საქართველოს ნომერ პირველი გამოწვევაა, როგორ დავაღწიოთ თავი კომუნიზმს და პოსტკომუნიზმს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ავსტრიის ეროვნულ საბჭოში განაცხადა, სადაც თემაზე "საქართველოს ევროპული გზის გამოწვევები და პერსპექტივები ახალგაზრდა დემოკრატიისთვის" ისაუბრა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილა, ასევე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.
"როდესაც ვსაუბრობთ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს მსგავსი ქვეყნების წინაშე დგას, ნომერი პირველი გამოწვევაა, როგორ დავაღწიოთ თავი კომუნიზმს, პოსტკომუნიზმს ან როგორ დავასრულოთ ის საშინელი ისტორიები, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა გამოიარეს და როგორ ვაქციოთ ჩვენი საზოგადოება ნამდვილად თავისუფალ საზოგადოებად, რომელიც დაფუძნებული იქნება ტოლერანტობაზე, კონსესუსისთვის მზადყოფნაზე; სადაც ლიდერები არ მოიქცევიან ისე, თითქოს ისინი ერისა და ქვეყნის ერთადერთი მხსნელები არიან და როგორ ვაქციოთ ჩვენი ქვეყნები ისეთ ქვეყნებად, სადაც ყველა მოქალაქეს აქვს თავისუფალი არჩევანი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, დემოკრატია საქართველოში ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა, ქვეყანა ენთუზიაზმით სავსეა.
"ჩვენ ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით ვართ აღვსილი, მიუხედავად იმ ბევრი პრობლემისა, რომელიც 25 წლის განმავლობაში გამოვიარეთ, მიუხედავად ბევრი წინაღობისა, რომლის პირისპირ ახლაც ვდგავართ, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ დავბრუნდეთ ევროპაში და ესაა ჩვენი უმოკლესი და ყველაზე ფართოდ გავრცელებული სლოგანი", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ხარვეზის მიუხედავად, საქართველომ ბევრჯერ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ნამდვილად ევროპას ეკუთვნის და ამ მიმართულებით სვლას აგრძელებს. დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, პოზიტიურ შეფასებას მოელის და იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საქართველოსთვის წინაღობა არ იქნება. მისივე თქმით, სხვადასხვა რეკომენდაციის ფონზე, ქვეყანა აგრძელებს ნატო-ს მიმართულებით სვლასაც.
"ჩვენ ძალიან სერიოზულად მივიღეთ, როდესაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაცხადებულ იქნა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. არ ვაპირებთ, ეს დავივიწყოთ და არც დავუშვებთ, რომ ვინმემ დაივიწყოს. ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-ს მიმართულებით სვლას მაგრამ ამავდროულად, სანამ მიზანს მივაღწევთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდაა. ეს არის უზარმაზარი გამოწვევა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვითარება რეგიონში არასტაბილური და არაპნოგროზირებადია. დავით უსუფაშვილმა რეგიონში რუსეთის როლზეც ისაუბრა.
"გვსურს, გავაფრთხილოთ ჩვენი მეგობრები, რომ რუსეთის გეგმა არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, არამედ სხვა რეგიონების თავის კონტროლქვეშ მოქცევაა და ეს გამოწვევა ემუქრება საქართველოს უსაფრთხოებასაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციაზე",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მზად არის, წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების საკითხებში.
"არ ვსაუბრობთ მხოლოდ ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. გვესმის, რომ საქართველო უნდა იყოს საინტერესო და სასარგებლო პარტნიორი მეგობარი ქვეყნებისთვის და ამიტომ, მათ ვთავაზობთ ბევრ რამეს, დაწყებული საიმედო, პროგნოზირებადი, უსაფრთხოების მიმართულებით გრძელვადიანი პარტნიორობიდან დაწყებული. მრავალი წლის განმავლობაში, დავამტკიცეთ, რომ წევრობის არქონის მიუხედავად ან ჩვენი პარტნიორების მხრიდან შესაბამისი უსაფრთხოების ქოლგის გარეშე, მზად ვართ წვლილი შევიტანოთ უსაფრთხოების საკითხებში. მეორე - საქართველო, მეზობლებთან ერთად, შეიძლება იყოს სასიცოცხლო ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ყველაფერი, ცხინვალიდან დაწყებული და ცხინვალი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქია, სამხრეთ პოლუსით დამთავრებული, რუსული სამხედრო ძალის მიერ კონტროლდება", - მიმართა დავით უსუფაშვილმა დამსწრეებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა შეკითხვებსაც, რომლებიც საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, შიდა პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა.
"მე მოვახსენე შეხვედრის მონაწილებს, რომ უკიდურესად შეშფოთებული ვართ იმითი, რომ რუსეთმა უკვე, კასპიის ზღვაზე და კასპიის ბასეინის მთელ რეგიონზე განაცხადა პრეტენზია, მას შემდეგ, რაც ცნობილი მანევრები სწორედ კასპიის ზღვიდან განახორციელა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაღრმაოდ ჩვენი ურთიერთობა აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და შევინარჩუნოთ ეს ჩვენი უნიკალური შესაძლებლობა, ვიყოთ დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ავსტრიაში ვიზიტს 17 ნოემბერს დაასრულებს.