ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეები როგორც მსხვერპლთა, ასევე დაზარალებულთა შორის არ არიან, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა.
"ამ ეტაპზე კიდევ კარგი ღმერთის წყალობით და იმედია ასე შენარჩუნდება ბოლომდე, რომ ჩვენი მოქალაქეები როგორც მსხვერპლთა, ასევე დაზარალებულთა შორის არ არიან, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ იქ არის ექსტრაორდინალური მდგომარეობა, შეიძლება, რაღაც ინფორმაცია სრულყოფილი არ იყოს, ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ამ დროისთვის, ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაცია. მას შემდეგ რაც ყველა ინსტიტუტი სრულყოფილად ამოქმედდება, უფრო სრულყოფილი ინფორმაცია გვექნება. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მოქალაქეებს ამჯერად არ შეეხება ეს ტრაგედია", - განაცხადა ჯალაღანიამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არ გამორიცხა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საფრანგეთში განხორციელებულ ტერაქტების სერიას შესაბამისი შეხვედრა, თათბირი მიუძღვნან.
"დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის წევრის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებს, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს ახლა აქვთ ერთმანეთში კომუნიკაცია და არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება რაიმე შესაბამისი შეხვედრა, თათბირი მიუძღვნან. მათ ურთიერთობის კოორდინაცია ნამდვილად უჭირთ, დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად იმოქმედებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროკავშირის ფარგლებში", - განაცხადა ჯალაღანიამ.
გუშინ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და საფეხბურთო სტადიონს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.