ზვიად ქორიძე მურმან დუმბაძეს პოლიტიკური ქულების დაწერაში ადანაშაულებს

ზვიად ქორიძე მურმან დუმბაძეს პოლიტიკური ქულების დაწერაში ადანაშაულებს

ბათუმის პრესკაფეში გამართულ ორსაათნახევრიან დისკუსიაზე, რომელიც ეხებოდა თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების ფარგლებში ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებას, presage.tv საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარეს მურმან დუმბაძეს ესაუბრა. 

რა მიზანს ემსახურებოდა ბათუმის პრესკაფეში 7 მარტს გამართული შეხვედრა და რა გამოიკვეთა ამ ღონისძიების დროს?
მურმან დუმბაძე: პრესკაფეში გაიმართა დისკუსია თემაზე “ახალი მეჩეთი და ახალი გამოწვევები საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში“, რომლის მოდერატორი ჟურნალისტი ზვიად ქორიძე იყო. ამ შეკრებას რეგიონში მოქმედი პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ შეხვედრით დადასტურდა, რომ თურქეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური ხელშეკრულების გაფორმების მომხრეთა რიცხვი პრაქტიკულად ნულის ტოლია.

ანუ?
-ანუ, ამ შეხვედრაზე, რომელსაც დაახლოებით 70 ადამიანი ესწრებოდა, ორად ორმა ადამიანმა (ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ და ისტორიკოსმა ემზარ კახიძემ) თქვა, რომ შესაძლო პოლიტიკური ხელშეკრულება ქართული სახელმწიფოსთვის არავითარი ზიანის მომტანი არ არის. მთელმა არასამთავრობო სექტორმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ცალსახად დაააფიქსირეს მკაცრი და არგუმენტირებული პოზიცია, რომ ხელშეკრულება თურქეთსა და საქართველოს შორის ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე უნდა აიგოს - ოშკი და იშხანი უნდა გადაარჩინოს თურქეთის სახელმწიფომ, ხოლო აჭარაში თუ არის შემორჩენილი ოსმალური, მუსულმანური საკულტო ნაგებობა, ჩვენ მას უნდა მოვუაროთ. 

აი, ესაა მოკლე რეზიუმე, რასთან დაკავშირებითაც ბათუმის პრესკაფეში შევიკრიბეთ. საკმაოდ ხმაურიანი დისკუსია იყო, რადგან ზვიად ქორიძე და ემზარ კახიძე საკუთარ პოზიციებს საფუძვლიანი არგუმენტებით ვერ იცავდნენ და ვერ ასაბუთებდნენ.

ამ შეხვედრაზე იყვნენ თუ არა ქართველი მუსულმანები?
-დიახ, ისინი შეხვედრას ესწრებოდნენ. ხელშეკრულების გაფორმებას, არც ერთი მათგანი არ ემხრობა. იქ მყოფ მუსულმანებს შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართველ მუსულმანთა კავშირის“ წარმომადგენლები - ტარიელ ნაკაიძე და თემურ გორგაძე. რამდენიმე თვის წინ ისინი საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებდნენ - ხელშეკრულების გაფორმებას ემხრობოდნენ. 7 მარტს პრესკაფეში გამართულ შეხვედრაზე ნეიტრალურ პოზიციაში იყვნენ, ხოლო პირადი საუბრისას ხელშეკრულების გაფორმებას ეწინააღმდეგებიან. 

რამდენ ხანს გაგრძელდა შეხვედრა?
-შეხვედრა ორი საათი და ოცი წუთი გაგრძელდა და როგორც გითხარით, იყო საკმაოდ ხმაურიანი, რადგან თემა მგრძნობიარე და ემოციური გახლდათ. კიდევ ერთხელ, ამჯერად ბათუმის პრესკაფეში გამართული შეხვედრის საფუძველზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში საზოგადოებრივი აზრი გამოკვეთილია - რეგიონის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკური ხელშეკრულების გაფორმების კატეგორიული წინააღმდეგია. 

ესწრებოდნენ თუ არა ამ შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლები?
-ხელისუფლების წარმომადგენლები ამ შეხვედრაზე არ ყოფილან, მაგრამ იქ მოსული იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, “ქრისტიან-დემოკრატი“ ზაზა შაშიკაძე, რომელმაც საკუთარი უარყოფითი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და საკმაოდ საინტერესო არგუმენტები მოიყვანა, თუ რატომ არ უნდა გაფორმდეს ეს ხელშეკრულება. 

ზვიად ქორიძე ოპონენტის როლში გამოდიოდა, თუ საკუთარ პოზიციას გამოხატავდა? 
-არ არის გამორიცხული, რომ დისკუსიის დროს ოპონენტის როლში გამოდიოდა. თუმცა, 6 მარტს „ტვ25“-ის საღამოს ეთერში იჯდა და მას ოპონირებას უწევდა მწერალთა კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით თედორაძე, რომელიც აბსოლუტურად იზიარებს იმ პოზიციას, რომელსაც ჩვენ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ვავითარებთ, რომ ამ შინაარსით ხელშეკრულება არ უნდა დაიდოს. 

დავით თედორაძეს ზვიად ქორიძემ სერიოზული ოპონირება ვერ გაუწია და აღშფოთებისა და 7 მარტს გამართული ხმაურიანი შეხვედრის მიზეზი სწორედ ქორიძის მიერ, „ტვ25“-ის ეთერში გაკეთებული განცხადებები იყო.

მაგალითად, როგორ განცხადებებს გულისხმობთ?
-მაგალითად, მან თქვა, რომ რუსეთი ოკუპანტი სახელმწიფოა, მაგრამ როცა საქმე ოსმალეთის იმპერიაზე მიდგა და იგივე კითხვა დაისვა, ზვიად ქორიძეს ამაზე გამოკვეთილი პოზიცია არ ჰქონდა.

თქვენ თქვით, რომ შეხვედრას აჭარაში არსებული პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. 
-დიახ, მათ შორის “ქართული ოცნების“ პოლიტიკური პარტნიორები - რესპუბლიკელები, კონსერვატორები. თუმცა, რესპუბლიკელები შეხვედრის დასრულებამდე წავიდნენ.

რატომ დატოვეს შეხვედრა რესპუბლიკელებმა?
-იქ მყოფი ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა მათ მიმართ საყვედურები გამოთქვეს - ამ კონკრეტულ საკითხზე თავიდანვე არასწორი პოზიცია გეჭირათო.

რა თქვეს მათ? თბილისელი რესპუბლიკელები კულტურული ცენტრის, იგივე მეჩეთ-მუზეუმის აშენებაში პრობლემას ვერ ხედავენ.
-პრესკაფეში რესპუბლიკელებს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ და გამომდინარე აქედან, არ ვიცი დღეს რას ფიქრობენ. თუმცა, იქ შეკრებილი ადამიანების 98%-მა ღიად გამოხატა თავისი უარყოფითი პოზიცია ბათუმში, როგორც აბდულ აზიზიეს სახელობის მეჩეთის, ისე აბდულ აზიზიეს სახელობის ე.წ. კულტურული ცენტრის აშენების წინააღმდეგ.

შეხვედრაზე ხომ არავის უცდია ამ თემით პოლიტიკური ქულების ჩაწერა?
-ამის გაკეთება შეხვედრაზე არავის უცდია, მაგრამ ზვიად ქორიძემ ეს სიტყვა კიდევ ერთხელ იხმარა. მასთან მკაცრი საუბარი მქონდა და მითხრა, რომ ესაა სიტყვის მასალა და მეტი არაფერი. 

ანუ ზვიად ქორიძემ თქვენ დაგდოთ ბრალი პოლიტიკური ქულების დაწერაში?
-დიახ, პირდაპირ მითხრა, რომ ჩემი მხრიდან ესაა პოლიტიკური ქულების მოგროვება. ამაზე მივუგე, რომ ესაა მგრძნობიარე საკითხი, რომელიც მამულს, სახელმწიფოებრივ სიმტკიცეს ეხება.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, 6 მარტს ტვ25-ის ეთერში დაისვა შეკითხვა, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი და მან უპასუხა, რომ რუსეთი ოკუპანტია. დაისვა მეორე შეკითხვა - იყო თუ არა ოსმალეთის იმპერია ოკუპანტი, მაგრამ მან არ უპასუხა. პრესკაფეში გამართულ შეხვედრაზე ჩემი კატეგორიული მოთხოვნით ამ კითხვაზე პასუხი გასცა და თქვა, რომ ოსმალეთი იყო ოკუპანტი. 

რა დაგანახათ ამ შეხვედრამ - არსებობს თუ არა რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების საფრთხე?
-გთხოვთ, გამოკვეთილი შრიფტით დაწეროთ, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში აჭარაში მუსულმან და ქრისტიან მრევლს შორის დაპირისპირების არავითარი საშიშროება არ არსებობს. ამის ინსპირირება თუ ვინმეს უნდა, ესაა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებაზე საუბრისას არასწორ აქცენტებს აკეთებს და ვითარებას იმგვარად წარმოაჩენს, რომ თითქოს “აზიზიეს მეჩეთის“ აშენების მომხრეები ქართველი მუსულმანების წინააღმდეგ გამოდიან, რაც ხელისუფების მხრიდან არის ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობა, მაგრამ სასიხარულო ისაა, რომ ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით მუსულმანებიც და ქრისტიანებიც აბსლუტურად იდენტუ0რად, საღად მსჯელობენ.