ბელგიის პროკურატურამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბრიუსელის მოლენბეკის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელი სალაჰ აბდესლამი დააკავეს. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, სამართალდამცველებმა ბელგიის საზოგადოებრივ მაუწყებელ RTBF-სთან საუბარში განაცხადეს, რომ პოლიციამ სხვა პირი დააკავა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.
საფრანგეთმა და ბელგიამ ბრიუსელში დაბადებულ 26 წლის სალაჰ აბდესლამზე ძებნა გამოაცხადეს. გამოძიების თანახმად, ის ერთ-ერთი ტერორისტის ძმა არის, რომელმაც 13 ნოემბერს პარიზში თავი აიფეთქა. პოლიცია აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ეჭვმიტანილი შეიარაღებული და საზოგადოებისთვის საშიშია. ფრანგი სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ სალაჰ აბდესლამი სავარაუდოდ, ერთადერთი გადარჩენილი თავდამსხმელია, რომელმაც მიმალვა შეძლო.
ბელგიელი სამართალდამცველები სპეცოპერაციას მოლენბეკში ბოლო რამდენიმე საათია ატარებენ. პარიზში განხორციელებული თავდასხმების შემსრულებელთა ნაწილი სწორედ ამ რაიონში ცხოვრობდა.
მანამდე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ მოლენბეკიდან სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე უამრავი ევროპელი ჩავიდა.