცებულ თვალებში მომავლის შიში, პირდაპირ ეთერში, ალბათ, ბევრმა ამოიკითხეთ, მაგრამ რაც შეეხება პრეზიდენტს, როგორც ჩანს, მას მხოლოდ მუმიების შიში არ აწუხებს. მუმიაფობიას გუდიაანთფობიაც დაემატა. 
უკანასკნელი „ისტორიული“ საჯარო გამოსვლებისას პრეზიდენტმა მუმიებთან ერთად ძირითადად გუდიან კაცებზე და ქალებზე ილაპარაკა, მოვლენ ჩემს წასაყვანად, მაგრამ იმედი ნუ გაქვთ, გუდაში ვერ ჩამსვამენ და ვერ წამიყვანენო.

რა ხდება? რამ დააფრთხო ასე ძლიერ უმაღლესი მთავარსარდალი? თითქოს, ახალი შეიარაღების წარმოებაც დავიწყეთ, თითქოს ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, და საერთოდ, ნაციონალური არხებით გაშუქების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვაშინგტონში ასე მხოლოდ მარგარეტ ტეტჩერს ან დეზმონდ ტუტუს თუ ხვდებოდნენ. რა გუდიანი კაცი, რის გუდიანი ქალი? აბა სად არიან? ჯერ იყო და მოგელაძეს გაუჩნდა მოლანდებები, ახლა მთლად პირველ პირს. მართლა ცუდადაა ეტყობა როკოს და მისი ძმების საქმე.  

ან კიდევ - ასე ძლევამოსილად დაბრუნებულს, მიუნხენის კონფერენციაზე გალაღებულს, ეს ეკადრებოდა ბატონ მიშას „შენი ბუნებრივი მდგომარეობაა ტალახში გორაობა და ახლა დავავალებ მანდატურებს, წაგიყვანენ, ერთი კარგად დაგზილავენ და გამოგიფრინდება მაგ თავიდან ფანტაზიებიო“?! რაც ამ მანდატურების გაპიარებაზე ფულს ხარჯავს ხელისუფლება, ნუთუ ეს ყველაფერი ახალი დოქტორ დოტების ინსტიტუტის დასაარსებლად კეთდება? შეიძლება, ემანდ, მაგაზე უარესის დასავალებლადაც კი გავარდა დარბაზიდან, მაგრამ მადლობა ღმერთს, თუკი ვინმემ მაინც გააჩერა. 
იმერული ესკიზები გახსოვთ: ვიღაცა ურეეევს! ვიღაცა ურეეეეევს.... 

ხელისუფლება აშკარად სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. კი დაქრის საავადმყოფოების გასახსნელად რეგიონიდან რეგიონში, ქვეყნის გარეთაც გადის, ჟურნალისტებსაც კი აკრიტიკებს, მაგრამ ხალხი ხომ ხედავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ის მიხეილ სააკაშვილი აღარაა - ხან კოჭლი იხვობა არ მინდაო და ხან გუდიანები ვერსად ვერ წამიყვანენო. 
გულწრფელად გეტყვით: მეც ძალიან არ მინდა, რომ გუდიანებმა წაიყვანონ. ამისთვის შეიძლება ბევრმა გამაკრიტიკოს, ბევრმა არც დაიჯეროს, მაგრამ მე მაინც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყნისთვის ნამდვილად აჯობებს, თვითონ თქვას, ვარ ეს კოჭლი იხვი და არ დამიწყოთ ახლა ქვების სროლაო. მესმის! განა არ მესმის, რომ ეს განცხადება 9 ბალიანი მიწისძვრის ძალის იქნება ნაციონალური მოძრაობისთვის, მაგრამ მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ არაა ამ ქვეყნად... 

„ქართული ოცნებისთვის“ სულერთია სააკაშვილი იქნება, უგულავა თუ გილაური - ჩვენ ყველა მოედანზე, ყველანაირი თამაშის წესებით თუ მათი საერთოდ არარსებობის პირობებშიც დავდებთ ბეჭებზე ჩვენს მეტოქეებს. 

ხელისუფლებამ უკვე დაიწყო უკან დახევა - დრაკონულ კანონებში ჩანაწერების გაკეთებაც შესაძლებელი ყოფილა, პოლიციის უფროსის გათავისუფლებაც და გამოძიების დაწყებაც. ძალიან ენერგიულად და ეფექტურად მოქმედებს არასამთავრობოების და ობიექტური ჟურნალისტების გაერთიანება. არც ჩვენ ვაპირებთ გაჩერებას და გაჩუმებას. 
დროა, ყველამ გაიგოს - დღეს შიშის არა, დღეს რწმენის დროა! 

დროა, ხელისუფლებაც გონს მოეგოს - ეს ქვეყანა ერთი კაცის არაა! შენიცაა, ჩემიცაა და რაც მთავარია, ჩვენი შვილებისაა.  
დროა!