ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში საქართველოში ღონისძიებები იმართება.
კვირეულის სლოგანია "გამოიყენე ანტიბიოტიკები ფრთხილად". კვირეულთან დაკავშირებით, დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში პრესკონფერენცია მოეწყო. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და მედიკოსები.
პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ანტიბიოტიკებით მკურნალობასთან დაკავშირებით არსებულ ტენდენციებზე ისაუბრეს და მოსახლეობას ურჩიეს ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკს ნუ გამოიყენებენ.
ჯანდაცვის მინისტრმა რეცეპტების ინსტიტუტის აღდგენის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ყურადღებით ეცნობოდა სოციალურ ქსელში განთავსებულ კომენტარებს.
"დომინირებდა ერთი და იგივე რამ, "ბავშვი რომ გამიხდეს ავად და ღამით სიცხემ აუწიოს, სად ვიშოვო ღამის სამ საათზე ანტიბიოტიკი?" – ეს არის კატასროფული შეცდომა, იმდენად კატასტროფული შეცდომა, რომ წარმოდგენაც კი მიჭირს. თუ ერთი ადამიანი მაინც დარჩა, რომელიმე მშობელი, თუ მოზრდილის მკურნალობის მსურველი არაექიმი, რომელიც ფიქრობს, რომ მაღალ სიცხეს ანტიბიოტიკით უნდა ვუმკურნალოთ, უბრალოდ კატასტროფა არის და ეს არის ჩვენი სამეციდიცო საზოგადოების და ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან დიდი მინუსი და ხარვეზი, რომ ვერ ვაგებინებთ მოსახლეობას ამის შესახებ, ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი წამალი. მას აქვს თავისი ძალიან სპეციფიური დანიშნულება და ძალან მკაცრად უნდა იყოს დაცული მისი გამოყენება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრი ამ მიმართულებით ექიმების მიერ დაშვებულ შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას.
"ასევე ხაზს გავუსვამდი, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან ჩვენი კოლეგები, ექიმები, რომლებიც ანტიბიოტიკს ნიშნავენ, რეცეპტებით გამოწერენ, როდესაც მისი საჭიროება არ არის. ხშირ შემთხვევებში, სტატისტიკურად ეს არის ბავშვებში ვირუსული ინფექციების დროს. ვირუსულ ინფექციაზე ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს და ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ ექიმები ასეთ შემთხვევებში", - აღნიშნა მინისტრმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ურჩია, რომ ანტიბიოტიკი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენონ.
"ანტიბიოტიკების აღმოჩენა და განვითარება მედიცინის ყველაზე უფრო დიდ მიღწევათა პირველ ათეულში შედის, მაგრამ მათმა არარაციონალურმა ხმარებამ გამოიწვია უზარმაზარი პრობლემა რეზისტენტობა და ისინი ვეღარ მოქმედებენ იმ მიკრობებზე, რომლისთვისაც ეს ანტიბიოტიკები შექმნილია. მოსახლეობას გირჩევთ, ანტიბიოტიკები ვიხმაროთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და არ მივყვეთ თვითმკურნალობას", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ქართულ ენაზე ითარგმნა ანტიბიკრობული საშუალებების რაციონალური ხმარების შესახებ სენფორდის გაიდლაინი, რომელიც მედიკოსებს უფასოდ ურიგდებათ. ამირან გამყრელიძემ კოლეგებს ურჩია კარგად გაეცნონ და გამოიყენონ აღნიშნული სახელმძღვანელო.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე სპეციალური ვიდეო რგოლები აჩვენეს. ღონისძიება მინისტრსა და მედიკოსებს შორის კითხვა-პასუხის ფორმატში დასრულდა. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ფილმის ჩვენება და ლექციის კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ასევე მედია კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის აქტივობები განხორციელდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას. ასევე, ღონისძიებების მიზანია ბიძგი მისცეს ცვლილებებს, რომლებიც ანტიბიოტიკების მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოყენებას უზრუნველყოფს.