მზად ვართ გავიაროთ გზა, რომელსაც ევროპისკენ მივყავართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა რობერტ ფიცოს გულთბილი მასპინძლობისთვის და საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრა.
"მე პირველად ვარ თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. აღფრთოვანებული ვარ სლოვაკეთის სილამაზით. პრემიერისგან გავიგე, რომ იგი 1979 წელს საქართველოს, სოხუმს სტუმრობდა. საქართველო-სლოვაკეთს ბევრი საერთო გააჩნია, რაც გვაკავშირებს და გვამეგობრებს. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ გვაქვს თანამშრომლობის გაღრმავების საშუალება და ამასთან, არ არსებობს არანირი დაბრკოლება ამ ურთიერთობის განვითარებისთვის. ჩვენ, ქართველები აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია. საქართველოს ევროპული მომავალი ეს არის ხალხის არჩევანი და ხელისუფლების ვალდებულებაა, პატივი სცეს ხალხის არჩევანს და განვახორციელოთ იგი. ჩვენ მზად ვართ გავიაროთ ის გზა, რომელსაც მივყავართ ევროპისკენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ვიზების ლიბერალიზაცია არის ევროინტეგრაციის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ელემენტი და უვიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება.
სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის განმტკიცების იმედი გამოთქვეს.